Facebook Twitter

ას-1688-1673-2011 2 თებერვალი 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს «ს. რ-ა»

მოწინააღმდეგე მხარე _ ი/მ «შ. ხ-ი»

დავის საგანი – საიჯარო ქირის დავალიანების გადახდის დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 ოქტომბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს «ს. რ-ამ» სარჩელი აღძრა სასამართლოში ი/მ «შ. ხ-ის» წინააღმდეგ და მოითხოვა მხარეებს შორის 2005 წლის 20 მარტს დადებული საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე, 2008 წლამდე წარმოშობილი საიჯარო ქირის დავალიანების თანხის გადახდევინება მოპასუხისათვის სულ _ 1683.93 ლარის ოდენობით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შესაგებელში მიუთითა მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ, რამდენადაც ხელშეკრულების მოქმედების ვადა გასრულდა 2007 წლის აპრილში, სარჩელი კი აღძრულია 2011 წელს. საქმის არსებითად განხიოვისას მოპასუხემ ასევე აღნიშნა, რომ საიჯარო ფართი მოსარჩელეს დაუბრუნდა ჯერ კიდევ ხელშეკრულების ვადის გასვლამდე, ხოლო შეტყობინება რაიმე დავალიანების არსებობის შესახებ, მას არ გადასცემია.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით შპს «ს. რ-ის» სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს «ს. რ-ამ», მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 ოატო,ბრის განჩინებით შპს «ს. რ-ის» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

შპს «ს. რ-ას» ბალანსზე რიცხული ძირთადი საშუალებების რეალიზაციის და დროებით სარგებლობაში გადაცემის, ძირითადი საშუალებების ჩამოწერის შედეგად მიღებული ჯართის რესალიზაციის მუდმივმოქმედი ერთობლივი სააუქციონო და საკონკურსო კომისიის მიერ 2005 წლის 1 მარტა ორგანიზებულ კომერციულ კონკურსში, იჯარის ფორმით გაცემის მიზნით, გატანილ იქნა შპს «ს. რ-ის» ბალანნზე რიცხული შენობის 22,7 კვ.მ ფართი.

საკონკურსო კომისიის 2005 წლის პირველი მარტის ¹9/24 ოქმისა და შპს «ს. რ-ის» გენერალური დირექტორის 10.03.2005 წლის ბრძანების თანახმად, კონკურსში გამარჯვებულად დასახელებული ფართის იჯარაზე გამოცხადდა ი/მ «შ. ხ-ი».

2005 წლის 20 მარტს მხარეებს შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება ¹5 რკინიგზიის სამტრედიის წარმომადგენლობის ადმინისტრაციულ შენობაში 22,7 კვ.მ ფართის იჯარით გადაცემაზე. ხელშკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2 წლით _ 2007 წლის 20 მარტამდე, საიჯარო ქირა განისაზღვრა 22.66 აშშ დოლარის ეკვივალენტით დღგ-ს ჩათვლით, ამასთან, საიჯარო ფართი რეალურად გადაეცა მოიჯარეს.

შპს «ს. რ-ის» გენერალური დირექტორის 2006 წლის 17 იანვრის ¹53/3 ბრძანებით სამტრედიის ¹2 სამოქალაქო ნაგებობათა დისტანცია ლიკვიდირებულ იქნა და მისი ძირითადი ქონება ბალანსიდან ბალანსზე გადაეცა შპს «ს. რ-ის» ფილიალ სადგურ სამტრედიას. აღნიშნული საფუძვლით, 2006 წლის იანვარში სადგურ სამტრედიის დირექტორსა და მოიჯარე ი/მ «შ. ხ-ს» შორის შედგა ურთიერთშეთანხმების ოქმი, რომლის თანახმად, მოიჯარემ ხელახლა დაადასტურა 2005 წლის 20 მარტის ¹5 იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებანი.

საიჯარო ხელშეკრულების მოქმედების ვადაში _ 20.03.2005 წლიდან 20.03.2007 წლამდე, ან შემდგომ მოიჯარეს საიჯარ ქირა ან მისი ნაწილი არ გადაუხდია. ამასთან, ხელშეკრულების მოქმედების გასვლის დროისათვის _ 2007 წლის მარტის ჩათვლით, დარიცხული დავალიანება შეადგენს 1127,88 ლარს.

2008 წლის 4 მარტში შპს «ს. რ-ის» ფილიალ სადგურ სამტრედიას ადმინისტრაციის მიერ ცალმხრივად შედგენილი აქტის საფუძველზე, ი/მ «შ. ხ-ისათვის» გადაცემული საიჯარო ფართი დაილუქა იმ საფუძვლით რომ მოიჯარემ ხელშეკრულების ვადის გასვლამდე _ 2007 წლის 20 მარტამდე, თავისი სურვილით დატოვა საიჯარო ფართი შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის გარეშე.

საიჯარო ფართი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნით არ ყოფილა გამოყენებული მოიჯარის მიერ, ხელშეკრულების ვადის გასვლისას მხარეები არ შეთანხმებულან მის გაგრძელებაზე და 2008 წლის 4 მარტს მეიჯარემ ცალმხრივი ინიციატივის საფუძველზე, დაიბრუნა საიჯარო ფართი.

ი/მ «შ. ხ-ს» შეტყობინება საიჯარო ქირის დავალიანების არსებობისა და გადახდის ვალდებულების შესახებ ოფიციალურად არ ჩაჰბარებია.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 581.2-ე, 559-ე მუხლებზე და იმ დადგენილი გარემოების გათვალისწინებით, რომ ი/მ «შ. ხ-ისათვის» გადაცემული დართი მეიჯარემ დაიბრუნა საკუთარი ინიციატივით და ამასთან, მოიჯარე აღარ სარგებლობდა ნივთით ხელშეკრულების ვადის გასვლამდე და ვადის გასვლის შემდეგ, მიიჩნია, რომ ხელშეკრულება განახლებულად ვერ ჩაითვლებოდა.

სააპელაციო პალატამ სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლზე მითითებით გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია სასარჩელო ხანდაზმულობასთან დაკავშირებით იმ დადგენილი გარემოების გათვალისიწნებით, რომ 20.08.2005 წლის ¹5 საიჯარო ხელშეკრულების მოქმედების ვადა ამოიწურა 2007 წლის 20 მარტს, მოიჯარემ ფართი დატოვა ვადაზე ადრე, რაც აღნიშნულია 04.03.2008 წლის აქტშიც და საიჯარო ხელშეკრულება მხარეთა შორის შეწყდა მოქმედების ვადის გასვლის გამო. ამდენად, საიჯარო ქირის დავალიანების არსებობის შესახებ მოსარჩელემ იცოდა 2007 წლის 20 მარტიდან, რაც ცხადყოფს, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ათვლაც აღნიშნული თარიღიდან უნდა დაწყებულიყო. აპელანტმა კი, სარჩელი წარადგინა 2010 წლის 6 დეკემბერს, ანუ ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, რაც პალატის მოსაზრებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა. ამასთან სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება მასზე, რომ დავა უძრავ ნივთებთან დაკავშირებით სახელშეკრულებო ურთიერთობებს ეხებოდა, ვინაიდან საიჯარო ხელშეკრულების საგანი უძრავი ნივთი იყო. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატამ განმარტა, რომ დავა ეხებოდა არა უძრავი ქონების ფლობასთან, სარგებლობასთან და განკარგვასთან დაკავშირებულ რაიმე უფლებას, არამედ ამ უძრავი ქონებიდან გამომდინარე, ფულადი ვალდებულების შესრულებას. პალატამ ასევე არ გაიზიარა აპელანტის განმარტება მასზე, რომ მოპასუხეს ხანდაზმულობის ვადაზე არ ჰქონია მითითებული და სასამართლომ თავისი ინიციატივით იმსჯელა მასზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «ს. რ-ამ», მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყევტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ განჩინები მიღებისას გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა ამასთან, არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მიუხედავად იმისა, რომ დავალიანების გადაუხდელობა თავად ი/მ «შ. ხ-მა» აღიარა, როგორც რაიონულმა, ასევე სააპელაციო სასამართლომ მაინც უარი უთხრა სარჩელის დაკმაყოფილებაზე ხანდაზმულობის გამო.

კასატორის აზრით, სასამართლომ დაეყრდნო სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილს და არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ დავა უძრავ ნივთებთან დაკავშირებულ სახელშეკრულებო მოთხოვნას წარმოადგენდა, ვინაიდან საიჯარო ხელშეკრულების საგანი უძრავი ნივთი იყო, შესაბამისად, სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილი, ვინაიდან ამავე მუხლის პირველი ნაწილი უძრავ ნივთებთან დაკავშირებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, მოთხოვნებისათვის აწესებს ხანდაზმულობის სპეციალურ 6-წლიან ვადას.

ამასთან, კასატორის განმარტებით, საქმის განმხილველ სასამართლოს არ ჰქონდა უფლება თავისი ინიციატივით მიეთითებინა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, მხარის აპელირება აღნიშნულთან დაკავშოირებით, რომელიც შეპასუხებას მოთხოვნის გასაქარწყლებლად ვერ აკეთებს, არ უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული, ვინაიდან აღნიშნული ეწინააღმდეგება სამოქალაქო სამართალში დამკვიდრებულ ვალდებულების შესრულებისა და კეთილსინდისიერების პრინციპს, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 12 დეკემბრის განჩინებით შპს «ს. რ-ის» საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს «ს. რ-ის» საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს «ს. რ-ის» საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, ამასთან, საკასაციო საჩივარზე კასატორს ნაცვლად 300 ლარისა გადახდილი აქვს 150 ლარი, შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 60 ლარი (300 ლარის 70% = 210 _ 150 = 60)

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს «ს. რ-ის» საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 60 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.