Facebook Twitter

¹ბს-382-366(კ-06) 17 ოქტომბერი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ნ. ქადაგიძე (მომხსენებელი),

ლ. ლაზარაშვილი

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2004წ. 14 სექტემბერს თ. გ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ........... პროკურატურის მიმართ სამუშაოზე აღდგენის თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 1980წ. ნოემბრიდან მუშაობდა საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სხვადასხვა ოპერატიულ თანამდებობაზე: ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის პროკურატურის სტაჟიორ-გამომძიებლად, გამომძიებლად, პროკურორის თანაშემწედ, ადიგენის რაიონის პროკურორად (ორი საკონსტიტუციო ვადით), საქართველოს გენერალური პროკურორის საგამოძიებო სამმართველოს პროკურორ-მეთოდისტად, გენერალური პროკურორის უფროს თანაშემწედ, შიდა ქართლის საოლქო პროკურორის პირველ მოადგილედ, ახალგორის რაიონის პროკურორად.

2002წ. 9 ივნისს დაინიშნა ........... პროკურატურის კანცელარიის უფროსად.

2004წ. 9 ივნისს მოხსენებითი ბარათით მიმართა საქართველოს ........ პროკურორს და ითხოვა საგამოძიებო-საპროკურორო საქმიანობაზე დაბრუნება.

მოსარჩელის განმარტებით, როგორც მისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი, იგი ......... პროკურორის 2004წ. 11 ივნისის ¹902-პ ბრძანებით გათავისუფლდა არა მხოლოდ თანამდებობიდან, არამედ დაითხოვეს პროკურატურის ორგანოებიდანაც, თანაც თითქოს საკუთარი ნება-სურვილით, მითითებული ბრძანება კი მისთვის არ ჩაუბარებიათ.

მოსარჩელის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული ბრძანება კანონშეუსაბამო იყო და უნდა გაუქმებულიყო, ვინაიდან მისი გათავისუფლების დროს მოქმედი «პროკურატურის შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის «თ» ქვეპუნქტი ითვალისწინებდა საკუთარი ნება-სურვილით მუშაკთა როგორც თანამდებობიდან, ისე პროკურატურის ორგანოებიდან დათხოვნას შესაბამისი განცხადებით.

მოსარჩელის განმარტებით, იგი ითხოვდა ........... პროკურატურის კანცელარიის გამგის თანამდებობიდან გათავისუფლებას სხვა ოპერატიულ-საგამოძიებო თანამდებობაზე გადაყვანის მიზნით, მაგრამ არა პროკურატურის ორგანოებიდან დათხოვნას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ......... პროკურორის 2004წ. 11 ივნისის ¹902-პ ბრძანების გაუქმება და უკანონოდ დათხოვნის შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება.

მოგვიანებით მოსარჩელემ სასამართლოს წარუდგინა განცხადება, რომლითაც დააკონკრეტა მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების ნაწილში და მოითხოვა 4 თვის ხელფასის _ 2080 ლარის, გამოუყენებელი შვებულების კომპენსაციისა და დამატებით ერთი თვის ხელფასის, სულ – 1040 ლარის, ასევე 2003წ. ნოემბერ-დეკემბრის ხელფასის _ 1040 ლარისა და მორალური ზიანის _ 10000 ლარის ანაზღაურება.

საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა საქართველოს ........ პროკურორის 2004წ. 11 ივნისის ¹902-პ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდური ხელფასის ანაზღაურება და მიყენებული მორალური ზიანისათვის 10000 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ უკვე მიღებული ჰქონდა მიუღებელი ხელფასი და დახმარება, სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილზე უარი განაცხადა.

მოპასუხე ......... პროკურატურამ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ .......... პროკურორის ბრძანება გამოცემული იყო კანონმდებლობის შესაბამისად, ვინაიდან მოსარჩელემ საქართველოს ........ პროკურორის სახელზე საკუთარი ნება-სურვილით დაწერა განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, რაც ......... პროკურორმა დააკმაყოფილა და გამოიცა შესაბამისი ბრძანება, ხოლო მოსარჩელის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სავალდებულო იყო მისი დანიშვნა სხვა თანამდებობაზე, იყო უსაფუძვლო, ვინაიდან თანამდებობაზე დანიშვნა წარმოადგენდა ......... პროკურორის უფლებამოსილებას.

მოპასუხის განმარტებით, ასევე უსაფუძვლო იყო მოსარჩელის მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ, ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობა თანამდებობიდან გათავისუფლების დროს არ ითვალისწინებდა მორალური ზიანის ანაზღაურებას. ამდენად, მოპასუხე მოითხოვდა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. გ-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ თ. გ-ე მუშაობდა რა ........ პროკურატურაში, იმყოფებოდა შრომით ურთიერთობაში ადმინისტრაციულ ორგანოსთან და «საჯარო სამსახურის Aშესახებ» კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს, ხოლო მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის «გ» ქვეპუნქტის თანახმად, პროკურორებზე აღნიშნული კანონის მოთხოვნები ვრცელდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ იყო დადგენილი. «პროკურატურის შესახებ» ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის «თ» ქვეპუნქტის შესაბამისად, პროკურატურის მუშაკი შეიძლებოდა პროკურატურიდან დაეთხოვათ საკუთარი ნება-სურვილით. რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ სავალდებულო იყო მისი დანიშვნა სხვა თანამდებობაზე, ვინაიდან «პროკურატურის შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის პირველი ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს პროკურატურას ხელმძღვანელობდა ......... პროკურორი, ხოლო ამავე მუხლის მე-6 პუნქტის «დ» ქვეპუნქტის მიხედვით, ........... პროკურორი თანამდებობაზე ნიშნავდა და ათავისუფლებდა ქვემდგომ პროკურორებს, გამომძიებლებსა და პროკურატურის სხვა მუშაკებს, რაც წარმოადგენდა მის დისკრეციულ უფლებამოსილებას.

რაც შეეხებოდა მოსარჩელის მოთხოვნას მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, რაიონული სასამართლოს განმარტებით, სკ-ის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არაქონებრივი ზიანისთვის ფულადი ანაზღაურება შეიძლებოდა მოთხოვნილი ყოფილიყო მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, ხსენებული ნორმა გამორიცხავდა არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ იგი კანონით არ იყო დადგენილი. მოქმედი კანონმდებლობა, მართალია, ითვალისწინებდა არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურების სხვადასხვა შემთხვევას, მაგრამ არა თანამდებობიდან გათავისუფლების დროს.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 17 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. გ-ემ.

აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ იგი 2002წ. ნოემბერში ......... პროკურატურის კანცელარიაში არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად, მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, ახალგორის რაიონის პროკურატურიდან გადაყვანილ იქნა ......... პროკურატურის აპარატის კანცელარიის უფროსად. მას შემდეგ, რაც კანცელარიაში მდგომარეობა გამოსწორდა, მიიჩნია, რომ ვალი მოიხადა და მოხსენებითი ბარათით მიმართა ......... პროკურორს, რომ დაებრუნებინათ საპროკურორო-საგამოძიებო სფეროში, წინააღმდეგ შემთხვევაში გააგრძელებდა მუშაობას კანცელარიის უფროსის თანამდებობაზე. ამის შემდეგ მას, აპელანტის განმარტებით, არანაირი განცხადება არ დაუწერია. აღნიშნულის მიუხედავად, როგორც მისთვის ცნობილი გახდა, იგი გათავისუფლდა სამუშაოდან «პროკურატურის შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის «თ» ქვეპუნქტის თანახმად. იმის გამო, რომ გათავისუფლების შესახებ ბრძანება უკანონოდ მიაჩნდა, არაერთი განცხადებით მიმართა საქართველოს ....... პროკურორს და ითხოვდა კადრების განკარგულებაში სათანადო ანაზღაურებით გადაყვანას, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია.

აპელანტის განმარტებით, სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონზე და თუ იგი, მისი თანამდებობიდან გამომდინარე, საჯარო მოსამსახურეს წარმოადგენდა, მაშინ პროკურატურის ორგანოებიდან დათხოვნის ბრძანებაში მითითებული არ უნდა ყოფილიყო «პროკურატურის შესახებ» ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის «თ» ქვეპუნქტი, ვინაიდან მითითებული მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლზე მითითებით, მას შეეძლო თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა ან პროკურატურიდან დაეთხოვა მხოლოდ პროკურატურის მუშაკი. «პროკურატურის მუშაკის» ცნების ქვეშ კი მხოლოდ პროკურორი, პროკურატურის გამომძიებელი, პროკურატურის მრჩეველი და პროკურატურის სტაჟიორი იგულისხმებოდა. ვინაიდან, აპელანტის მითითებით, ამ ჩამონათვალის განვრცობა დაუშვებელი იყო, მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანების შედგენისას დაირღვა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 110-ე და 112-ე მუხლების მოთხოვნები.

აპელანტის მითითებით, სასამართლომ უკანონოდ ცნო მისი მოთხოვნა პროკურატურიდან დათხოვნის შესახებ ¹902-პ ბრძანების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, ვინაიდან იგი გათავისუფლდა მხოლოდ თანამდებობიდან და არა პროკურატურიდან. მას უფლება ჰქონდა, მოეთხოვა ხელფასის ანაზღაურება სამსახურში იძულებითი არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში და მორალური ზიანის ანაზღაურება, მით უფრო, რომ პროკურატურის მუშაკების სამსახურიდან დათხოვნა მიმდინარეობდა იმ პიარკამპანიის ფონზე, როდესაც ითხოვდნენ კორუმპირებულ და სახელგატეხილ მუშაკებს. საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი, რომ ისიც ამ კატეგორიას განეკუთვნებოდა, რითიც შეილახა მისი პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია და რამაც განაპირობა მისთვის მორალური ზიანის მიყენება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 17 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილებას.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 11 მაისის განჩინებით თ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 17 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, აპელანტი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს, ხოლო ამავე კანონის 11.2 მუხლის თანახმად კი, პროკურორებზე ამ კანონის მოთხოვნები ვრცელდებოდა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ იყო დადგენილი. «პროკურატურის შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის 34.1 მუხლის «თ» ქვეპუნქტის შესაბამისად, პროკურატურის მუშაკი პროკურატურიდან შეიძლებოდა დაეთხოვათ საკუთარი ნება-სურვილით. ამავე კანონის 7.1 მუხლის თანახმად, საქართველოს პროკურატურას ხელმძღვანელობდა საქართველოს ......... პროკურორი, 7.6 მუხლის «დ» ქვეპუნქტის შესაბამისად კი, იგი თანამდებობაზე ნიშნავდა და თანამდებობიდან ათვისუფლებდა ქვემდგომ პროკურორებს, გამომძიებლებს და პროკურატურის სხვა მუშაკებს. საქართველოს ........ პროკურორს თ. გ-ე არ დაუნიშნავს სხვა თანამდებობაზე, იგი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, რის გამოც სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ბრძანება აპელანტის დათხოვნის ნაწილში გამოცემული იყო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

რაც შეეხებოდა მოთხოვნას არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურების ნაწილში, სააპელაციო პალატის მითითებით, მოსარჩელემ ვერ წარადგინა იმის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რომ სამსახურიდან დათხოვნის შედეგად მას მიადგა მორალური ზიანი. ამასთან, სკ-ის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლებოდა მოთხოვნილი ყოფილიყო კანონმდებლობით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში, ანუ ხსენებული ნორმა გამორიცხავდა არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ იგი კანონით არ იყო დადგენილი. ამასთან, სააპელაციო პალატის განმარტებით, «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 14.1 მუხლის შესაბამისად, საქართველოს შრომის კანონმდებლობა მოხელეებსა და დამხმარე მოსამსახურეებზე ვრცელდებოდა ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით, ამავე კანონის 127.1 მუხლის თანახმად კი, მოხელეს უფლება ჰქონდა, კანონმდებლობით დადგენილ ერთთვიან ვადაში გაესაჩივრებინა სასამართლოში სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება, ე.ი. აღნიშნული ნორმა არ ითვალისწინებდა ბრძანების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადას. საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ, მართალია, თ. გ-ეს არ ჰქონდა ჩაბარებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ასლი, მაგრამ მისთვის იმთავითვე ცნობილი გახდა ბრძანების გამოცემის თარიღისა და მისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შესახებ. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყებოდა მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლებოდა დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. როგორც საქმის მასალებით დასტურდებოდა, თ. გ-ემ სასამართლოს მიმართა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 127.1 მუხლით გათვალისწინებული ერთთვიანი ვადის დარღვევით, რაც ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის დამოუკიდებელი საფუძველი იყო.

ამასთან, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა ის ფაქტი, რომ ადმინისტრაციამ სპეციალურად დააყოვნა შრომის წიგნაკის გაცემა და ამით აპელანტს ხელი შეეშალა დასაქმებაში და განიცადა ზიანი.

სააპელაციო სასამართლოს მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. გ-ემ.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 11 მაისის განჩინების გაუქმებასა და მისი სარჩელის დაკმაყოფილებას.

კასატორი საკასაციო საჩივარს ძირითადად აფუძნებდა იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005წ. 12 სექტემბრის განჩინებით თ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 11 მაისის განჩინება შრომის წიგნაკის გაცემის დაყოვნებისათვის გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006წ. 18 იანვრის განჩინებით თ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 17 დეკემბრის გადაწყვეტილება საქართველოს ......... პროკურორის მიმართ თ. გ-ის სარჩელზე შრომის წიგნაკის გაცემის დაყოვნების გამო, იძულებით გაცდენილი დროის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში.

სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ შრომის კანონთა კოდექსის 98-ე მუხლი, რომლითაც დადგენილი იყო შრომის წიგნაკის გაცემის დაყოვნებისათვის ადმინისტრაციის მიერ მუშაკისათვის ზიანის ანაზღაურების მოვალეობა, რაც გულისხმობდა შრომის წიგნაკის მიღებისაკენ მიმართულ მუშაკის ნების არსებობას და ადმინისტრაციის ბრალით მისი რეალიზაციის შეფერხებას.

საქმის მასალებში არ მოიპოვებოდა თ. გ-ის განცხადება ან სხვა სახის მიმართვა ......... პროკურატურისადმი შრომის წიგნაკის გაცემის თაობაზე და მოპასუხის უარი. აქედან გამომდინარე, რადგან მოსარჩელეს არ მიუმართავს შრომის წიგნაკის გადაცემის მოთხოვნით, ბუნებრივია, მას ვერც მის მიღებას დაუყოვნებდნენ. სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელე თ. გ-ეს უნდოდა პროკურატურის ორგანოებში აღდგენა და ამ უკანასკნელისაგან შრომის წიგნაკის მიღება მის ინტერესებში არ შედიოდა.

სასამართლოს მითითებით, საქმეში არ მოიპოვებოდა შრომის კანონთა კოდექსის 98-ე მუხლის გამოყენების სხა ძირითადი წინაპირობაც _ ......... პროკურატურის ბრალეული მოქმედება, შრომის წიგნაკის გაუცემლობა მხოლოდ ობიექტური ფაქტორის _ მართლწინააღმდეგობის მხრივ ახასიათებდა მოპასუხის უმოქმედობას, ხოლო ........ პროკურატურის მიერ ბრალეულად, განზრახ ან გაუფრთხილებლობით ქმედების ჩადენის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვებოდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006წ. 18 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. გ-ემ.

კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა შრომის კანონთა კოდექსის 98-ე მუხლი, რომლითაც დადგენილი იყო შრომის წიგნაკის გაცემის დაყოვნებისათვის ადმინისტრაციის მიერ მუშაკისათვის ზიანის ანაზღაურების მოვალეობა, ვინაიდან, სასამართლოს განმარტებით, თითქოს ზიანის ანაზღაურება გულისხმობდა შრომის წიგნაკის მიღებისაკენ მიმართულ მუშაკის ნების არსებობას და ადმინისტრაციის ბრალით მისი რეალიზაციის შეფერხებას.

კასატორის განმარტებით, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 127-ე მუხლი ბლანკეტური დისპოზიციის მქონე ნორმაა და შეიცავს განკარგულებას კომპეტენტური ორგანოს მიერ გამოცემული აქტების შესრულების აუცილებლობაზე, კერძოდ, კანონმდებელი ამ შემთხვევაში მიუთითებს «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 110-ე, შრომის კანონთა კოდექსის 41-ე, 98-ე და სხვა მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვაზე, რაც იმაში გამოიხატება, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 110-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამსახურიდან გათავისუფლება ფორმდება ბრძანებით, განკარგულებით ან დადგენილებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტიდან გამომდინარე, სავალდებულოა, შრომის წიგნაკში გაკეთდეს შესაბამისი ჩანაწერი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, გათავისუფლების თარიღის აღნიშვნით, ვინაიდან დასახელებული ნორმები ზოგადი ხასიათისაა და მოითხოვს შემდგომში დაკონკრეტებას. «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მე-14 მუხლიდან გამომდინარე, საჯარო მოსამსახურეების მიმართ გამოყენებული უნდა ყოფილიყო შრომის კანონთა კოდექსის 41-ე მუხლი, რომელიც უშუალოდ შრომის წიგნაკის წარმოების წესს განსაზღვრავდა და ავალდებულებდა ადმინისტრაციას, შრომის წიგნაკი ყოველვარი გამონაკლისის გარეშე მუშაკისთვის მიეცა უშუალოდ სამუშაოდან დათხოვნის დღეს.

კასატორი აღნიშნავს, რომ მუშაკისათვის შრომის წიგნაკისა და, შესაბამისად, დათხოვნის შესახებ ბრძანების დათხოვნის დღესვე გადაცემის ვალდებულება რომ კანონის იმპერატიული მოთხოვნა იყო, აღნიშნულს ადასტურებდა შრომის კანონთა კოდექსის 98-ე მუხლის შინაარსიც. მასში ნათქვამი იყო, რომ ადმინისტრაციის ბრალით შრომის წიგნაკის გაცემის დაყოვნებისას მუშაკს ეძლეოდა საშუალო ხელფასი იძულებით გაცდენის მთელი დროისათვის. მეტიც, სახელმწიფო იმდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს შრომის კანონმდებლობას, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე მუხლის შესაბამისად, იმ თანამდებობის პირებს, ვინც დაუშვებს კანონის მოთხოვნებიდან გადახვევას, აკისრებს ჯარიმას შრომის ანაზღაურების მინიმალურ ოდენობამდე.

კასატორის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ არაერთგზის მიმართა ........ პროკურორს და მოითხოვა სამსახურიდან მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანების და, შესაბამისად, შრომის წიგნაკის გადაცემა, საქართველოს .......... პროკურატურიდან ბრძანების ასლი მიიღო მხოლოდ 2004წ. 13 ოქტომბერს და ისიც მოსამართლისაგან, ანუ მაშინ, როდესაც მისი სარჩელის განხილვა დიდი ხნის დაწყებული იყო რაიონულ სასამართლოში. შრომის წიგნაკი კი 2006წ. მარტის ბოლომდე არ მიუღია, რასაც არ უარყოფს თვით ......... პროკურატურაც, თუმცა აღნიშნული პროკურატურის წარმომადგენელმა იმ გარემოებით ახსნა, რომ პროკურატურაში მიმდინარეობდა რეორგანიზაცია _ 1470 მუშაკიდან შემცირდა 1/3, ამიტომ ტექნიკურად შეუძლებელი იყო გათავისუფლების თაობაზე ბრძანების გადაცემა ტექნიკური მუშაკებისთვის და მათი შრომის წიგნაკში გატარება, ხოლო შემდგომ, 2006წ. 18 იანვრის სასამართლო პროცესზე, იმ გარემოების გამო, რომ ........... პროკურატურაში მიმდინარეობდა რემონტი და, ასევე, 2004 წლიდან რეორგანიზაცია, ტექნიკურად გართულდა შრომის წიგნაკის გადაცემა, რითაც, ფაქტობრივად, აღიარა ........ პროკურატურის ბრალით შრომის წიგნაკის გაუცემლობის ფაქტი.

კასატორის მითითებით, თუ მისთვის შრომის წიგნაკის გადაუცემლობაში პროკურატურას განზრახი ბრალი არ მიუძღვის, ეს კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ იმ პირებს, რომლებსაც დაევალათ პროკურატურის მუშაკთა მასიურად დათხოვნისათვის ორგანიზაციის გაკეთება, წინასწარ არ უნდა განესაზღვრათ, თუ რა მოცულობის სამუშაოების გაწევა მოუხდებოდათ და რა რაოდენობის კადრები დასჭირდებოდათ იმისათვის, რომ კანონის ელემენტარული მოთხოვნა გარეგნულად მაინც დაეცვათ.

კასატორის მოსაზრებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ არც ერთ ნაწილში არ იქნა შესრულებული უზენაესი სასამართლოს 2005წ. 12 სექტემბრის განჩინების მითითებები, უფრო მეტიც, საქმის განხილვა მოხდა აშკარად ტენდენციურად და არაობიექტურად. სასამართლომ ასევე უგულებელყო მისი 2006წ. 25 იანვრის განცხადება სხდომის ოქმში შესწორებების შეტანის თაობაზე და განიხილა რა საქმე ცალმხრივად და ტენდენციურად, არასწორად გამოიყენა და განმარტა კანონები და მიიღო აშკარად უკანონო გადაწყვეტილება.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხე ......... პროკურატურისთვის დაკისრებოდა შრომის წიგნაკის გაცემის დაყოვნებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების დაკისრება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად მიიჩნევს, რომ თ. გ-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: თ. გ-ე 1980 წლიდან მუშაობდა საქართველოს ......... პროკურატურაში სხვადასხვა თანამდებობაზე, ხოლო 2002 წლიდან საქართველოს ........ პროკურატურის კანცელარიის უფროსად. 2004წ. 8 ივნისს თ. გ-ემ მოხსენებითი ბარათით მიმართა ........ პროკურორს და მოითხოვა მისი პრაქტიკული გამოცდილების გათვალისწინებით, საპროკურორო-საგამოძიებო საქმიანობისთვის დაბრუნება. 2004წ. 10 ივნისს კასატორმა საქართველოს .......... პროკურორს მიმართა განცხადებით, რომლითაც მოითხოვა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება და სხვა თანამდებობაზე დანიშვნა. საქართველოს ......... პროკურორის 2004წ. 11 ივნისის ¹902-პ ბრძანებით კასატორი გათავისუფლდა ......... პროკურორის აპარატის კანცელარიის უფროსის თანამდებობიდან «პროკურატურის შესახებ» ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის «თ» ქვეპუნქტის თანახმად, საკუთარი ნება-სურვილით, ხოლო ხსენებული ბრძანების საფუძვლად მიეთითა პირად განცხადებაზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005წ. 12 სექტემბრის განჩინებით თ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და გასაჩივრებული განჩინება გაუქმდა შრომის წიგნაკის გაცემის დაყოვნებისათვის გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს, ხოლო დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელად, ამდენად, თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 17 დეკემბრის გადაწყვეტილება ........ პროკურორის 2004წ. 11 ივნისის ¹902 ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში, რის გამოც საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს მხოლოდ შრომის წიგნაკის გაცემის დაყოვნებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ, ვინაიდან საქმის მასალებში არ მოიპოვება თ. გ-ის განცხადება ან სხვა სახის მიმართვა ........ პროკურატურისადმი შრომის წიგნაკის გაცემის თაობაზე და მოპასუხის უარი აღნიშნულზე _ რადგან მოსარჩელეს არ მიუმართავს მოპასუხისთვის შრომის წიგნაკის გადაცემის მოთხოვნით, მას ვერც მის მიღებას დაუყოვნებდნენ.

საკასაციო სასამართლო ასევე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ შრომის კანონთა კოდექსის 98-ე მუხლის გამოყენების სხა ძირითადი წინაპირობაც _ ........ პროკურატურის ბრალეული ქმედება, .......... პროკურატურის მიერ ქმედების ბრალეულად _ განზრახ ან გაუფრთხილებლობით ჩადენის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება, ხოლო თ. გ-ეს სურდა პროკურატურის ორგანოებში აღდგენა, რის გამოც მოპასუხისაგან შრომის წიგნაკის მოთხოვნა მის ინტერესებში არ შედიოდა.

შრომის კანონთა კოდექსის 41-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სამუშაოდან დათხოვნისას მუშაკს შრომის წიგნაკს აძლევდნენ დათხოვნის დღეს, ხოლო იმავე კოდექსის 98-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციის ბრალით შრომის წიგნაკის გაცემის დაყოვნებისას მუშაკს ეძლეოდა საშუალო ხელფასი იძულებითი გაცდენის მთელი დროისათვის.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, მართალია, შრომის კანონთა კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის იმპერატიული ნორმა მოითხოვდა სამუშაოდან დათხოვნისას მუშაკისთვის შრომის წიგნაკის მიცემას დათხოვნის დღეს, მაგრამ აღნიშნულ ვადაში შრომის წიგნაკის მიუცემლობის მხოლოდ ფაქტის არსებობა ვერ დააფუძნებდა მუშაკის მიმართ შესაბამისი ადმინისტრაციის მატერიალური ვალდებულების წარმოშობას შრომის კანონთა კოდექსის 98-ე მუხლის ფარგლებში, ვინაიდან აღნიშნული კოდექსის 98-ე მუხლში ადმინისტრაციის ბრალზე მითითება გამორიცხავდა საშუალო ხელფასის ანაზღაურების ვალდებულების არსებობას ადმინისტრაციის არაბრალეულობის შემთხვევაში. საქმის მასალებში წარმოდგენილია სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი, რომელიც შეიცავს პროკურატურის წარმომადგენლის მითითებას იმის თაობაზე, რომ ........ პროკურატურაში 2004 წლიდან მიმდინარეობდა რეორგანიზაცია, რის გამოც ტექნიკურად გართულდა შრომის წიგნაკის გაცემა, ხოლო თ. გ-ეს მისი მიღების მოთხოვნით არ მიუმართავს ......... პროკურატურისათვის. მაშასადამე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება, სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია სავალდებულოდ, რადგან კასატორს არ წამოუყენებია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თ. გ-ის მოთხოვნას შრომის წიგნაკის გაცემის დაყოვნებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების თაობაზე, არ გააჩნია შესაბამისი ობიექტური გამოვლინება, რაც ფორმალურად, ანუ შესაბამისი მტკიცებულების სახით უნდა ასახულიყო მოცემული საქმის მასალებში, ხსენებული მასალებით კი არ დასტურდება სხვა სამსახურში დასაქმებაზე კასატორისათვის ხელის შეშლის ფაქტი, რაზეც უდავოდ მიუთითებს ის გარემოება, რომ კასატორს არასოდეს მოუთხოვია მისთვის შრომის წიგნაკის გადაცემა (საქმის მასალებით ასეთი რამ არ დასტურდება), მით უმეტეს, ზემოაღნიშნული მოტივით (სხვა სამსახურში დასაქმება). პირიქით, წინამდებარე საქმის მასალების დეტალური და საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება საშუალებას იძლევა დავადგინოთ თ. გ-ის ნების გამოვლენის ნამდვილი შინაარსი და მიმართება, კერძოდ, ის, რომ მისი ნება მიმართული იყო მხოლოდ პროკურატურის ორგანოებში კვლავ აღდგენისა და დასაქმებისაკენ, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მთელი რიგი მტკიცებულებებით, კერძოდ, თ. გ-ის განცხადებებით ........ პროკურორისადმი. აღნიშნული განცხადებებით თ. გ-ე მოითხოვდა პროკურატურის ორგანოებში სამუშაოდ დაბრუნებას.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ ......... პროკურატურის წარმომადგენელმა მიუთითა რა იმ გარემოებაზე, რომ პროკურატურაში რეორგანიზაცია მიმდინარეობდა, რის გამოც ტექნიკურად შეუძლებელი იყო გათავისუფლების თაობაზე ბრძანების გადაცემა ტექნიკური მუშაკებისთვის და მათი შრომის წიგნაკში გატარება, აღნიშნულით მან, ფაქტობრივად, აღიარა ...... პროკურატურის ბრალით შრომის წიგნაკის გაუცემლობის ფაქტი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირევლი და მე-2 ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. აღნიშნული კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ, როგორც საკასაციო სასამართლოს 2006წ. 10 ოქტომბრის სხდომაზე საქართველოს ....... პროკურატურის წარმომადგენელმა განმარტა, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმის თაობაზე, რომ თ. გ-ემ 2004-2006 წლებში მოითხოვა შრომის წიგნაკი, ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მიმართავდა რომელიმე უწყებას სამსახურის დასაწყებად და მიიღებდა უარს საქართველოს ........ პროკურატურის ბრალეულობით შრომის წიგნაკის უქონლობის გამო, საქართველოს ....... პროკურატურა მაშინ დააბრკოლებდა თ. გ-ეს და არ მისცემდა მას საშუალებას დაეწყო სხვა სამსახური.

ამდენად, საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოცემული საქმის მასალებში საერთოდ არ მოიპოვება შესაბამისი მტკიცებულება, კერძოდ, თ. გ-ის განცხადება, რომელიც მიუთითებდა კასატორის იძულებით მოცდენაზე მოპასუხე საქართველოს ....... პროკურატურის ბრალით, ხოლო ხსენებული გარემოება ზემოაღნიშნულ მეორე გარემოებასთან (კასატორის ნების ფაქტობრივი მიმართება მხოლოდ პროკურატურის ორგანოებში კვლავ დასაქმებისაკენ) კომპლექსში პირდაპირ და ერთმნიშვნელოვნად აფუძნებს საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 98-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების არარსებობას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006წ. 18 იანვრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.