Facebook Twitter

ას-1643-1633-2011 10 თებერვალი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ი/მ «დ. ბ-ი»

მოწინააღმდეგე მხარე – სს «... ბანკი»

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 სექტემბრის განჩინებით ი/მ «დ. ბ-ის» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი/მ «დ. ბ-მა» და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 01 დეკემბრის განჩინებით ი/მ დ. ბ-ს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა ვადა, კერძოდ, დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საკასაციო სასამართლოში დასაბუთებული საკასაციო საჩივრისა და 2029.3505 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით სახემწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. ამავე სასამართლოს 2011 წლის 26 დეკემბერის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღით.

2012 წლის 11 იანვარს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორმა, წარმოადგინა ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული ცნობა მისი ეკონომიური მდგომარეობის შესახებ და ითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლება.

2012 წლის 13 იანვრის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღით.

2012 წლის 03 თებერვალს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორმა და მიუთითა, რომ განჩინების შინაარსიდან არ ირკვეოდა რა ოდენობის თანხა იყო გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის სახით და ითხოვა გადასახდელი თანხის ოდენობის მითითება და ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ი/მ «დ. ბ-ის» საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 იანვრის განჩინებით ი/მ «დ. ბ-ს» მეორედ გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2029.3505 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადსტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა.

საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინება კასატორს ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით.

სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში კასატორს ხარვეზი არ შეუვსია, ამასთან, წარმოადგინა განცხადება სადაც მიუთითა, რომ გაურკვეველია მის მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა და ითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება. საკასაციო პალატა თვლის, რომ ი/მ «დ. ბ-ის» განცხადება ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, კასატორს არაერთხელ გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა. ამავე დროს, აღნიშნულ განჩინებებში გარკვევით არის მითითებული კასატორის მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ წარმოდგენილი განცხადება არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას დადგენილ ვადაში ხარვეზის შევსების შეუძლებლობის შესახებ და არც ახალი მტკიცებულებებია წარმოდგენილი, რომლებიც კასატორის მძიმე ქონებრივ მდგომარეობას დაადასტურებდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედება, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან კასატორმა ი/მ «დ. ბ-მა» სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ამიტომ მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი/მ «დ. ბ-ის» შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

2. ი/მ «დ. ბ-ის» საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.