3კ/888-01 24 ოქტომბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე, მ. ახალაძე
დავის საგანი: ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
რ. და გ. გ-იანების საკუთრებას წარმოადგენდა ქ. თბილისში, ... მდებარე 131-ე ბინა. ქ. თბილისის ისნის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა გ. გ-იანის სარჩელი მოპასუხე რ. ჯ-ძის, ლ. ბ-იანის, ლა. ბ-იანის, მ. დ-ანის მიმართ და მოპასუხეები თანმყოფ პირებთან ერთად გამოსახლებულ იქნენ ქ. თბილისში, ... ბინიდან და აღნიშნული ბინა თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდა გ. გ-იანს. სასამართლომ დააკმაყოფილა რ. ჯ-ძის შეგებებული სარჩელი და მოპასუხეებს: რ. გ-იანს და გ. გ-იანს ერთობლივად დააკისრა რ. ჯ-ძის სასარგებლოდ 12175 ლარი.
რ. ჯ-ძის, ლ. ბ-იანის, ლა. ბ-იანის, მ. დ-ანის სადავო ბინიდან გამოსახლება და რ. გ-იანისა და გ. გ-იანის მხრიდან რ. ჯ-ძის სასარგებლოდ აღნიშნული 12175 ლარის გადახდა უნდა მომხდარიყო ერთდროულად. აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია.
ამის შემდეგ რ. ჯ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების: რ. გ-იანის და ე. რ-ოვას მიმართ და მოითხოვა მათ შორის 1999 წლის მაისში სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ ამ ბინას ე. გ-იანის ვალის უზრუნველსაყოფად ყადაღა ჰქონდა დადებული. მან ასევე მოითხოვა სისხლის სამართლის საქმის აღძვრა პოლიციის მუშაკების მიმართ მისი სადავო ბინიდან გამოსახლების საკითხთან დაკავშირებით.
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულმა სასამართლომ 2000 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით უსაფუძვლობის გამო არ დააკმაყოფილა რ. ჯ-ძის სარჩელი რ. გ-იანის და ე. რ-ოვას მიმართ ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ, ხოლო რ. ჯ-ძეს დაუტოვა სადავო ბინაში ცხოვრების უფლება ქ. თბილისის ისნის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 25 მარტის გადაწყვეტილების შესაბამისად მის სისრულეში მოყვანამდე.
რ. ჯ-ძემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მოითხოვა მისი გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი სარჩელი რ. გ-იანს და ე. რ-ოვას შორის სადავო ბინის თაობაზე გაფორმებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ. ასევე მოითხოვა სადავო ბინაში შესახლება.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. რ-ოვამ, მოითხოვა მისი გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც რ. ჯ-ძეს დაუტოვა სადავო ბინაში ცხოვრების უფლება ე. გ-იანის მიერ ვალის გადახდამდე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 26 აპრილის სხდომაზე რ. ჯ-ძის წარმომადგენელმა ფ. გ-ძემ იშუამდგომლა სადავო ბინაზე ყადაღის მოხსნის საფუძვლიანობის შემოწმება. პალატამ არ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა. ამის შემდეგ რ. ჯ-ძემ მოითხოვა სააპელაციო პალატის აცილება, ვინაიდან ჩათვალა, რომ ტენდენციურად ეთქვა უარი შუამდგომლობაზე.
სააპელაციო პალატის 2001 წლის 26 აპრილის განჩინებით არ დაკმაყოფილდა რ. ჯ-ძის შუამდგომლობა სასამართლო შემადგენლობის აცილების შესახებ. ამ განჩინების გამოცხადების შემდეგ სასამართლომ განუმარტა მხარეებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 232-ე მუხლი, რომლის თანახმად გამოუცხადებლად ითვლება მხარე, რომელიც თუმცა სასამართლო სხდომაზე დანიშნულ დროს გამოცხადდა, მაგრამ უარი განაცხადა საქმის განხილვაში მონაწილეობაზე. თუ მხარე დატოვებს სხდომას, ჩაითვლება გამოუცხადებლად და 387-ე მუხლის თანახმად აპელანტის ან მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გამოტანილი იქნება დაუსწრებელი გადაწყვეტილება. აღნიშნული გაფრთხილების მიუხედავად რ. ჯ-ძემ და მისმა წარმომადგენელმა ფ. გ-ძემ დატოვეს სასამართლო სხდომა.
ამის შემდეგ სააპელაციო სასამართლომ 2001 წლის 26 აპრილს გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, გამოუცხადებლობის გამო, რ. ჯ-ძის სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის შესახებ, სასამართლომ დააკმაყოფილა ე. რ-ოვას სააპელაციო საჩივარი. ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება შეცვალა და მისი სარეზოლუციო ნაწილიდან ამორიცხა სიტყვები: “რ. ჯ-ძეს დარჩეს სადავო ბინაში ცხოვრების უფლება ისნის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 25 მარტის გადაწყვეტილების შესაბამისად მის სისრულეში მოყვანამდე”.
დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა რ. ჯ-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მან სასამართლო სხდომა დატოვა საპატიო მიზეზით, რადგან არ დაკმაყოფილდა მისი შუამდგომლობა მოსამართლე მ. ნ-ის აცილების თაობაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001 წლის 17 ივლისის განჩინებით დაუშვებლობის გამო არ განიხილა რ. ჯ-ძის საჩივარი. იგი ეფუძნება იმას, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 238-ე მუხლის თანახმად საჩივარი, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვისა და საქმის განახლების შესახებ უნდა შეიცავდეს გარემოებებს, რომლებიც ადასტურებს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აცილების შესახებ შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში არ ითვალისწინებს მხარის მიერ პროცესის დატოვებას. ეს საკითხი წესრიგდება იმავე კოდექსის 36-ე მუხლით. ამის გამო პალატამ მიიჩნია, რომ რ. ჯ-ძის საჩივარი არ შეიცავს მითითებას ისეთ გარემოებებზე, რომლებიც ადასტურებენ, რომ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით და შესაბამისად, არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 238-ე მუხლის მოთხოვნებს და ამიტომ დაუშვებელია.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა რ. ჯ-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება იმ მოტივით, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოტანილ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, სასამართლო სხდომას არ ესწრებოდა აპელანტი ე. რ-ოვა, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შუამდგომლობა მის ნაცვლად დააყენა მისმა წარმომადგენელმა, რასაც საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლობის გამო 2001 წლის 17 აგვისტოს განჩინებით არ დააკმაყოფილა რ. ჯ-ძის კერძო საჩივარი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ რ. ჯ-ძის კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
დადგენილია, რომ ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა რ. ჯ-ძის სარჩელი რ. გ-იანის და ე. რ-ოვას მიმართ ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ უსაფუძვლობის გამო, ხოლო რ. ჯ-ძეს დაუტოვა ქ. თბილისში, ... მდებარე 131-ე ბინაში ცხოვრების უფლება ქ. თბილისის ისნის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 25 მარტის გადაწყვეტილების შესაბამისად, მის სისრულეში მოყვანამდე. რ. ჯ-ძემ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით. სააპელაციო საჩივარი ასევე შეიტანა ე. რ-ოვამ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 26 აპრილის სხდომა დატოვა რ. ჯ-ძემ და მისმა წარმომადგენელმა ფ. გ-ძემ იმის გამო, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილა მათი შუამდგომლობები. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო პალატამ რ. ჯ-ძეს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის განჩინების გამოცხადების შემდეგ განუმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 232-ე მუხლი იმის შესახებ, რომ გამოუცხადებლად ითვლება მხარე, რომელიც თუმცა სხდომაზე დანიშნულ დროს გამოცხადდა, მაგრამ უარი განაცხადა საქმის განხილვაში მონაწილეობაზე, ხოლო იმავე კოდექსის 387-ე მუხლის თანახმად კი აპელანტის ან მოწინააღმდეგე მხარეს შუამდგომლობის საფუძველზე დაუსწრებელი გადაწყვეტილება იქნება გამოტანილი. აღნიშნული გაფრთხილების მიუხედავად რ. ჯ-ძემ და მისმა ადვოკატმა დატოვეს სხდომა, რის შემდეგ სასამართლომ მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელის შუამდგომლობის საფუძველზე 2001 წლის 26 აპრილს გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა რ. ჯ-ძემ და ამ გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიუთითა ის, რომ მან სასამართლო სხდომა დატოვა იმის გამო, რომ სააპელაციო პალატამ არ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა მოსამართლე მ. ნ-ის აცილების თაობაზე.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ 2001 წლის 17 ივლისის განჩინებით არასწორად მიიჩნია რ. ჯ-ძის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე დაუშვებლად, რადგან ჩათვალა, რომ იგი არ იქნა წარდგენილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 238-ე მუხლის შესაბამისად, კერძოდ, რ. ჯ-ძემ არ მიუთითა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” პუნქტის თანახმად დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვისა და საქმის განახლების შესახებ საჩივარი უნდა შეიცავდეს გარემოებებს, რომლებიც ადასტურებენ, რომ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით. რ. ჯ-ძემ თავის საჩივარში მიუთითა ასეთი გარემოების შესახებ, კერძოდ, სასამართლო პროცესის დატოვება მოსამართლე მ. ნ-ის აცილების შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობის გამო, ხოლო რამდენად საფუძვლიანი იყო ასეთი გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაუქმებლად, ამის თაობაზე სასამართლოს უნდა ემსჯელა რ. ჯ-ძის საჩივრის განხილვისას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 232-ე და 233-ე მუხლების შესაბამისად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
რ. ჯ-ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 17 ივლისის და 2001 წლის 17 აგვისტოს განჩინებები მოცემულ საქმეზე გაუქმდეს და ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.