Facebook Twitter

¹ას-1625-1615-2011 21 თებერვალი, 2012 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

სხდომის მდივანი _ ლელა სანიკიძე

კასატორი _ პ. ე-ი

წარმომადგენელი _ დ. მ-ე

მოწინააღმდეგე მხარეები _ თ. ი-ი, ა. ი-ი, ს. ნ-ა, ხ. კ-ი

წარმომადგენელი _ შ. პ-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, რეესტრის ჩანაწერში ცვლილების შეტანა, ნოტარიუსის დავალდებულება სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

პ. ე-მა სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს თ. ი-ის, ა. ი-ის, სვ. ნ-ასა და ხ. კ-ის მიმართ და მოითხოვა სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, რეესტრის ჩანაწერში ცვლილების შეტანა და ნოტარიუსის დავალდებულება სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ შემდეგი დასაბუთებით: 2005 წლის 1 მარტის ნოტარიულად დამოწმებული ანდერძის თანახმად, მოსარჩელე არის გარდაცვლილი მ. ი-ის ანდერძისმიერი მემკვიდრე. მამკვიდრებელი გარდაიცვალა 2008 წლის 20 ოქტომბერს. პ.ე-მა კანონით დადგენილ ვადაში მიიღო სამკვიდრო, თუმცა ნოტარიუსმა ხ.კ-მა უარი განუცხადა მას მთელ სამკვიდრო ქონებაზე გაეცა სამკვიდრო მოწმობა იმ მოტივით, რომ 2010 წლის 21 ივნისს სავალდებულო წილის მქონე პირველი რიგის მემკვიდრეებზე გასცა სამკვიდრო მოწმობები. ნოტარიუსის ქმედება არის უკანონო, რადგან მ. ი-ის გარდაცვალების შემდეგ მის სამკვიდრო ქონებას შეადგენდა 1100 ლარად შეფასებული ავტომანქანა, სავალდებულო წილი, რომელიც უნდა მიეღო გარდაცვლილი მეუღლე ლ. ბ-ის ქონებიდან. სწორედ აღნიშნული ქონებიდან უნდა განსაზღვრულიყო სავალდებულო წილი, ხოლო, თუ არ იქნებოდა საკმარისი, მაშინ იგი შეივსებოდა ანდერძით გათვალისწინებული ქონებიდან, კერძოდ, ქ.ბორჯომში, რ-ის ¹63-ში, ბ¹1-ში მდებარე სახლიდან.

წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს მოპასუხეებმა შემდეგი დასაბუთებით: სამკვიდროს გახსნის მომენტში მ. ი-ის ქონებას შეადგენდა მხოლოდ უძრავი ქონება მდებარე ქ.ბორჯომში, საიდანაც უნდა განსაზღვრულიყო სავალდებულო წილი. აქედან გამომდინარე, ნოტარიუსის ქმედება სამკვიდრო მოწმობების გაცემის თაობაზე კანონიერია.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით პ. ე-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 20 სექტემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მ. ი-ი გარდაიცვალა 2008 წლის 20 ოქტომბერს, რომელსაც გარდაცვალების დროისათვის საკუთრებაში გააჩნდა უძრავი ქონება, მდებარე ქ.ბორჯომში, რ-ის ქ.¹63-ში, ბინა ¹21-ში, რომელიც უანდერძა პ. ე-ს. თ. ი-ი, ა. ი-ი და სვ. ნ-ა წარმოადგენენ მ. ი-ის პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეებს, შვილებს, რომლებსაც გააჩნიათ სავალდებულო წილის მიღების უფლება. როგორც სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე კანონისმიერმა მემკვიდრეებმა, ასევე ანდერძისმიერმა მემკვიდრე პ. ე-მა სანოტარო ბიუროს სამკვიდრო ქონების მისაღებად მიმართეს კანონით დადგენილ ექვსთვიან ვადაში. 2010 წლის 21 ივნისს ნოტარიუს ხ. კ-ის მიერ მ. ი-ის კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრეებზე: სვ. ნ-აზე, ა. ი-სა და თ. ი-ზე გაიცა სამკვიდრო მოწმობებები სავალდებულო წილებზე, რაც მათ დაარეგისტრირეს საჯარო რეესტრში და ამჟამად ქ.ბორჯომში, რ-ის ქ.¹63, ბინა ¹21-ში მდებარე უძრავი ქონებიდან საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, საკუთრების უფლებით 1/6 წილი ირიცხება თ. ი-ის სახელზე, 1/6 წილი სვ. ნ-ას სახელზე, 1/6 წილი ა. ი-ის სახელზე, ხოლო დარჩენილი 3/6 კი დატოვებული არის ღიად და იგი ჯერ კიდევ ირიცხება მამკვიდრებელ მ. ი-ის სახელზე. 2010 წლის 12 ოქტომბრის სანოტარო აქტით ნოტარიუსმა ხ. კ-მა მოსარჩელე პ. ე-ს უარი უთხრა ქ.ბორჯომში, რ-ის ქ.¹63-ში მდებარე ბინა ¹21-ში არსებულ მთლიან უძრავ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე იმ მოტივით, რომ 2010 წლის 21 ივნისს სავალდებულო წილის მქონე პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეებზე გაცემული აქვს სამკვიდრო მოწმობები, ხოლო ანდერძით გათვალისწინებულ სამკვიდრო ქონებიდან მოსარჩელის წილს შეადგენს 3/6 ნაწილი.

მ. ი-ის სამკვიდრო ქონებას მისი გარდაცვალების მომენტისათვის შეადგენდა მხოლოდ ბორჯომში არსებული ბინა, ხოლო ამის საწინააღმდეგო მტკიცებულება აპელანტმა სასამართლოში არ წარადგინა. მორიგების აქტით, რომელიც დამტკიცდა 2009 წლის 18 დეკემბერს, მოწინააღმდეგე მხარეებმა უარი განაცხადეს ლ. ბ-ის დანაშთ ქონებაზე მათი მამის კუთვნილ სავალდებულო წილის მიღებაზე და არა ბორჯომში, მ. ი-ის საკუთრებაში არსებულ სახლზე მათ სავალდებულო წილზე. ამასთან მორიგების აქტის დამტკიცებამდე მათ სანოტარო ბიუროში შეტანილი ჰქონდათ განცხადება მამის დანაშთი სამკვიდროდან სავალდებულო წილის მიღების თაობაზე.

სამოქალაქო კოდექსის 1320-ე, 1424-ე, 1328-ე მუხლების თანახმად, და მხარეთა განმარტებების მოსმენის შედეგად, პალატამ დაადგინა, რომ მ. ი-ის სამკვიდრო ქონებას მისი გარდაცვალების მომენტისათვის შეადგენდა მხოლოდ ბორჯომში არსებული ბინა, რომლის საწინააღმდეგო მტკიცებულება არ წარმოუდგენია. 2010 წლის 21 ივნისს ნოტარიუს ხ. კ-ის მიერ მ. ი-ის კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრეებზე სვ. ნ-აზე, ა. ი-სა და თ. ი-ზე გაცემულ იქნა სამკვიდრო მოწმობები სავალდებულო წილებზე, რაც მათ დაარეგისტრირეს საჯარო რეესტრში. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, საკუთრების უფლებით ქ.ბორჯომში, რ-ის ქუჩა ¹67-ში მდებარე ბინის 1/6 წილი ირიცხება თ. ი-ის სახელზე, 1/6 წილი სვ. ნ-ას სახელზე და 1/6 წილი ა. ი-ის სახელზე, ხოლო დარჩენილი 3/6 დატოვებულია ღიად და იგი ჯერ კიდევ ირიცხება მამკვიდრებელ მ. ი-ის სახელზე. 2010 წლის 12 ოქტომბრის ¹101030040 სანოტარო აქტით ნოტარიუსმა ხ. კ-მა მოსარჩელე პ. ე-ს უარი უთხრა ქ.ბორჯომში, რ-ის ქ.¹63-ში მდებარე ბინა ¹21-ზე სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე იმ მოტივით, რომ 2010 წლის 21 ივნისს სავალდებულო წილის მქონე პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეებზე გასცა სამკვიდრო მოწმობები, ხოლო ანდერძით გათვალისწინებულ სამკვიდრო ქონებიდან მოსარჩელის წილს შეადგენს 3/6 ნაწილი. პალატამ დაადგინა, რომ მორიგების აქტი (რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაამტკიცა 2009 წლის 18 დეკემბრის განჩინებით), რაზეც აპელანტი აპელირებს, შეეხებოდა მხოლოდ ბათუმში, ი-ის ქუჩა ¹29-ში არსებულ ბინას, რომელიც წარმოადგენდა ლ. ბ-ის საკუთრებას. აღნიშნული ბინა ანდერძის საფუძველზე მან გადასცა ჰ. მ-ეს, ხოლო სავალდებულო წილზე, რომელიც ამ ბინაზე მ. ი-ს (როგორც ლ. ბ-ის მეუღლეს) ეკუთვნოდა, მოწინააღმდეგე მხარეებმა უარი განაცხადეს 5000 აშშ დოლარის საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ, მაგრამ მათ უარი არ განუცხადებიათ მამის საკუთრებაში არსებულ დანაშთი ქონების სავალდებულო წილის მიღებაზე, რომელიც მდებარეობდა ქ.ბორჯომში.

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე თ. ი-მა განმარტა, მას არ უნდოდა ლ. ბ-ის საკუთრებიდან წილი, მას სურდა მხოლოდ მამის ქონებიდან წილი და, რადგან მან ბათუმში არსებული ბინის სავალდებულო წილზე უარი განაცხადა, ეს ავტომატურად არ ნიშნავდა მის მიერ მამის საკუთრებაში არსებულ ქონებაში არსებულ მისი სავალდებულო წილის მიღებაზე უარის თქმას.

აპელანტის მსჯელობა, რომ მოწინააღმდეგე მხარეებმა უარი განაცხადეს ჯერ კიდევ მორიგების დამტკიცების დროს მამის მ. ი-ის მთლიან სამკვიდრო ქონებაში არსებულ სავალდებულო წილის მიღებაზე, საფუძველს მოკლებულია და პალატამ არ გაიზიარა. განჩინებაშიც დაფიქსირებულია, რომ დავა ეხებოდა ლ. ბ-ის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე მ. ი-ის სავალდებულო წილის მიღებაზე უარის თქმას (ბათუმში მდებარე ი-ის ქ.29-ში), რაც არ ნიშნავს ავტომატურად უარის თქმას მ. ი-ის საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებიდან სავალდებულო წილის მიღებაზე.

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე თ. ი-მა განმარტა, რომ ავტომანქანას რაც შეეხებოდა, იგი მამის სიცოცხლეში არსებობდა, მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ მანქანა თვალით არ უნახავს, რადგან აპელანტმა იგი გადამალა. სააპელაციო სასამართლოში პ. ე-მა განმარტა, რომ მანქანას თავად ფლობს. მ. ი-ი გარდაცვალებამდე მასთან ცხოვრობდა, უვლიდა და არ თვლიდა თავს ვალდებულად, მანქანა მათთვის მიეყვანა.

პალატამ განმარტა, საქმის მასალებით არ დგინდება, რომ მანქანა მ. ი-ის საკუთრებაში იყო სამკვიდროს გახსნის დროს და არც მას შემდეგ, ამდენად, აპელანტის მოსაზრება ვერ იქნება გაზიარებული, რომ სამკვიდრო მასაში ავტომანქანაც უნდა შესულიყო და ისე განაწილებულიყო სავალდებულო წილის საკითხი. სამოქალაქო კოდექსის 1445-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოში მხარეთა მიერ დადასტურებულ იქნა, რომ 2009 წლის 18 დეკემბერს, როცა სასამართლომ მორიგება დაამტკიცა ბათუმში, ი-ის ქ.¹29-ში არსებულ სახლთან დაკავშირებით, მანამდე მემკვიდრეებს სანოტარო ბიუროში განცხადება ჰქონდათ შეტანილი ბორჯომში არსებულ სახლზე სავალდებულო წილის მიღების თაობაზე. სამოქალაქო კოდექსის 1445-ე მუხლის შესაბამისად, კანონისმიერი მემკვიდრეები ისედაც ვერ იტყოდნენ უარს სამკვიდროს მიღებაზე ბორჯომში არსებულ სახლზე, რომელიც მათი მამის დანაშთი ქონება იყო, რადგან მათ უკვე შეტანილი ჰქონდათ განცხადება სანოტარო ორგანოში სამკვიდროდან სავალდებულო წილის მიღებაზე, ანუ მორიგების აქტი ეხება მხოლოდ ლ. ბ-ის საკუთრებაში არსებულ მამის, მ. ი-ის, სავალდებულო წილის მიღებაზე უარის თქმას და არა მ.ი-ის, სამკვიდრო ქონებას, რომელსაც შეადგენდა მხოლოდ ბორჯომში არსებული სახლი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა პ. ე-მა შემდეგი დასაბუთებით: სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლი. აღნიშნული სამართლებრივი ნორმის არასწორი განმარტების შედეგად, სასამართლომ კანონსაწინააღმდეგოდ არ მიიჩნია ქ.ბორჯომში მდებარე ანდერძით განკარგულ ქონებასთან ერთად მამკვიდრებელ მ. ი-ის სამკვიდრო მასაში შემავალ აქტივად მისი აწ გარდაცვლილი მეუღლე ლ. ბ-ის დანაშთი ქონებიდან სავალდებულო წილის მიღების უფლება უძრავ ქონებაზე მდებარე ქ.ბათუმში, ი-ის ქ.¹29-ში და ავტომობილი «ფიატ ჩინკუაცენტო». სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო შეიცავს მამკვიდრებლის, როგორც ქონებრივი უფლებების, ასევე მოვალეობების ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. 1328-ე მუხლის არასწორ განმარტებასთან ერთად სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1377-ე მუხლი, სასამართლომ ასევე არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1371-ე მუხლი. მ. ი-ს დარჩა 3 სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე პირი (შვილები), სამკვიდრო მასის გათვალისწინებით თითოეული კანონისმიერი მემკვიდრის წილი შეადგენდა 2916 ლარს. სადავოდ ქცეული სამკვიდრო მოწმობების გაცემამდე მიღებული 5000 აშშ დოლარის შედეგად ფაქტობრივად სრულად შეივსო მათი კუთვნილი სავალდებულო წილი.

2012 წლის 21 თებერვალს სასამართლო სხდომაზე მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მისი დამტკიცება შემდეგი პირობებით:

პ. ე-ი კისრულობს ვალდებულებას თ. ი-ს გადასცეს 5000(ხუთი ათასი) აშშ დოლარი, საიდანაც 3000(სამი ათასი) აშშ დოლარის გადახდა მოხდება 2012 წლის 20 მარტამდე, ხოლო დარჩენილი 2000 (ორი ათასი) აშშ დოლარის გადახდა - 2012 წლის 20 დეკემბრამდე.

თ. ი-ი კისრულობს ვალდებულებას თანხის სრულად მიღებისთანავე პ. ე-ს გადასცეს საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე მდებარე ქ.ბორჯომი რ-ის ქუჩა ¹63, I სადარბაზო, ბინა ¹21. თანხის მიღება უნდა დადასტურდეს სანოტარო წესით შედგენილი ხელწერილით. ამასთან მესაკუთრე თ. ი-ი თანახმაა, საჯარო რეესტრის სამსახურში თანხის გადაცემის შესახებ დამადასტურებელი სანოტარო ხელწერილის წარდგინებით პ. ე-მა ერთპიროვნულად მოახდინოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია აღნიშნულ უძრავ ქონებაზე. პ. ე-ის მიერ მორიგების აქტით დათქმულ ვადაში თანხების გადაუხდელობის შემთხვევაში უძრავი ქონება მდებარე ქალაქ ბორჯომში რ-ის ქუჩა ¹63, I სადარბაზო, ბინა ¹21, 1/2 ½ ნაწილი დარჩება კვლავ თ. ი-ის საკუთრებაში, რაზედაც პ. ე-ს პრეტენზია არ ექნება.

მ. ი-ის სახელზე რეგისტრირებული ავტომანქანა FIAთ GINჩVEჩE, Aგამოშვებული 1996 წელს, სახელმწიფო ¹... აღირიცხოს პ. ე-ის საკუთრებაში.

თ. ი-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მდებარე ქ.ბორჯომი რ-ის ქუჩა ¹63, I სადარბაზო, ბინა ¹21 დაედოს ყადაღა მორიგების აქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებამდე, რომელიც ექვემდებარება გაუქმებას პ. ე-ის მიერ ვალდებულების შესრულებისთანავე ანდა პ. ე-ის მიერ მორიგების აქტით დათქმულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, მიიჩნევს, რომ მათი მოთხოვნა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მოდავე მხარეთა მიერ გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში საქმის მორიგებით დამთავრების შესაძლებლობას.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს.

მოდავე მხარეების მიერ შედგენილი მორიგების აქტი დაერთო საქმეს.

მხარეებს განემარტათ, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად კი, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მხარეებმა მორიგების აქტი წარმოადგინეს საკასაციო სასამართლოს მთავარ სხდომამდე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პ. ე-ს დაუბრუნდეს დ. მ-ის მიერ 2011 წლის 15 ნოემბერს და 5 დეკემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 450 (ოთხასორმოცდაათი) ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

პ. ე-ის და თ. ი-ის, ა. ი-ის და სვ. ნ-ას წარმომადგენელ შ. პ-ის შუამდგომლობა მორიგების თაობაზე დაკმაყოფილდეს.

დამტკიცდეს მორიგება ერთი მხრივ პ. ე-ს და მეორეს მხრივ თ. ი-ს, ა. ი-ს და სვ. ნ-ას შორის შემდეგი პირობებით:

1. პ. ე-ი კისრულობს ვალდებულებას თ. ი-ს გადასცეს 5000(ხუთი ათასი) აშშ დოლარი, საიდანაც 3000(სამი ათასი) აშშ დოლარის გადახდა მოხდება 2012 წლის 20 მარტამდე, ხოლო დარჩენილი 2000 (ორი ათასი) აშშ დოლარის გადახდა - 2012 წლის 20 დეკემბრამდე.

2. თ. ი-ი კისრულობს ვალდებულებას თანხის სრულად მიღებისთანავე პ. ე-ს გადასცეს საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე მდებარე ქ.ბორჯომი რ-ის ქუჩა ¹63, I სადარბაზო, ბინა ¹21. თანხის მიღება უნდა დადასტურდეს სანოტარო წესით შედგენილი ხელწერილით. ამასთან მესაკუთრე თ. ი-ი თანახმაა, საჯარო რეესტრის სამსახურში თანხის გადაცემის შესახებ დამადასტურებელი სანოტარო ხელწერილის წარდგინებით, პ. ე-მა ერთპიროვნულად მოახდინოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია აღნიშნულ უძრავ ქონებაზე. პ. ე-ის მიერ მორიგების აქტით დათქმულ ვადაში თანხების გადაუხდელობის შემთხვევაში უძრავი ქონება მდებარე ქალაქ ბორჯომში რ-ის ქუჩა ¹63, I სადარბაზო, ბინა ¹21, 1/2 ½ ნაწილი დარჩება კვლავ თ. ი-ის საკუთრებაში, რაზედაც პ. ე-ს პრეტენზია არ ექნება.

3. მ. ი-ის სახელზე რეგისტრირებული ავტომანქანა FIAთ GINჩVEჩE, Aგამოშვებული 1996 წელს, სახელმწიფო ¹... აღირიცხოს პ. ე-ის საკუთრებაში.

4. თ. ი-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მდებარე ქ.ბორჯომი რ-ის ქუჩა ¹63, I სადარბაზო, ბინა ¹21 დაედოს ყადაღა მორიგების აქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებამდე, რომელიც ექვემდებარება გაუქმებას პ. ე-ის მიერ ვალდებულების შესრულებისთანავე ანდა პ. ე-ის მიერ მორიგების აქტით დათქმულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში.

შეწყდეს სამოქალაქო საქმის წარმოება პ. ე-ის სარჩელისა გამო თ. ი-ის, ა. ი-ის და სვ. ნ-ას მიმართ სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობისა, საჯარო რეესტრის ჩანაწერში ცვლილების შეტანის და სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ ნოტრიუსის დავალდებულების თაობაზე.

პ. ე-ს დაუბრუნდეს დ. მ-ის მიერ 2011 წლის 15 ნოემბერს და 5 დეკემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 450 (ოთხასორმოცდაათი) ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.