Facebook Twitter
საქმე №ას-127-122-2012 20 თებერვალი, 2012 წელი

№ას-127-122-2012 20 თებერვალი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ნუნუ კვანტალიანი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ინდ. მეწარმე „ნ. ნ-ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ. ჩ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – ვალდებულების შეუსრულებლობის გამო თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ინდ. მეწარმე „ნ. ნ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ჩ-ის მიმართ ნასყიდობის საგნის ღირებულების – 4100 ლარისა და სასამართლო ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:

2010 წლის 25 ნოემებრს მოსარჩელემ №8 სასაქონლო ზედნადების საფუძველზე მოპასუხეს მიჰყიდა 2050 კგ. ფრინველის საკვები ბოილერი და ნასყიდობის საგანი, სასაქონლო ზედნადებთან ერთად გ.ჩ-ეს გადაეცა ხელშეკრულების დადების დღესვე. მოპასუხეს მიწოდებული საქონლის ღირებულება უნდა გადაეხადა კონსიგნაციით 2010 წლის ბოლომდე. მიუხედავად ინდ.მეწარმე „ნ.ნ-ის“ არაერთი გაფრთხილებისა, მოპასუხე თანხის გადახდის ვალდებულებას არ ასრულებს.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით:

გ. ჩ-ე დაეთანხმა სარჩელში მითითებულ გარემოებას ნასყიდობის ხელშეკრულების დადების თაობაზე, თუმცა აღნიშნა, რომ მხარეთა შორის ანგარიშსწორების წესი განისაზღვრა არა კონსიგნაციით, არამედ უნაღდო ანგარიშსწორების წესით, მოპასუხის განმარტებით, მას არანაირი ვალდებულება შეუსრულებელი არ აქვს, რადგანაც ნასყიდობის საფასური, პირად ვალთან ერთად, მოსარჩელეს გადაუხადა გ.ჩ-ის ცოლის ძმა ი. შ-ემ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, გ. ჩ-ეს ინდ. მეწარმე „ნ.ნ-ის“ სასარგებლოდ გადახდა 4100 ლარი, ასევე მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 123 ლარი და ადვოკატის მომსახურების ხარჯი – 400 ლარი.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ნ. ნ-ს გ. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისრა საპროცესო ხარჯის – 314 ლარის გადახდა შემდეგი გარემოებების გამო:

პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ 2010 წლის 25 ნოემბერს, სასაქონლო ზედნადების საფუძველზე, მოსარჩელე ინდ. მეწარმე „ნ. ნ-მა“, მოპასუხე გ. ჩ-ეს მიჰყიდა 4100 ლარის ღირებულების 2050 კგ ბროილერის საკვები, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ საქმეზე წარმოდგენილი სალაროს შემოსავლის ოდერებით ი. შ-ემ „...ბანკში“ ნ. ნ-ის სახელზე, მოქალაქეთა ანაბარზე შემოსავლის სახით, 2010 წლის 8 დეკემბერს ჩარიცხა 1020 ლარი, ხოლო 2011 წლის 5 იანვარს – 7480 ლარი. სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხულმა ი. შ-ემ განმარტა, რომ იგი საქმიან ურთიერთობაში იყო ინდ. მეწარმა „ნ. ნ-ან“ და უხდიდა თანხას გაწეული მომსახურებისათვის, თუმცა 2010 წლის 8 დეკემბერს ჩარიცხული 1020 ლარიდან და 2011 წლის 5 იანვარს ჩარიცხული 7480 ლარიდან მის საკუთრებას წარმოადგენდა დაახლოებით 1000 ლარი, ხოლო დანარჩენი გადახდილ იქნა გ. ჩ-ის ვალდებულების შესასრულებლად.

პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 317-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 477-ე მუხლის პირველსა და მე-2 ნაწილებზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, 102-ე მუხლზე და განმარტა, რომ მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ – გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კანონმდებლობის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, 2010 წლის 25 ნოემბერს, სასაქონლო ზედნადებით მიწოდებული ფრინველის საკვების ღირებულების – 4100 ლარის გადაუხდელობის თაობაზე მოსარჩელეს მითითების საწინააღმდეგოდ მოპასუხემ წარადგინა 2010 წლის 8 დეკემბრისა და 2011 წლის 5 იანვრის სალაროს შემოსავლის ორდერები ი. შ-ის მიერ „...ბანკში“ ნ. ნ-ის სახელზე, მოქალაქეთა ანაბარზე 8500 ლარის ჩარიცხვის თაობაზე, ასევე წარმოადგინა მოწმე ი. შ-ის ჩვენება, რომლითაც დადასტურდა, რომ ჩარიცხული 8500 ლარიდან ი.შ-ის ვალდებულების შესასრულებლად ჩარიცხული იყო დაახლოებით 1000 ლარი, დანარჩენი კი გ. ჩ-ის ვალდებულებისათვის, რაც მოიცავდა 2008 წლის 25 ნოემბრის ზედნადებით გათვალისწინებულ 4100 ლარს. პალატის განმარტებით, ვინაიდან, მოპასუხეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა თანხის გადახდის დროისათვის მის წინაშე 8500 ლარის ოდენობით ი. შ-ის ვალს და რომ სწორედ ი.შ-ის ვალის გასტუმრების და არა გ. ჩ-ის ვალდებულების შესრულების მიზნით მოხდა მთლიანი თანხის – 8500 ლარის ჩარიცხვა, სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელემ ვერ გააქარწყლა ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რაც გამორიცხავდა მოსარჩელის მოსაზრების გაზიარებისა და სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ინდ. მეწარმე „ნ. ნ-მა“, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო პალატის განჩინება დაუსაბუთებელია, ხოლო მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელი, რადგანაც სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და ამ გარეოებებს არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა, სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ კასატორმა ფრინველის საკვები დადგენილი წესით მიაწოდა მოწინააღმდეგე მხარეს, ხოლო ამ უკანასკნელმა ნასყიდობის საგანი მიიღო. სადავოა მხოლოდ ნასყიდობის საფასურის ანაზღაურება. სასამართლო არაწორად დაეყრდნო მოწმე ი.შ-ის ჩვენებას, რომელიც მოპასუხის ნათესავია და დაინტერესებულ პირს წარმოადგენს, ასევე არასწორად შეაფასა მოპასუხის მიერ წარმოდგენილი გადახდის ქვთრები. ამ მტკიცებულებათა ანალიზით ვალდებულების შესრულება არ დასტურდება, კერძოდ, არ ირკვევა, რომ ი.შ-ემ, რომელიც ასევე საქმიან ურთიერთობაში იმყოფება კასატორთან, შეასრულა არა მხოლოდ საკუთარი, არამედ მოპასუხის ვალდებულებაც. სასამართლო სხდომის ოქმით დასტურდება, რომ მხარეს შემდგომ გადახდის პირობით არაერთხელ მიუღია კასატორისაგან ფრინველის საკვები და, მხარეთა შორის არსებული ნდობის გათვალისწინებით, ანგარიშსწორებაც არაერთხელ მომხდარა ნაღდი ანგარიშსწორების გზით. მოპასუხის მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით რომ არ დასტურდება ვალდებულებს შესრულების ფაქტი, მიანიშნებს ის გარემოებაც, რომ გადასახადის დანიშნულებაში ზემოაღნიშნული არ არის მითითებული, ასევე გაურკვეველია თუ რა მტკიცებულებაზე დაყრდნობით ჩათვალა სასამართლომ გადახდის ქვითრებში მითითებული თანხიდან რომ მხოლოდ 1000 ლარი წარმოადგენდა ი.შ-ის ვალდებულების შესრულების ნაწილს. სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილების მიღებისას დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 105-ე მუხლები და გარემოებები დაამყარა არასათანადო მტკიცებულებებს, ასევე არასრულად შეაფასა მოწმეთა ჩვენებები და საქმის სხვა მტკიცებულებები. სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ემყარება სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის არასწორ განმარტებას, რადგანაც, მოცემულ შემთხვევაში, სადავოს არ წარმოადგენდა მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება – ნასყიდობის საგნის გადაცემის ფაქტი, ამას ადასტურებს მოპასუხეც და მხოლოდ აღნიშნული გარემოება წარმოადგენდა მოსარჩელის მტკიცების ტვირთს, მოპასუხე კი ვალდებული იყო, სათანადო მტკიცებულებებით დაედასტურებინა თანხის გადახდის ვალდებულების შესრულება, რაც მან ვერ განახორციელა. აღნიშნული დარღვევებიდან გამომდინარე, არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 თებერვლის განჩინებით ინდ. მეწარმე „ნ. ნ-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ინდ. მეწარმე „ნ. ნ-ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ინდ. მეწარმე „ნ. ნ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ინდ. მეწარმე „ნ. ნ-ს“ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2012 წლის 16 იანვრის №4791054 სალაროს შემოსავლის ორდერით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ინდ. მეწარმე „ნ. ნ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო. კასატორ ინდ. მეწარმე „ნ. ნ-ს“ (პ/№...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01.) მის მიერ 2012 წლის 16 იანვრის №4791054 სალაროს შემოსავლის ორდერით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.