ბს-383-306-კ-05 6 ივლისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე (მომხსენებელი),
ნ. ქადაგიძე
სარჩელის საგანი: ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 28 იანვარს ვ. პ-მა სარჩელი აღძრა კასპის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების _ ა. პ-ისა და კასპის საწესჩვეულებო სამშენებლო მომსახურების სამმართველოს საბინაო განყოფილების მიმართ, ხოლო მესამე პირად მიუთითა ს. მ-ზე.
მოსარჩელემ სარჩელში აღნიშნა, რომ მისმა გარდაცვლილმა მამამ, რომელიც მუშად მუშაობდა კასპის სამშენებლო ტრესტში, 2002 წელს კასპის ყოფილი რაიაღმასკომის კომუნალური მეურნეობის განყოფილების საბინაო-სამშენებლო სამმართველოსგან მიიღო სამოთახიანი კომუნალური ბინა, მდებარე ქ. კასპში, ..... მოსარჩელის მამის გარდაცვალების შემდეგ, აღნიშნულ ბინაში ოჯახებით, ძირითად დამქირავებლებად ჩაწერილი დარჩნენ მოსარჩელე და მისი ძმა _ ა. პ-ი. 1989 წელს მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა, რომ საბინაო განყოფილების უფროსმა მოსარჩელისა და მასთან ერთად მცხოვრები პირების თანხმობისა და ხელმოწერის გარეშე მათ ფართში ჩაწერა მათთვის უცხო პირი, რამაც გამოიწვია სერიოზული დავა მოსარჩელესა და მის ძმას შორის ბინის თაობაზე და მოსარჩელე იძულებული გახდა მიემართა სასამართლოსთვის, რომელმაც 1990წ. 4 აპრილის ¹2/70 გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა სარჩელი და მოსარჩელეს გამოუყო 13,7 კვ.მ-ის ¹3 ოთახი, ხოლო დამხმარე სათავსები ორივე მხარეს დარჩათ საერთო სარგებლობაში, თუმცა მოსარჩელესა და მის ძმას შორის დავა მაინც გრძელდებოდა. 1991 წელს მოსარჩელის ერთ-ერთი ძმა ლტოლვილ მეუღლესთან ერთად დაბრუნდა აფხაზეთიდან, რომელთაც მოსარჩელემ დაუთმო თავისი ფართი. აღნიშნულის შემდეგ საბინაო განყოფილების უფროსი მოსარჩელეს ხსენებულ ფართზე არ ახდევინებდა კომუნალურ გადასახადს, აპირისპირებდა მას ძმებთან და მათ შორის ქმნიდა კონფლიქტურ სიტუაციას. მოსარჩელემ რამდენჯერმე სცადა აღნიშნული გადასახადის შემსალაროდან გადახდა, თუმცა უშედეგოდ.
მოსარჩელის განმარტებით, 2001წ. 9 აგვისტოს, როდესაც მოსარჩელეს ბავშვები ქალაქიდან ერთი კვირით ჰყავდა გაყვანილი, საბინაო განყოფილების უფროსმა მოსარჩელის თანხმობისა და სურვილის გარეშე პრივატიზაცია გაუკეთა ა. პ-ის მიერ დაკავებულ ფართს, რომელიც მიჰყიდა მათ მეზობელ ს. მ-ს. ამასთან, ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება არ გაფორმებულა ოფიციალურად, ხოლო პრივატიზაციას უკანონოდ დაუქვემდებარეს გარედან შესასვლელი და სველი წერტილები, რომლებიც მანამდე იყო საერთო სარგებლობაში. შესაბამისად, სკ-ის 160-ე მუხლის საფუძველზე, უკანონო მფლობელს უნდა ჩამორთმეოდა ხსენებული სველი წერტილები და შესასვლელი, რომლებიც არ გააჩნდა მოსარჩელის ოთახს, ხოლო საბინაო განყოფილების უფროსს პასუხი უნდა ეგო უკანონობისთვის. ს. მ-მა დაანგრია ხსენებული სველი წერტილები და უკანონოდ დაიწყო გარედან ლოჯიის მიშენება, ხოლო ქალაქის არქმშენინსპექციამ ს. მ-ს ჩამოართვა ხელწერილი უკანონო მშენებლობის შეჩერების თაობაზე, თუმცა უშედეგოდ. როდესაც მოსარჩელემ შეიტყო ზემოთ აღნიშნული ბინის გაყიდვის თაობაზე და მიმართა საბინაო განყოფილების უფროსს, რომელმაც გაამართლა ს. მ-ი, ხოლო სასამართლომ ყადაღა დაადო ბინას. აღმასრულებელმა 2001წ. 12 ოქტომბერს დალუქა იგი, ს. მ-მა კი 2001წ. 13 ოქტომბერს, თავის შვილებთან ერთად, ახსნა ბინას ლუქი, რაც გააკეთა განმეორებით დალუქვის შემდეგაც, ანუ ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული, რისთვისაც უნდა დასჯილიყო ისევე, როგორც უკანონო მიშენებისთვის, რომელიც იყო ავარიულ მდგომარეობაში _ აშენებული იყო საძირკვლის გარეშე.
მოსარჩელის განცხადებით, ს. მ-ი სთხოვდა მშენებლობაში გამოყენებული მასალების თანხას, მაშინ, როდესაც მოსარჩელეს მისთვის არ მიუყიდია მისი კუთვნილი ფართი და არც მშენებლობა დაუვალებია მისთვის. სასამართლომ შეტყობინება გაუგზავნა რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილებას ს. მ-ის მიერ წარმოებული უკანონო მშენებლობის შეჩერების თაობაზე, თუმცა ს. მ-მა გააგრძელა თვითნებური მშენებლობა, აგრეთვე, მუშაობდა რა სასამართლოს აღმასრულებლად, სისრულეში მოიყვანა 1990 წელს სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება და უსაფუძვლოდ აცხადებდა, რომ არ იცოდა, ბინა სადავო თუ იყო. აღნიშნული მშენებლობის შედეგად დაპატარავდა ეზო, რამაც გარკვეული პრობლემები შეუქმნა იქ მცხოვრებთ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ითხოვა, სკ-ის 172-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ს. მ-ის უკანონო მოქმედებების აღკვეთა, აგრეთვე, კასპის საბინაო სამმართველოს ზემოაღნიშნული პრივატიზაციის გაუქმება მოსარჩელის სახელზე რიცხულ საერთო სარგებლობის სათავსებზე, ასევე, მოპასუხე ა. პ-ისა და ი. ს-ის მიერ განხორციელებული პრივატიზაციის გაუქმება. გარდა ამისა, მოსარჩელემ ითხოვა მიშენებული ლოჯიის, რომელმაც დააბნელა სამზარეულო და სველი წერტილები, დანგრევა და ს. მ-ის დავალდებულება მის მიერ დანგრეული სველი წერტილების აღდგენის თაობაზე.
ა. პ-მა კასპის რაიონულ სასამართლოში წარადგინა შეგებებული სარჩელი, რომელშიც აღნიშნა, რომ მოსარჩელეები 1990 წლიდან საერთოდ არ სარგებლობენ მათთვის გამოყოფილი ერთი ოთახითა და საერთო სარგებლობაში დარჩენილი დამხმარე სათავსებით, რაც დასტურდებოდა საქმეში არსებული კასპის რაიონის პროკურორის მიმართვის საფუძველზე უბნის ინსპექტორის მიერ ჩატარებული არა ერთი შემოწმების ოქმებით, რომელთა მიხედვითაც, 1990წ. 5 ივნისს მოსარჩელე ვ. პ-ი საცხოვრებლად შეიჭრა ქ. კასპში, ..... მდებარე ბინაში და დაიწყო ცხოვრება. 1995წ. 24 აგვისტოს ვ. პ-მა განცხადებით მიმართა კასპის საკრებულოს და ითხოვა აღნიშნული ოროთახიანი ბინის დაკანონება იმის გათვალისწინებით, რომ იგი ცხოვრობდა ხსენებულ სამსახურებრივ ბინაში და იხდიდა გადასახადებს. იმ ფართში, რომელიც სასამართლომ ვ. პ-ს გამოუყო, წლების მანძილზე ცხოვრობდა ა. პ-ის ძმა _ აფხაზეთიდან ლტოლვილი ა. პ-ი ოჯახთან ერთად. გარდა ამისა, მოსარჩელეს მთლიანად _ როგორც თავისი, ისე ა. პ-ის წილი ეკავა სოფ. .......-ში არსებულ სამკვიდრო ქონებაში. მოსარჩელე აღნიშნულ ადგილზე იშენებდა სახლს, რაც დასტურდებოდა ქვემოგომის სახალხო დეპუტატთა სასოფლო საბჭოს მიერ გაცემული წერილით. მთელი აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ბინის ქირას იხდიდა ა. პ-ი, რაც დადასტურებული იყო შესაბამისი ქვითრებით, ხოლო მოსარჩელეს არც ერთხელ არ გადაუხდია ბინის ქირა, რაზეც მოწმობდა საბინაო განყოფილების უფროსის მიერ გაცემული ცნობა. 1993წ. 5 თებერვალს მოსარჩელე, საბინაო კოდექსის 69-ე მუხლის თანახმად, გააფრთხილეს, რომ, თუ სადავო ბინაში მუდმივად არ იცხოვრებდა ექვსი თვის განმავლობაში და თხოვნით არ მიმართავდა კასპის საბინაო განყოფილებას ვადასთან დაკავშირებით, სადავო ფართზე დაკარგავდა უფლებას. აღნიშნული მოქმედებები კი მოსარჩელეს არ შეუსრულებია. 2001წ. 25 ივლისს ა. პ-მა და კასპის საწესჩვეულებო სამშენებლო მომსახურების სამმართველოს საბინაო განყოფილების წარმომადგენელმა დადეს ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, სადავო ბინა გადაეცა ა. პ-სა და ი. ს-ს, მოპასუხეს კი ხსენებული ბინის პრივატიზაციაში მონაწილეობა არ მიუღია და იგი პრივატიზაციის დროს ბინიდან იყო ამოწერილი. 2001წ. დეკემბერში ა. პ-ისთვის შეტყობინებისა და მისი ნებართვის გარეშე მოპასუხე ჩაწერეს სადავო ბინაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შეგებებული სარჩელის ავტორმა ითხოვა თავდაპირველი მოსარჩელე ვ. პ-ის სადავო ფართზე უფლებადაკარგულად ცნობა.
მოპასუხე კასპის შპს “კ-ას” (ყოფილი კასპის საწესჩვეულებო სამშენებლო მომსახურების სამმართველოს საბინაო განყოფილება) სახლმმართველმა თ. მ-ემ კასპის რაიონულ სასამართლოში წარადგინა შესაგებელი, რომლითაც არ ცნო ვ. პ-ის სარჩელი და აღნიშნა, რომ მის ფუნქციებში არ შედიოდა ვ. პ-ისთვის კომუნალური გადასახადების გადახდევინება. ვ. პ-ი 1992 წელს შეიჭრა ყოფილი კომისარიატის ოროთახიან სამსახურებრივ ბინაში, რომელიც მისცეს დიდი დავის შემდეგ.
კასპის რაიონული სასამართლოს 2002წ. 3 მაისის გადაწყვეტილებით ვ. პ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ა. პ-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა; ვ. პ-ი ცნობილი იქნა ქ. კასპში, ..... მდებარე სადავო ბინის ფართზე უფლებადაკარგულად.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. პ-მა, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
მოცემული საქმე არა ერთხელ განიხილა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლომ.
ბოლოს, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით ვ. პ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა კასპის რაიონული სასამართლოს 2002წ. 3 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი 2001წ. 25 ივლისის პრივატიზაციის ხელშეკრულება; ა. პ-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. პ-მა, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის განმარტებით, ბინა, რომელსაც კასატორმა გაუკეთა პრივატიზება და რომლის გაუქმებასაც ითხოვს ვ. პ-ი, არის სამოთახიანი, კომუნალური ბინა. 1990წ. 4 აპრილს კასპის რაიონის სასამართლოს მიერ ვ. და მ. პ-ებს აღნიშნული ბინიდან გამოეყოთ ერთი ოთახი სარგებლობის უფლებით, მაგრამ მათ ხსენებულ ბინაში არ უცხოვრიათ და იგი დაუთმეს თავიანთ ძმას _ ა. პ-ს, რომელიც დღემდე ცხოვრობს იქ თავისი ოჯახით. აღნიშნული ოთახი დანარჩენი ორი ოთახისგან იზოლირებულია. 1990წ. 5 ივლისს ვ. პ-ი საცხოვრებლად შეიჭრა იმავე კორპუსში მდებარე ბინაში, რომელსაც პრივატიზება გაუკეთა 1995 წელს. ვინაიდან ვ. პ-ი აღარ ცხოვრობდა სასამართლოს მიერ მისთვის გამოყოფილ ფართში, რომელიც გადაეცა სარგებლობის უფლებით, 1993წ. 5 თებერვალს იგი გაფრთხილებულ იქნა, რომ, თუ 6 თვის ვადაში არ იცხოვრებდა აღნიშნულ ფართში, საბინაო კოდექსის 69-ე მუხლის თანახმად, ცნობილი იქნებოდა ფართზე უფლებადაკარგულად. როდესაც კასატორმა 2001წ. 25 ივნისს პრივატიზება გაუკეთა აღნიშნულ ფართს, ვ. პ-ი აღარ ცხოვრობდა და ჩაწერილიც კი არ იყო იქ. ვ. პ-ი ბინაში კასატორის ნებართვის გარეშე იქნა რეგისტრირებული აღნიშნული ბინის პრივატიზაციის შემდეგ _ 2001წ. დეკემბერში და აქედან გამომდინარე, პრივატიზაციის დროს მისი თანხმობა საჭირო არ იყო.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. სააპელაციო სასამართლოს უფლება არ ჰქონდა გამოეყენებინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, რომელიც ძალაში შევიდა 1997წ. 26 ივნისს, ხოლო კასპის რაიონის სასამართლომ ვ. პ-ს სარგებლობის უფლებით გამოუყო ფართი 1990წ. 4 აპრილს, ანუ მაშინ, როდესაც აღნიშნული კოდექსი არ მოქმედებდა და ამგვარი ურთიერთობები რეგულირდებოდა საბინაო კოდექსის შესაბამისი მუხლებით.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეამოწმა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მისთვის სავალდებულოა სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები, რადგანაც კასატორს არ წარმოუდგენია დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა “საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების მე-2 პუნქტის ბოლო აბზაცი, რომლის თანახმად, ბინა, რომელიც სარგებლობის უფლებით გადაცემული აქვს რამდენიმე დამქირავებელს, მათ საკუთრებაში გადაეცემათ ყველა დამქირავებლის თანხმობით. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია და საკასაციო სასამართლოც იზიარებს, რომ ქ. კასპში, ..... მდებარე სამოთახიან ბინაზე მხარეთა უფლებები დადგენილია კასპის რაიონის სასამართლოს 1990წ. 4 აპრილის გადაწყვეტილებით, რომლის თანახმად, ბინის დამქირავებლად ა. პ-თან ერთად მიჩნეულ იქნა ვ. პ-იც. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ სადავო ბინის პრივატიზაციის დროს სავალდებულო იყო ვ. პ-ის, როგორც დამქირავებლის, თანხმობაც.
საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები, რომ ქ. კასპში, ... მდებარე სადავო ბინა, რომლის დამქირავებლებად კასპის რაიონის სასამართლოს 1990წ. 4 აპრილის გადაწყვეტილებით ცნობილ იქნენ ა. და ვ. პ-ები, შედგებოდა სამი საცხოვრებელი ოთახისგან და დამხმარე სათავსებისგან (სამზარეულო, აბაზანა). საცხოვრებელი ფართი შეადგენდა 45,9 კვ.მ-ს, ხოლო დამხმარე ფართი _ 14,4 კვ.მ-ს. ა. პ-მა მოახდინა ზემოაღნიშნული ბინიდან ორი ოთახისა და დამხმარე ფართის პრივატიზაცია, რის გამოც ერთი ოთახი, რომელიც კასპის რაიონის სასამართლოს 1990წ. 4 აპრილის გადაწყვეტილებით სარგებლობაში ჰქონდა გამოყოფილი ვ. პ-ს, დარჩა დამხმარე ფართის გარეშე.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ სადავო პრივატიზაციის ხელშეკრულებით ა. პ-ის სახელზე პრივატიზებული დამხმარე ფართი წარმოადგენდა მთლიანი ბინის არსებით შემადგენელ ნაწილს, რომლის გამოცალკევებაც გამოიწვევდა მთლიანი ნივთის დანიშნულების მოსპობას, რადგანაც საცხოვრებელი ბინის სამეურნეო დანიშნულება განისაზღვრება, როგორც საცხოვრებელი, ისე დამხმარე ფართის ერთობლიობით. დამხმარე ფართი მთლიანად დაკავშირებულია საცხოვრებელ ფართთან და იგი არ შეიძლება იყოს ცალკე უფლების ობიექტი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სკ-ის 150-ე მუხლის თანახმად, ნივთის შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევებაც შეუძლებელია მთლიანი ნივთის ან ამ ნაწილის დანიშნულების მოსპობის გარეშე, ცალკე უფლების ობიექტად შეიძლება იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აღნიშნული შემთხვევებიდან არც ერთს არა აქვს ადგილი მოცემულ სიტუაციაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ, სკ-ის 54-ე მუხლისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სწორად ცნო ბათილად 2001წ. 25 ივლისს გაფორმებული სადავო ბინის პრივატიზების ხელშეკრულება.
კასატორი მიუთითებს, რომ საბინაო კოდექსის 69-ე მუხლის თანახმად, ვ. პ-ი გაფრთხილებულ იქნა 1993წ. 5 თებერვალს, რომ, თუ იგი 6 თვის განმავლობაში არ იცხოვრებდა სადავო ფართში, ცნობილი იქნებოდა ფართზე უფლებადაკარგულად.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, პირის ფართზე უფლებადაკარგულად ცნობა ხდებოდა სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, მოცემული საქმის მასალებში კი არ მოიპოვება სასამართლოს გადაწყვეტილება ვ. პ-ის ფართზე უფლებადაკარგულად ცნობის შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. პ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 29 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. ა. პ-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 70 ლარის ოდენობით;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.