Facebook Twitter

ას-1224-1244-2011 13 თებერვალი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ შპს «ს. რ-ა» (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «წ-ი-თ-ი» (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს «წ-ი-თ-მა» სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს «ს. რ-ის» მიმართ საბარათე ანგარიშიდან ჩამოჭრილი თანხის _ 7900 ლარისა და სასამართლო ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:

2009 წლის 7 დეკემბერს ¹694/დსგ და 2010 წლის 6 იანვრის ¹6/2 ბრძანების თანახმად, შპს «ს. რ-ის» ოპერატიული კონტროლის ცენტრის მიერ ჩატარდა სადგურ თბილისის ს-ოს სატვირთო და კომერციული საქმიანობის რევიზია. შემოწმებულ იქნა 2007 წლის 1 იანვრიდან 2009 წლის 1 დეკემბრამდე სადგურ თბილისის ს-ოს სარკინიგზო მომსახურების საფასურის გაანგარიშების რეალობა. ჩატარებული რევიზიის შედეგად შპს «წ--თ-ს» დამატებით დაერიცხა 7900 ლარი. აღნიშნული თანხა შპს «ს. რ-ამ» თვითნებურად ჩამოაჭრა შპს «წ-ი-თ-ს» საბარათე ანგარიშიდან, რომელიც მას, როგორც წესი, ზედმეტობაში აქვს წინასწარ გადარიცხული მოპასუხისათვის. შპს «ს. რ-ის» მიერ მიწოდებული რევიზიის აქტიდან ირკვევა, რომ თანხის დარიცხვა ძირითადად მოხდა მიწოდებული ვაგონების მოცდენისათვის, თუმცა თანხის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი აქტში მითითებული არ არის. შემოწმების აქტში მითითებული საერთო ფორმის აქტებისა და სადგურის მომსახურების და ტვირთის მიღება-ჩაბარების სამახსოვროების მიხედვით, შპს «წ-ი-თ-ის» მიზეზით ვაგონების მოცდენა არ დასტურდება. საქართველოს სარკინიგზო კოდექსის 44-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეები პასუხს აგებენ მხოლოდ მათ მიერ ჩადენილი ან მათი მიზეზით გამოწვეული სამართალდარღვევისათვის. შპს «წ--თ-ს» კანონი არ დაურღვევია. ვაგონების მოცდენას ადგილი არ ჰქონია. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს «ს. რ-ის» მიერ შპს «წ-ი – თ-ის» ანგარიშიდან ჩამოჭრილი 7 900 ლარი მოსარჩელისათვის დაბრუნებას ექვემდებარება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით:

შპს «ს. რ-ამ» სწორად დაარიცხა მოსარჩელეს ვაგონით 24 საათზე მეტი სარგებლობის მომსახურებისათვის 7 900 ლარი. რევიზიის აქტში მითითებულია საერთო ფორმის აქტები და სადგურის მომსახურების და ტვირთის მიღება-ჩაბარების სამახსოვროები, აგრეთვე, ვაგონის მოცდენის დრო და დასარიცხი თანხის ოდენობა, რაც საფუძველი გახდა მოსარჩელისათვის სადავო თანხის დაკისრებისა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით შპს «წ-ი-თ-ის» სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე შპს «ს. რ-ას» დაეკისრა 7 900 ლარის გადახდა შპს «წ-ი-თ-ის» სასარგებლოდ.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს «ს. რ-ამ», მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მაისის განჩინებით შპს «ს. რ-ის» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს «წ--თ-სა» და შპს «ს. რ-ას» შორის 2007 წლის 14 მაისს გაფორმდა ¹სმგ-76/17 ხელშეკრულება რ-ის მისასვლელი ლიანდაგის ექსპლუატაციასთან დაკავშირებით. შპს «ს. რ-ის» მიერ 2010 წლის 22 მარტის კორექტირების ვაუჩერის საფუძველზე ჩამოჭრილ იქნა შპს «წ-ი-თ-ის» საბარათე ანგარიშიდან 7 900 ლარი სარკინიგზო ვაგონების მოცდენის თანხების ანაზღაურების მიზნით. მოცემულ შემთხვევაში, სადავო აღნიშნული თანხის ჩამოჭრის კანონიერებაა. პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოება, რომ შპს «წ-ი-თ-ის» მიერ ვაგონების მოცდენას ადგილი არ ჰქონია. სასამართლომ საქმის მასალებზე დაყრდნობით ჩათვალა, რომ სადავო თანხის დარიცხვის (საბარათე ანგარიშიდან ჩამოჭრის) ფორმალური საფუძველი გახდა «ს. რ-ის» სადგურ «თბილისი-ს-ოს» სატვირთო და კომერციული საფინანსო, სამეურნეო საქმიანობის დოკუმენტურ-კომპლექსური რევიზიის 2009 წლის 30 იანვრის აქტი, რომლის თანახმადაც შპს «წ-ი-თ-ის» მიმართ არაერთგზის იქნა განხორციელებული ტვირთის მიწოდება და, რიგ შემთხვევებში, ადგილი ქონდა ვაგონების მოცდენას, რაც «წ-ი-თ-ისთვის» 24 საათზე მეტი მოსახურების საფასურის დარიცხვის საფუძველი გახდა. დოკუმენტურ-კომპლექსური რევიზიის 2009 წლის 30 იანვრის აქტით მოცდენის ვადა ათვლილია არასწორად.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სარკინიგზო კოდექსის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2003 წლის 16 აპრილის ¹26 ბრძანებით დამტკიცებულ «რ-ით ტვირთის გადაზიდვის წესების» 68-ე მუხლის პირველსა და მესამე პუნქტებზე, საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2003 წლის 16 აპრილის ¹26 ბრძანებით დამტკიცებულ «რ-ით ტვირთის გადაზიდვის წესების» 157-ე მუხლის პირველ პუნქტზე და გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების განმარტება, რომ 24 საათზე მეტი მომსახურების საფასურის დარიცხვისას დროის ათვლა უნდა დაიწყოს იმ დღის 24 საათიდან, როდესაც ტვირთი მიწოდებულ იქნა ადგილზე. შემდეგი 24 საათი კი არის ტვირთის გადმოტვირთვისათვის დადგენილი დრო, რომელზეც რაიმე საფასური არ არის დადგენილი. იმ შემთხვევაში, თუ 24 საათზე მეტი მომსახურების საფასურის დარიცხვისას დროის ათვლა დაიწყება ზემოაღნიშნული წესის შესაბამისად, შპს «ს. რ-ის» სადგურ «თბილისი-ს-ოს» სატვირთო და კომერციული საფინანსო, სამეურნეო საქმიანობის დოკუმენტურ-კომპლექსური რევიზიის 2009 წლის 30 იანვრის აქტში მითითებული მონაცემებით, ვაგონების მოცდენას ადგილი არ აქვს. შპს «ს. რ-ის» მიერ არასწორად იქნა შეფასებული ტვირთის მიწოდების და დაცლის ვადები, რამაც გამოიწვია «წ-ი-თ-ისთვის» 24 საათზე მეტი მოსახურების საფასურის უსაფუძვლოდ დარიცხვა. პალატის განმარტებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მივიჩნევთ, რომ ადგილი ჰქონდა ვაგონების მოცდენას, უსაფუძვლოა მოპასუხის მითითება ვაგონების მოცდენაში «წ-ი-თ-ის» ბრალის არსებობის თაობაზე. საქართველოს სარკინიგზო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პალატამ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ საერთო ფორმების აქტებზე, ასევე შპს «ს. რ-ის» სადგურ «თბილისი-ს-ოს» სატვირთო და კომერციული საფინანსო, სამეურნეო საქმიანობის დოკუმენტურ-კომპლექსური რევიზიის 2009 წლის 30 იანვრის აქტზე, რომლითაც დგინდება, რომ დროის იმ შუალედში, რომელსაც მოპასუხე მოსარჩელის ბრალით ვაგონების მოცდენად მიიჩნევს, ტვირთი დაყოვნდა განბაჟების და დაცლის ფრონტის მოლოდინში. იმ ფაქტს, რომ დროის სადავო შუალედში ვაგონების დაყოვნება გამოწვეული იყო განბაჟებისა და დაცლის ფრონტის მოლოდინით, ადასტურებს თავად აპელანტიც. ზემოაღნიშნული გარემოება კი თავისთავად გამორიცხავს ვაგონების მოცდენას ტვირთმიმღების ბრალით.

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, 317-ე მუხლის პირველი ნაწილით, 361-ე მუხლით და ჩათვალა, რომ მოსარჩელის მიერ ვალდებულება შესრულებულია კეთილსინდისიერად, შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 385-ე და 991-ე მუხლების შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ შპს «ს. რ-ის» მიერ არასწორად იქნა შეფასებული ტვირთის მიწოდებისა და დაცლის ვადები, რამაც გამოიწვია შპს «წ-ი-თ-ისთვის» 24 საათზე მეტი მოსახურების საფასურის უსაფუძვლოდ დარიცხვა და კორექტირების ვაუჩერის საფუძველზე შპს «ს. რ-ის» მიერ შპს «წ-ი-თ-ის» საბარათე ანგარიშიდან 7 900 ლარის ჩამოჭრა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «ს. რ-ამ», მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

არასწორია გასაჩივრებული განჩინების მითითება, რომ 24 საათზე მეტი მომსახურებისათვის თანხების დარიცხვა მოხდა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რადგანაც დარიცხული საფასურის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს სარკინიგზო კოდექსის 64-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, შპს «ს. რ-ის» მიერ დაწესდა სატვირთო გადაზიდვების და ტარიფების დამატებითი საფასური. აღნიშნული ნორმის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, «ს. რ-ისათვის» გამგზავნ სადგურებში _ ჯამში მსვლელობის გზაზე და დანიშნულების სადგურში, კლიენტის მიზეზით 24 საათზე მეტი მომსახურებისას, თითოეულ დაწყებულ დღე-ღამეზე რ-ის დამატებითი საფასური, რ-ის კუთვნილ ვაგონზე, შეადგენს 100 ლარს. საქმეში წარმოდგენილი საერთო ფორმის აქტებით, მათ შორის, საერთო ფორმის აქტებში მოცემული დროის შუალედით დასტურდება, რომ ვაგონების მოცდენა გამოწვეული იყო კლიენტის ბრალით, ხოლო მიზეზს განბაჟების ან დაცლის ფრონტის მოლოდინი წარმოადგენს. შპს «ს. რ-ამ», სამოქალაქო კოდექსის 668-ე მუხლის შესაბამისად, გადამზიდველის ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და დროულად. მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის დარღვევას, ხოლო მოპასუხემ ვერ უზრუნველყო გადაზიდვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, კერძოდ, მან დროულად ვერ დაცალა ვაგონი, რის გამოც, მოცემულ პერიოდში, ადგილი ჰქონდა დანიშნულების სადგურში მიტანილი ვაგონის მოცდენას. შესაბამისად, შპს «ს. რ-ამ» სწორად დაარიცხა მოსარჩელეს მომსახურების გაწევის (ვაგონით სარგებლობისა და ტვირთის შენახვის ხარჯები) საფასური _ 7 900 ლარის ოდენობით. შპს «წ-ი-თ-მა» უკანონოდ დაზოგა რ-ისათვის ასანაზღაურებელი ვაგონების მომსახურების ღირებულება 7 900 ლარი, რითაც მოპასუხე უსაფუძვლოდ გამდიდრდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფუძვლო და არაკანონიერია სასამართლოს დასაბუთება იმის შესახებ, რომ საერთო ფორმის აქტებით არ დასტურდება მოვალის მხრიდან ვაგონების მოცდენის ფაქტი. გამომდინარე იქიდან, რომ დავის საგანი ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული ურთიერთობაა, შესაბამისად, სასამართლოს საქმის გადაწყვეტისას, გარდა სამოქალაქო კოდექსის 668-708-ე მუხლებისა, ასევე, უნდა გამოეყენებინა საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, რომელიც სპეციალური კანონია, სადაც დეტალურად არის რეგლამენტირებული სარკინიგზო ტრანსპორტით ტვირთის გადაზიდვის წესები, მხარეთა უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობის საფუძვლები. სამოქალაქო კოდექსის 686-ე მუხლი და სარკინიგზო კოდექსის 47-ე მუხლები აწესებენ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, შპს «ს. რ-ის», როგორც გადამზიდველის პასუხისმგებლბას. კანონმდებლობა, გარდა გადამზიდველისა, ასევე ითვალისწინებს მოსარჩელის, როგორც ტვირთმფლობელის მოვალეობებსა და პასუხისმგებლობის სამართლებრივ საფუძვლებს. ტვირთმფლობელი ვალდებულია, ხელშეკრულების შესაბამისად, ისარგებლოს მიწოდებული ვაგონით, უზრუნველყოს ტვირთის დროული მიღება და ვაგონის დაცლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვაგონების დაყოვნების გამო, სარკინიგზო კოდექსის 22-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, მას დაეკისრება ქონებრივი პასუხისმგებლობა. სარკინიგზო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილით, 26-ე მუხლის მე-7 ნაწილითა და 36-ე მუხლის მე-10 ნაწილით იმპერატიულადაა დადგენილი დანიშნულების სადგურში გადაზიდული ტვირთის დაგვიანებით მიღებისა და, ვაგონის დაყოვნების გამო, მოპასუხის, როგორც ტვირთმიმღების, ქონებრივი პასუხისმგებლობა და სწორედ აღნიშნული ნორმები წარმოადგეს შპს «ს. რ-ის» სარჩელის სამართლებრივ საფუძველს. მოცემულ საქმეს მტკიცებულებად ერთვოდა სადგურის მომსახურებისა და ტვირთის მიღება-ჩაბარების სამახსოვროები, ასევე სადგურ «თბილისი-ს-ოს» მიერ გაცემული ინფორმაცია სადგურ «თბილისი-ს-ოში» დასაცლელად შესული ვაგონებისა და ცარიელი ვაგონების გასვლის თარიღების მითითებით. აღნიშნულით უტყუარად დასტურდება დანიშნულების სადგურში მიწოდებული ტვირთის შპს «წ--თ-ის» მიერ მიღების დაყოვნების ფაქტი. სწორედ ვაგონების მოცდენის გამო 24 საათზე მეტი მომსახურებისათვის შპს «წ-ი-თ-ს», სარკინიგზო კოდექსის 22-23-ე, 25-26-ე და 36-ე მუხლების საფუძველზე დაერიცხა ვაგონით სარგებლობის საფასური და ტვირთის შენახვის ხარჯები, რამაც შპს «ს. რ-ის» «სატვირთო გადაზიდვების ტარიფისა და დამატებითი საფასურების» 8.2 მუხლის გათვალისწინებით შეადგინა 7 900 ლარი. სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სარკინიგზო კოდექსის ზემოაღნიშნული მუხლები და უარი უნდა ეთქვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე. სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მითითებულია სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლი და აღნიშნულია, რომ ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება, უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების თანახმად, უკან იქნას გამოთხოვილი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა აღნიშნული ნორმა, ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარემ _ შპს «წ-ი-თ-მა» ვერ შეძლო დანიშნულების სადგურში მიწოდებული ტვირთის დროული დაცლა, რამაც გამოიწვია ვაგონების დაყოვნება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 8 დეკემბრის განჩინებით შპს «ს. რ-ის» საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის «ა» ქვეპუნქტის შესაბამისად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, საკასაციო საჩივრის საფუძვლებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს «ს. რ-ის» საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე იმ გარემობებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, კერძოდ:

შპს «წ--თ-სა» და შპს «ს. რ-ას» შორის 2007 წლის 14 მაისს გაფორმდა ¹სმგ-76/17 ხელშეკრულება რ-ის მისასვლელი ლიანდაგის ექსპლუატაციასთან დაკავშირებით.

შპს «ს. რ-ის» მიერ 2010 წლის 22 მარტის კორექტირების ვაუჩერის საფუძველზე ჩამოჭრილ იქნა შპს «წ-ი-თ-ის» საბარათე ანგარიშიდან 7 900 ლარი. სადავო თანხის დარიცხვის (საბარათე ანგარიშიდან ჩამოჭრის) ფორმალური საფუძველი გახდა «ს. რ-ის» სადგურ «თბილისი-ს-ოს» სატვირთო და კომერციული საფინანსო, სამეურნეო საქმიანობის დოკუმენტურ-კომპლექსური რევიზიის 2009 წლის 30 იანვრის აქტი, რომლის თანახმადაც შპს «წ-ი-თ-ის» მიმართ არაერთგზის იქნა განხორციელებული ტვირთის მიწოდება და, რიგ შემთხვევებში, ადგილი ქონდა ვაგონების მოცდენას

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოება, რომ შპს «წ-ი-თ-ის» მიერ კეთილსინდისიერად იქნა შესრულებული ვალდებულება და ვაგონების მოცდენას ადგილი არ ჰქონია. სასამართლოს შეფასებით, დროის იმ შუალედში, რომელსაც მოპასუხე მოსარჩელის ბრალით ვაგონების მოცდენად მიიჩნევს, ტვირთი დაყოვნდა განბაჟების და დაცლის ფრონტის მოლოდინში. აღნიშნული გარემოება კი თავისთავად გამორიცხავს ვაგონების მოცდენას ტვირთმიმღების ბრალით.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, 24 საათზე მეტი მომსახურების საფასურის დარიცხვისას დროის ათვლა უნდა დაიწყოს იმ დღის 24 საათიდან, როდესაც ტვირთი მიწოდებულ იქნა ადგილზე. შემდეგი 24 საათი კი არის ტვირთის გადმოტვირთვისათვის დადგენილი დრო, რომელზეც რაიმე საფასური არ არის დადგენილი. იმ შემთხვევაში, თუ 24 საათზე მეტი მომსახურების საფასურის დარიცხვისას დროის ათვლა დაიწყება აღნიშნული წესის შესაბამისად, შპს «ს. რ-ის» სადგურ «თბილისი-ს-ოს» სატვირთო და კომერციული საფინანსო, სამეურნეო საქმიანობის დოკუმენტურ-კომპლექსური რევიზიის 2009 წლის 30 იანვრის აქტში მითითებული მონაცემებით, ვაგონების მოცდენას ადგილი არ აქვს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ შპს «ს. რ-ის» მიერ არასწორად იქნა შეფასებული ტვირთის მიწოდების და დაცლის ვადები,

კასატორმა როგორც ვაგონების მოცდენასთან, ასევე შპს «წ-ი-თ-ის» ბრალეულობასთან დაკავშირებით წარმოადგინა პრეტენზია, კერძოდ, კასატორი მიიჩნევს, რომ ვაგონების მოცდენის ფაქტს ადასტურებს საერთო ფორმის აქტები, რომლებშიც მითითებული დროის აღრიცხვით დასტურდება, რომ ვაგონების მოცდენა გამოწვეული იყო ორი მიზეზით - განბაჟების მოლოდინით და დაცლის ფრონტის მოლოდინით. ამასთან, კასატორი მთლიანად გამორიცხავს საკუთარ ბრალეულობას და სადავო თანხის დარიცხვის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებს როგორც საკანონმდებლო აქტებს (სარკინიგზო კოდექსის 22-23-ე, 25-26-ე და 36-ე მუხლები), ასევე შპს «ს. რ-ის» მიერ დამტკიცებულ სატვირთო გადაზიდვების და ტარიფების დამატებით საფასურებს.

საკასაციო პალატა კასატორის მიერ მითითებული პრეტენზიის დასაბუთებულობის შემოწმების მიზნით გამოყოფს რამდენიმე საკითხს:

საქართველოს სარკინიგზო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გარემოებები, რომლებიც სარკინიგზო მიმოსვლის მონაწილეთა პასუხისმგებლობის საფუძველს წარმოადგენს, დასტურდება კომერციული, ტექნიკური და საერთო ფორმის აქტებით. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, შპს «ს. რ-ა» სარჩელისაგან თავის დაცვას და საკუთარი პოზიციის დასაბუთებას სწორედ რ-ის მიერ შედგენილი საერთო ფორმის აქტებით ცდილობდა (ტ.I, ს.ფ.141-176). მითითებული მტკიცებულებებისა და შპს «ს. რ-ის» სადგურ «თბილისი-ს-ოს» სატვირთო და კომერციული საფინანსო, სამეურნეო საქმიანობის დოკუმენტურ-კომპლექსური რევიზიის 2009 წლის 30 იანვრის აქტის შეფასების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ტვირთი დაყოვნდა განბაჟებისა და დაცლის ფრონტის მოლოდინში. აღნიშნული გარემოება კასატორის მიერ სადავო არ გამხდარა.

საქართველოს სარკინიგზო კოდექსის 25-ე მუხლის მე-4 ნაწილის «გ» ქვეპუნქტის მიხედვით, ტვირთი დანიშნულების ადგილზე დადგენილ ვადაში მიტანილად ითვლება, თუ დანიშნულების რ-ის სადგურში ტვირთის (ვაგონის, კონტეინერის) მიწოდება დაყოვნებულია ტვირთმიმღების მიზეზით (დაკავებულია მისი კუთვნილი სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგი, ტერმინალში არ გააჩნია თავისუფალი სათავსო და სხვა) ან დანიშნულების რ-ის სადგურის ლიანდაგის დაკავებულობის გამო, როდესაც რ-ა იძულებულია, ტვირთი გააჩეროს გზად მდებარე რ-ის სადგურში. ტვირთის დანიშნულების ადგილზე მიწოდების დაყოვნებისას დგება საერთო ფორმის აქტი, რომლის საფუძველზედაც ტვირთმიმღები ან ექსპედიტორი გადაზიდვის ხელშეკრულების შესაბამისად ვალდებულია გადაუხადოს რ-ას საფასური ამ კოდექსის 50-ე მუხლით დადგენილი წესით. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ვაგონების ჩაყენება დაცლა-დატვირთვის ფრონტზე შპს «ს. რ-ის» მიერ ვერ მოხერხდა განბაჟებისა და დაცლის ფრონტის მოლოდინის გამო. შესაბამისად, სარკინიგზო კოდექსის 25-ე მუხლის მე-4 ნაწილის «გ» ქვეპუნქტის საფუძველზე, შპს «წ-ი-თ-ისათვის» მისი კუთვნილი ტვირთი უნდა ჩაითვალოს დანიშნულების ადგილზე დადგენილ ვადაში მიტანილად. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო სამართალურთიერთობაში შპს «ს. რ-ა» წარმოადგენდა გადამზიდველს, რომელსაც ევალებოდა ტვირთის გადაზიდვა და დანიშნულების ადგილზე მიტანა. არც პირველი ინსტანციის სასამართლოს და არც სააპელაციო სასამართლოს არ დაუდგენია შპს «ს. რ-ის», როგორც გადამზიდველის ბრალეულობა ტვირთის დაყოვნებაში. აქედან გამომდინარე, ერთ შემთხვევაში, დაცლის ფრონტის მოლოდინი გაგებულ უნდა იქნეს, როგორც ტვირთმიმღებისათვის გამოყოფილი რ-ის მისასვლელი ლიანდაგის არათავისუფალ მდგომარეობაში ყოფნა, ხოლო მეორე შემთხვევაში, განბაჟების მოლოდინი გაგებულ უნდა იქნეს, როგორც ტვირთმიმღებისათვის მიწოდებული ტვირთის განბაჟების რეჟიმში მოქცევა. ამდენად ფაქტია, რომ შპს «წ-ი-თ-ისათვის» ქ.თბილისში მიწოდებული ტვირთი გაჩერდა ტვირთმიმღების მიზეზით და ასეთი შედეგი არ არის განპირობებული რ-ის ბრალით ან მიზეზით. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვაგონების მიწოდების დაყოვნების გამო შპს «წ-ი-თ-ის» ბრალეულობასთან დაკავშირებით კასატორმა წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

რაც შეეხება რ-ის კუთვნილი ვაგონების მოცდენის ფაქტის არსებობას, სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სარკინიგზო კოდექსის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე განმარტა, რომ 24 საათზე მეტი მომსახურების საფასურის დარიცხვისას დროის ათვლა უნდა დაიწყოს იმ დღის 24 საათიდან, როდესაც ტვირთი მიწოდებულ იქნა ადგილზე. შემდეგი 24 საათი კი არის ტვირთის გადმოტვირთვისათვის დადგენილი დრო, რომელზეც რაიმე საფასური არ არის დადგენილი. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა საქართველოს სარკინიგზო კოდექსის 27-ე მუხლი, ვინაიდან აღნიშნული მუხლი ეხება დანიშნულების რ-ის სადგურში ტვირთის შენახვისა და გაცემის წესს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით განმარტებულია რა შეიძლება ჩაითვალოს კანონის დარღვევად, კერძოდ, თუ სასამართლომ: ა)არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; ბ)გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; გ)არასწორად განმარტა კანონი.

საკასაციო პალატა სრულად იზიარებს კასატორის პოზიციას სასამართლოს მხრიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტის მოთხოვნათა დარღვევის თაობაზე და მიიჩნევს, რომ სადავო სამართალურთიერთობის გადასაწყვეტად სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სარკინიგზო კოდექსის 22-ე, 23-ე, 25-ე და 36-ე მუხლები. 22-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ტვირთის გადაზიდვისა და ამასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასურის გადახდამდე ვაგონის (კონტეინერის) დაყოვნებისა და ტვირთის ვაგონში (კონტეინერში) შენახვისათვის პასუხისმგებლობა, აგრეთვე ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულება მისი დაყოვნების მთელი დროისათვის ეკისრება ტვირთმფლობელს ან ექსპედიტორს ხელშეკრულების შესაბამისად. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რ-ის მიერ ტვირთგამგზავნისათვის (ტვირთმიმღებისათვის) ან ექსპედიტორისათვის ვაგონის (კონტეინერის) დასაცლელად ან დასატვირთად გამოყოფის მომენტიდან მისი უკან დაბრუნების მომენტამდე ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) ან ექსპედიტორი ვალდებულია გადაიხადოს ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობის საფასური და რ-ას აუნაზღაუროს ვაგონის (კონტეინერის) დაგვიანებით დაბრუნების გამო გაწეული ტვირთის შენახვის ხარჯი. ხოლო ამავე კოდექსის 36-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) ან ექსპედიტორის მიზეზით რ-ის სადგურში ან ნავსადგურის მისამართზე მისული ან დატვირთვა-გადმოტვირთვის (გადატვირთვის) სამუშაოების ჩატარების ადგილზე მიწოდებული ან ამ ადგილის გათავისუფლების მოლოდინში მდგარი ვაგონის (კონტეინერის) დაყოვნებისას, აგრეთვე ამავე პირების მისამართზე მისული ვაგონის (კონტეინერის) გზად მდებარე რ-ის სადგურში დაყოვნებისას აღნიშნული პირები ვალდებულნი არიან რ-ას გადაუხადონ ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობისა და ტვირთის შენახვის დადგენილი საფასური მისი დაყოვნების მთელი დროისათვის. ზემოთ მოხმობილი ნორმების ანალიზის შედეგად საკასაციო პალატა დაასკვნის, რომ შპს «ს. რ-ას» გარდა გადაზიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფასურისა შეუძლია მოითხოვოს ვაგონებით სარგებლობის საფასური, მათ შორის ხარჯების ანაზღაურება ვაგონის დაყოვნებისათვის.

საქმეში წარმოდგენილია შპს «ს. რ-ის» გენერალური დირექტორის 2006 წლის 1 ივნისის ¹311/გ ბრძანებით დამტკიცებული სატვირთო გადაზიდვების ტარიფები და დამატებითი საფასურები (ტ.I, ს.ფ.131-132), რომლის მიხედვითაც, დანიშნულების სადგურში კლიენტის მიზეზით 24 საათზე მეტი მომსახურეობისას, თითოეულ დაწყებულ დღე-ღამეზე დადგენილია დამატებითი მომსახურების საფასური, რ-ის კუთვნილ ვაგონზე – 100 ლარი. სარკინიგზო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვაგონით სარგებლობის საფასური განისაზღვრება ვაგონის დასაცლელად ან დასატვირთად გამოყოფის მომენტიდან მისი უკან დაბრუნების მომენტამდე. ვინაიდან შპს «ს. რ-ის» სატარიფო პოლიტიკის მიხედვით რ-ის კუთვნილ ვაგონზე დამატებითი საფასური გამოიანგარიშება დანიშნულების სადგურში კლიენტის მიზეზით 24 საათზე მეტი მომსახურეობისას, ლოგიკურია, რომ ვაგონის დასაცლელად ან დასატვირთად გამოყოფის მომენტიდან 24 საათზე მეტი მომსახურება ტვირთმიმღების მიერ უნდა ანაზღაურდეს, თუკი ამგვარი მომსახურების აუცილებლობა გამოწვეულია ტვირთმიმღების მიზეზით. რაც შეეხება 24 საათიანი (უსასყიდლო) მომსახურების ვადის ათვლას, საკასაციო სასამართლოს მიერ მოხმობილ ნორმართა სისტემური და ლოგიკური განმარტებიდან გამომდინარე, იგი უნდა დაიწყოს ვაგონის დასაცლელად გამოყოფის მომენტიდან (ვაგონების ჩაყენება დაცლა-დატვირთვის ფრონტზე). საგულისხმოა ის გარემოება, რომ სააპელაციო სასამართლო ვაგონების მოცდენას გამორიცხავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების საფასურის დარიცხვის მიზნებისათვის, 24 საათზე მეტი დროის ათვლა დაიწყება იმ დღის 24 საათიდან, როდესაც ტვირთი იქნა მიწოდებული, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაუსაბუთებლობის გამო. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვაგონების მოცდენის ნაწილშიც წარმოადგენა დასაბუთებული და დასაშვები პრეტენზია (შედავება).

საქართველოს სარკინიგზო კოდექსის 44-ე მუხლით მოწესრიგებულია მხარეთა პასუხისმგებლობის საკითხი, კერძოდ, აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეები პასუხს აგებენ მხოლოდ მათ მიერ ჩადენილი ან მათი მიზეზით გამოწვეული სამართალდარღვევებისათვის. სამართალდარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებასთან ერთად დამრღვევი მხარე ვალდებულია გადაიხადოს მგზავრის გადაყვანის, ტვირთის, ტვირთ-ბარგის გადაზიდვის, ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობისა და სხვა მომსახურების საფასური. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 402-ე მუხლის თანახმად, მოვალე ვადის გადაცილების დროს პასუხს აგებს ყოველგვარი გაუფრთხილებლობისათვის. იგი პასუხს აგებს შემთხვევითობისთვისაც, თუ არ დაამტკიცებს, რომ ზიანი შეიძლებოდა დამდგარიყო ვალდებულების დროული შესრულების დროსაც. იგივე მითითებულია სარკინიგზო კოდექსის 22-ე მუხლის მე-7 ნაწილშიც.

იმის გათვალისწინებით, რომ შპს «ს. რ-ამ» შპს «წ-ი-თ-ის» ბრალეულობასთან, ასევე კლიენტის მიზეზით 24 საათზე მეტი ვადით მომსახურეობასთან დაკავშირებით წარმოადგინა დასაბუთებული პრეტენზია, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა შპს «წ--თ-ს» სწორად გადაახდევინა ვაგონების მოცდენისათვის თანხა. ამასთან, ეს თანხა არ წარმოადგენს უსაფუძვლო გამდიდრების შედეგს, ამიტომ არ ექვემდებარება მოსარჩელისათვის დაბრუნებას. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც შპს «წ-ი-თ-ის» სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად კი, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

მოცემული საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხე შპს «ს. რ-ამ» საქმის სააპელაციო წესით განხილვისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა 316 ლარი, ხოლო საკასაციო საჩივარზე – 395 ლარი. იმის გათვალისწინებით, რომ საკასაციო პალატამ შეცვალა გადაწყვეტილება და შპს «წ-ი-თ-ს» უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, სასამართლო თვლის, რომ ამ უკანასკნელს შპს «ს. რ-ის» სასარგებლოდ უნდა დაეკისროს კასატორის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯები 711 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

1. შპს «ს. რ-ის» საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მაისის განჩინება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.

3. შპს «წ-ი-თ-ის» სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

4. შპს «წ--თ-ს» შპს «ს. რ-ის» სასარგებლოდ დაეკისროს კასატორის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯები 711 ლარი.

5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.