Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

№ას-1619-1611-2011 16 თებერვალი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ თ. გ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. უ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ თანამესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. უ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. გ-ის მიმართ ქ.ბათუმში, მ-ის ქ.№21/პ-ის ქ.№1-ში მდებარე უძრავი ქონების ½-ის მესაკუთრედ ცნობის შესახებ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლომ დაადგინა, რომ 1988 წლის 12 მარტიდან 2009 წლის 27 ოქტომბრამდე ნ. უ-ე და თ. გ-ე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ორი შვილი – 1989 წლის 28 თებერვალს დაბადებული სალომე გ-ე და 1994 წლის 7 სექტემბერს დაბადებული თამარ გ-ე.

ქორწინების პერიოდში მხარეები ცხოვრობდნენ ქ. ბათუმში, მ-ის ქ.№21/პ-ის ქ.№1-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, რომელიც თავდაპირველად შესდგებოდა 363,3 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ 25,6 კვ.მ შენობა-ნაგებობისაგან და წარმოადგენდა მოპასუხე თ. გ-ის საკუთრებას.

მხარეებს შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ მათ ერთად ცხოვრების პერიოდში გადაწყვიტეს, ერთობლივად აეშენებინათ სამსართულიანი საცხოვრებელი სახლი მანსარდით, რის გამოც სს „საქართველოს ბანკიდან” გამოიტანეს იპოთეკური სესხი, რომლითაც დაიწყეს სახლის მშენებლობა. აღნიშნული სესხი დღემდე დაფარული არ არის.

ამჟამად აშენებულია საცხოვრებელი სახლის სამი სართული, მაგრამ მანსარდის მშენებლობა დასრულებული არ არის და, შესაბამისად, იგი საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის.

საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად დადგენილია, რომ ამჟამად ქ. ბათუმში, მ-ის ქ.№21/პ-ის ქ.№1-ში მდებარე სადავო უძრავი ქონება ირიცხება მოპასუხე თ. გ-ის საკუთრებაში, აღნიშნულ მისამართზე მდებარე მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართია 306 კვ.მ, ხოლო შენობა-ნაგებობის საერთო ფართია 74,60 კვ.მ.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ ქ. ბათუმში, მ-ის ქ.№21/პ-ის ქ.№1-ში მდებარე თ. გ-ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების ღირებულება რეკონსტრუქციის შედეგად მხარეთა რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა.

სასამართლომ ჩათვალა, რომ საქალაქო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1163-ე მუხლით.

პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ ქორწინების განმავლობაში სადავო ქონების ღირებულების არსებითად გაზრდის ფაქტი საქმის მასალებით არ დასტურდება. სადავო არ არის, რომ ქოწინების პერიოდში, მოხდა სადავო ქონების რეკონსტრუქცია. მისი რეგისტრირებული ფართი, თავდაპირველ მდგომარეობასთან შედარებით გაიზარდა თითქმის, სამჯერ. ფაქტობრივად, ქორწინებამდე არსებული ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაცვლად, აიგო სამსართულიანი, კომერციული დანიშნულების ნაგებობა. აღნიშნული ადასტურებს, რომ სადავო ქონების ღირებულება, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოხსენებული მსჯელობის საწინააღმდეგო მტკიცებულებების წარმოდგენა ევალებოდა აპელანტს, რაც მას არ განუხორციელებია. ნ. უ-ის მოთხოვნას კი ადასტურებს 2010 წლის 23 ივლისის ხელშეკრულებაც.

პალატამ ყურადღება გაამახვილა მხარეთა შეთანხმებაზე, რომ ნ. უ-ე, ანაზღაურების სანაცვლოდ, არ მოითხოვდა წილს სადავო ქონებიდან. ქორწინების განმავლობაში ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად რომ არ გაზრდილიყო, მხარეები, ცხადია, ზემოხსენებულ შეთანხმებას არ დადებდნენ.

ამგვარად, აპელანტის პოზიცია დაუსაბუთებელია. პალატა არ დაეთანხმა აპელანტს, რომ ქონების ღირებულების შეფასებისას, გათვალისწინებულ უნდა იქნას, რა სახსრებით აშენდა ნაგებობა და, ასევე, მხარეთა შორის არსებული სხვა სახის ვალდებულებითი ურთიერთობები.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 1163-ე მუხლის თანახმად, სადავო ქონება მხოლოდ იმ შემთხვევაში არ ჩაითვლებოდა თანასაკუთრებად, თუ სხვა რამ იქნებოდა გათვალისწინებული საქორწინო ხელშეკრულებით. მოცემულ შემთხვევაში კი, მხარეებს საქორწინო ხელშეკრულება არ დაუდიათ.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება თ. გ-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

სასამართლომ დაარღვია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლი და მტკიცებულების სახით მიიღო დოკუმენტის ქსეროასლი, რომლის დედნის არსებობაც დადასტურებული არ არის და არც, ამავე კოდექსის 222-ე მუხლის შესაბამისად, ასლის უტყუარობა არ გამოუკვლევია. სასამართლომ დაარღვია ასევე 219-ე მუხლის დანაწესიც, რადგან ახალი მტკიცებულების მიღების შემდეგ საქმის განხილვა არ გადადო.

სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 1163-ე მუხლის დანაწესი და არ გაითვალისწინა, რომ სადავო ქონების გაუმჯობესების ხარჯები დაიფარა ბანკიდან აღებული იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხით, საიდანაც 80000 აშშ დოლარი გადახდილი არ არის.

სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის მეორე ნაწილიდან გამომდინარე, სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია კასატორის მიერ მითითებულ ფაქტზე, რომ ნ. უ-ემ ოჯახის ინტერესების საზიანოდ გაფლანგა 100000 აშშ დოლარი. ნ.უ-ემ დაარღვია ასევე მხარეთა შორის არსებული წერილობითი შეთანხმება საფასურის გადახდის სანაცვლოდ უძრავი ნივთთან დაკავშირებით დავაზე უარის თქმის შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 დეკემბრის განჩინებით თ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა თ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ თ. გ-ეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით თ. გ-ისა და ი. შ-ის მიერ 2011 წლის 12 დეკემბერს გადახდილი 1250 ლარის 70% _ 875 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ. გ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

კასატორ თ. გ-ეს (პირადი №...) დაუბრუნდეს შემდეგ ანგარიშზე: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების №200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ №220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ №300773150, დანიშნულება _ „სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე“ თ. გ-ისა და ი. შ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 875 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.