ას-1542-1548-2011 1 თებერვალი, 2012 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ბ. ბ-ე
წარმომადგენელი _ ვ. ხ-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ ო. ბ-ე, ხელვაჩაურის გამგეობა, ხელვაჩაურის ადგილობრივი არქივი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, საქმის ხელახლა განსახილვლად დაბრუნება
დავის საგანი _ საკომლო წიგნის ჩანაწერის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ო. ბ-ემ ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში ბ. ბ-ის, ხელვაჩაურის ადგილობრივი არქივისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სამსახურის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა.
მოსარჩელის განმარტებით, ბიძამისმა, ყ. ა-ის ძე ბ-ემ თავისი უძრავ-მოძრავი ქონება ანდერძით დაუტოვა მოსარჩელის არასრულწლოვან შვილს. როგორც გაირკვა, სამკვიდრო ქონება საჯარო რეესტრში თავის სახელზე დარეგისტრირებული ჰქონდა მის მეორე ბიძას – ა. ბ-ეს, რომლის გარდაცვალების შედეგ ქონება ბ. ბ-ემ გადაიფორმა. სადავო ქონება საკოლმეურნეო კომლს წარმოადგენდა, კომლის ერთადერთი წევრი კი ყ. ბ-ე იყო. ა. ბ-ე წლების მანძილზე ცხოვრობდა და მუშაობდა ქ. ბათუმში.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 2 ივნისის განჩინებით ო. ბ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ჩანაწერი ხელვაჩაურის რაიონის სოფ. კ-ში მდებარე 2620 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული 167,41 კვ.მ შენობა- ნაგებობის ბ. ბ-ის საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ, ა. ბ-ის კომლის წევრობის შესახებ საკომლო წიგნის ჩანაწერის ბათილად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ო. ბ-ემ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ივნისის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად იმავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას გადაეცა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით ო. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმდა და ამ ნაწილში მიღებული ახალი გადაწყვეტილებით ო. ბ-ის სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონის სოფ. მეჯინისწყლის საკომლო წიგნში 1986 წლიდან არსებული ჩანაწერი ა. ა-ის ძე ბ-ის კომლში რეგისტრაციის თაობაზე.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:
1. საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ 2010 წლის 20 დეკემბერს, ბ. ბ-ემ საკუთრებაში დაირეგისტრირა სოფელ კ-ში მდებარე 2620 კვ.მ მიწის ნაკვეთი 167.41 კვ.მ შენობა-ნაგებობასთან ერთად, რაც ბ-ეების ყოფილი კომლის მთლიან ქონებას შეადგენდა. საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ 2010 წლის 20 დეკემბერს, ბ. ბ-ემ საკუთრებაში დაირეგისტრირა სოფელ კ-ში მდებარე 2620 კვმ მიწის ნაკვეთი 167.41 კვმ შენობა ნაგებობასთან ერთად, რაც ბ-ეების ყოფილი კომლის მთლიან ქონებას შეადგენდა;
2. ხელვაჩაურის რაიონის, სოფ. მეჯინისწყალის საკომლო წიგნის (მიწის ზონარგაყრილი წიგნით ¹365) ამონაწერით ირკვევა, რომ 1986 წლის მდგომარეობით, საკომლო წიგნში, კომლის წევრად რეგისტრირებულნი იყვნენ ა. (იგივე ა.) ა-ის ძე ბ-ე და კ. (ყ.) ა-ის ძე ბ-ე;
3. ყ. (იგივე კ.), ა. და ა. (იგივე ა.) ბ-ეები ძმები იყვნენ. მოპასუხე ბ. ბ-ე არის ა. (იგივე ა.) ბ-ის შვილი;
4. 2007 წლის 23 ოქტომბერს, სანო.ო წესით შედგენილი ანდერძით, ყ. ბ-ემ მთელი თავისი ქონება, უანდერძა თავისი ძმის შვილიშვილს, ავთანდილ ბ-ეს, რომლის საფუძველზედაც გაიცა სამკვიდრო მოწმობა;
5. ყ. ბ-ე 2008 წლის 17 მარტს გარდაიცვალა, ხოლო ა. ბ-ე - 2009 წლის 17 თებერვალს;
6. ა. (იგივე ა.) ბ-ე რეგისტრირებულია ქ. ბათუმში, პ. მ-ის ქ. ¹4-ში და გარდაცვალებამდე მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა ქ. ბათუმი.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 128-ე მუხლის მიხედვით, კომლის შრომისუნარიანი წევრი ჰკარგავდა უფლებას კომლის ქონების წილზე, თუ იგი სამი წლის განმავლობაში ზედიზედ არ მიიღებდა მონაწილეობას თავისი შრომით ან სახსრებით კომლის საერთო მეურნეობის წარმოებაში. ვინაიდან ა. ბ-ე ქ. ბათუმში ცხოვრობდა და კომლის საქმიანობაში არ მონაწილეობდა, მან 1986 წლიდან დაკარგა უფლება კომლის ქონებაზე.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ბ. ბ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმებისა და საქმის ადმინისტრაციული წესით განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების მოთხოვნით. საკასაციო საჩივარი შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ წანამძღვრებს ემყარება:
1. სააპელაციო სასამართლოს მოქმედი სამოქალაქო კოდექსის ნორმები უნდა გამოეყენებინა, რადგანაც იგი კომლთან დაკავშირებით ახალ წესებს ადგენს;
2. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 128-ე მუხლი და აღნიშნა, რომ კომლის შრომისუნარიანი წევრი ჰკარგავდა უფლებას კომლის ქონების წილზე, თუ იგი სამი წლის განმავლობაში ზედიზედ არ მიიღებდა მონაწილეობას თავისი შრომით ან სახსრებით კომლის საერთოO მეურნეობის წარმოებაში. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ამ მუხლის მეორე წინადადების მიხედვით, ეს წესი არ გამოიყენებოდა პირის ავადმყოფობის შემთხვევაში. ა. ბ-ე კი 1981 წლიდან ინვალიდი იყო;
3. ა. ბ-ეს კომლთან კავშირი არ გაუწყვეტია. მას გამოყოფილი ჰქონდა მიწის ნაკვეთი, რომელსაც ამუშავებდა;
4. ყ. (კ.) ბ-ისათვის ცობილი იყო საკომლო წიგნის ჩანაწერის თაობაზე, რომელიც სადავოდ არასოდეს გაუხდია;
5. სააპელაციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება კომლის ქონებაზე უფლების დაკარგვის თაობაზე, რითაც სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს გასცდა;
6. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლი, რადგანაც არ გაიზიარა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ კომლი 2007 წლისათვის 2 წევრისაგან შედგებოდა;
7. საქმე განსახილველად სამოქალაქო საქმეთა პალატას არასწორად გადაეცა, რადგანაც მოცემული დავა ადმინისტრაციული პალატის განსჯადია. მართალია, კომლის რეგისტრაცია ან საკომლო წიგნის წარმოება გამგეობის ან საკრებულოს ფუნქცია არაა, მაგრამ ისინი ყოფილი აღმასკომების სამართალმემკვიდრეები არიან. მოცემულ შემთხვევაში საკითხი ეხება 1993 წლამდე არსებულ საკომლო წიგნის ჩანაწერს, რომელიც იმ დროისათვის მოქმედი კანონმდებლობით ადმინისტრაციული აქტი იყო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 ნოემბრის განჩინებით ბ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით.
პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში ჩაბმული იყო არასათანადო მოპასუხე – ხელვაჩაურის ადგილობრივი არქივი, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ საქმეში ასევე იყო ჩაბმული სათანადო მოპასუხე ხელვაჩაურის გამგეობა, მოცემული საპროცესო დარღვევა კი, საქმის განხილვის შედეგზე გავლენას ვერ მოახდენდა, არც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, ხოლო საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ბ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნას დაშვებული.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% - 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბ. ბ-ის (პირადი ...) საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
კასატორს დაუბრუნდეს ძველი თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900 ანგარიშზე (სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150), გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% - 210 ლარი;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.