ას-1785-1761-2011 9 თებერვალი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ. ჯ-ა
მოწინააღმდეგე მხარე _ მმ. ჯ-ა
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის გაუქმება, სამკვიდრო ქონების ნაწილის მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ჯ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში მმ. ჯ-ას მიმართ და მოითხოვა აწ გარდაცვლილ ნ. ჯ-ას სამკვიდროზე მმ. ჯ-ას სასარგებლოდ 2007 წლის 11 ივლისს გაცემული სამკვიდრო მოწმობის გაუქმება და ნ. ჯ-ას სამკვიდრო ქონების 2/3 –ზე საკუთრების უფლების აღიარება.
მმ. ჯ-ა სარჩელი არ ცნო და თავის მხრივ შეგებებული სარჩელით მოითხოვა მ. და ზ. ჯ-ების უღირს მემკვიდრედ ცნობა და მათთვის ნ. ჯ-ას სამკვიდროზე მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა.
შეგებებული სარჩელის მოპასუხე მ. ჯ-ამ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ჯ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ასევე არ დაკმაყოფილდა მმ. ჯ-ას შეგებებული სარჩელი.
დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წეისთ გაასაჩივრა მ. ჯ-ამ, მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება, მ. ჯ-ას სარჩელის დაკმაყოფილება, ნ. ჯ-ას სამკვიდროზე მმ. ჯ-ას სასარგებლოდ 2007 წლის 11 ივლისს გაცემული სამკვიდრო მოწმობის გაუქმება და ქ. ზუგდიდში, ა-ს ქ. ¹10-ში მდებარე, ნ. ჯ-ას სამკვიდრო ქონების 2/3 ნაწილზე მ. ჯ-ას საკუთრების უფლების აღიარება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით მ. ჯ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი შემდეგი ფატქობრივი გარემოებები:
მხარეები არიან მამკვიდრებლის, ნ. ჯ-ას დაღმავალი ხაზის ნათესავები. მ. ჯ-ა და ზ. ჯ-ა არიან ნ. ჯ-ას შვილები, ხოლო მმ. ჯ-ა არის ნ. ჯ-ას შვილიშვილი (კ. ჯ-ას შვილი).
ნ. ჯ-ას სამკვიდროს ნაწილი – ქ. ზუგდიდში, ა-ს ქ. ¹10-ში მდებარე უძრავი ქონება, ამჟამად აღრიცხულია მმ. ჯ-ას საკუთრებად (საკადასტრო კოდი – ...), ხოლო სამკვიდრო ქონების სხვა ნაწილი, ბორჯომის რაიონის დაბა წაღვერში, მ-ის ქ. ¹12-ში მდებარე უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი ...) აღრიცხულია მ. ჯ-ას და ზ. ჯ-ას საკუთრებაში.
მმ. ჯ-ას კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა მიღებული აქვს 2007 წლის 11 ივლისს (მამკვიდრებელი ნ. ჯ-ა).
მ. ჯ-ას და ზ. ჯ-ას ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობა მიღებული აქვს 2007 წლის 23 აგვისტოს (მამკვიდრებელი ნ. /კოლია/ ჯ-ა).
ქ. ზუგდიდში, ა-ს ქ. ¹10-ში მდებარე ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა მ. ჯ-ამ პირველად მიიღო 2002 წლის 11 იანვარს და შესაბამისი უფლება დაირეგისტრირა საჯარო რეესტრში, თუმცა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით (კანონიერ ძალაში შესული) დაკმაყოფილდა ნ. ს-ას (მმ. ჯ-ას დედის) სარჩელი, გაუქმდა 2002 წლის 11 იანვრის სამკვიდრო მოწმობა და შესაბამისი ჩანაწერი საჯარო რეესტრში. მ. ჯ-ას ეს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია. დასახელებული გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მ. ჯ-ა ფაქტიურად არ ფლობდა სამკვიდრო ქონებას, სამკვიდროს მიღების ვადა გასული იყო და არ ყოფილა გაგრძელებული.
მ. და ზ. ჯ-ებს სამკვიდროს მიღების ვადა გაუგრძელდათ ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილებით (შესულია კანონიერ ძალაში), რომლის მიხედვით, სამკვიდროს მიღების ვადა გაგრძელდა მამკვიდრებლის დანაშთი ქონების ანდერძისმიერი მემკვიდრეობის წესით მიღების მიზნით. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, მ. ჯ-ამ და ზ. ჯ-ამ ბორჯომის სანოტარო ბიუროში მიიღეს სამკვიდრო მოწმობა ნ. (კოლია) ჯ-ას ანდერძისმიერ სამკვიდროზე. სამკვიდრო მოწმობაში სამკვიდროს გახსნის ადგილად მითითებულია-ბორჯომის რაიონის დაბა წაღვერი, მ-ის ქ. ¹12.
პალატამ დამატებით დაადგინა, რომ სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მხარეებმა დაადასტურეს, რომ მამკვიდრებლის, ნ. (კოლია) ჯ-ას გარდაცვალების თარიღია 1990 წლის 13 ივნისი.
საქმეში განთავსებული წერილობითი მტკიცებულებით, ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილებით, მ. და ზ. ჯ-ებმა სასამართლოს მიმართეს განცხადებით სამკვიდროს მისაღებად განსაზღვრული ვადის გაგრძელების მოთხოვნით, ამასთან განცხადებაში აღნიშნეს რომ არიან იძულებით გადაადგილებული პირები, სოხუმის მოვლენების გამო ვერ მოახერხეს სამკვიდრო ქონების დროული გაფორმება და რათა მიიღონ ანდერძისმიერი მემკვიდრეობა ესაჭიროებათ სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გაგრძელება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე, 1328.1-ე 1320-ე, 1424-ე მუხლებზე და მხარეთა განმარტებებზე დაყრდნობით დაადგინა, რომ მამკვიდრებლის, ნ. (კოლია) ჯ-ას სამკვიდროს გახსნის დროს წარმოადგენდა მისი გარდაცვალების თარიღი-1990 წლის 13 ივნისი.
საქმეში განთავსებული ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებითა და ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილების საფუძველზე, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მამკვიდრებლის ნ. (კოლია) ჯ-ას გარდაცვალებიდან ექვსი თვის ვადაში 1990 წლის 13 დეკემბრამდე, მ. და ზ. ჯ-ებს არც ფაქტობრივი ფლობითა და არც სანოტარო ორგამოსათვის მიმართვის გზით არ მიუღიათ ნ. ჯ-ას სამკვიდრო ქონება, რაც გახდა საფუძველი 2006 წელს ბორჯომის სასამართლოსათვის სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის აღდგენის თაობაზე მოთხოვნის წარდგენისა. ამდენად, აპელანტის მითითება იმის თაობაზე, რომ ბორჯომში მამკვიდრებლის სახელზე აღრიცხულ უძრავ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა ნიშნავდა, რომ აპელანტმა ფაქტობრივი ფლობით მიიღო სამკვიდრო, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა.
იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, მ. ჯ-ას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმით არსებითად სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა და არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები.
სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 31 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ჯ-ამ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:L
კასატორის განმარტებით, სასამართლომ საერთოდ არ მიუქცევია ყურადღება იმ გარემოებისათვის, რომ სადავოდ ქცეული სამკვიდრო მოწმობა გაცემული იყო 2007 წლის 26 მარტის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, რომლითაც დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი ნ. ჯ-ას გარდაცვალების შესახებ, სადაც გარდაცვალების თარიღად მიითებული იყო 1989 წლის 5 ივნისი. აღნიშნული გადაწყვეტილება გახდა გარდაცვალების მოწმობისა და სადავოდ ქცეული სამკვიდრო მოწმობის გაცემის საფუძველი.
სააპელაციო სასმართლომ მამკვიდრებლის გარდაცვალების თარიღად მხარეთა ახსნა-განმარტების საფუძვლეზე საფუძვლიანად დაადგინა, რომ მამკვიდრებელი გარდაიცვალა 1990 წლის 13 ივნისს, თუმცა სადავოდ ქცეული სამკვიდრო მოწმობის გაცემას საფუძვალდ დაუდო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც გარდაცვალების თარიღად მითითებული იყო 1989 წლის 5 ივნისი. კასატორის მითითებით, სასამართლომ არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, რომ 1989 წელს ნიკოლზ ჯ-ას დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო ვერ გაიხსნებოდა, რადგან მამკვიდრებელი აღნიშნული პერიოდისათვის ცოცხალი იყო და, შესაბამისად, მმ. ჯ-ა ვერ მიიღებდა სამკვიდროს ცოცხალი ბაბუის ქონებაზე.
კასატორის აზრით, სასამართლომ უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა მ. ჯ-ას წარმომადგენლის შუამდგომლობა საქმის განხილვის შეჩერების შესახებ;
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ის გარემოება, რომ მ. ჯ-ას არ მიუღია სამკვიდრო ნ. ჯ-ას დანაშთ ქონებაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია საქმეში არსებული მასალები, არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რაც გახდა მიზეზი არასწორი გადაწყვეტილების მიღებისა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 იანვრის განჩინებით მ. ჯ-ას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ჯ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მ. ჯ-ას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (500 ლარი) 70% _ 350 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ჯ-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (500 ლარი) 70% _ 350 ლარი საქართველოს სახელმწიფო ხაზინის (კოდი:220101222) საბიუჯეტო შემოსავლების ¹300773150 სახაზინო კოდით ¹200122900 ანგარიშიდან.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.