¹ბს-375-359(კ-06) 21 ნოემბერი, 2006 წ.
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლალი ლაზარაშვილი, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) _ გ. ჯ-ა
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ჩხოროწყუს რაიონის განათლების განყოფილება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა და სამსახურში აღდგენა
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
გ. ჯ-ამ სარჩელი აღძრა ჩხოროწყუს რაიონულ სასამართლოში მოპასუხის - ჩხოროწყუს რაიონის განათლების განყოფილების მიმართ, რომლითაც მოითხოვა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა (იხ. ს.ფ. 1-4).
საქმის გარემოებები:
გ. ჯ-ა 1965 წლიდან მუშაობდა განათლების სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1999 წლიდან გადაყვანილ იქნა ჩხოროწყუს განათლების განყოფილების ...., ხოლო 2001-2002 წლებში განათლების სისტემაში განხორციელებული რეფორმის დროს დაინიშნა განათლების განყოფილების .... თანამდებობაზე. საქართველოს განათლების მინისტრის 2005 წლის 30 მარტის ¹140 ბრძანების საფუძველზე განათლების სისტემაში განხორციელებული რეფორმის შედეგად ჩხოროწყუს განათლების განყოფილებაში დარჩა ოთხი საშტატო ერთეული: განყოფილების უფროსის, მოადგილის და ორი სპეციალისტის.
სარჩელის სამართლებრივი საფუძვლები:
მოსარჩელემ განმარტა, რომ შტატების შემცირებისას მოპასუხის მიერ არ იქნა გათვალისწინებული შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნები - სამუშაოზე უპირატესი დარჩენის უფლების შესახებ. ასევე, მოპასუხემ დაარღვია ამავე კოდექსის 37-ე მუხლი, რადგან მისი გათავისუფლება არ იყო შეთანხმებული პროფკავშირულ ორგანოსთან და 422-ე მუხლის მოთხოვნა, რომელსაც შტატების შემცირების თანამდებობიდან დათხოვნის შესახებ ორი თვით ადრე არ გაუფრთხილებიათ. გ. ჯ-ამ განმარტა, რომ ჩხოროწყუს განათლების განყოფილების უფროსმა არასწორად შეამცირა შტატები, ვინაიდან მან თვითნებურად დაამატა ეკონომისტის საშტატო ერთეული და, ასევე, თანამდებობებზე დანიშნა ის პირები, რომლებიც მანამდე არ მუშაობდნენ განათლების სისტემაში. განათლების განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი არ იყო უფლებამოსილი, გაეთავისუფლებინა იგი თანამდებობიდან.
მოსარჩელის მოსაზრებით, განათლების განყოფილებამ გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში კანონის დარღვევით მიუთითა შრომის კანონთა კოდექსის 34.1 მუხლის ,,ა” პუნქტზე, რადგან იგი საჯარო მოხელე იყო და შრომის კანონთა კოდექსის გამოყენება დაუშვებელი იყო. ასევე, ბრძანების თანახმად, იგი გათავისუფლდა სპეციალისტის თანამდებობიდან, მაშინ, როცა მუშაობდა უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე, ამასთან, ბრძანებაში არ არის მითითებული თუ რომელი რიცხვიდან იქნა იგი გათავისუფლებული თანამდებობიდან.
მოსარჩელის მითითებით, მოპასუხეს, შრომის კანონთა კოდექსის 423-ე მუხლის თანახმად, მასზე უნდა გაეცა გასასვლელი დახმარება, ხოლო ამავე კოდექსის 41 მუხლით - შრომის წიგნაკი შესაბამისი ჩანაწერებით, რაც არ განუხორციელებია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ. ჯ-ამ მოითხოვა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, ..... თანამდებობაზე აღდგენა და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა.
რაიონულ სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში ჩხოროწყუს რაიონის განათლების განყოფილებამ არ ცნო გ. ჯ-ას სარჩელი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლით:
მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებისას დაცული იყო შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნები - სამსახურში უპირატესი დარჩენის უფლების შესახებ. გ. ჯ-ას ჰქონდა უმაღლესი განათლება, როგორც სხვა დანარჩენ თანამშრომლებს და ამ კრიტერიუმით მისთვის ვერ იქნებოდა მინიჭებული უპირატესობა. მოსარჩელემ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 108-ე მუხლით დადგენილი წესით გაფრთხილებული იყო თანამდებობიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ, რაც დასტურდება გაფრთხილების ფურცელზე ხელმოწერით. მოპასუხემ განმარტა, რომ გ. ჯ-ა მუშაობდა სპეციალისტის და არა უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე, რაც გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში სწორად იქნა მითითებული. აღნიშნულ ბრძანებაში მოპასუხემ სწორად გამოიყენა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97.1 მუხლი და შრომის კანონთა კოდექსის 34.1 მუხლის ,,ა” პუნქტი, ხოლო გათავისუფლების შესახებ თარიღის მიუთითებლობა წარმოადგენდა ტექნიკურ შეცდომას.
მოპასუხეს არ დაურღვევია შრომის კანონთა კოდექსის 37-ე მუხლის მოთხოვნა, ვინაიდან გ. ჯ-ას გათავისუფლებისათვის არ იყო საჭირო პროფკავშირის თანხმობა, რადგან გ. ჯ-ა წარმოადგენდა საჯარო მოხელეს, ხოლო ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი არ ითვალისწინებს პროფკავშირის თანხმობას და შრომის კანონთა კოდექსის ნორმა მის მიმართ ვერ გავრცელდებოდა. განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი უფლებამოსილი იყო გამოეცა ბრძანება თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.
განათლების განყოფილებამ განმარტა, რომ გ. ჯ-ას სარჩელი იყო ხანდაზმული, ვინაიდან მისთვის გათავისუფლების შესახებ ცნობილი უნდა ყოფილიყო 15 აპრილს, ხოლო სარჩელი სასამართლოში შეტანილია 31 მაისს, შესაბამისად, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის მიხედვით, მას გაშვებული ჰქონდა სასამართლოში მიმართვის ერთთვიანი ვადა (იხ.ს.ფ. 9-16).
რაიონული სასამართლოს 2005 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ. ჯ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი ჩხოროწყუს რაიონის განათლების განყოფილების უფროსის ¹120/კ ბრძანება და გ. ჯ-ა აღდგენილ იქნა .... თანამდებობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება რაიონულმა სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
მოპასუხეს გ. ჯ-ა თანამდებობიდან გათავისუფლებისას არ გაუფრთხილებია ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 108-ე მუხლის თანახმად ერთი თვით ადრე, მასზე არ გაუცია გასასვლელი დახმარება და კომპენსაციის სახით ორი თვის თანამდებობრივი სარგო ამავე კანონის 109-ე მუხლის საფუძველზე და შრომის წიგნაკი შესაბამისი ჩანაწერით. მოპასუხემ არ გამოიკვლია თუ ვის გააჩნდა უპირატესი დარჩენის უფლება, შესაბამისად, მის მიერ დარღვეულ იქნა შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლი. განათლების განყოფილებამ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97.2 მუხლის მოთხოვნის მიუხედავად, არ შესთავაზა მოსარჩელეს სხვა თანამდებობა. რაიონულმა სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოპასუხის მითითება, რომ გ. ჯ-ს მიერ გაშვებული იყო სასამართლოსათვის სარჩელით მიმართვის ერთთვიანი ვადა, რადგან მოსარჩელეს ბრძანება ჩაჰბარდა 2005 წლის 6 მაისს, ხოლო სასამართლოს მიმართა 2005 წლის 31 მაისს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რაიონულმა სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია გ. ჯ-ას სარჩელი და შრომის კანონთა კოდექსის 206.1 მუხლის საფუძველზე აღადგინა თანამდებობაზე (იხ. ს.ფ. 79-81).
რაიონული სასამართლოს 2006 წლის 16 ნოემბრის განჩინებით გ. ჯ-ას განცხადება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე დაკმაყოფილდა, სსსკ-ის 268.1. და 269-ე მუხლების საფუძველზე (იხ. ს.ფ. 107).
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჩხოროწყუს რაიონის განათლების განყოფილებამ, რომელმაც მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი მოტივით:
რაიონულმა სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მოსარჩელე გ. ჯ-ა არ იყო გაფრთხილებული მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, რადგან გ. ჯ-ა გათავისუფლდა 2005 წლის 8 აპრილს, ხოლო მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ გაფრთხილებული იყო 2005 წლის 14 თებერვალს, რაც დასტურდებოდა მისი ხელმოწერით. განათლების განყოფილებას არ დაურღვევია შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნები სამსახურში დარჩენის უპირატესი უფლების თაობაზე, ვინაიდან სხვა თანამშრომლებს, რომლებიც ასევე გათავისუფლებულ იქნენ თანამდებობიდან, გააჩნდათ უმაღლესი განათლება, ხოლო სხვა რაიმე პროცედურა კვალიფიკაციის დასადგენად განყოფილების მუშაკებს არ ჩატარებიათ. ამასთან, აპელანტმა განმარტა, რომ სასამართლომ არასწორად აღადგინა სპეციალისტის მთლიან საშტატო ერთეულზე, რადგან გათავისუფლებამდე მოსარჩელე მუშაობდა 0,75 საშტატო ერთეულზე და იგი იყო მოვალეობის შემსრულებელი, მაშინ როცა სასამართლომ აღადგინა სპეციალისტის თანამდებობაზე და არა მოვალეობის შემსრულებლად.
განათლების განყოფილებამ ასევე მიუთითა, რომ სასამართლომ არასწორად უთხრა უარი სარჩელის ხანდაზმულობაზე. ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127.1 მუხლის თანახმად, მოხელემ ერთი თვის ვადაში უნდა გაასაჩივროს სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება. აღნიშნული მუხლი არ ითვალისწინებს ბრძანების მოხელისათვის ჩაბარების აუცილებლობას. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადასაც არ უკავშირებს ბრძანების ჩაბარების თარიღს და ამ ვადის ათვლა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, ხოლო, სამოქალაქო კანონმდებლობის თანახმად, მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. 2005 წლის 7 აპრილს გ. ჯ-ას თანამშრომელთა თათბირზე ეცნობა გათავისუფლების შესახებ და 25 აპრილის ბრძანებით მასზე გაიცა ხელფასი 1-დან 8 აპრილის ჩათვლით, რომლის მიღებასაც მოსარჩელე უწყისზე ხელმოწერით ადასტურებს (იხ. ს.ფ. 100-102).
სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 5 იანვრის განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ჩხოროწყუს რაიონის განათლების განყოფილების სპეციალისტები მადონა კვირტია და ალექსი ფირცხალავა (იხ. ს.ფ. 114-115).
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარემ _ გ. ჯ-ამ არ ცნო სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა რაიონული სასამართლოს 2005 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით ჩხოროწყუს რაიონის განათლების განყოფილების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, შესაბამისად, გაუქმდა რაიონული სასამართლოს 2005 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება, 2005 წლის 16 ნოემბრის განჩინება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ჯ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
ჩხოროწყუს რაიონის განათლების განყოფილების სპეციალისტი გ. ჯ-ა 2005 წლის 8 აპრილის ¹120/კ ბრძანებით გათავისუფლდა თანამდებობიდან. მის გათავისუფლებას საფუძვლად დაედო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 30 მარტის ¹140 ბრძანება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების განყოფილებების რეორგანიზაციისა და ტიპური საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ჩხოროწყუს განათლების განყოფილების საშტატო ერთეული 2005 წლის 7 აპრილამდე განისაზღვრებოდა 18 საშტატო ერთეულით. მინისტრის ბრძანების საფუძველზე საშტატო ერთეული შემცირდა 4 ერთეულამდე. აღნიშნულის შესახებ გაფრთხილებული იყვნენ განყოფილების თანამშრომლები.
სასამართლომ გამოიყენა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 14.2, და 97.2 მუხლები და განმარტა, რომ მოხელე არ შეიძლებოდა გათავისუფლებულიყო სამსახურიდან, თუ იგი თანახმა იყო დანიშნულიყო სხვა თანამდებობაზე. მაგრამ ასეთი ვაკანსია არ არსებობდა და სხვა თანამდებობის შეთავაზება ვერ მოხდებოდა ობიექტური მიზეზებით. ჩხოროწყუს განათლების განყოფილებაში 18 საშტატო ერთეული შემცირდა 4 ერთეულამდე. შესაბამისად, ადმინისტრაციას არ ჰქონდა შესაძლებლობა, შეეთავაზებინა გ. ჯ-ის სხვა თანამდებობა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ განათლების განყოფილებამ გ. ჯ-ას სამუშაოდან გათავისუფლებისას იმსჯელა შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლით გათვალისწინებული სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლების თაობაზე და დაადგინა, რომ საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ მადონა კვირტიას და ალექსი ფირცხალავას გ. ჯ-ას მსგავსად ჰქონდათ უმაღლესი განათლება, ანუ თანაბარი კვალიფიკაცია, ხოლო მათი შრომის ნაყოფიერება განსაზღვრა ადმინისტრაციამ, რომლის განმარტებით, თანამდებობებზე დარჩენილი პირები გამოირჩეოდნენ მეტი შრომის ნაყოფიერებით. შესაბამისად, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია სასარჩელო მოთხოვნა ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ (იხ. ს.ფ).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ჯ-მ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
კასაციის მოტივები:
სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, როცა მიუთითა, რომ განათლების განყოფილებაში 2005 წლის 7 აპრილს არსებობდა 18 საშტატო ერთეული, მაშინ, როცა განსაზღვრული იყო 5 საშტატო ერთეული. სასამართლომ არ განსაზღვრა, 18 საშტატო ერთეულიდან რამდენი იყო ცენტრალურ და რამდენი ადგილობრივ დაფინანსებაზე და მხარის მოთხოვნის მიუხედავად, არ გამოითხოვა დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა, გ. ჯ-ა ცენტრალურ თუ ადგილობრივ დაფინანსებაზე იმყოფებოდა.
სასამართლომ არასწორად განმარტა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96.2 და 97.2 მუხლები, ვინაიდან მიუთითა, რომ განათლების განყოფილება მოკლებული იყო შესაძლებლობას, შეეთავაზებინა სხვა სამსახური. სასამართლომ ასევე, არასწორად დაადგინა შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნები, რადგან არ გამოუკვლევია თუ ვის გააჩნდა სამსახურში უპირატესი დარჩენის უფლება და დაეყრდნო მხოლოდ მოპასუხის განმარტებებს. კასატორის თქმით კი მას გააჩნდა უპირატესი დარჩენის უფლება სამსახურებრივი სტაჟისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით. სასამართლომ უკანონოდ მიუთითა გ. ჯ-ას ასაკზე, ვინაიდან აღნიშნული მოტივი არ ყოფილა მისი გათავისუფლების საფუძველი.
კასატორის განმარტებით, გათავისუფლების შესახებ ბრძანება შედგენილია კანონმდებლობის დარღვევით, რადგან მასში არაა მითითებული, აპრილის რომელი რიცხვიდან იქნა იგი გათავისუფლებული და არასწორადაა გამოყენებული შრომის კანონთა კოდექსის 34.1 მუხლის ,,ა” პუნქტი, ვინაიდან აღნიშნული ნორმა აწესრიგებს შრომითი ხელშეკრულებიდან წარმოშობილ ურთიერთობებს. სასამართლომ არ იმსჯელა, საჭირო იყო თუ არა კასატორის გათავისუფლებაზე პროფკავშირის თანხმობა. სააპელაციო პალატა გასცდა დავის საგანს, რადგან სასამართლომ სამოტივაციო ნაწილში იმსჯელა, მხოლოდ ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე და სარეზოლუციო ნაწილით გააუქმა ასევე 2005 წლის 16 ნოემბრის განჩინება (იხ. ს.ფ. 184-193).
ჩხოროწყუს რაიონის განათლების განყოფილებამ და მესამე პირებმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინეს მოსაზრებები, რომლითაც მოითხოვეს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 10 მარტის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება (იხ. ს.ფ. 231-236).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 21 ნოემბრის განჩინებით გ. ჯ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 34.3 “გ” პუნქტის შესაბამისად /პროცესუალური კასაცია/ (იხ. ს.ფ. 238-240).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ. ჯ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას დაარღვია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.2 მუხლისა და 394 მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის მოთხოვნები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია არასრულად, გადაწყვეტილება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია.
სსსკ-ის 407.2 მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
კონკრეტულ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, რამდენადაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შეცვალა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რითაც დაკმაყოფილდა ჩხოროწყუს რაიონის განათლების განყოფილების სააპელაციო საჩივარი - უარი ეთქვა მოსარჩელე გ. ჯ-ას გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ დააფუძნა იმ გარემოებაზე, რომ განათლების განყოფილება მოკლებული იყო შესაძლებლობას, შეეთავაზებინა გ. ჯ-ვის სხვა თანამდებობა, რადგან განყოფილებაში არსებული 18 საშტატო ერთეულიდან დარჩა მხოლოდ 4 ერთეული და მოპასუხის მიერ დაცულ იქნა შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნები სამსახურში უპირატესი დარჩენის უფლების შესახებ, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს დასკვნით ჩხოროწყუს რაიონის განათლების განყოფილების მიერ კანონიერად იქნა გათავისუფლებული გ. ჯ-ა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასაციის მოტივს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” 97.2 მუხლი, როცა დაასკვნა, რომ განათლების განყოფილება მოკლებული იყო შესაძლებლობას, გ. ჯ-ვის სამსახურიდან გათავისუფლებისას შეეთავაზებინა სხვა თანამდებობა. სასამართლომ ასევე, არასწორად განმარტა შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლი, რადგან არ გამოუკვლევია და სამართლებრივი შეფასება არ მიუცია იმ გარემოებისთვის, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო აქტის გამოცემისას რა კრიტერიუმებით იქნა განსაზღვრული თუ ვის გააჩნდა სამსახურში უპირატესი დარჩენის უფლება, რამდენადაც გასაჩივრებული ბრძანება აღნიშნულზე მოტივაციას არ შეიცავს და სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ მოპასუხის სხდომაზე მიცემულ ზეპირ განმარტებებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში საქმე საჭიროებს დამატებით გამოკვლევას, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები და გამოიკვლიოს, ჩხოროწყუს რაიონის განათლების განყოფილებაში /სადაც გათავისუფლებამდე მუშაობდა კასატორი/ 18 საშტატო ერთეულიდან რამდენი იყო ცენტრალური და რამდენი ადგილობრივ დაფინანსებაზე. აღნიშნული ფაქტობრივი გარემობების დასადგენად სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა ისარგებლოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილებით და გამოითხოვოს მტკიცებულებები, შესაბამისად სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს გ. ჯ-ას საშტატო ერთეული იმყოფებოდა ცენტრალურ თუ ადგილობრივ დაფინანსებაზე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სრულიად დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ გ. ჯ-ას გათავისუფლების დროს ადმინისტრაციის მიერ დაცულია ,,შრომის კანონთა კოდექსის” 36-ე მუხლის მოთხოვნები, რომელიც განსაზღვრავს მუშაკის სამუშაოზე დარჩენის უპირატეს უფლებას, რამდენადაც აღნიშნული დასკვნა სასამართლომ გამოტანა მოპასუხის მხოლოდ ზეპირი განმარტებების საფუძველზე, რომლის თანახმად გ. ჯ-ას გათავისუფლებისას გათვალისწინებული იქნა მისი ასაკი (65) წელი, მაშინ, როცა გ. ჯ-ა სამსახურიდან გათავისუფლდა რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირების მოტივით, რაც მუშაკის გათავისუფლების დამოუკიდებელ საფუძველს წარმოადგენს.
სააპელაციო სასამართლომ ტექნიკური ხასიათის უზუსტობად მიიჩნია ის გარემოება, რომ გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში მითითებულია, როგორც “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97.1 მუხლი, ასევე შრომის კანონთა კოდექსის 34.1 მუხლის ,,ა” პუნქტი, თუმცა არ დაასაბუთა თუ საიდან მივიდა სასამართლო ამგვარ დასკვნამდე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო მოხელის გათავისუფლების საფუძვლებს ითვალისწინებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი. შრომის კანონთა კოდექსის 34.1 “ა” მუხლი, რომლის საფუძველზეც მიღებულ იქნა ადმინისტრაციის მიერ სადავო ბრძანება ითვალისწინებს ადმინისტრაციის ინიციატივით შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) შეწყვეტას საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის, ან მუშაკთა რიცხოვნობის ან შტატების შემცირების გამო, ანუ მითითებული ნორმით დადგენილია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები, მაშინ, როცა გ. ჯ-ა გათავისუფლდა საშტატო ერთეულიდან. ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ აღნიშნული მუხლის მითითება სადავო ბრძანებაში წარმოადგენდა ტექნიკური ხასიათის უზუსტობას, რამდენადაც ადმინისტრაციას, გ. ჯ-ას გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59.1. მუხლის საფუძველზე, რომლიც ითვალისწინებს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას შეიტანოს შესწორება მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში, არ შეუტანია, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს ამგვარი დასკვნა მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას. შესაბამისად, სასამართლომ შეფასება უნდა მისცეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მითითებული სამართლებრივი ნორმის გამოყენების მართლზომიერებას სადავო ადმინისტრაციული აქტის მიღებისას.
სადავო ბრძანებითა და საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ. ჯ-ა გათავისუფლდა შტატების შემცირების საფუძვლით. ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97.2. მუხლით დადგენილია, რომ ასეთ შემთხვევაში პირის გათავისუფლება არ შეიძლება, თუ იგი თანახმაა დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
საკასაციო სასამართლო “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97.2. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ მითითებული ნორმა ამკრძალავი ხასიათისაა და დაუშვებლად მიიჩნევდა მოხელის გათავისუფლებას, თუ იგი თანახმა იყო სხვა თანამდებობაზე დანიშვნისა, ამგვარი თანხმობა კი თავისთავად განაპირობებდა ადმინისტრაციის მხრიდან შეთავაზების აუცილებლობას, აღნიშნული პირობა საჯარო მოხელეთათვის კანონით დადგენილი გარანტიების ერთ-ერთი სახეა, რაც ადმინისტრაციის მხრიდან ექვემდებარება დაცვას.
აგრეთვე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა იმსჯელოს იმ გარემოებაზე, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით კასატორი გათავისუფლდა სპეციალისტის თანამდებობიდან, მაშინ, როცა იგი მუშაობდა უფროსი სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე, რაზედაც სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია და შესაბამისი სამართლებრივი დასკვნა არ გამოუტანია.
სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია და არასრულად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ არსებობდა თუ არა გ. ჯ-ას სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ პროფკავშირის თანხმობა, რადგან “შრომის კანონთა კოდექსის" 37-ე მუხლით განსაზღვრულია შემთხვევები, რომლის დროსაც აუცილებელია ასეთი თანხმობის არსებობა, კერძოდ, საწარმოს, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში, სადაც არსებობს პროფკავშირი, დაუშვებელია ადმინისტრაციის ინიციატივით შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) მოშლა პროფკავშირის თანხმობის გარეშე, მოსარჩელე გ. ჯ-ა წარმოადგენს თუ არა პროფკავშირის წევრს, საქმეში შესაბამისი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის, შესაბამისად, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები არ იქნა გამოკვლეული და შეფასებული სააპელაციო სასამართლოს მიერ; სასამართლოს ასევე არ გამოუკვლევია, სახეზე იყო თუ არა “შრომის კანონთა კოდექსის” 37I მუხლით გათვალისწინებული პირობები. სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, თუ რამდენად შესაბამისობაშია სადავო ბრძანება მოქმედ კანონმდებლობასთან, რადგან გ. ჯ-ას გათავისუფლების ბრძანება გამოცემულია 2005 წლის 8 აპრილს, ბრძანებაში არ არის მითითებული ზუსტი თარიღი, ბრძანების თანახმად იგი გათავისუფლდა 2005 წლის აპრილიდან, ხოლო ბრძანება მიღებულია 2005 წლის 8 აპრილს.
საკასაციო სასამართლო ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127.5 მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სასამართლოს მიერ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში მოხელე ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი უარს ამბობს აღდგენაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას უნდა დაადგინოს, შენარჩუნებულია თუ არა გ. ჯ-ას მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობა და აქვს თუ არა ადმინისტრაციას ამ თანამდებობაზე კასატორის აღდგენის შესაძლებლობა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ ასევე უნდა გამოიკვლიოს და იმსჯელოს იმ გარემოებაზე, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ჩხოროწყუს რაიონის განათლების განყოფილების უფროსის ბრძანება გ. ჯ-ას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და გ. ჯ-ა აღდგენილ იქნა .... თანამდებობაზე, რაც აღსრულდა მოპასუხის მიერ და კასატორის განმარტებით ის აღდგენილი იქნა იმავე თანამდებობაზე, ანუ სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს, იმ პირობებში, როცა სააპელაციო სასამართლოს დასკვნით შტატების შემცირების გამო ადმინისტრაცია მოკლებული იყო შესაძლებლობას შეეთავაზებინა მოსარჩელისათვის სხვა თანამდებობა, რა თანამდებობაზე იქნა აღდგენილი გ. ჯ-ა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დროს, მისმა დანიშვნამ გამოიწვია თუ არა სხვისი გათავისუფლება, თუ არსებობდა თავისუფალი ვაკანსია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად შეუძლებელია საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღება, რამდენადაც სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას არ იქნა დადგენილი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც მოცემული საქმე ექვემდებარება ხელახლა განხილვას. სააპელაციო სასამართლომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე უნდა გამოიკვლიოს მითითებული გარემოებები ობიექტური და კანონიერი გადაწყვეტილების დადგენის მიზნით.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.4. მუხლის შესაბამისად, სასამართლო ხარჯები უნდა გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 372-ე, 390-ე, 399-ე, 408.3, 411-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ჯ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება;