ას-1724-1706-2011 2 თებერვალი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ დ. ა-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ა. მ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად
დავის საგანი _ ზიანისა და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ. ა-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. მ-ის მიმართ დანაშაულით მიყენებული ზიანის _ 30000 ლარისა და მიუღებელი შემოსავლის _ 60000 ლარის ანაზღაურების შესახებ.
მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო.
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 30000 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში კი,სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში დ. ა-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი:
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 22 თებერვლის განაჩენით ა. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვრა 1 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, ა. მ-ს დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით.
ამავე განაჩენით დადგინდა, რომ ა. მ-მა 2009 წლის შემოდგომაზე გაყიდა თვითნებურად მითვისებული, დ. ა-ის კუთვნილი, 30 000 ლარის ღირებულების ცხვრები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლების საფუძველზე, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის განმარტება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა სასამართლო სხდომის გადადებასთან დაკავშირებით მიუხედავად იმისა, რომ წარდგენილი ჰქონდა წერილობითი მოთხოვნა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ზოოვეტერინალურ ფაკულტეტის მიმართ მოწინააღმდეგე მხარის მიერ მიყენებული ზიანის გამო მიუღებელი შემოსავლის ნაწილში დასკვნის მიღების თაობაზე. როგორც სასამართლოს სხდომის ოქმიდან დგინდება, მოსარჩელეს აღნიშნული შუამდგომლობებით სასამართლოსთვის არ მიუმართავს. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 291-ე მუხლით მისთვის მინიჭებული უფლება არ გამოუყენებია.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მართებულად იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 408-ე და 411-ე მუხლებით.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებების წარდგენით ვერ დაამტკიცა მიუღებელი შემოსავლის ფაქტი. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა და მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ნაწილში არ დააკმაყოფილა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება დ. ა-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლოს არ გაითვალისწინა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 992-ე, 408-ე და 411-ე მუხლებიდან გამომდინარე, მოპასუხე ვალდებული იყო, აენაზღაურებინა მოსარჩელისათვის მიუღებელი შემოსავალიც. სასამართლოს არ შეუფასებია პროფესორ თ.პ-ის, როგორც ექსპერტის დასკვნა მიუღებელი შემოსავლის თაობაზე. იმ ფაქტს კი, რომ ცხვარს ყოველ წელს ჰყავს ნამატი, დადასტურება არ ესაჭიროება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 დეკემბრის განჩინებით დ. ა-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა დ. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დ. ა-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.