№ას-1586-1585-2011 21 თებერვალი, 2012 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სს „... ბანკი“
წარმომადგენელი - ა. ლ-ა, ლ. გ-ე
მოწინააღმდეგე მხარე - მ. ს-ე, ვ. კ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 8 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „... ბანკმა“ ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა მ. ს-ისა და ვ. კ-ის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2010 წლის 24 სექტემბერს სს „... ბანკსა“ და მ. ს-ეს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ გასცა კრედიტი 5200 ლარი 50 თვის ვადით, წლიური 35%-იანი სარგებლით. მოპასუხემ ვალდებულება იკისრა, თანხა მხარეთა შეთანხმებით დადგენილი გრაფიკით დაეფარა. ვ. კ-ე მ. ს-ის თავდებს წარმოადგენდა. მოპასუხეებმა ვალდებულება დაარღვიეს და, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, დავალიანება არ დაუფარავთ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეებისათვის სოლიდარულად 10118,55 ლარის დაკისრება, საიდანაც 5200 ლარი ძირითადი თანხაა, 206,96 ლარი – პირგასამტეხლო, ხოლო 4711,59 ლარი - საპროცენტო სარგებელი.
სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და სადავოდ მხოლოდ მიუღებელი შემოსავლის სახით 4113,06 ლარის დაკისრება გახადა.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მ. ს-ესა და ვ. კ-ეს სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ძირითადი თანხის _ 5200 ლარის, საპროცენტო სარგებლის _ 589,53 ლარისა და პირგასამტეხლოს (ჯარიმის) _ 206, 96 ლარის გადახდა, მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით 4113, 06 ლარის დაკისრების შესახებ სასარჩელო მოთხოვნაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სს „... ბანკმა“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 8 სექტემბრის განჩინებით სს „... ბანკის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:
1. 2010 წლის 24 სექტემბერს სს „... ბანკსა“ და მ. ს-ეს შორის №46.31.553 საკრედიტო ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზე მსესხებლის სახელზე გაიცა კრედიტი 5200 ლარი, 50 თვის ვადით, ყოველწლიური 35%-იანი განაკვეთით;
2. საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, სს „... ბანკსა“ და ვ. კ-ეს შორის 2010 წლის 24 სექტემბერს გაფორმდა ხელშეკრულება სოლიდარული ვალდებულების შესახებ;
3. მოპასუხის დავალიანება სს „... ბანკის“ მიმართ შეადგენს: სესხის ძირითად თანხას – 5200 ლარს, პროცენტს – 4711,59 ლარს, ჯარიმას – 206,96 ლარს, სულ – 10118,55 ლარს;
4. 2011 წლის 24 იანვარს, ბანკის ინიციატივით, მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულება შეწყდა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტი, მიუღებელი შემოსავლის სახით ითხოვდა მოწინააღმდეგე მხარისათვის იმ სარგებლის გადახდის დაკისრებას, რასაც აპელანტი მიიღებდა, ხელშეკრულების პირობები სრულად რომ შესრულებულიყო.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მხარის აღნიშნული მოთხოვნა უსაფუძვლო იყო, რადგანაც, სამოქალაქო კანონმდებლობიდან გამომდინარე, უნდა ანაზღაურდეს ის მიუღებელი შემოსავალი, რომელსაც მოთხოვნის უფლების მქონე პირი მიიღებდა ხელშეკრულების პირობების შესრულების შემთხვევაში. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 1.3. მუხლის თანახმად, კრედიტის ვადა განისაზღვრა 50 თვით, შესაბამისად, აპელანტი მის მიერ მოთხოვნილ შემოსავალს მიიღებდა, თუ მხარეები ჯეროვნად შეასრულებდნენ ამ პირობასაც, ხელშეკრულება ვადამდე არ შეწყდებოდა და მოწინააღმდეგე მხარე სესხით ისარგებლებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული დროის განმავლობაში. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტმა ხელშეკრულება შეწყვიტა მისი დადებიდან 5 თვეში, ეს კი ნიშნავს, რომ ხელშეკრულების 1.3. პუნქტით გათვალისწინებული პირობა არ შესრულებულა.
სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება მიქცეული იყო დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, აქედან გამომდინარე კი, ნათელი იყო, რომ აპელანტი მოწინააღმდეგე მხარესთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სარგებელს სრულად ვერ მიიღებდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება სს „... ბანკმა“ საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით:
1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი და არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით, მოსარჩელემ დაკარგა ის საპროცენტო სარგებელი, რომელიც მოპასუხეებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დამთავრებამდე უნდა გადაეხადათ;
2. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლი, რომელიც კიდევ ერთხელ ამყარებს მოსარჩელის არგუმენტს;
3. სააპელაციო სასამართლოს დასაბუთება ემყარება 412-ე მუხლს. მსჯელობა იმის თაობაზე, იყო თუ არა მოსარჩელისათვის მიუღებელი შემოსავალი წინასწარ სავარაუდო, ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული, რადგანაც არსებობს საკრედიტო ხელშეკრულება დანართითურთ, სადაც მითითებულია როგორც ძირითადი თანხა, ისე დასარიცხი სარგებელი;
4. გაუგებარია, სასამართლომ როგორ დაადგინა, რომ ხელშეკრულება 2011 წლის 24 იანვარს შეწყდა, როდესაც ბანკმა სასამართლოს ხელშეკრულების შეწყვეტისა და თანხის დაკისრების მოთხოვნით 2011 წლის 21 თებერვალს მიმართა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ სს „... ბანკის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები დაადგინა:
1. 2010 წლის 24 სექტემბერს სს „... ბანკსა“ და მ. ს-ეს შორის №46.31.553 საკრედიტო ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზე მსესხებლის სახელზე გაიცა კრედიტი 5200 ლარი, 50 თვის ვადით, ყოველწლიური 35%-იანი განაკვეთით;
2. საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, სს „... ბანკსა“ და ვ. კ-ეს შორის 2010 წლის 24 სექტემბერს გაფორმდა ხელშეკრულება სოლიდარული ვალდებულების შესახებ;
3. მოპასუხის დავალიანება სს „... ბანკის“ მიმართ შეადგენს: სესხის ძირითად თანხას – 5200 ლარს, პროცენტს – 4711,59 ლარს, ჯარიმას – 206,96 ლარს, სულ – 10118,55 ლარს;
4. 2011 წლის 24 იანვარს, ბანკის ინიციატივით, მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულება შეწყდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). „დასაშვები და დასაბუთებული შედავება“ გულისხმობს მხარის მითითებას პროცესუალურ დარღვევებზე, რის შედეგადაც, საქმის ფაქტობრივი გარემოებები არასწორად დადგინდა. კასატორს ამგვარი შედავება არ წარმოუდგენია, შესაბამისად, ზემომითითებული ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებები სამართლებრივად არასწორად შეაფასა, რის შედეგადაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება მიიღო.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა ვადიანი საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზეა წარმოშობილი, ამასთან, მოპასუხე მ. ს-ემ საქმის განხილვისას სარჩელი ნაწილობრივ ცნო და მხოლოდ საპროცენტო სარგებლის დაკისრება გახადა სადავოდ.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ საპროცენტო სარგებელს ბანკი მთლიანად მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებდა, თუ ხელშეკრულება ვადამდე არ შეწყდებოდა და მოპასუხე სესხის თანხით ხელშეკრულებით გათვალისწინებული დროით ისარგებლებდა.
სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
იმავე კოდექსის 872-ე მუხლის თანახმად კი, თუ კრედიტის ამღები უკან აბრუნებს კრედიტს საკრედიტო ურთიერთობის დამთავრებამდე, მაშინ კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის შესაბამისი ანაზღაურება. ამასთან, ზიანის საზღაურში უნდა ჩაითვალოს დაზოგილი გასავლების ღირებულება, აგრეთვე ის სარგებელი, რომელსაც კრედიტის გამცემი მიიღებდა სასესხო ვალუტის სხვაგვარი გამოყენებიდან, ან თუ კრედიტის მიმღებმა განზრახ არ დაუშვა მისი მიღება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემული ნორმა შეეხება როგორც კრედიტის მიმღების მიერ თანხის ვადამდე ნებაყოფლობით დაბრუნების, ისე, 873-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევას. აღნიშნული ნორმის საფუძველზე, საპროცენტო სარგებლის მოთხოვნის უფლება მოვალის მიერ თანხით მთელი პერიოდისათვის სარგებლობას არ უკავშირდება. ნებისმიერ მსესხებელთან საბანკო კრედიტის ხელშეკრულების გაფორმება ხდება იმ მოლოდინით, რომ ბანკი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოგებას მიიღებს. საპროცენტო განაკვეთი საბანკო კრედიტისათვის არის კრედიტის ფასი, რაც კრედიტით სარგებლობის გარკვეული ეტაპის დასრულებისას უნდა იყოს გადახდილი. საპროცენტო განაკვეთი უზრუნველყოფს ბანკს, რომ მან დაფაროს ის ხარჯები, რაც დაკავშირებულია დეპოზიტზე მოზიდული სხვისი სახსრების პროცენტების გადახდასთან, შესაბამისი მოგების მიღებასთან და სარესურსო ფონდების გაზრდასთან. მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა კი, ბანკს უფლებას აძლევს მოითხოვოს როგორც დამდგარი ზიანის, ისე მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება. ამასთან, საყურადღებოა, ასეთ შემთხვევაში მიუღებელ შემოსავლად რა ჩაითვლება. 872-ე მუხლი ნათლად მიუთითებს, რომ ზიანის საზღაურში ჩაითვლება ის მოგება, რაც კრედიტის გამცემს თანხის სხვაგვარი გამოყენებით შეეძლო მიეღო. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიუღებელი შემოსავალი თანხის კრედიტის გამცემისათვის სარეალიზაციოდ დაბრუნებას უკავშირდება და არა ხელშეკრულების შეწყვეტას. კონკრეტული საპროცენტო განაკვეთი მოქმედებს მხოლოდ იმ პერიოდისათვის, როდესაც ფულადი რესურსი ბანკის სარგებლობაში არ იმყოფება. იმ მომენტიდან, როდესაც სესხის თანხა კრედიტის გამცემს უბრუნდება, მიუღებელი შემოსავალი აღარ არსებობს, რადგანაც კრედიტორს სრული შესაძლებლობა აქვს სხვაგვარად განკარგოს ეს თანხა, თავიდან გასცეს კრედიტი, ან სხვა საშუალებით მიიღოს მოგება. იმ შემთხვევაში, როდესაც მხარეებს შორის მიმდინარეობს სასამართლო დავა ხელშეკრულების ვადამდე მოშლის, თანხის დაკისრებისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე, თანხის კრედიტორისათვის დაბრუნების მომენტად შესაბამისი გადაწყვეტილების აღსრულება ჩაითვლება და არა გადაწყვეტილების გამოტანის ან ხელშეკრულების მოშლის თარიღი, ამასთან, მოცემულ შემთხვევაში იგულისხმება გადაწყვტილების ფაქტობრივად აღსრულების და არა აღსასრულებლად მიქცევის მომენტი.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლი, 412-ე მუხლი კი, არასწორად განმარტა, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასებითაა განპირობებული, მტკიცებულებათა გამოკვლევის აუცილებლობა კი არ არსებობს, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თავად მიიღოს გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „... ბანკის“ სასარჩელო მოთხოვნა საპროცენტო სარგებლის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, მ. ს-ესა და ვ. კ-ეს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მიუღებელი შემოსავალი - ყოველწლიური 35%, გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
იმავე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა
ვინაიდან საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით სს „... ბანკის“ სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ამასთან, შეუძლებელია ზუსტად განისაზღვროს დაკმაყოფილებული მოთხოვნის შეფარდება მთლიან სასარჩელო მოთხოვნასთან, მ. ს-ემ და ვ. კ-ემ მოსარჩელეს სოლიდარულად უნდა აუნაზღაურონ სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი - 464,70 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს „... ბანკის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 8 სექტემბრის განჩინება მიუღებელი შემოსავლის დაკისრებაზე უარის თქმის თაობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება:
3. სს „... ბანკის“ სასარჩელო მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
4. მ. ს-ესა და ვ. კ-ეს სს „... ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მიუღებელი შემოსავალი - ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყოველწლიური 35%, გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
5. მ. ს-ესა და ვ. კ-ეს სოლიდარულად დაეკისროთ სს „... ბანკის“ მიერ სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი - 464,70 ლარი;
6. დანარჩენ ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 8 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.