Facebook Twitter

ას-1811-1785-2011 27 თებერვალი, 2012 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ ი. ჭ-ე

წარმომადგენელი – რ. მ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ სს „პ-ი“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი –ხელშეკრულების ცალკეული სტანდარტული პირობების ბათილად ცნობა, ხელშეკრულების პირობების შეცვლა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. ჭ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ტ-პ-ის“ მიმართ საკრედიტო ხელშეკრულების ზოგიერთი პირობის ბათილად ცნობისა და ზოგიერთი პირობის შეცვლის მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: 2008 წლის 5 ივნისს მას და მოპასუხეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკმა გასცა კრედიტი 1440 ლარის ოდენობით, 12 თვის ვადით, ყოველთვიურ 1% სარგებლის დარიცხვით. კრედიტის დაფარვის საბანკო მომსახურებისთვის განისაზღვრა საკომისიო თვეში კრედიტის თანხის 1,3 %-ით და ერთჯერადად საკომისიო კრედიტის 20 %-ით. რეალურად მოსარჩელემ მიიღო კრედიტი 1200 ლარი. ხელშეკრულების ზოგიერთი პირობა ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის შესაბამის ნორმებსა და კეთილსინდისიერების პრინციპებს. კრედიტის თანხა უნდა განისაზღვროს 1200 ლარით.

მოპასუხე სს „პ-მა“ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: 2008 წლის 5 ივნისის ხელშეკრულებაზე არსებული ხელმოწერით მოსარჩელე ადასტურებს, რომ მიღებული ჰქონდა სრული ინფორმაცია ხელშეკრულების შესახებ, კერძოდ, კრედიტის პირობებზე, მიზანზე, უზრუნველყოფის საშუალებებზე, საპროცენტო განაკვეთზე და ა.შ. რაც შეეხება საკომისიო თანხის პროცენტის ოდენობას, მას განსაზღვრავს თვითონ მომსახურების გამწევი ორგანიზაცია. აღნიშნულ შემთხვევაშიც ფინანსური მომსახურების საკომისიოს ოდენობა ბანკმა განსაზღვრა და ხელშეკრულებაში მიუთითა, რასაც მოსარჩელე დაეთანხმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით ი. ჭ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ი.ჭ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევის გადასახდელი პირგასამტხელოს ოდენობის შეცვლაზე უარის თქმის ნაწილში და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, პირგასამტეხლოს ოდენობა შემცირდა ყოველ ვადაგადაცილებულ დრეზე 0,5 %-დან 0,07 %-მდე.

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2008 წლის 5 ივნისს ი. ჭ-ეს და სს ,,პ-ს” შორის დაიდო ხელშეკრულება ვადიანი კრედიტის თაობაზე, რომლის თანახმად ბანკი მოპასუხეს აწვდის ვადიან კრედიტს 12 თვით, თვეში 1% სარგებლით; კრედიტის დაფარვაში მომსახურებისთვის საკომისიო განისაზღვრა გაცემული თანხის 1,3% ყოველთვიურად; კრედიტის გაცემისთვის ერთჯერადი საკომისიო განისაზღვრა კრედიტის თანხის 20%-ით; გაცემული კრედიტის დაფარვის მიზნით მოსარჩელე ვალდებული იყო ყოველთვიურად გადაეხადა 146 ლარი და 66 თეთრი; მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევისას მსესხებელი ბანკს უხდის პირგასამტეხლოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5%-ის ოდენობით. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის განმარტება იმის შესახებ, რომ მან სს ,,პ-ისგან’’ ისესხა 1200 ლარი; საქმეში წარმოდგენილი საკრედიტო ხელშეკრულებით კრედიტის მოცულობა განსაზღვრულია 1440 ლარით, რაზედაც მხარეები შეთანხმდნენ. ამდენად, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. ჭ-ემ სს ,,პ-ისგან’’ ისესხა 1440 ლარი, აქედან 1200 ლარით მსესხებელმა მობილური ტელეფონი შეიძინა.

პალატამ მიუთითა, რომ სადავო არ არის ის გარემოება, რომ საგარეჯოს რაიონულმა სასამართლომ განიხილა სს ,,პ-ის” სარჩელი ი. ჭ-ის მიმართ სასესხო დავალიანების დაკისრების თაობაზე და გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სააპელაციო წესით. ამ საქმეში პირგასამტეხლოს საკითხზე მსჯელობისას მიუთითა თბილისის საქალაქო სასამართლომაც. სადავო არის ფაქტი, რომ სასესხო დავალიანების დაფარვის საქმეზე სააპელაციო საჩივრის განხილვის ეტაპზე შეჩერდა წარმოება წინამდებარე საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. ამდენად, წინამდებარე საქმეზე დადგენილ ფაქტებს, მათ შორის ფაქტს იმის შესახებ, გონივრულია თუ არა საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა, პრეიუდიციული მნიშვნელობა აქვს საქმეზე სასესხო დავალიანების დაფარვის თაობაზე. შესაბამისად, პალატა მსჯელობს საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულობაზე. საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევისას გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5%-ის ოდენობით. პალატა დაეთანხმა აპელანტს იმასთან დაკავშირებით, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა შემცირდეს, კერძოდ, მსესხებელსა და ბანკს შორის შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევისას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი 0,5%-ის ნაცვლად უნდა შემცირდეს 0,07%-მდე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით ნაწილობრივ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები და იხელმძღვანელა რა სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილითა და 102-ე, 105-ე მუხლებით განმარტა: მოცემულ შემთხვევაში, მხარეებმა ხელშეკრულებზე ხელმოწერის გამოხატეს თანხმობა ხელშეკრულებაში ასახულ პირობებზე. ხელშეკრულების დადების თავისუფლება გულისხმობს ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ე.ი მხარეებს შეუძლიათ, დამოუკიდებლად დაადგინონ ხელშეკრულების პირობები, რომელთაც ისინი მნიშვნელოვნად მიიჩნევენ. მაშასადამე, ხელშეკრულების დადების თავისუფლება, როგორც კერძო ავტონომიის მნიშვნელოვანი გამოხატულება, არის შესაძლებლობა, დადოს ან არ დადოს პირმა ესა თუ ის ხელშეკრულება, ხელშეკრულების მეორე მხარესთან შეთანხმებით თავისუფლად განსაზღვროს ხელშეკრულების შინაარსი. განსახილველ შემთხვევაში, ი. ჭ-ემ გამოხატა ნება დაედო საკრედიტო ხელშეკრულება. მსესხებლის მიზანი იყო მობილური ტელეფონის შეძენა. საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ ი. ჭ-ემ სს ,,პ-იდან’’ ისესხა 1200 ლარი, ნაცვლად ხელშეკრულებაში მითითებული ოდენობისა. რაც შეეხება მოსარჩელის მითითებას სტანდარტული პირობების ბათილად ცნობის თაობაზე სამოქალაქო კოდექსის 345-ე, 347-ე მუხლებზე დაყრდნობით, სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე ვერ ასაბუთებს, თუ რატომ არის ხელშეკრულების პირობები ბუნდოვანი და რატომ ეწინააღმდეგება ხელშეკრულება ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპებს. შესაბამისად, არ არსებობს ხელშეკრულების სადავოდ გამხდარი პირობების ბათილად ცნობის საფუძველი. რაც შეეხება აპელანტის მითითებას, რომ სასამართლო გასცდა სარჩელის ფარგლებს და გამოიყენა ნორმები, რომლებიც მოსარჩელეს არ ჰქონდა სარჩელის სამართლებრივ საფუძვლად აღნიშნული, პალატამ განმარტა, რომ სასამართლო არ არის შეზღუდული მხარეთა მიერ სარჩელსა თუ შესაგებელში მითითებული სამართლებრივი საფუძვლით. იურიდიული კვალიფიკაცია გულისხმობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისობის შემოწმებას სამართლის ნორმის შემადგენლობის ნიშნებთან. სასამართლო თავად აძლევს სწორ კვალიფიკაციას სადავო სამართლებრივ ურთიერთობას.

პალატამ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს სამართლებრივი შეფასება პირგასამტეხლოს ოდენობის შეცვლის თაობაზე სარჩელზე უარის თქმის ნაწილში. ი. ჭ-ის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო - 0,5%-ის - შემცირება გონივრულ ოდენობამდე - 0,07%-მდე. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა რა სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით, 418-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 42-ე მუხლებით, განმარტა, რომ სასამართლო უფლებამოსილია, კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, შეამციროს არაგონივრული, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პალატამ მიიჩნია, რომ მსესხებელსა და ბანკს შორის შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევისას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი 0,5%-ის ოდენობით უნდა შემცირდეს 0,07%-მდე. სასამართლომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას ძირითად ვალთან დაკავშირებით გაითვალისწინა როგორც კრედიტორის ინტერესი ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე მოვალეთა ქონებრივი მდგომარეობა და სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ჭ-ემ შემდეგი საფუძვლებით: გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკანონო და იურიდიულად დაუსაბუთებელია როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით. ი. ჭ-ის სარჩელი ემყარებოდა იმ სამართლებრივ საფუძვლებს, რომ ბანკმა დაარღვია სამოქალაქო კანონმდებლობით განმტკიცებული კეთილსინდისიერების, სამართლიანობისა და ზნეობის პრინციპები. კერძოდ, მხარეთა შორის 2008 წლის 5 ივნისს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების ზოგიერთი დებულებები ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსით განმტკიცებულ როგორც სამართლიანობის, ასევე კეთილსინდისიერებისა და ზნეობრივ პრინციპებს, რის ბათილობასა და ზოგიერთი პირობის შეცვლასაც მოითხოვდა სასამართლოში. იმისა, რომ სამოქალაქო სასამართლოს დაეცვა სამოქალაქო პროცესის დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები და ემსჯელა მხოლოდ იმ სამართლებრივ საფუძვლებზე, რომლებიც მოსარჩელემ მიუთითა სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანის ეტაპზე თავისი ინიციატივით თვითნებურად განსაზღვრა სასარჩელო მოთხოვნების სრულიად ახალი სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სასამართლომ ი. ჭ-ის სარჩელს სამართლებრივ საფუძვლად დაუდო შეცდომით და მოტყუებით დადებული გარიგებების ბათილობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმები. აღნიშნულზე კი სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ თითქოსდა სასარჩელო მოთხოვნაზე იურიდიული კვალიფიკაციის მინიჭება სასამართლოს პრეროგატივას წარმოადგენდა, რაც უკანონოა და არ გამომდინარეობს საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებიდან. სასარჩელო მოთხოვნების ერთადერთ სამართლებრივ საფუძვლად მოსარჩელე უთითებდა მხოლოდ და მხოლოდ კეთილსინდისიერების, სამართლიანობის, ზნეობისა და ხელშეკრულების სტანდარტული პირობების ბათილად ცნობის მარეგულირებელ ნორმებს. ამდენად, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ი. ჭ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი სულ სხვაა (შეცდომითა და მოტყუებით დადებული გარიგებები), ვიდრე იმისა, რასაც მოსარჩელე მოითხოვდა. ამასთან, უსაფუძვლოა როგორც საქალაქო, ისე სააპელაციო სასამართლოს არგუმენტი იმის თაობაზე, რომ თითქოსდა ი. ჭ-ემ სს „პ-იდან“ ისესხა 1440 ლარი. მართალია, მხარეთა შორის გაფორმებულ 2008 წლის 5 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ბანკი აწვდის მსესხებელს ვადიან კრედიტს 1 440 ლარის ოდენობით, თუმცა ი. ჭ-ეს რეალურად არ მიუღია აღნიშნული თანხა, რაც დასტურდება კიდეც საქმეში არსებული ბანკის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერებიდან. ამონაწერიდან ირკვევა, რომ სესხის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ბანკმა 1 200 ლარი მობილური ტელეფონის შესაძენად გადაურიცხა ინდივიდუალურ მეწარმე კონსტანტინე გურეშიძეს. სს „პ-ი“ კი, ნაცვლად იმისა, რომ გულისხმიერებით მოჰკიდებოდა ი. ჭ-ის უფლებებსა და ქონებას, პირიქით, საფრთხე შეუქმნა, როდესაც საკრედიტო ხელშეკრულებით სესხად განუსაზღვრა 1440 ლარით, ნაცვლად 1200 ლარისა და, აქედან გამომდინარე, ყოველთვიურად გადასახდელი თანხის 102 ლარის ნაცვლად ხელშეკრულებით განუსაზღვრა 146,66 ლარი. ბანკმა მაღაზიას გადაურიცხა მობილური ტელეფონის შესაძენად 1200 ლარი, რისთვისაც მან ჭ-ეს გადაახდევინა 240 ლარი. იმის გამო, რომ მსესხებელს არ ჰქონდა ეს თანხა, ბანკმა საკრედიტო თანხა 1 200 ლარი გაუზარდა 240 ლარით და გაზრდილი თანხიდან დაუანგარიშა წლიური და თვიური პროცენეტები. ამასთან, ერთჯერადი საკომისიო თანხის 20%-ის გარდა, ბანკმა ი. ჭ-ეს დააკისრა ყოველთვიური საკომისიოს – 1,3%-ის გადახდის ვალდებულება, რამაც ჯამში ბანკის მიერ დაპირებული წლიური 12%-ის ნაცვლად, შეადგინა წლიური 47.6%, რაც აშკარად შეუსაბამოა სამართლანობისა და კეთილსინდისიერების პრინციპებთან. ნაცვლად იმისა, რომ საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს სრულყოფილად და ყოველმხრივ გამოეკვლია საქმის გარემოებები, შეეფასებინა საქმეში არსებული მტკიცებულებები და ისე მიეღო გადაწყვეტილება, იგი ბრმად დაეყრდნო სასამართლო პროცესზე მხოლოდ და მხოლოდ ბანკის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებას. სააპელაციო სასამართლო საერთოდ არ მსჯელობს ნდობის, ზნეობის, სამართლიანობისა და კეთილსინდისიერების პრინციპებზე. სასამართლომ სწორად უნდა შეაფასოს, თუ რამდენად კეთილსინდისიერი იყო ბანკი – როგორც სამართლებრივი ურთიერთობის ერთ-ერთი დომინანტი მონაწილე მისი კლიენტის – ი. ჭ-ის მიმართ. ბანკს უფრო მეტად ეკისრება ვალდებულება იყოს კეთილსინდისიერი თავისი კლიენტების მიმართ. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი და სამართლებრივი დასაბუთება ძირითადად შემოიფარგლება იმით, რომ სასამართლომ ვერ გამოიტანა დასკვნა, რატომ ეწინააღმდეგებოდა საკრედიტო ხელშეკრულების სტანდარტული პირობები კანონმდებლობით განმტკიცებულ კეთილსინდისიერებისა და სამართლიანობის პრინციპებს და თვითნებურად მიიჩნია, რომ ი. ჭ-ის სარჩელის საფუძველი იყო სულ სხვა – შეცდომით და მოტყუებით დადებული გარიგებების ბათილობის მარეგულირებელი ნორმები, ვიდრე ამას მოსარჩელე უთითებდა. ამასთან, სასამართლო გადაწყვეტილებაში არ უთითებს, თუ კონკრეტულად კანონმდებლობის რომელი ნორმიდან გამომდინარე მივიდა სასამართლო საბოლოოდ ასეთ დასკვნამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ჭ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

მოცემული დავის საგანია ხელშეკრულების ცალკეული პუნქტების ბათილად ცნობა, ხელშეკრულების პირობების შეცლა. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ი. ჭ-ეს დაუბრუნდეს შალვა გვარამაძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის –300 ლარის 70% _ 210 ლარი

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ი. ჭ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

ი. ჭ-ეს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს შალვა გვარამაძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის –300 ლარის 70% _ 210 ლარი ( 2012 წლის 11 იანვარი, საგადასახადო დავალება #NC2) სს ბანკ ,,რესპუბლიკის“ მეშვეობით.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.