№ას-170-164-2012 27 თებერვალი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე –მაია სულხანიშვილი
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა თ. შ-ის წარმომადგენლის გ. ტ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ნოემბრის განჩინებაზე, საქმეზე – თ. შ-ის სარჩელის გამო მოპასუხე გ. მ-ის მიმართ მეუღლეთა საერთო ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობა.
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ თ. შ-ის წარმომადგენლის გ. ტ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 თებერვლის განჩინებით კასატორს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში, საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის – 4730 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ აღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგეენელს გ. ტ-ეს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა 2012 წლის 13 თებერვალს (ს.ფ.85), შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა ამოიწურა 2012 წლის 20 თებერვალს, მაგრამ აღნიშნულ ვადაში კასატორის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. შ-ის წარმომადგენლის გ. ტ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.