№ას-1682-1668-2011 28 თებერვალი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ი. კ-ე, ქ., ნ. მ-ები
მოწინააღმდეგე მხარე - ი. ქ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 ოქტომბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2010 წლის 06 დეკემბერს სარჩელით მიმართა ი. ქ-მა და მოითხოვა მოპასუხეების ი. და ა. კ-ეების, ქ., ნ. და დ. მ-ების უკანონო მფლობელობიდან ი. ქ-ის საკუთრებაში არსებული ქ. თბილისში, ... მე-4 მ/რ, 92ბ კორპუსში მდებარე №74 ბინის გამოთხოვა შემდეგი საფუძვლებით: სარჩელის თანახმად, 2008 წლის 8 მაისს დადებული №1-3526 სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, ი. კ-ემ ი. ქ-ისგან ისესხა 4000 აშშ დოლარი. ამავე ხელშეკრულების სხვა მონაწილეთაგან კი 23000 აშშ დოლარი. სესხი გაიცა 2 თვის ვადით, სარგებლის 5%-ის ყოველთვიური დარიცხვით და ყოველთვიური გადახდით. სესხის უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა ი. კ-ის კუთვნილი, ქ. თბილისში, ... მე-4 მ/რ, 92ბ კორპუსში მდებარე ბინა №74. ი. კ-ემ არ შეასრულა ხელშეკრულება, როგორც სარგებლის, ისე ძირითადი თანხის დაბრუნების ნაწილში. ი. ქ-მა მხოლოდ 2009 წლის 7 აპრილს მიმართა არბიტრაჟს, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ მიუხედავად მისი არაერთგზის მოთხოვნისა, ი. კ-ე არ აპირებდა მიღებული თანხის დაბრუნებას. უფრო მეტიც, ბინა, რომელიც იპოთეკით იყო დატვირთული იძულებითი აღსრულების გართულების მიზნით ი. კ-ემ გადაუფორმა მამიდას ა. კ-ეს. საბოლოოდ ბინა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების შედეგად ნატურით გადავიდა ი. ქ-ის საკუთრებაში და ი. ქ-ის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით ი. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ი. და ა. კ-ეების, ქ., ნ. და დ. მ-ების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ქ. თბილისში, ... მე-4 მ/რ-ის, 92ბ კორპუსში მდებარე, 43.00 კვ.მ ბინა და თვისუფალ მდგომარეობაში გადაეცა ი. ქ-ს.
საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი. კ-ემ, ქ. და ნ. მ-ებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით ი. კ-ის, ქ., ნ. მ-ების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოება მასზე, რომ ქ. თბილისში, ... მე-4 მ/რ, კორპ. 92 ბ-ში მდებარე №74 ბინაზე, ფართით 43.00 კვ.მ რეგისტრირებულია ი. ქ-ის საკუთრების უფლება (ტ.1. ს.ფ.13), რომელსაც ფლობენ მოპასუხეები.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე მუხლებით, ამასთან აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით დადგენილი საჯარო რეესტრის მონაცემთა უსწორობის პრეზუმფციის პრინციპიდან გამომდინარე, ი. ქ-ი არის საჯარო რეესტრში სარეგისტრაციო კოდით ...რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინის, მდებარე: ქ. თბილისში, ... მე-4 მ/რ, კორპ. 92ბ, ბინა, №74 მესაკუთრე, რადგან აღნიშნული უძრავი ქონების სარეგისტრაციო მონაცემები გაუქმებული არ არის.
გარდა ამისა, იმის გათვალისწინებით, რომ ამასთან სადავო უძრავი ქონებით ამჟამად ფაქტობრივად სარგებლობენ ი. კ-ე, ქ. მ-ი, ნ. მ-ი, რომლებსაც ამ ქონების ფლობის სამართლებრივი საფუძველი არა აქვთ, პალატამ ჩათვალა, რომ მესაკუთრის პრეტენზია მფლობელის მიმართ დასაბუთებული იყო, რაც სადავო უძრავ ქონებაზე ი. კ-ის, ქ. მ-ის, ნ. მ-ის მფლობელობის შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენდა
თბილისის სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ი. კ-ემ, დ., ქ. და ნ. მ-ებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება იმგვარად, რომ გამოსახლება გადავადდეს ა. კ-ის გამოჯანმრთელებამდე, ვინაიდან იგი მოხუცია, მძიმე ავადმყოფია და მისი გადაადგილება შეუძლებელია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 12 დეკემბრის განჩინებით ი. კ-ის, ქ. და ნ. მ-ების, ხოლო 2011 წლის 26 დეკემბრის განჩინებით დ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. კ-ის, ქ. და ნ. მ-ების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ი. კ-ის, ქ. და ნ. მ-ების საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კასატორები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. კ-ის, ქ. და ნ. მ-ების საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2 საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.