ას-1733-1714-2011 2 თებერვალი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ შპს ,,ს. რ-ა” (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ინდივიდუალური მეწარმე ა. გ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი _ საიჯარო ქირის დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს ,,ს. რ-ამ” სარჩელი აღძრა სასამართლოში ინდივიდუალურ მეწარმე ა. გ-ის მიმართ და მოითხოვა მოსარჩელის სასარგებლოდ 2005 წლის 20 აპრილს დადებული იჯარის ¹9 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხისათვის 6363,58 ლარის გადახდის დაკისრება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით შპს ,,ს. რ-ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ინდივიდუალურ მეწარმე ა. გ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და შპს ,,ს. რ-ის’’ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ინდივიდუალურ მეწარმე ა. გ-ეს დაეკისრა ძირითადი საიჯარო ქირის _ 949 აშშ დოლარისა და საურავის _ 1944 აშშ დოლარის გადახდა შპს ,,ს. რ-ის” სასარგებლოდ შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი:
2005 წლის 20 აპრილს შპს ,,ს. რ-ასა’’ და ინდივიდუალურ მეწარმე ა. გ-ეს შორის 5 წლის ვადით გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება. იჯარის თანხა განისაზღვრა ყოველთვიურად 36,50 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით.
იჯარის საგნის მესაკუთრე 2010 წლის 8 ივნისიდან იყო შპს ,,რ. ფ. მენეჯმენტი’’. შესაბამისად, პალატამ ჩათვალა, რომ შპს ,,ს. რ-ას’’ შეეძლო მისი მოთხოვნები დაეკავშირებინა 2008 წლის 16 მარტიდან (სარჩელის აღძვრამდე 3 წლის წინ პერიოდიდან) 2010 წლის 8 ივნისამდე (როცა სხვა გახდა იჯარის ობიექტის მესაკუთრე), ხოლო 2008 წლის 16 მარტამდე პერიოდზე შპს ,,ს. რ-ის” მოთხოვნა კი ხანდაზმული იყო და მასზე სააპელაციო სასამართლო არ იმსჯელებდა.
თანხის გადაუხდელობა აპელანტს სადავოდ არ გაუხდია, მაგრამ განმარტა, რომ მას არ ეკუთვნოდა იჯარის ქირის გადახდა, რადგან 2007 წლის 3 მაისიდან მას ელექტროენერგია ობიექტში არ მიეწოდებოდა მეიჯარის ბრალით და მის სამეწარმეო საქმიანობას ხელი ეშლებოდა. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტმა განმარტა, რომ იხდიდა გადასახადებს გარკვეული პერიოდი, თუმცა ამის დამადასტურებელი მტკიცებულება ვერ წარადგინა.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა შპს ,,ს. რ-ის’’ განმარტაზე, რომ ხელშეკრულების დადების შემდეგ, რკინიგზას ელექტროენერგიის ობიექტისათვის მიწოდების უფლება არ ჰქონდა, აღნიშნულისათვის იგი ყველანაირ მოლაპარაკებას აწარმოებდა შესაბამის ორგანოსთან, თუმცა მითითებულის თაობაზე ხელშეკრულებაში საუბარი არ არის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 129-ე მუხლის, 316-ე მუხლისა და 317-ე მუხლების პირველი ნაწილების თანახმად, პალატამ დაადგინა, რომ სადავო იჯარის ხელშეკრულების მიმართ მოქმედებდა ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა. შესაბამისად, სასამართლომ ისმჯელა 2008 წლის 16 მარტიდან (ვინაიდან სარჩელი აღიძრა 2011 წლის 16 მარტს განხილულ უნდა იქნას ამ დრომდე 3 წლის წინა პერიოდი) 2011 წლის 8 ივნისამდე პერიოდზე, 2008 წლის 16 მარტამდე პერიოდზე კი, მოთხოვნა ხანდაზმული იყო.
სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა აპელანტის პოზიცია სასარჩელო ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, რადგან 2005 წლის 20 აპრილის ¹9 საიჯარო ხელშეკრულების მოქმედების ვადა იწურებოდა 2010 წლის 20 აპრილს, საიჯარო ქირის დავალიანების გადახდის კი _ 2008 წლის 16 მარტამდე.
სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის მეორე ნაწილისა და 559-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ მოთხოვნა ხელშეკრულების ყველა ეტაპზე ხანდაზმულია.
სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ 2008 წლის 16 მარტიდან 2010 წლის 8 ივნისამდე, ანუ ვიდრე იჯარით აღებულ ფართს შპს ,,რ. ფ. მენეჯმენტი” დაიკავებდა, აპელანტ ა. გ-ეს უნდა დაეკისროს მის მიერ დაკავებული ფართის იჯარის თანხა თავისი საურავით. აპელანტი არ უარყოფს, რომ თანხა გადახდილი არ არის, თუმცა განმარტავს, რომ მას თანხის გადახდა არ ევალება, რადგან მეიჯარემ ნაკლიანი საგანი გადასცა.
საქმის მასალებით (ხელშეკრულების 4.3. მუხლი) სასამართლომ დაადგინა, რომ ,,მოიჯარე” ვალდებულია, კანონით გათვალისწინებული წესით უზრუნველყოს შესაბამის ორგანოებთან (საგადასახადო, მაკონტროლებელი, სამართალდამცავი, სანეპითზედამხედველობის, სახანძრო და სხვა) ურთიერთობა და პასუხისმგებელია მათი მოთხოვნების შესრულებაზე.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, არასწორია ინდივიდუალურ მეწარმე ა. გ-ის პოზიცია, რომ შპს ,,ს. რ-ა” ვალდებული იყო, მოეწესრიგებინა ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები და შპს ,,ს. რ-ის” მიერ 2007 წლის 3 მაისიდან ა. გ-ისადმი ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის გამო იჯარის ობიექტი უნდა ჩაითვალოს ნაკლის მქონე ნივთად.
პალატამ მიუთითა, რომ იჯარის ხელშეკრულების 3.1. პუნქტის მე-4 წინადადების მიხედვით, ,,მეიჯარეს” უფლება აქვს და არა ვალდებულია, ,,მოიჯარის” მიერ საიჯარო ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში ქირის გადაუხდელობის მომენტიდან 3 თვის განმავლობაში შეწყვიტოს იჯარის ხელშეკრულება.
სასამართლომ განმარტა, რომ შპს ,,ს. რ-ის» მიერ დასაბუთებულია ხელშეკრულების შეწყვეტაზე უარი სამოქალაქო კოდექსის 588-ე მუხლიდან გამომდინარე. მოიჯარე ა. გ-ეს არ შეუთავაზებია მეიჯარე შპს ,,ს. რ-ისათვის” ახალი მოიჯარე, რომელიც იმავე პირობებს მიიღებდა. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტი ვალდებული იყო, ეხადა საიჯარო ქირა მოსარჩელისათვის. 2008 წლის 16 მარტამდე პერიოდი ხანდაზმულია, ამდენად, ა. გ-ემ შპს ,,ს. რ-ას” უნდა გადაუხადოს 2008 წლის 16 მარტიდან 2010 წლის 8 ივნისამდე _ 26 თვეზე საიჯარო ქირის გადასახადი, რაც მთლიანობაში შეადგენს (26X36,50 აშშ დოლარზე) 949 აშშ დოლარს (გადასახდელი საიჯარო ქირის სახით).
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტი ვალდებულია, გადაუხადოს მოსარჩელეს ქონების დაყოვნებისათვის წარმოშობილი დავალიანება ხელშეკრულების დასრულებიდან იჯარის ობიექტის ახალი მესაკუთრისათვის გადაცემის მომენტამდე, რასაც იჯარის ხელშეკრულებაც ითვალისწინებს. ხელშეკრულებით საიჯარო ქირა შეადგენდა 36,50 აშშ დოლარს, შესაბამისად, ა. გ-ეს უნდა დაეკისროს საურავი 36,50 ცენტის 0,15% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის (ანუ 3 წლის განმავლობაში გადაუხდელი პერიოდასათვის, რაც შეადგენს 1080 დღეს, ანუ 36 თვეს) _ 54 აშშ დოლარი, ანუ, ერთობლიობაში _ (36X54) 1944 აშშ დოლარი.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შპს «ს. რ-ამ» გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის მხოლოდ პირველი ნაწილით და არ გაითვალისწინა, რომ სადავო მოთხოვნა ეხება უძრავ ნივთებთან დაკავშირებულ სახელშეკრულებო ურთიერთობას, ვინაიდან მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა კასატორის ბალანსზე რიცხული შენობის ფართი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსაზრების შესაბამისად, თუ მოთხოვნის წარმომშობი ფაქტი არ არის ბუნდოვანი და სხვადასხვა პროცესუალური მეთოდით კვლევა-დადგენას არ საჭიროებს, მოთხოვნის ხანდაზმულობის ინსტიტუტი მასზე არ უნდა გავრცელდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 დეკემბრის განჩინებით შპს «ს. რ-ის» საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა შპს «ს. რ-ის» საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მართალია, სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული განჩინებაში სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილის ნაცვლად, არასწორად გამოიყენა ამავე მუხლის პირველი ნაწილი, თუმცა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნულ დარღვევას საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება არ მოჰყოლია. ამდენად, ზემოხსენებული გარემოება განჩინების გაუქმებას საფუძვლად ვერ დაედება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ შპს «ს. რ-ას» უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2011 წლის 8 დეკემბერს გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს «ს. რ-ის» საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
კასატორ შპს «ს. რ-ას» (საიდენტიფიკაციო კოდი ¹...) დაუბრუნდეს შემდეგ ანგარიშზე: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ «სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე» გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 210 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.