Facebook Twitter

¹ბს-380-364(კ-06) 27 სექტემბერი, 2006 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ს. ჩ-ა (მოსარჩელე), წარმომადგენელი _ გ. ჩ-ა

მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება

სარჩელის საგანი _ ომის ინვალიდობისათვის მეორე სახეობის პენსიის დანიშვნა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 17 მაისს ს. ჩ-ამ სარჩელი აღძრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-5, მე-9, მე-12, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 250-ე, 264-ე და 370-ე მუხლების საფუძველზე, მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისათვის მის სასარგებლოდ 2005 წლის 1 მაისიდან ძირითად პენსიაზე ყოველთვიურად 42 ლარის დაკისრება მოითხოვა. შესაბამისად, მას 98 თვის მიუღებელი საპენსიო დანამატის სახით 4116 ლარი უნდა მიეღო.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ ს. ჩ-ა იყო სამამულო ომის მეორე ჯგუფის ინვალიდი და ღებულობდა პენსიას თვეში 45 ლარის ოდენობით. ამასთან, ს. ჩ-ა ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანს წარმოადგენდა, სარგებლობდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებითა და შეღავათებით. ,,სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-60 მუხლისა და “ვეტერანთა შესახებ” კანონის შესაბამისად, მას ეკუთვნოდა დანამატი პენსიაზე 42 ლარის ოდენობით, რასაც მოპასუხე არ უნიშნავდა და რითაც მისი კანონიერი ინტერესები ილახებოდა. მოსარჩელის განმარტებით, მას 1997 წლიდან სარჩელის აღძვრის დროისათვის მისაღები ჰქონდა 98 თვის მიუღებელი საპენსიო დანამატის სხვაობა 4116 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 30 სექტემბრის სხდომაზე მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით ს. ჩ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს ს. ჩ-ას სასარგებლოდ დაეკისრა, ასაკის გამო, მინიმალურ პენსიაზე დანამატის _ 56 ლარის გადახდა 2005 წლის 1 აგვისტოდან; სასარჩელო მოთხოვნას, ახალ და ძველ პენსიებს შორის სხვაობის გადაანგარიშების თაობაზე, უარი ეთქვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტმა, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის წარმომადგენელმა, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დააზუსტა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმება მოითხოვა, რომლითაც ს. ჩ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს ს. ჩ-ას სასარგებლოდ, ასაკის გამო, მინიმალურ პენსიაზე დანამატის _ 56 ლარის გადახდა დაეკისრა 2005 წლის 1 აგვისტოდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი გასაჩივრებულ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც მოსარჩელე ს. ჩ-ას მოთხოვნას ახალ და ძველ პენსიებს შორის სხვაობის გადაანგარიშებაზე უარი ეთქვა, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და იგი კანონიერ ძალაში იყო შესული. სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებული იყო გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს მოსარჩელის სასარგებლოდ, ასაკის გამო, მინიმალურ პენსიაზე დანამატის სახით 2005 წლის 1 აგვისტოდან 56 ლარის გადახდა დაეკისრა.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-60 მუხლის მიხედვით (2005 წლის 23 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით), ფაშიზმის წინააღმდეგ 1941-1945 წლების ომში მოპოვებული ისტორიული გამარჯვების მონაწილეებს, რომლებსაც შეუსრულდათ 75 წელი ან/და იყვნენ I და II ჯგუფის ინვალიდები, ეძლეოდათ ორი სახეობის პენსიის _ ომის ინვალიდობის მიხედვით და მოხუცებულობის გამო (შრომის წელთა ნამსახურობისათვის) ერთდროულად მიღების უფლება. ამასთან, მათ მოხუცებულობის პენსიაზე დაენიშნებოდათ დანამატი მოხუცებულობისათვის დაწესებული ორი მინიმალური პენსიის ოდენობით, ანუ სადავო გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისათვის საპენსიო დანამატის სახით 1941-45 წლების დიდი სამამულო ომის მონაწილე, 75 წელს გადაცილებული ოფიცრების და/ან I და II ჯგუფის ომის ინვალიდებისათვის უკვე დანიშნულ ომის ინვალიდობის პენსიასთან ერთად, კანონმდებლობა დამატებით ითვალისწინებდა მეორე სახეობის პენსიის, მოხუცებულობის გამო პენსიის ორმაგი დანამატის დანიშვნის შესაძლებლობას. ამასთან, საქმის მასალებით დადგენილი იყო, რომ მოსარჩელე ს. ჩ-ას, დაბადებულს 19... წლის 30 ოქტომბერს, მეორე მსოფლიო ომის მონაწილესა და მეორე ჯგუფის ინვალიდს, სარჩელის შეტანის დროისათვის დანიშნული ჰქონდა ომის მონაწილის პენსია 45 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლოს მტკიცებით, მოსარჩელე ს. ჩ-ა მითითებული კანონის მე-60 მუხლით მოსარგებლე პირს არ წარმოადგენდა და მასზე აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული შეღავათები ვერ გავრცელდებოდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მის მიერ გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისათვის აღარ არსებობდა ის სამართლებრივი ნორმა, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას მოითხოვდა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2006 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონი, რომლითაც სახელმწიფო პენსიების დაწესების, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძვლები მოწესრიგდა. აღნიშნული კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ.ბ" ქვეპუნქტით განისაზღვრა, რომ 2006 წლის 1 იანვრიდან ომის მონაწილეებს დაენიშნებოდათ პენსია 60 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლომ დამატებით მიუთითა, რომ მოსარჩელეს არ ეზღუდებოდა უფლება, ამ კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით სახელმწიფო პენსიის გაანგარიშების მოთხოვნით საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისათვის მიემართა.

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა, ხოლო საქმეზე მიღებული ახალი გადაწყვეტილებით ს. ჩ-ას სარჩელი გასაჩივრებულ ნაწილში არ დააკმაყოფილა.

სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება ს. ჩ-ას წარმომადგენელმა გ. ჩ-ამ საკასაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება მოითხოვა. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის მე-6 მუხლი და კანონს უკუქცევითი ძალა მიანიჭა, რაც კანონდარღვევას წარმოადგენს და მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 19 ივნისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ს. ჩ-ას წარმომადგენელ გ. ჩ-ას საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2006 წლის 19 ივნისის განჩინების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2006 წლის 19 ივლისამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 19 ივლისის განჩინებით ს. ჩ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა 2006 წლის 27 სექტემბერს მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ს. ჩ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-60 მუხლის მიხედვით (2005 წლის 23 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით), ფაშიზმის წინააღმდეგ 1941-1945 წლების ომში მოპოვებული ისტორიული გამარჯვების მონაწილეებს, რომლებსაც შეუსრულდათ 75 წელი ან/და იყვნენ I და II ჯგუფის ინვალიდები, ეძლეოდათ ორი სახეობის პენსიის _ ომის ინვალიდობის მიხედვით და მოხუცებულობის გამო (შრომის წელთა ნამსახურობისათვის) ერთდროულად მიღების უფლება. ამასთან, მათ მოხუცებულობის პენსიაზე დაენიშნებოდათ დანამატი მოხუცებულობისათვის დაწესებული ორი მინიმალური პენსიის ოდენობით.

საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოსარჩელე ს. ჩ-ა მითითებული კანონის მე-60 მუხლით მოსარგებლე პირს არ წარმოადგენდა და მასზე აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული შეღავათები ვერ გავრცელდებოდა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ს. ჩ-ას გააჩნდა ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული ორი სახეობის პენსიის ერთდროულად მიღების უფლება, რის თაობაზეც მიმართა მოპასუხეს, ხოლო საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა უსაფუძვლოდ უთხრა უარი მეორე სახეობის პენსიის დანიშვნაზე, ვინაიდან საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ს. ჩ-ა არის სამამულო ომის მეორე ჯგუფის ინვალიდი და სარჩელის შეტანის დროისათვის დანიშნული ჰქონდა ომის მონაწილის პენსია 45 ლარის ოდენობით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიმართ ზემოაღნიშნული საპენსიო შეღავათის გავრცელებაზე გავლენას ვერ მოახდენს ის გარემოება, რომ “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე 2005 წლის 23 დეკემბრის კანონით ამოღებულ იქნა “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" კანონის მე-7 და მე-8 თავები და შესაბამისად, გაუქმდა ხსენებული კანონის მე-60 მუხლიც, რომელიც ამავე კანონის მე-7 თავში შედიოდა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ 2005 წლის 23 დეკემბერსვე მიღებულ იქნა “სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონი, რომლითაც სახელმწიფო პენსიების დაწესებისა და პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძვლები მოწესრიგდა. ხსენებული კანონი ამოქმედდა 2006 წლის 1 იანვრიდან. აღნიშნული კანონის 22-ე მუხლით გარანტირებულია ამ კანონის ამოქმედებამდე მოპოვებული უფლებების შენარჩუნება, კერძოდ, ხსენებული მუხლის მე-2 პუნქტის “დ” ქვეპუნქტით განსაზღვრულია ომის მონაწილეთა პენსიის განსხვავებული ოდენობები იმისდა მიხედვით, პირი განეკუთვნება მხოლოდ ომის მონაწილეს, ომის მონაწილე პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდს თუ ომის მონაწილე მესამე ჯგუფის ინვალიდს, მათ შორის, ომის მეორე ჯგუფის ინვალიდებისათვის დადგენილია 84 ლარის ოდენობის პენსია.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ “სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილია, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული პენსიების ოდენობები ამ კანონის ამოქმედების მომენტიდან ავტომატურად ვრცელდება მათ მიმღებ პირებზე, პენსიის დანიშვნის დროის მიუხედავად, თუ დანიშნული პენსია ამ კანონით გათვალისწინებულ პენსიის ოდენობაზე ნაკლებია ან მისი ტოლია.

მართალია, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისათვის უკვე მოქმედებდა “სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონი, მაგრამ “სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიანიჭა ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონს უკუძალა, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე უნდა გაუთანაბრდეს “სახელმწიფო პენსიის შესახებ” კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული, ძველი კანონით მინიჭებული უკეთესი საპენსიო შეღავათის შენარჩუნების უფლების მქონე პირთა კატეგორიას, ვინაიდან ამ შემთხვევაში ძველი კანონით, ანუ ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი პენსია _ 129 ლარი “სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს ახალი კანონით გათვალისწინებულ პენსიის ოდენობაზე _ 84 ლარზე მეტია.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ, რომელსაც ძველი კანონის _ “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლის თანახმად, მინიჭებული ჰქონდა აღნიშნული საპენსიო შეღავათის მიღების უფლება, ხოლო მოპასუხე არამართლზომიერად ეუბნებოდა მასზე უარს, ჯერ კიდევ ახალი კანონის _ “სახელმწიფო პენსიის შესახებ” კანონის ამოქმედებამდე, ძველი კანონის საფუძველზე მოითხოვა რა სასამართლო წესით აღნიშნული უფლების რეალიზაცია, ძველი კანონის მოქმედების პირობებშივე გამოხატა ნება კუთვნილი უფლების განხორციელებაზე, რაც შეფერხდა მოპასუხის არამართლზომიერი ქმედებით.

გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს მხოლოდ ომის ინვალიდობისათვის მეორე სახეობის პენსიის დანიშვნა, ვინაიდან ს. ჩ-ას სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მის მეორე სასარჩელო მოთხოვნას ახალ და ძველ პენსიებს შორის სხვაობის გადაანგარიშების თაობაზე, უარი ეთქვა და შესაბამისად, ამ ნაწილში ხსენებული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ს. ჩ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მისი სარჩელი ომის ინვალიდობისათვის მეორე სახეობის პენსიის დანიშვნის ნაწილში დაკმაყოფილდება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ს. ჩ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ს. ჩ-ას სარჩელი ომის ინვალიდობისათვის მეორე სახეობის პენსიის დანიშვნის ნაწილში დაკმაყოფილდეს; საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს დაევალოს ს. ჩ-ვის 2005 წლის 17 მაისიდან მოხუცებულობის პენსიის, მასზე დაწესებული ორი მინიმალური პენსიის დანამატით (84 ლარი), სამამულო ომის ინვალიდობის პენსიასთან ერთად (45 ლარი), ყოველთვიურად სულ _ 129 ლარის დანიშვნა;

4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.