Facebook Twitter

№ას-167-161-2012 27 თებერვალი, 2012 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ხ. ჩ-ე-რ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ი. რ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას ქორწინების შეწყვეტის მოთხოვნით სარჩელით მიმართა ი. რ-მა მოპასუხე ხ. ჩ-ე-რ-ის მიმართ (ტომი I, ს.ფ. 1-9).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით ი. რ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; შეწყდა ი. რ-სა და ხ. ჩ-ე-რ-ს შორის 2004 წლის 17 დეკემბერს რეგისტრირებული ქორწინება.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ ი. რ-ი და ხ. ჩ-ე-რ-ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2004 წლის 17 დეკემბრიდან.

მხარეთა ახსნა-განმარტების საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მხარეთა შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელი იყო. მოსარჩელე კატეგორიულად მოითხოვდა განქორწინებას შესარიგებელი ვადის დანიშვნის გარეშე (ტომი I, ს.ფ. 74-77).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხ. ჩ-ე-რ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და და მხარეთათვის შერიგების ვადის მიცემა ( ტომი I, ს.ფ. 82-90).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 დეკემბრის განჩინებით ხ. ჩ-ე-რ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება .

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ი. რ-ი და ხ. ჩ-ე-რ-ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2004 წლის 17 დეკემბრიდან;

მხარეთა შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელი იყო. მოსარჩელე კატეგორიულად მოითხოვდა განქორწინებას შესარიგებელი ვადის დანიშვნის გარეშე.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, ხოლო ამავე კოდექსის 1122-ე მუხლის „გ” პუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, როგორც დაქორწინებისათვის, ასევე ოჯახის აღდგენისა და შენარჩუნებისათვის მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენაა საჭირო. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა ორმხრივ ნებას ოჯახის შენარჩუნებისათვის ადგილი არ ჰქონია. კერძოდ, მოსარჩელე კატეგორიულად მოითხოვდა განქორწინებას შესარიგებელი ვადის დანიშვნის გარეშე.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მომავალში მეუღლეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შესაძლებელი იყო, ვინაიდან მას აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლოსათვის არ წარუდგენია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად კი, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

აპელანტმა გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ სასამართლომ არ მიიღო არანაირი ზომა მხარეთა შესარიგებლად და მეუღლეებს შესარიგებლად არ დაუნიშნა ვადა.

სააპელაციო სასამართლომ მოიხმო სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლი, რომლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს შესარიგებელი ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილია, რომ განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი შესარიგებელი ვადის დანიშვნის თაობაზე არის სასამართლოს უფლება და არა ვალდებულება, ანუ სასამართლო ყველა შემთხვევაში არაა ვალდებული მეუღლეებს დაუნიშნოს შესარიგებელი ვადა. აღნიშნულ უფლებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როდესაც გარკვეული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე სასამართლოს უყალიბდება შინაგანი რწმენა იმის თაობაზე, რომ შესაძლებელია მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება.

სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობდა მხარეთათვის შესარიგებელი ვადის დანიშვის საფუძველი, ვინაიდან მოსარჩელე კატეგორიული წინააღმდეგი იყო ერთად ცხოვრებისა და ოჯახის შენარჩუნებისა. აღნიშნული, წარმოადგენდა ქორწინების შეწყვეტის კანონით გათვალისწინებულ საფუძველს (ტომი II, ს.ფ. 23-27).

სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 13 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ხ. ჩ-ე-რ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით:

სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არასწორად დაადგინა და შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. მხარეები რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2004 წლის 17 დეკემბრიდან და ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი. ოჯახი შეიქმნა ურთიერთსიყვარულის საფუძველზე. კასატორი მზად არის, რომ შეურიგდეს მეუღლეს და შეინარჩუნოს ოჯახი, რაც მისი აზრით, შესაძლებელია, თუმცა სასამართლომ არ მიიღო არანაირი ზომა მათ შესარიგებლად, რითაც უგულებელყო სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის მოთხოვნები;

სასამართლომ შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე იმყოფება ოჯახის სხვა წევრების გავლენის ქვეშ, რომელთა მიზანია მხარეთა დაცილება. იგი აღნიშნავს, რომ სასამართლოს მხარეებისათვის შესარიგებლად უნდა მიეცა გონივრული ვადა, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა აღნიშნულის გაუთვალისწინებლად;

კასატორის მოსაზრებით, სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა კანონმდებელმა იმიტომ ჩამოაყალიბა, რომ სასამართლომ უნდა მიიღოს ზომები მხარეთა შესარიგებლად. სააპელაციო სასამართლომ კი, მხარეთა შორის ქორწინება შეწყვიტა იმის გამო, რომ ქორწინება წარმოადგენს მხარეთა ორმხრივ ნებას და უპირატესობა მოცემულ შემთხვევაში მიანიჭა მოსარჩელეს. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მხარეებს ჰყავთ მცირეწლოვანი შვილი, რომ მათ შორის განქორწინების მიზეზი უმნიშვნელოა, რომ მოსარჩელემ მიიღო ნაჩქარევი გადაწყვეტილება, რომ შერიგების ვადის მიცემის შემთხვევაში, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მხარეები აღადგენდნენ ურთიერთობას, შერიგდებოდნენ და შეინარჩუნებდნენ ოჯახს. მხარეები არიან ინვალიდები, ყრუ-მუნჯები და სასამართლოს უფრო მეტი ყურადღება უნდა გამოეჩინა მათი ოჯახის შესანარჩუნებლად (ტომი II, 31-37).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 თებერვლის განჩინებით ხ. ჩ-ე-რ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ხ. ჩ-ე-რ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ხ. ჩ-ე-რ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე , 401-ე, მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ხ. ჩ-ე-რ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2.. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.