Facebook Twitter

ას-1719-1702-2011 2 თებერვალი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – თ. ა-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ ა. უ-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 სექტემბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სამკვიდრო ქონებიდან წილის მოთხოვნა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. ა-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. უ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა ამბროლაურის რაიონის სოფელ ზ-ში მდებარე, აწ გარდაცვლილ გ. უ-ის დანაშთ ქონებაზე მემკვიდრედ ცნობა და სამკვიდრო ქონებიდან ნაწილის მიღება იდეალური და რეალური წილის სახით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ გასული იყო სამკვიდროს მიღების ექვსთვიანი ვადა.

ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით თ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ა-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით თ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

თ. ა-ე და აწ გარდაცვლილი ავთანდილ უ-ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2004 წლიდან.

მათი შვილი – თ. უ-ე დაიბადა 2001 წლის 31 დეკემბერს.

ავთანდილ უ-ე გარდაიცვალა 2005 წლის იანვარში, მისი მამა – გ. უ-ე კი, გარდაიცვალა 1999 წლის 9 ივლისს, რომლის დანაშთი ქონება მდებარეობს ამბროლაურის რაიონის სოფელ ზ-ში.

1999 წლის 30 იანვარს შედგენილი ანდერძით გ. უ-ემ თავისი საცხოვრებელი სახლი, მდებარე ამბროლაურის რაიონის სოფელ ზ-ში, უანდერძა თავის შვილს – ა. უ-ეს.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ «საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობის, კოლმეურნეობის და სხვა სასოფლო–სამეურნეო საწარმოთა რეორგანიზაციის წესის შესახებ» სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის ¹29 დეკრეტისა და მთავრობის 1992 წლის 22 ოქტომბრის ¹949 დადგენილების საფუძველზე, 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობისა და კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ–სამართლებრივ ფორმებზე გადასვლა, კოლმეურნეობების გაუქმებასთან ერთად არსებობა შეწყვიტა საკოლმეურნეო კომლმაც. «სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ» 1996 წლის 22 მარტის საქართველოს კანონის მე–4 მუხლის მეხუთე პუნქტის შესაბამისად, საკომლო მეურნეობა რეგისტრირებული უნდა იქნეს საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში). ამავე კანონის 21-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, ურთიერთობები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ კანონით, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოცემულ საქმეზე მხარეთა შორის დავა უნდა გადაწყვეტილიყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმათა გათვალისწინებით.

სააპელაციო პალატამ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას იხელმაძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1345-ე, 1344-ე 1371-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ რომ არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების კანონით გათვალისწინებული საფუძველი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 5 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ა-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორად განმარტა იგი, ამასთან, არასრულყოფილად გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ უსჯელია მასზე, თუ როდის გაიარა რეგისტრაცია კომლში მოპასუხე ა. უ-ემ და რის საფუძველზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 დეკემბრის განჩინებით თ. ა-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას თ. ა-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

«სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონის მეხუთე მუხლის პირველი ნაწილის «ქ» ქვეპუნქტის შესაბამისად, კასატორი თ. ა-ე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. ა-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.