Facebook Twitter

¹ ბს-38-20-კ-05 14 აპრილი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი (მომხსენებელი),

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: პირგასამტეხლოს დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

1998წ. 1 მარტს ქ. ბორჯომის დაცვის პოლიციის განყოფილებასა და ინდივიდუალური საწარმო “.. ..-ს” შორის დაიდო ხელშეკრულება “.. ..-ის” ქონების დაცვაზე 3 წლის ვადით, რომლითაც დაცვის მომსახურების ღირებულება განისაზღვრა თვეში 1128,88 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების 1.10 პუნქტის მიხედვით, მხარეებს შორის ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად, 10 რიცხვამდე, ხოლო 1.12 პუნქტის თანახმად, ყოველი დაგვიანებული დღისათვის “.. ..” ვალდებული იყო, პოლიციისათვის გადაეხადა საურავი, დავალიანების თანხის 0,2%-ის ოდენობით. 2000წ. 31 აგვისტოს მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ი.ს. “.. ..-ის” მიერ დებიტორული დავალიანების ხანგრძლივად გადაუხდელობის გამო, ვადაზე ადრე შეწყდა 1998წ. 1 მარტს დადებული დაცვის ხელშეკრულება. 2000წ. 30 აგვისტოს შედარების აქტით მხარეებმა დააფიქსირეს, რომ 1998წ. 1 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ი.ს. “.. ..-ის” დავალიანება ბორჯმის დაცვის პოლიციის მიმართ შეადგენს 43166 ლარს.

2001წ. 11 ივნისს ბორჯომის დაცვის პოლიციამ სარჩელი აღძრა ი.ს. “.. ..-ის” მიმართ და შემდეგი მოტივით მოითხოვა 63885,20 ლარის სახელშეკრულებო დავალიანების მოპასუხეზე დაკისრება:

მოსარჩელის მითითებით, მხარეებს შორის 1998წ. 1 მარტს დაიდო ხელშეკრულება დაცვის შესახებ, რომლითაც “.. ..” კისრულობდა ვალდებულებას დაცვის მომსახურებისათვის თვეში 1128,88 ლარის გადახდაზე, მაგრამ ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა “.. ..-ის” მიერ დავალიანების გადაუხდელობის გამო. ხელშეკრულების ვადამდე მოშლასთან დაკავშირებით, 2000წ. 30 აგვისტოს შედარების აქტით “.. ..-მა” აღიარა სახელშეკრულებო დავალიანება 43166 ლარის ოდენობით, რაც დღემდე არ გადაუხდია. ამიტომ ხელშეკრულების 1.12 პუნქტის საფუძველზე მოსარჩელემ მოითხოვა “.. ..-ისათვის” სახელშეკრულებო დავალიანების 63885,20 ლარის დაკისრება, საიდანაც 43166 ლარი შეადგენს დავალიანების ძირითად თანხას, ხოლო 20719,20 ლარი არის ხელშეკრულების 1.12 პუნქტით გათვალისწინებული საურავი.

მოპასუხე ი.ს. “.. ..-მა” სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობის გამო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა იმ მოტივით, რომ მოსარჩელე თავად არღვევდა ხელშეკრულების პირობებს და დაცვას ყოველთვის არ ახორციელებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პოლიციელთა რაოდენობა. ამასთან, დაცვის დროს მისი ობიექტიდან დაიკარგა ნივთები, რითაც მატერიალური ზიანი მიადგა.

ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2004წ. 6 აპრილის გადაწყვეტილებით ბორჯომის რაიონის დაცვის პოლიციის სარჩელი დაკმაყოფილდა და ი.ს. “.. ..-ს” მის სასარგებლოდ დაეკისრა 63885,20 ლარის სახელშეკრულებო დავალიანების გადახდა. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ გასაჩივრდა ი.ს. “.. ..-ის” მიერ 20719,20 ლარის საურავის დაკისრების ნაწილში.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2004წ. 1 ნოემბრის განჩინებით შემდეგი მოტივით არ დააკმაყოფილა ი.ს. “.. ..-ის” სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დატოვა ბორჯომის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება:

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეებს შორის სამართალურთიერთობა წარმოიშვა 1998წ. 1 მარტის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის 1.12 პუნქტი ცალსახად ითვალისწინებს ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის საურავის სახით გადასახდელი თანხის 0,2%-ის დარიცხვას, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. “.. ..-ის” მხრიდან დავალიანების არსებობა სასამართლომ უდავოდ დადგენილად ცნო ურთიერთშედარების აქტის საფუძველზე. ვინაიდან “.. ..-მა” ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში არ შეასრულა ვალდებულება, სკ-ის მე-400 მუხლის თანახმად, აღნიშნული ვადის გადაცილებად ითვლება, რის შესაბამისადაც ამოქმედდა ხელშეკრულების 1.12 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა 0,2%-ის საურავის დარიცხვის თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად მიიჩნია რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება “.. ..-ისათვის” საურავის დარიცხვის შესახებ და სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლობის მოტივით არ დააკმაყოფილა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა “.. ..-ის” მიერ, რომელიც კასაციის ერთადერთ მოტივად მიუთითებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის დარღვევაზე. კერძოდ, კასატორის განმარტებით 2004წ. 1 ნოემბრის სასამართლოს სხდომას იგი ვერ დაესწრო ავადმყოფობის გამო, რაც დასტურდება ბორჯომის საქალაქო პოლიკლინიკის მიერ გაცემული ცნობით. ამიტომ პროცესზე მისი გამოუცხადებლობა იყო საპატიო, რის გამოც კასატორი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას და ხელახლა განსახილველად საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი.ს. “.. ..-ის” საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 1 ნოემბრის განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორი სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას ითხოვს ერთადერთი მოტივით, რომ სასამართლომ განჩინება გამოიტანა საპროცესო ნორმის დარღვევით, კერძოდ საქმე განიხილა მისი დასწრების გარეშე, რაც დაუშვებელი იყო, რადგან იგი სააპელაციო საჩივრის განხილვის დროს, 2004წ. 29 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე პერიოდში იყო ავად, რაც დასტურდება ბორჯომის ცენტრალური პოლიკლინიკის ცნობით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ აპელანტის ი.ს. “.. ..-ის” წარმომადგენლის ვ. გ-ს ავადმყოფობის შესახებ სასამართლოს ეცნობა დადგენილი წესით და, რომ სასამართლოს აპელანტის გამოუცხადებლობა არ უნდა ჩაეთვალა არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობად. მაგრამ საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ 2004წ. 1 ნოემბერს აპელანტის გამოუცხადებლობა თუნდაც არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობად ჩაეთვალა სასამართლოს, მას არ ჰქონდა გამოუცხადებელი მხარის გარეშე საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების გამოტანის პროცესუალური უფლება, რადგან ვ. გ-ს გამოუცხადებლობა იყო პირველი გამოუცხადებლობა. სააპელაციო სხდომის ოქმებით ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლოში “.. ..-ის” სააპელაციო საჩივრის განხილვა პირველად ჩაინიშნა 2004წ. 27 სექტემბერს, რაზეც გამოცხადდა “.. ..-ის” წარმომადგენელი და საქმის განხილვის გადადება მოითხოვა მხარეთა შორის მორიგების მოტივით. შუამდგომოლობა სხდომის გადადების შესახებ დაკმაყოფილდა და საქმის განხილვა გადაიდო 2004წ. 1 ნოემბერს, რომელზეც აპელანტი _ ი.ს “.. ..-ის” წარმომადგენელი არ გამოცხადდა. იმჟამად მოქმედი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-2 ნაწილი არასაპატიო მიზეზით მხარის გამოუცხადებლობისას, მის დაუსწრებლად გადაწყვეტილების გამოტანას ითვალისწინებდა მხოლოდ მხარის მეორედ გამოუცხადებლობის შემთხვევაში. 2004წ. 1 ნოემბერს “.. ..-ის” წარმომადგენლის გამოუცხადებლობა იყო პირველი, ამიტომ სააპელაციო პალატა არ იყო უფლებამოსილი აპელანტის წარმომადგენლის დასწრების გარეშე განეხილა დავა და სააპელაციო სასამართლოს განჩინება გამოტანილია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-2 ნაწილის დარღვევით, რის გამოც “.. ..-ის” საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს განჩინება და საქმე საპროცესო ნორმების დაცვით არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს სახელშეკრულებო ვალდებულების არადროული შესრულების გამო პირგასამტეხლოს დაკისრება. სკ-ის 417-ე, 419-ე მუხლებისა და მხარეთა შორის 1998წ. 1 მარტს დადებული ხელშეკრულების 1.12 პუნქტის მიხედვით, ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი, არადროული შესრულებისათვის გათვალისწინებული იყო საურავი, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0,2%, მაგრამ მხარეები შეთანხმდნენ დებიტორული დავალიანების გადაუხდელობის გამო ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტაზე და 2000წ. 30 აგვისტოს შედარების აქტით აღიარეს ი.ს. “.. ..-ის” დავალიანება ბორჯომის დაცვის პოლიციის მიმართ 43166 ლარის ოდენობით, რაც დაადასტურა კიდეც ი.ს. “.. ..-მა” და ამ ნაწილში ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2004წ. 6 აპრილის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. “.. ..” სადავოდ ხდის მხოლოდ მასზე ჯარიმის სახით დაკისრებულ 20719 ლარს. ამიტომ საკასაციო პალატა მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს გაარკვიოს 2000წ. 30 აგვისტოს შედარების აქტით ი.ს. “.. ..-ის” მიერ აღიარებულ 43166 ლარში ხომ არ იყო გათვალისწინებული ხელშეკრულების 1.12 პუნქტით დადგენილი პირგასამტეხლოს თანხაც.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ი.ს. “.. ..-ის” საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 1 ნოემბრის განჩინება, ვინაიდან იგი გამოტანილია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-2 ნაწილის დარღვევით და საქმე ზემოაღნიშნული მითითებებით ხელახლა არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ის 412-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი.ს. “.. ..-ის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 1 ნოემბრის განჩინება და საქმე არსებითად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.