Facebook Twitter

ას-1613-1607-2011 2 თებერვალი, 2012 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ გ. ტ-ე, თ. ს-ე, რ. ფ-ე

წარმომადგენელი – პ. კ-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 სექტემბრის განჩინება

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სარჩელი აღძრა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში გ. ტ-ის, თ. ს-ის, რ. ფ-ის და მ. დ-ის წინააღმდეგ უძრავ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმებისა და მისი სახელმწიფო საკუთრებად აღრიცხვის მოთხოვნით.

დაზუსტებული სარჩელით მოსარჩელის მიერ განისაზღვრა მოპასუხეთა ზუსტი ვინაობა _ გ. ტ-ე, თ. ს-ე, რ. ფ-ე, მ. დ-ე, ა. დ-ი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახური და დაზუსტდა დავის საგანი _ უძრავ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. გ-ოში მდებარე 860.97 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მ. დ-ესა და ა. დ-ს შორის 2008 წლის 5 თებერვალს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. გ-ოში მდებარე 860.97 კვმ მიწის ნაკვეთზე ა. დ-ს გ. ტ-ესა და თ. ს-ეს შორის 2008 წლის 10 მარტს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. გ-ოში მდებარე 807.97 კვმ მიწის ნაკვეთზე მ. დ-ესა და რ. ფ-ეს შორის 2008 წლის 5 თებერვალს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. გ-ოში მდებარე 807.97 კვმ მიწის ნაკვეთზე გ. ტ-ესა და რ. ფ-ეს შორის 2008 წლის 10 მარტს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი.

აღნიშნული გადაწყვეტილება თ. ს-ემ, გ. ტ-ემ და რ. ფ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:

1. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სარჩელი აღძრა გ. ტ-ის, თ. ს-ის, რ. ფ-ის და მ. დ-ის, ა. დ-ის და ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის წიანაღმდეგ ამ უკანასკნელთ შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით;

2. საქმეში წარმოდგენილია საკუთრების უფლების ¹2224 საკუთრების უფლების მოწმობა, რომლის მიხედვითაც მ. დ-ე ხელვაჩაურის რაიონის სოფ. გ-ოში მდებარე 0,1677 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა;

3. საქმეში წარმოდგენილია საჯარო რეესტრის, რომლის თანახმად დგინდება, რომ მ. დ-ის საკუთრებაში იყო ხელვაჩაური სოფელი გ-ოში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 807,97 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ზონა ხელვაჩაური 22, სექტორი გ-ო ..., კვარტალი ..., ნაკვეთი .... უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი საკუთრების უფლების მოწმობა ¹2224. განცხადება კატეგორიის შეცვლის შესახებ, ნაკვეთის გაყოფა 01.02.08 წელი;

4. საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმად დგინდება, რომ რ. ფ-ის საკუთრებაში იმყოფებოდა 807,97 კვ.მ. ხელვაჩაური სოფელი გ-ოში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ზონა ხელვაჩაური 22, სექტორი გ-ო ..., კვარტალი ..., ნაკვეთი .... უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი ნასყიდობის ხელშეკრულება;

5. საქმეში ასევე წარმოდგენილია ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმად დგინდება, რომ გ. ტ-ის და თ.ი ს-ის საკუთრებაში იმყოფებოდა 807,97 კვ.მ. ხელვაჩაური სოფელი გ-ოში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ზონა ხელვაჩაური 22, სექტორი გ-ო ..., კვარტალი ..., ნაკვეთი .... უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი ნასყიდობის ხელშეკრულება თანხის გადახდის განვადებით;

6. გ. ტ-ემ და თ. ს-ემ შეიძინეს რ. ფ-ისგან ხელვაჩაურის რაიონის სოფელი გ-ოში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 807,97 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ზონა - ხელვაჩაური 22, სექტორი გ-ო - ..., კვარტალი - ..., ნაკვეთი – ...;

7. საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმად დგინდება, რომ ა. დ-ის საკუთრებაში იმყოფებოდა 860,97 კვ.მ. ხელვაჩაური სოფელი გ-ოში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ზონა ხელვაჩაური 22, სექტორი გ-ო ..., კვარტალი ..., ნაკვეთი .... უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი ნასყიდობის ხელშეკრულება;

8. საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმად დგინდება, რომ მ. დ-ის საკუთრებაში იმყოფებოდა 860,97 კვ.მ. ხელვაჩაური სოფელი გ-ოში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ზონა ხელვაჩაური 22, სექტორი გ-ო ..., კვარტალი ..., ნაკვეთი .... უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - საკუთრების უფლების მოწმობა 2224,

9. ხელვაჩაურის მინიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 წლის 23 იანვრის ¹1 ოქმი საფუძველზე მ. დ-ეზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა ¹2224 ბათილად იქნა ცნობილი.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. დ-ე არ წარმოდგენდა გასხვისებული ქონების მესკაუთრეს, რადგანაც, ადმინისტრაციული აქტი, რომლის საფუძველზეც მას სადავო მიწის ნაკვეთი მიეკუთვნა, ბათილად იქნა ცნობილი.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ მოპასუხეების მიმართ არ მოქმედებდა რეესტრის მონაცემების სისრულისა და უტყუარობის პრეზუმფცია. ისინი არ იყვნენ კეთილსინდისიერი შემძენები, რადგანაც გარიგების დადებისას მათთვის ცნობილი იყო, რომ მიწის ნაკვეთი მდებარეობდა ისეთ ზოლში, სადაც არ ხდებოდა საკუთრების უფლების მოპოვება აღიარების კომისიის მიერ გაცემული მოწმობის საფუძველზე, ამასთან, მათთვის ასევე იყო ცნობილი, რომ აღიარების კომისია ახორციელებდა უკვე გაცემული მოწმობების კანონშესაბამისობის გადამოწმებას. სააპელაციო სასამართლომ ასევე გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხეების მიერ ნასყიდობის ფასის გადახდა არ დასტურდებოდა საქმის მასალებით.

აღნიშნული განჩინება თ. ს-ემ, გ. ტ-ემ და რ. ფ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრეს, მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით:

1. თ. ს-ისა და გ. ტ-ისათვის მ. დ-ეზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის შესახებ 2010 წლის 28 დეკემბერს გახდა ცნობილი, ნასყიდობის ხელშეკრულება კი, გაცილებით ადრეა დადებული;

2. თ. ს-ესა და გ. ტ-ეს არ ევალებოდათ გამოეკვლიათ რ. ფ-ემდე ვინ იყო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე და რამდენად მართლზომიერად ჰქონდა საკუთრების უფლება მოპოვებული;

3. მოპასუხეები კეთილსინდიეირი შემძენები იყვნენ, მათ სასარგებლოდ მოქმედებს რეესტრის მონაცემების სისრულისა და უტყუარობის პრეზუმფცია;

4. თ. ს-ემ და გ. ტ-ემ მიწის ნაკვეთი რ. ფ-ისაგან შეიძინეს. ამ გარიგების ნამდვილობა არ არის დამოკიდებული მ. დ-ის საკუთრების უფლების მოწმობის ნამდვილობაზე;

5. სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეუქმებინა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რადგანაც ერთ-ერთი მოპასუხე, ა. დ-ი საქმის განხილვაზე მოწვეული საერთოდ არ ყოფილა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქაალქო საქმეთა პალატის 2011 6 დეკემბერის განჩინებით თ. ს-ის, გ. ტ-ისა და რ. ფ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ს-ის, გ. ტ-ისა და რ. ფ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, ასევე, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, რის გამოც თ. ს-ის, გ. ტ-ისა და რ. ფ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნას დაშვებული.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (6000 ლარის) 70% - 4200 ლარი

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ. ს-ის, გ. ტ-ისა და რ. ფ-ის (პირადი ¹...) საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

კასატორებს დაუბრუნდეთ თ. ს-ის მიერ ძველი თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900 ანგარიშზე (სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (6000 ლარის) 70% - 4200 ლარი;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.