Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹3კ/836 14 მარტი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე,m მ. ცისკაძე

დავის საგანი: მფლობელობის წესით იზოლირებული ორი ოთახის გამოყოფა.

აღწერილობითი ნაწილი:

ხ. ბ-იანი 1999 წლის ივლისში ცოლად გაჰყვა ე. კ-შვილს, ქორწინების რეგისტრაციაში არ გატარებულან. 19.... წელს შეეძინათ ქალიშვილი მ. კ-შვილი. გათხოვების დღიდან ხ. ბ-იანი ცხოვრობს მეუღლის მამის, ჟ. კ-შვილის სახელზე რიცხულ საცხოვრებელ სახლში, მდებარე გორის რაიონის სოფ. ...., ჟ. კ-შვილის კომლში რეგისტრირებული არიან ე. და თ. კ-შვილები (დედამთილი). ხ. ბ-იანი 1999 წლის სექტემბერში აიძულეს წამოსულიყო სადავო ბინიდან. იგი ამჟამად ცხოვრობს დეიდის ბინაში, ქარელის რაიონის .... სოფელში. მან სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ჟ. კ-შვილის მიმართ და მოპასუხის საცხოვრებელი ბინიდან სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის I ნაწილის და 160-ე მუხლის საფუძველზე, მოითხოვა მფლობელობის წესით ორი სულისათვის იზოლირებული ფართის გამოყოფა.

გორის რაიონულმა სასამართლომ 2000 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით, უსაფუძვლობის გამო, არ დააკმაყოფილა ხ. ბ-იანის სარჩელი მოპასუხეების ე. და ჟ. კ-შვილების, თ. მ-შვილის მიმართ გორის რაიონის სოფ. .... ჟ. კ-შვილის სახელზე რიცხული სახლიდან მფლობელობის წესით იზოლირებული ფართის გამოყოფის, კიბის, აივნის, ეზოში არსებული სათავსოების და შესასვლელი გზის საერთო სარგებლობაში დატოვების შესახებ. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება იმას, რომ მოპასუხეთა ოჯახი მიეკუთვნება მუშა-მოსამსახურეთა კატეგორიას და მოსარჩელე იქ ჩაწერილი არ არის. მხარეთა შორის კონფლიქტის გამო, სადავო სახლში ჩაწერილი პირები წინააღმდეგნი არიან, მოსარჩელემ იცხოვროს მათთან ერთად. ხ. ბ-იანმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2000 წლის 24 აპრილს გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოწინააღმდეგე მხარეების ჟ. და ე. კ-შვილების გამოუცხადებლობის გამო, მათ ჩაბარდათ სასამართლო უწყება. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ხ. ბ-იანის სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება და მოცემული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ხ. ბ-იანის მოთხოვნა და მას მცირეწლოვან შვილთან ერთად ჟ. კ-შვილის საკუთრებაში არსებული სახლიდან, მდებარე გორის რაიონის სოფ. ..., გამოეყო სარგებლობის უფლებით პირველ სართულზე არსებული ¹8 ოთახი და ¹9 დამხმარე სათავსო. იზოლირების მიზნით ამოშენდეს ¹8 ოთახიდან ¹6 და ¹7 ოთახებში შემავალი კარები და პირველ სართულზე გასასვლელი კიბე, აივანი, ეზოში არსებული სათავსოები (წყალი და ტუალეტი) და გასასვლელი გზა დარჩეს საერთო სარგებლობაში. ე. კ-შვილს დაეკისრა ხ. ბ-იანის მიერ ინჟინერ-სპეციალისტისათვის გაწეული ხარჯის _ 20 ლარის გადახდა.

თ. მ-შვილმა საჩივარი შეიტანა სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ. სააპელაციო პალატამ 2000 წლის 23 მაისის განჩინებით დასაშვებად ჩათვალა თ. მ-შვილის საჩივარი და დაინიშნა საქმის ზეპირი განხილვა. სააპელაციო სასამართლომ 2000 წლის 24 ივლისის განჩინებით დააკმაყოფილა თ. მ-შვილის წარმომადგენელ ი. ბ-შვილის შუამდგომლობა, გააუქმა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაინიშნა საქმის ზეპირი განხილვა. სააპელაციო პალატამ 2000 წლის 12 სექტემბრის განჩინებით დააკმაყოფილა ხ. ბ-იანის მოთხოვნა გორის რაიონის სოფ. .... მდებარე ჟ. კ-შვილის სახელზე რიცხული სახლიდან ფართის იზოლირებულად გამოყოფის შესახებ ცალკე წარმოებად გამოყოფის თაობაზე და 2000 წლის 12 სექტემბრის სხდომაზე განხილულ იქნას ხ. ბ-იანის მოთხოვნა სადავო სახლზე მფლობელობის უფლების აღიარების შესახებ, გამოყოფილ მოთხოვნაზე საქმის წარმოება შეჩერდა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. სააპელაციო პალატის განჩინება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: ხ. ბ-იანმა მოითხოვა სადავო ბინის ფართზე მფლობელობის უფლების აღიარება და ამ ბინიდან იზოლირებული ფართის გამოყოფა. მან პალატის წინაშე იშუამდგომლა, რომ ბინის იზოლირებული ფართის გამოყოფის ნაწილში მისი მოთხოვნა ცალკე წარმოებად გამოიყოს და ჯერ გადაწყდეს მფლობელობის აღიარების საკითხი. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალქო საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილით და მიუთითა, რომ მოსამართლეს შეუძლია გაერთიანებული მოთხოვნებიდან ცალკე წარმოებად გამოყოს ერთი ან რამდენიმე მოთხოვნა, თუ ცნობს, რომ მოთხოვნათა განცალკევებული გარჩევა უფრო მიზანშეწონილია. პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “დ” პუნქტის თანახმად, შეაჩერა საქმის წარმოება სადავო ბინიდან იზოლირებული ფართის გამოყოფის ნაწილში იმავე ბინაში მოსარჩელის მფლობელობის უფლების აღიარების დავის გადაწყვეტამდე.

თ. მ-შვილმა კერძო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის 2000 წლის 12 სექტემბრის განჩინებაზე და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი მოტივებით: გორის რაიონის სოფ. .... მდებარე საცხოვრებელი სახლი წარმოადგენს მის და ჟ. კ-შვილის თანასაკუთრებას, სადავო სახლის 71 კვ.მ. ფართი მის საკუთრებაშია აღრიცხული ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში. მის კუთვნილ ფართში ერთი დღეც არ უცხოვრია მოსარჩელეს, სააპელაციო პალატის განჩინებაში კი მოპასუხედ იგი არ არის მოხსენიებული, მხოლოდ ჟ. კ-შვილია მოხსენიებული, ამით კი სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლის “გ” პუნქტის მოთხოვნა. იზოლირებული ფართის გამოყოფის მოთხოვნის ცალკე წარმოებად გამოყოფა გამოიწვევს საქმის განხილვის გაჭიანურებას, რადგან უფლების აღიარება არ არის საფუძველი ფართის იზოლირებულად გამოყოფის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. სასამართლოს განჩინება არ არის დასაბუთებული და არ იქნა გამოყენებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის მე-4 ნაწილი.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2000 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივარი არ მიიჩნია დასაშვებად და დასაბუთებულად. პალატის განჩინებაში მითითებულია, რომ კერძო საჩივარში გასაჩივრებულია გაერთიანებული მოთხოვნებიდან ერთი მოთხოვნის ცალკე წარმოებად გამოყოფა. ასეთ განჩინებაზე კი კერძო საჩივარი არ შეიტანება, 2000 წლის 12 სექტემბრის განჩინების გასაჩივრება შეიძლება მხოლოდ საქმის წარმოებით შეჩერების ნაწილში, რასაც თ. მ-შვილი არ ასაჩივრებს.

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ თ. მ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სამოტივაციო ნაწილი:

დადგენილია, რომ ხ. ბ-იანმა თავდაპირველად მოითხოვა გორის რაიონის სოფ. .... ჟ. კ-შვილის და თ. მ-შვილის კუთვნილ საცხოვრებელ ფართზე მფლობელობის უფლების აღიარება და ამ იზოლირებული ფართის გამოყოფა. მოცემული საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას კი ხათუნა ბალოზიანის წარმომადგენელმა გაიანე ხითარიშვილმა მოითხოვა სადავო საცხოვრებელ სახლზე ჯერ მფლობელობის დადგენა. სააპელაციო პალატამ აღნიშნული მოთხოვნა დააკმაყოფილა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, რომლის თანახმადაც სასარჩელო განცხადების მიმღებ მოსამართლეს შეუძლია გაერთიანებული მოთხოვნებიდან ცალკე წარმოებად გამოყოს ერთი ან რამდენიმე მოთხოვნა, თუ ცნობს, რომ მოთხოვნათა განცალკევებული გარჩევა უფრო მიზანშეწონილია. პალატამ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ ჯერ უნდა გადაწყდეს უფლების აღიარების და შემდგომ ამ უფლების რეალიზაციის – ფართის იზოლირებულად გამოყოფის საკითხი.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “დ” პუნქტი, რომლის თანახმად, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო, სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული წესით, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება. აღნიშნული ნორმის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ სადავო საცხოვრებელი სახლიდან იზოლირებული ფართის გამოყოფის ნაწილში მოცემული საქმის წარმოება შეაჩერა იქამდე, სანამ არ გადაწყდება სადავო საცხოვრებელ სახლზე ხ. ბ-იანის მფლობელობის უფლების საკითხი და მოცემულ დავაზე სასამართლო გადაწყვეტილება არ შევა კანონიერ ძალაში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო პალატა თვლის, რომ თ. მ-შვილს კერძო საჩივარში ასეთი პრეტენზია არ წამოუყენებია.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თ. მ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 18 სექტემბრის და 27 ოქტომბრის განჩინებები დარჩეს უცვლელი.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.