¹ბს-379-363(კ-06) 31 ოქტომბერი, 2006წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) _Bტ. ჩ-ა
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ნინოწმინდის რაიონის გამგეობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
2004 წლის 25 ოქტომბერს ტ. ჩ-ამ სარჩელი აღძრა ნინოწმინდის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ნინოწმინდის რაიონის გამგეობის მიმართ, რომლითაც მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება /იხ.ს.ფ. 2/.
საქმის გარემოებები:
მოსარჩელე მუშაობდა ნინოწმინდის რაიონის გამგეობაში .... დუხობორთა თემის საკითხებში. 2004 წლის 9 სექტემბერს ნინოწმინდის რაიონის გამგებელი რ. ა-ი გადადგა თანამდებობიდან, რომლის მოვალეობას ასრულებდა რ. ნ-ე, შემდეგ კი ნ. ს-ი, გამგებლის მოადგილე ეკონომიკურ და საფინანსო საკითხებში. 1 ოქტომბერს ნ. ს-ს ბრძანებით ტ. ჩ-ა გათავისუფლდა თანამდებობიდან. 7 ოქტომბერს ტ. ჩ-ა კვლავ აღადგინეს თანამდებობაზე. 11 ოქტომბერს მოსარჩელემ ავადმყოფობის მოტივით, პირადი განცხადების საფუძველზე, მოითხოვა სამსახურიდან გათავისუფლება. 25 ოქტომბერს მას გადასცეს შრომის წიგნაკი და გათავისუფლების შესახებ განკარგულება, რომლის საფუძვლად მითითებული იყო “ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის შესახებ” /1997 წლის 16 ოქტომბრის რედაქცია/ საქართველოს ორგანული კანონის 24.3 მუხლი.
მოპასუხე ნინოწმინდის რაიონის გამგეობის წარმომადგენელმა რაიონული სასამართლოს სხდომაზე არ ცნო ტ. ჩ-ას სარჩელი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ. ს.ფ. 31, სხდომის ოქმი/.
ნინოწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით ტ. ჩ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; მოსარჩელე აღდგენილ იქნა ....დგილის თანამდებობაზე დუხობორთა თემის საკითხებში, მოპასუხეს ტ. ჩ-ას სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, რაც სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
“ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 27.1 მუხლის თანახმად, ნ. ს-ი და სხვა თანამშრომლები ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს ახლად არჩეული შემადგენლობის დამტკიცებამდე “ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის შესახებ” /1997 წლის 16 ოქტომბრის რედაქცია/ საქართველოს ორგანული კანონის 24.3 მუხლის თანახმად კი ტ. ჩ-ას გათავისუფლება იყო უსაფუძვლო. ნ. ს-ა 7 ოქტომბერს ტ. ჩ-ა აღადგინა წინანდელ თანამდებობაზე, ამდენად, გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა აღიარა 2004 წლის 29 სექტემბრის განკარგულების უკანონობა.
რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ ტ. ჩ-ას გათავისუფლების საფუძვლად მითითებული “ადგილობრივი მმართველობისა და თვითმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 24.3 მუხლი ითვალისწინებდა გამგეობის დაშლას გამგებლის გადადგომის შემთხვევაში. ამასთან, აღნიშნული ნორმის თანახმად, გამგეობის წევრები აგრძელებდნენ თავიანთი მოვალეობების შესრულებას გამგეობის ახლად არჩეული შემადგენლობის დამტკიცებამდე, რომელიც 2004 წლის 29 სექტემბრისათვის დამტკიცებული არ იყო /იხ. ს.ფ. 41-43/.
რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნინოწმინდის რაიონის გამგეობამ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი მოტივით:
2004 წლის 9 სექტემბერს ნინოწმინდის რაიონის გამგებელმა თვითნებურად გაითავისუფლა თავი ... თანამდებობიდან, ხოლო 2004 წლის 14 სექტემბერს პრეზიდენტის განკარგულებით “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 95-ე მუხლის საფუძველზე გათავისუფლდა თანამდებობიდან. “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” /1997 წლის 16 ოქტომბრის რედაქცია/ საქართველოს ორგანული კანონის 24.3 მუხლის საფუძველზე თანამდებობიდან გათავისუფლდნენ გამგეობის სხვა წევრებიც. გამგებლის მოვალეობის შესრულებას “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” /1997 წლის 16 ოქტომბრის რედაქცია/ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, შეუდგა გამგებლის პირველი მოადგილე ფინანსურ-ეკონომიკურ დარგში ნ. სააკიანი. გამგეობის ახალი შემადგენლობის ფორმირების მიზნით, 2004 წლის 29 სექტემბერს რაიონის ... ნ. ს-მა გამოსცა განკარგულება ტ. ჩ-ას გათავისუფლების შესახებ და სამსახურში მიიღო ახალი წევრი. 2004 წლის 1 ოქტომბერს ტ. ჩ-ას აცნობეს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, რაზედაც მოსარჩელემ უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ მისი გათავისუფლება უნდა მომხდარიყო სასამართლო წესით.
აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაასკვნა, რომ გამგეობის ახალი შემადგენლობა არ იყო არჩეული, ვინაიდან, “რაიონული გამგეობის შესახებ” დებულების 11.2 მუხლის თანახმად, რაიონული გამგეობა არ იყო არჩევითი ორგანო. ამასთან, ნ. ს-ი “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” /1997 წლის 16 ოქტომბრის რედაქცია/ საქართველოს კანონის 27.1 მუხლის თანახმად, უფლებამოსილი იყო, ახალი შემადგენლობის ფორმირების მიზნით, ძველი თანამშრომლები გაეთავისუფლებინა და ახალი თანამშრომლები დაენიშნა.
აპელანტმა არ გაიზიარა სასამართლოს დასკვნა, რომ გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ნ. ს-ა ტ. ჩ-ას თანამდებობაზე აღდგენით უკანონოდ ცნო 2004 წლის 29 სექტემბრის განკარგულება და განმარტა, რომ მან მხოლოდ რუსული ტექსტი შეცვალა ქართულით /იხ. ს.ფ. 47-50/.
მოწინააღმდეგე მხარემ _ ტ. ჩ-ამ რაიონულ სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში არ ცნო სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ. ს.ფ. 52-54/.
სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა რაიონული სასამართლოს 2004 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ტ. ჩ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, რაიონულმა სასამართლომ არასწორად განმარტა “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” /1997 წლის 16 ოქტომბრის რედაქცია/ ორგანული კანონის 24.3 მუხლი და, შესაბამისად, გამოიტანა არასწორი დასკვნები. “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” /1997 წლის 16 ოქტომბრის რედაქცია/ ორგანული კანონის 27.3 მუხლის თანახმად, გამგებლის გადადგომა იწვევდა გამგეობის სხვა წევრების გადადგომასაც, რის გამოც 2004 წლის 29 სექტემბრის განკარგულება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების ნაწილში იყო საფუძვლიანი.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ იურიდიულად არ არსებობდა ტ. ჩ-ას სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი და განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უფლება არ ჰქონდა მხარისათვის თავისი გადაწყვეტილებით მიეკუთვნებინა იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა, ხოლო მოსარჩელის მოთხოვნა იყო ნინოწმინდის გამგებლის მოადგილის და არა გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე აღდგენა /იხ.ს.ფ. 155-157/.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ტ. ჩ-ამ, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება /იხ. ს.ფ. 164-165/.
კასაციის მიზეზი:
სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” /1997 წლის 16 ოქტომბრის რედაქცია/ ორგანული კანონის 27.1 მუხლი, როცა მიიჩნია, რომ გამგებლის მოადგილე ეკონომიკურ და საფინანსო საკითხებში ასრულებდა გამგებლის მოვალეობას გამგეობის ახლად არჩეული შემადგენლობის დამტკიცებამდე. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, აღნიშნულიდან გამომდინარე, ამავე კანონის 24.3 მუხლის საფუძველზე, გამგეობის სხვა წევრებსაც უნდა შეესრულებინათ თავიანთი მოვალეობები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით ტ. ჩ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 34.3 “ა” პუნქტის შესაბამისად /აბსოლუტური კასაცია/ /იხ. ს.ფ. 194-197/ .
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების დასაბუთებულობა _ საფუძვლიანობის და სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ტ. ჩ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ტ. ჩ-ას სამუშაოზე აღდგენაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება არ მიეცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია არასრულად, სწორად არ იქნა გამოკვლეული საქმის მასალები და დადგენილი ფაქტები.
სსსკ-ის 407.2. მუხლის შესაბამისად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას ტ. ჩ-ას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განკარგულების უკანონობის თაობაზე, რამდენადაც, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა და მხარეებიც არ ხდიან სადავოდ, კასატორი ტ. ჩ-ა 2004 წლის 29 სექტემბრის ¹64 განკარგულების საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან ნინოწმინდის რაიონის გამგებლის გადადგომის გამო, შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არსებობდა “ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის შესახებ” /1997 წლის 16 ოქტომბრის რედაქცია/ ორგანული კანონის 24.3 მუხლის საფუძველზე ტ. ჩ-ას, როგორც .... თანამდებობიდან, გათავისუფლების საფუძველი. ამასთან, მითითებული ნორმა არ ითვალისწინებს გამგეობის წევრების უპირობო გადადგომას გამგებლის გადადგომის შემთხვევაში, რამდენადაც გამგეობის (მთავრობის) წევრები თავიანთ მოვალეობებს ასრულებენ გამგეობის (მთავრობის) ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე.
საკასაციო სასამართლო “ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის შესახებ” /1997 წლის 16 ოქტომბრის რედაქცია/ ორგანული კანონის 27.2 მუხლის საფუძველზე განმარტავს, გამგებლის (მერის) მოადგილეეები გამგებლის (მერის) მიერ ფუნქციათა განაწილების შესაბამისად ხელმძღვანელობს (ხელმძღვანელობენ) აღმასრულებელი ორგანოს კომპეტენციას მიკუთვნებულ დარგებს, ამზადებს და წარუდგენს გამგებელს (მერს) და გამგეობას (მთავრობას) წინადადებებს შესაბამის დარგებში განხორციელებულ ღონისძიებათა შესახებ, ორგანიზაციას უწევს და აკონტროლებს გამგებლის (მერის), გამგეობის (მთავრობის) და საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას.
საკასაციო სასამართლო “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” /1997 წლის 16 ოქტომბრის რედაქცია/ ორგანული კანონის 24.3 მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ გამგებელს (მერს) აქვს თანამდებობიდან გადადგომის უფლება. გამგებლის (მერის) თანამდებობიდან გადადგომა ან გათავისუფლება იწვევს შესაბამისი გამგეობის (მთავრობის) გადადგომას. გამგეობის (მთავრობის) წევრები თავიანთ მოვალეობებს ასრულებენ გამგეობის (მთავრობის) ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლი განსაზღვრავს სასამართლოს გადაწყვეტილების ფარგლებს, კერძოდ, მითითებული ნორმის თანახმად, სასამართლო შეზღუდულია მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით, რაც გულისხმობს, რომ სასამართლოს უფლება არა აქვს, მიაკუთვნოს მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ, რამდენადაც ტ. ჩ-ას მოთხოვნას წარმოადგენდა წინანდელ, ანუ ნინოწმინდის რაიონის გამგეობაში .... დუხობორთა თემის საკითხებში აღდგენა, ხოლო /1997 წლის 16 ოქტომბრის რედაქცია/ “ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის შესახებ” ორგანული კანონის 24.3 მუხლის თანახმად, მისი აღდგენა დასაშვებია მხოლოდ გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო შეზღუდული იყო რა მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით, ტ. ჩ-ას სარჩელი წინანდელ, ანუ .... თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე იყო უსაფუძვლო.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რამდენადაც “ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის შესახებ” /1997 წლის 16 ოქტომბრის რედაქცია/ ორგანული კანონის 24.3 მუხლი არ ითვალისწინებს გამგეობის წევრების უპირობო გადადგომას გამგებლის გადადგომის შემთხვევაში, კერძოდ, გამგეობის (მთავრობის) წევრები თავიანთ მოვალეობებს ასრულებენ გამგეობის (მთავრობის) ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე, შესაბამისად სააპელაციო სასამართლოს საქმის ხელახლა განხილვისას უნდა იმსჯელოს სარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობაზე სამუშაოზე აღდგენის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ტ. ჩ-ას სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა სამუშაოზე აღდგენა /იხ.ს.ფ. 2/, ამასთან არც რაიონულ და არც სააპელაციო სასამართლოში არ იქნა გამოკვლეული ის საკითხი /არც სასამართლო სხდომაზე იქნა გამოკვლეული/, თუ რა თანამდებობაზე ითხოვდა მოსარჩელე აღდგენას, კერძოდ, ნინოწმინდის რაიონის .... თუ .... შემსრულებლის თანამდებობაზე, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ, სსსკ-ის 248-ე მუხლის თანახმად, მოთხოვნის არარსებობის გამო სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას აღედგინა მოსარჩელე წინანდელ თანამდებობაზე, დაუსაბუთებელია, მით უფრო იმ პირობებში, როცა სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია თუ რომელ თანამდებობაზე აღდგენას ითხოვდა ტ. ჩ-ა, .... თუ ..... თანამდებობაზე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა გამოიკვლიოს თუ რა წარმოადგენდა ტ. ჩ-ას მოთხოვნას, კერძოდ, სამუშაოზე აღდგენაში იგულისხმებოდა თუ არა, რომ მოსარჩელე ითხოვდა ნინოწმინდის რაიონის ... თანამდებობაზე აღდგენას, რამდენადაც “ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის შესახებ” /1997 წლის 16 ოქტომბრის რედაქცია/ ორგანული კანონის 24.3 მუხლის თანახმად, გამგებლის გადადგომა იწვევს გამგებლის მოადგილის გათავისუფლებას, ამასთან, ეს უკანასკნელი ავტომატურად რჩება გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად, ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე, შესაბამისად, სარჩელის დაზუსტების გზით დაადგინოს კანონიერი და ობიექტური გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას ასევე უნდა გამოიკვლიოს, ნინოწმინდის რაიონის გამგეობაში დამტკიცდა თუ არა გამგეობის ახალი შემადგენლობა, ვაკანტურია თუ არა ტ. ჩ-ას მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობა, შესაბამისად აღნიშნული გარემოებების გამოკვლევის შემდეგ სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს სარჩელის საფუძვლიანობაზე სამუშაოზე აღდგენის ნაწილში.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების გზით, უნდა იმსჯელოს და სათანადოდ შეაფასოს რა წარმოადგენს კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს და აღნიშნული გარემოების დაზუსტების შემდეგ უნდა იქნეს შემოწმებული, თუ რამდენად საფუძვლიანია სასარჩელო მოთხოვნა და არსებობს თუ არა მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 412.2 მუხლის შესაბამისად სახეზეა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც, სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია. ამდენად, სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებით, კანონიერი და ობიექტური გადაწყვეტილების დადგენის მიზნით, სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს ზემომითითებული გარემოებები და დავა გადაწყვიტოს მოქმედი საპროცესო და მატერიალური სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ტ. ჩ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.