Facebook Twitter

ას-1664-1652-2011 2 თებერვალი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ა. მ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ გ. გ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. გ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. ტ-ისა და ა. მ-ის წინააღმდეგ თანხის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის თაობაზე, კერძოდ, მოითხოვა დ. ტ-ს მის სასარგებლოდ დაკისრებოდა 17 882.5 აშშ დოლარის გადახდა და აღნიშნული დავალიანების გადახდა განხორციელებულიყო ა. მ-ის სახელზე რეგისტრირებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის გზით.

მოპასუხე დ. ტ-მა სარჩელი ცნო მთლიანად.

მოპასუხე ა. მ-მა სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოელგიის 2011 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე გ. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; დ. ტ-ს გ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის 5000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარის, სარგებლის 750 (შვიდას ორმოცდაათი) აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს სახით 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარის გადახდა. დ. ტ-ს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის გადახდა გ. გ-ის სასარგებლოდ 849 ლარის ოდენობით, დადგინდა, რომ გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულიყო ა. მ-ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, ს-ის ქუჩა ¹2, ბინა ¹25, იძულებით აუქციონზე რეალიზების საშუალებით.

საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. მ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება პირგასამტეხლოს სახით 10000 აშშ დოლარის დაკისრების, სახელმწიფო ბაჟის _ 849 ლარის დაკისრების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მირებით მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს _ 2500 აშშ დოლარისა და სახელმწიფო ბაჟის 247.5 აშშ დოლარის ოდენობით დაკისრება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეტა პალატის 2011 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით ა. მ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.04.2011 წლის გადაწყვეტილება დ. ტ-ისათვის პირგასამტეხლოს სახით 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, დ. ტ-ს გ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით 5 000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.04.2011 წლის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. გ. გ-ეს ა. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნაწილის - 100 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება. აპელანტ ა. მ-ს უკან დაუბრუნდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10.08.2011 წლის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 409.25 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შედეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2008 წლის 29 იანვარს ფ. ჩ-ს, ნ. მ-სა და დ. ტ-ს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, დ. ტ-მა ფ. ჩ-ისაგან ისესხა 5 000 აშშ დოლარი, ხოლო ნ. მ-ისაგან 13 000 აშშ დოლარი. სესხი გაიცა 3 თვის ვადით, 2008 წლის 29 აპრილის ჩათვლით, სარგებლით 5%-ს დარიცხვით და ყოველთვიური გადახდით. ფ. ჩ-ასთვის დასაბრუნებელი სესხი და სამი თვის სარგებელი ჯამში წარმოადგენდა – 5 750 აშშ დოლარს. სესხის უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა დ. ტ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე, თბილის, ს-ის ქუჩა ¹2, ბინა ¹25 (ტ.I, ს.ფ 32-37).

2009 წლის 12 მარტის ხელშეკრულებით განხორციელდა 29.01.2008 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში კრედიტორ ფ. ჩ-ის უფლებების დათმობა მოვალე დ. ტ-ის მიმართ პრეტენდენტ გ. გ-ის სასარგებლოდ.

მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის შპს «არბიტრაჟის” 2009 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით საარბიტრაჟო დავა პრეტენდენტ გ. გ-ესა და მოპასუხე ფ. ჩ-ას შორის დამთავრდა მორიგებით. ფ. ჩ-ამ გ. გ-ეს მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების საფუძვლეზე დაუთმო თავის, როგორც დ. ტ-ის, იპოთეკარისა და კრედიტორის უფლებები დ. ტ-ის თანხმობით მის მიერ 2009 წლის 29 იანვარს გაფორმებულ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უფლებებსა და ვალდებულებებზე (ტ.I, ს.ფ 14-18; ტ.I, ს.ფ 28).

შპს «საქართველოს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის «სამართალის» 2009 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა პრეტენდენტ ნ. მ-ის საარბიტრაჟო პრეტენზია სრულად. მოპასუხე დ. ტ-ს პრეტენდენტის ნ. მ-ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 13 000 აშშ დოლარი _ სესხის ძირითადი თანხა, 650 აშშ დოლარი ყოველთვიურად 2008 წლის 29 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 26 აშშ დოლარი ყოველდღიურად პირგასამტეხლოს სახით და 1140 ლარი საარბიტრაჟო მოსაკრებელი ( ტ.I, ს.ფ. 19-27).

ნ. მ-ის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე იძულებით საჯარო აუქციონზე, იპოთეკით დატვირთული დ. ტ-ის კუთვნილი უძრავი ქონების შემძენი გახდა ა. მ-ი. ამჟამად იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მდებარე, თბილისი, ს-ის ქუჩა ¹2 მესაკუთრეს წარმოადგენს ა. მ-ი. დადგენილია ასევე, რომ იპოთეკა გადაყვა უძრავ ქონებას და იპოთეკარად დარეგისტრირებულია გ. გ-ე (ტ.I, ს.ფ 44-45, ტ.I, 99-102).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.04.2011წ. გადაწყვეტილებით დ. ტ-ს გ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის 5000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარის, სარგებლის 750 (შვიდას ორმოცდაათი) აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს სახით 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარის გადახდა.

სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტი პრეტენზიას აცხადებდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.04.2011 წლის გადაწყვეტილებით დაკისრებულ პირგასამტეხლოზე იმ დასაბუთებით, რომ მისი ოდენობა შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრული იყო. აპელანტი ითხოვდა პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას 2500 აშშ დოლარამდე.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418.1-ე, 420-ე მუხლებზე და განმარტა, რომ სასამართლო მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას ითვალისწინებს როგორც კრედიტორის ინტერესს ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას ძირითად ვალთან მიმართებაში. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა - 10 000 აშშ დოლარი, შეუსაბამოდ მაღალი იყო უნდა შემცირებულიყო. მოცემულ შემთხვევაში კი, პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობა შეადგენდა 5 000 აშშ დოლარს, შესაბამისად, პალატამ ჩათვალა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.04.2011 წლის გადწყვეტილება პირგასამტეხლოს სახით 10 000 აშშ დოლარის დაკისირების ნაწილში უნდსა გაუქმებულიყო და დ. ტ-ს უნდა დაკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა 5000 ლარის ოდენობით.

აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ სახელმწიფო ბაჟის დაკისრებისას არ გაითვალისწინა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა და არასწორად არ გაანახევრა სახელმწიფო ბაჟის ოდენობა.

აღნიშნულ მოსაზრებასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49.1-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ გ. გ-ის სასარჩელო მოთხოვნა ცნო მხოლოდ ერთმა მოპასუხემ - დ. ტ-მა, თავად ა. მ-ს სარჩელი არ უცვნია და კანონით დადგენილი წესით სასამართლოში წარადგინა შესაგებელი. სააპელაციო პალატამ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს მსჯელობა მასზე, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა იპოთეკის საგნის მესაკუთრეს აძლევს უფლებას მოსარჩელეს წაუყენოს შესაგებელი, რისი უფლებაც აქვს პირად მოვალეს. სკ-ის 291-ე მუხლის თანახმად, თუ უძრავი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის პირადი მოვალე, მას მაინც შეუძლია იპოთეკარს წაუყენოს ის შესაგებელი, რომლის უფლებაც მხოლოდ პირად მოვალეს აქვს, მათ შორის, შესაგებელი ფულად ვალდებულებათა გაქვითვისა და მოთხოვნის გასაჩივრების გამო. იპოთეკის საგნის მესაკუთრე უფლებამოსილია წარადგინოს შესაგებელი როგორც უშუალოდ იპოთეკის საგანთან დაკავშირებით, ასევე მთლიანად სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე. ამდენად, პალატის მოსაზრებით, სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ ა. მ-ის მიერ სარჩელის არ ცნობა განხილული უნდა ყოფილიყო საერთო სარჩელის არ ცნობად.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტის მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დაკისრებული სახელწიფო ბაჟის განახევრების თაობაზე, უსაფუძვლო იყო და თბილისის საქალაქო სასამართლომ სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, მართებულად დააკისრა მოპასუხეს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება და არ არსებობდა აღნიშნულ ნაწილში სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ა. მ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.04.2011 წლის გადაწყვეტილება დ. ტ-ისათვის პირგასამტეხლოს სახით 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში უნდა გაუქმებულიყო და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით დ. ტ-ს გ. გ-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს სახით 5 000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში კი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.04.2011 წლის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩენას ექვემდებარებოდა.

საპროცესო ხარჯებთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა პირგსამტეხლოს ოდენობა, ნაცვლად გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული 10 000 აშშ დოლარისა განსაზღვრულიყო 2500 აშშ დოლარის ოდენობით, რაც ცხადყოფდა, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო საჩივრის ღირებულება შედგენდა 7 500 აშშ დოლარს, ხოლო გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა - 300 აშშ დოლარს.

ვინაიდან ა. მ-ის მიერ სახელმწიფო ბაჟი წინასწარ იქნა გადახდილი 905.30 ლარის ოდენობით (ტ.II, ს.ფ.8), ხოლო სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრით დასტურდებოდა, რომ გადახდის დღეს აშშ დოლარის გაცვლითი კურსი ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში შეადგენდა 1,6535-ს, აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ ა. მ-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკან უნდა დაუბრუნებოდა ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 409.25 ლარის ოდენობით.

იმის გათვალისწინებით, რომ წინამდებარე გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილებულიყო და მოპასუხეს ეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა 5 000 აშშ დოლარის ოდენობით, ანუ ა. მ-ის სააპელაციო საჩივარი დკმაყოფილებას ექვემდებარებოდა მხოლოდ 2500 აშშ დოლარის ფარგლებში, შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ” ქვეპუნქტისა და ამავე კოდექსის 53-ე მუხლის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოწინააღმდეგე მხარეს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად აპელანტის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ანაზღაურება 100 აშშ დოლარის (2 500 ის 4%) ოდენობით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. მ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება პირგასამტეხლოსა და ბაჟის დაკისრების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირება 5000 აშშ დოლარიდან 2500 აშშ დოლარამდე, გ. გ-ისათვის მის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი ნაწილის ანაზღაურება 200 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით და ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გ. გ-ის სასარგებლოდ დ. ტ-ზე დაკისრებული ბაჟის შემცირება 269.50 ლარით.

კასატორის განმარტებით, სასამართლოს მიერ დ. ტ-ზე გ. გ-ის სასარგებლოდ დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მარალი იყო და შეადგენდა წლიურ 36.5%-ს, სასამართლოს არ უამსჯელია პირგასამტეხლოს დაკისრების ფაქტობრივ საფუძვლებზე და არ დაუსაბუთებია რა პერიოდისა და რა ოდენობის პირგასამტეხლოს შეადგენდა 5000 აშშ დოლარი.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ გააუქმა რა გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, შესაბამისად, უნდა შეეცვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს ხარჯების განაწილებაც და გ. გ-ის სასარგებლოდ, დ. ტ-ზე დაკისრებული ბაჟის _ 849 ლარი უნდა შეემცირებინა შემცირებული პირგასამტეხლოს პროპორციულად _ 269 ლარით და განესაზღვრა იგი 579.50 ლარის ოდენობით.

კასატორის აზრით, სასამართლომ ასევე არასწორად გაანაწილა სასამართლო ხარჯები, კერძოდ, გ. გ-ისათვის მის სასარგებლოდ ნაცვლად 100 აშშ დოლარისა, უნდა დაეკისრებინა 200 აშშ დოლარი, ვინაიდან მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდა 5000 აშშ დოლარის ფარგლებში, თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლისა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 დეკემბრის განჩინებით ა. მ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ა. მ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. მ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი საქართველოს სახელმწიფო ხაზინის (კოდი:220101222) საბიუჯეტო შემოსავლების ¹300773150 სახაზინო კოდით ¹200122900 ანგარიშიდან.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.