Facebook Twitter

№ას-1-1-2012 27 თებერვალი, 2012 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

კასატორი _ ქ. ქუთაისში, ჭ-ის გამზირ №1ა-ში მდებარე ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა თავმჯდომარე- ფ. ფ-ე, ო. ბ-ე, ვ. მ-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ გ. ჯ-ი

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ოქტომბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _binaTmesakuTreTa amxanagobis კრების ოქმის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ჯ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს ქ. ქუთაისში, ჭ-ის გამზირ №1ა-ში მდებარე ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის მიმართ კრების ოქმის ბათილად ცნობისა და საკუთრების რეგისტრაციის გაუქმების შესახებ შემდეგი დასაბუთებით: ქუთაისის ლენინის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის 1988 წლის 17 მარტის №6/84-394 გადაწყვეტილებით ჭ-ის გამზირ №1ა-ში შექიმნა კოოპერატივი 30 ადგილიანი ავტოსადგომი და განისაზღვრა №7 ავტოსადგომის სამშენებლო კოოპერატივში შემსვლელ წევრთა სია. კოოპერატივის წევრებმა ბანკში შეიტანეს საპაიო თანხა, თითოეულმა 2000 მანეთი და საპროექტო საწარმოო კოოპერატივ „ო-ის“ მიერ დამზადებული პროექტით აშენდა ზემოხსენებული №7 კოოპერატიული ავტოსადგომი 28 ავტოფარეხზე. მშენებლობის დამთავრების შემდეგ კოოპერატივის საერთო კრების გადაწყვეტილებით, კოოპერატივის წევრებზე განაწილდა 28 ავტოფარეხი და მოსარჩელეს მიენიჭა №12 ავტოფარეხი, რომელიც კოოპერატივის წევრ ვ. მ-ის შუამავლობით მიჰყიდა ო. ბ-ეს, მაგრამ, ვინაიდან, ვ.მ-ემ არ გადასცა ავტოფარეხის ღირებულების შეთანხმებული თანხა, ავტოფარეხი გახდა სადავო და კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ავტოფარეხი მიეკუთვნა გ. ჯ-ს. აღნიშნული გადაწყვეტილების არსებობის მიუხედავად 2008 წლის 9 ივლისის, ქ.ქუთაისში, ჭ-ის გამზირ 1ა-ში მდებარე ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო კრების გადაწყვეტილებით ავტოფარეხი ო.ბ-ეს გადაეცა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: სარჩელში მოხსენიებულ ქ.ქუთაისის ლენინის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომტეტის 1988 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება დავის საგანს არაფრით უკავშირდება. კოოპერატივის წევრთა საერთო კრების სტატუსით არც 1989 წლის 14-15 იანვარს, არც მანამდე და არც შემდგომ არავითარი შეკრება არ ჩატარებულა. წარმოდგენილი დანართები არის ყალბი და ეს არაერთხელ დაადასტურეს მასში მოხსენიებულმა პირებმა. კოოპერატივის სახელით ავტოფარეხები არ განაწილებულა. მშენებლობის დაწყების გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან, შინაურული ურთიერთშეთანხმებით, ყველასათვის ცნობილი იყო კუთვნილი ავტოფარეხის საზღვრების მინიშნება და ამასთან დაკავშირებით, რაიმე დოკუმენტი არ შედგენილა. ავტოსადგომების ექვსპლოატაციაში მიღებამდე და საჯარო რეესტრში გატარებამდე ავტოფარეხების ყველა უფლებამონაცვლეობა განხორციელდა ზეპირი შეთანხმების საფუძველზე. გ.ჯ-მაც დაუმთავრებელი აღრიცხვაზე აუყვანელი, ექსპლოატაციაში მიუღებელი და დაუკანონებელი ავტოფარეხი გაასხვისა ზეპირი ურთიერთშეთანხმებით და მიიღო შესაბამისი ანაზღაურებაც. ავტოფარეხების ნუმერაცია საჯარო რეესტრში რეგისტრაციამდე არ არსებობდა და არც შეიძლებოდა არსებულიყო.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. ჯიშჯკარიანის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქ. ქუთაისში ჭ-ის გამზირ #1-ში მდებარე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 2008 წლის 9 ივლისის კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება #11 ავტოსადგომის ო. ბ-ის საკუთრებაში გადაცემის ნაწილში და ბათილად იქნა ცნობილი #11 ავტოსადგომზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა და მესამე პირმა ო. ბ-ემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით ქ. ქუთაისში, ჭ-ის გამზირ №1ა-ში მდებარე ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ო. ბ-ეს დაევალა ქუთაისში, ჭ-ის გამზირ 1ა-ში მდებარე №12 ავტოსადგომის გამონთავისუფლება და გ. ჯ-ისათვის ჩაბარება. ქ.ქუთაისის მერის 2008 წლის 22 აპრილის №787 ბრძანებით შეთანხმდა ქ.ქუთაისში, ჭ-ის გამზირ №1ა-ში მდებარე მრავალსართულიანი, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მიწის ნაკვეთის საზღვრების დადგენის პროექტი. ამ პროექტის მიხედვით საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებული ავტოსადგომები, მათ შორის, სადავო ავტოსადგომიც მოექცა საცხოვრებელი სახლისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის საზღვრებში. 2008 წლის 9 ივლისს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც სადავო ავტოსადგომი, რომელსაც მიენიჭა №11, გადაეცა ო. ბ-ეს. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, ო. ბ-ე დარეგისტრირდა ავტოფარეხის მესაკუთრედ.

აპელანტის მოსაზრება, რომ არ დგინდება სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. ჯ-ისათვის მიკუთვნებული და სადავო ავტოსადგომების იდენტურობა, პალატამ არ გაიზიარა და აღნიშნა, რომ ამხანაგობის გადაწყვეტილებით ო. ბ-ეს საკუთრებაში გადაეცა სწორედ ის ავტოფარეხი, რომლის გამოთავისუფლებაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დაავალა. ავტოფარეხი არის ინდივიდუალურად განსაზღვრული ნივთი და მასზე, როგორც ნივთზე, მიუხედავად ნუმერაციის ცვლილებისა, გ. ჯ-ს გააჩნია სასამართლოს გადაწყვეტილებით აღიარებული უფლება.

პალატამ ასევე არ გაიზიარა აპელანტის განმატება, რომ სადავო ავტოსადგომი ეკუთვნოდა ამხანაგობას და აღნიშნა, რომ მიწის ნაკვეთი, რომელზეც სადავო ავტოსადგომი მდებარეობს ამხანაგობის კუთვნილი მრავალბინიანი სახლის საზღვრებში მოექცა 2008 წლის 22 აპრილიდან, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამხანაგობა გახდა მიწის ნაკვეთისა და, მით უმეტეს, მასზე განთავსებული ნაგებობების მესაკუთრე. ქუთაისის მერის 2008 წლის 22 აპრილის ბრძანებით, საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2002 წლის 3 ოქტომბრის №49 ბრძანების შესაბამისად, დადგინდა საცხოვრებელი სახლის საზღვრები.

სამოქალაქო კოდექსის 149-ე და 183-ე მუხლების თანახმად, პალატამ განმარტა, რომ სადავო ავტოფარეხები იყო და არის უძრავი ნივთი და საკუთრებაში მისი გადასაცემად აუცილებელი იყო გარიგების წერილობთი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ამხანაგობას სადავო ავტოსადგომი, ზემოხსენებული ნორმით დადგენილი წესით, არ შეუძენია. შესაბამისად, ავტოსადგომი არ გამხდარა ამხანაგობის საკუთრება და ამხანაგობა არ იყო უფლებამოსილი განეკარგა სხვისი ქონება. რადგან სადავო დონების მართლზომიერი მფლობელი იყო გ. ჯ-ი, სწორედ მას ჰქონდა უფლება დადგენილი წესით მოეთხოვა, ავტოსადგომის საკუთრებაში რეგისტრაცია.

სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, პალატამ მიიჩნია, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო კრების გადაწყვეტილება არის ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, შესაბამისად, იგი მრავალმხრივი წერილობითი გარიგება, ანუ ხელშეკრულებაა. სადავო ხელშეკრულებით ამხანაგობამ განკარგა ის ქონება, რომელიც მას არ ეკუთვნოდა. ამიტომ, ეს გარიგება მართლსაწინააღმდეგოა.

სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის და 311-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, პალატამ მიიჩნია, რადგან ო. ბ-ის სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო უფლება ბათილი გარიგების საფუძველზე, ანუ არარსებული უფლება, მოთხოვნა, ამ ჩანაწერის გაუქმების თაობაზე, კანონიერია. აპელანტის პოზიციას იმის თაობაზე, რომ გ. ჯ-მა სადავო ავტოსადგომზე უფლება მოიპოვა ყალბი აქტების საფუძველზე, პალატამ არ გაიზიარა და განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. ქუთაისში, ჭ-ის გამზირ №1ა-ში მდებარე ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე ფ. ფ-ემ, ო. ბ-ემ და ვ. მ-ემ და მოითხოვეს მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლოს №11 ავტოსადგომის გამონთავისუფლება არ დაუდგენია და არც №11, №12 და №13 ავტოსადგომების იდენტურობა გამოურკვევია. გადაწყვეტილების უსწორობა სწორედ იმან განაპირობა, რომ მიუხედავად მათი დაჟინებული თხოვნისა, სასამართლომ არ გამოარკვია და არ დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ №11, №12 და №13 ავტოსადგომები სხვადასხვაა და მათი მესაკუთრე მფლობელებიც სხვადასხვა პირები არიან. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტზე აპელირებით სასამართლომ დაუშვა არსებითი შეცდომა. მოსარჩელემ საქმეზე სააპელაციო სასამართლოში წარადგინა ქუთაისის საქალაქო საბჭოს აღმასკომპის 1986 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება, ქალაქ ქუთაისში, ჭ-ის გამზირის №1ა საცხოვრებელი სახლის ჩრდილო-დასავლეთით, 30 ინდივიდუალური ავტოფარეხისთვის, ქუთაისის ლენინის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის №7 კოოპერატიული ავტოსადგომის მშენებლობაზე ნებართვის მიცემის შესახებ. სასამართლოს მიერ უარყოფილ იქნა მათი შუამდგომლობა აღნიშნული გადაწყვეტილების სინამდვილის გადამოწმების შესახებ როგორც შემდგომი გადამოწმებით დადგინდა, გადაწყვეტილება აღმოჩნდა გაყალბებული და მსგავს შინაარსს მითითებული აქტის ორიგინალი საერთოდ არ შეიცავს. აღნიშნულ და ანალოგიურ სიყალბეებზე სისხლის სამართლის საქმე წარმოებაში აქვს შსს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს, რის თაობაზეც სააპელაციო სასამართლოს მიაწოდეს ყველა შესაბამისი მტკიცებულება, რასაც არავითარი სამართლებრივი შედეგი არ მოჰყოლია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ქუთაისში, ჭ-ის გამზირ №1ა-ში მდებარე ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე ფ. ფ-ე, ო. ბ-ის, ვ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

მოცემული დავის საგანია ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობა სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქ. ქუთაისში, ჭ-ის გამზირ №1ა-ში მდებარე ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობას, ო. ბ-ეს, ვ. მ-ეს დაუბრუნდეს ვ. მ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის 70% -210 ლარი

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ქ. ქუთაისში, ჭ-ის გამზირ №1ა-ში მდებარე ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის, ო. ბ-ის, ვ. მ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

ქ. ქუთაისში, ჭ-ის გამზირ №1ა-ში მდებარე ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობას, ო. ბ-ეს, ვ. მ-ეს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს ვ. მ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის 70% -210 ლარი ( 2012 წლის 31 იანვარი, საგადასახადო დავალება #1) სს ბანკ ,,რესპუბლიკის“ მეშვეობით.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.