Facebook Twitter
№ას-1813-1787-2011 23 თებერვალი, 2012 წელი

№ას-1813-1787-2011 23 თებერვალი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – რ. ე-ი

მოწინააღმდეგე მხარე - ა., ლ., ი., ს. დ-ები, ზ. ს-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართეს რ. ე-მა, დ. კ-ემ, მ. ხ-მა, ი. ე-მა, მ. ხ-მა და მ. პ-ამ, მოპასუხეების ა. დ-ის, ლ. დ-ის, ი. დ-ის, ს. დ-ისა და ზ. ს-ის მიმართ და მოითხოვეს მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან ქ. თბილისში, ა-ის ქ. №29ა-ში მდებარე ბინა №7-ის გამოთხოვა და მოსარჩელისათვის გადაცემა.

მოპასუხეებმა სარჩელიარ ცნეს და შესაგებელში მიუთითეს, რომ ა. დ-ს საკუთრებაში აქვს ქ. თბილისში, ა-ის 29ა-ში მე-3 სართულზე მდებარე 34 კვ.მ. ფართი, ხოლო განმცხადებლებს საკუთრებაში აქვთ იმავე მე-3 სართულზე, იმავე ბინაში მდებარე 165 კვ.მ. ფართი. საჯარო რეესტრის ამონაწერებით აღნიშნული ფართები ფიქსირდება როგორც ორი სხვადასხვა ბინა, თუმცა ეს არის გაუმიჯნავი ფართი, ერთი მთლიანობა, რომლის საერთო ფართობია დაახლოებით 240 კვ.მ..

სადავო სახლი თავდაპირველად წარმოადგენდა ა. დ-ის შვილის გ. დ-ის საკუთრებას და მამა-შვილი ცხოვრობდა გაუმიჯნავ ბინაში, შესაბამისად, იპოთეკარების საკუთრებაში გადავიდა გაუმიჯნავი ქონება. მოსარჩელეთა მიმართვის საფუძველზე, პოლიციის მიერ მოხდა მოპასუხეთა გამოსახლება ბინა №7-ის ფართის ნაწილიდან 165 კვ.მ.-დან, ანუ წარმოსახვით, ვირტუალურად გამოიყო 165 კვ.მ., საიდანაც დაცლილია მოპასუხის ნივთები, ხოლო დანარჩენი ნაწილი ჩათვლილია მოპასუხეთა საკუთრებად, რასაც ფლობენ მოპასუხეები, ამასთან, ვერ სარგებლობენ და შეზღუდული აქვთ შესასვლელით და სველი წერტილებით (ტუალეტით) სარგებლობა მოსარჩელეთა მხრიდან გასაღებების ჩამორთმევისა და სხვა აკრძალვის გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. გამოთხოვილ იქნა ქ. თბილისში ა-ის ქ. №29ა-ში მესამე სართულზე მდებარე ბინა №7 (საკადასტრო კოდი 01.10.13.38/004.01/502) – მოპასუხეთა მფლობელობიდან და გადაეცა მოსარჩელე მხარეს თავისუფალ მდგომარეობაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ზ. ს-ემ, ა., ლ., ი. და ს. დ-ებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა. დ-ის, ლ. დ-ის, ი. დ-ის, ს. დ-ის, ზ. ს-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რ. ე-ის, დ. კ-ის, მ. ხ-ის, მ. ხ-ის, ი. ე-ის და მ. პ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ა. დ-ის, ლ. დ-ის, ი. დ-ის, ს. დ-ის, ზ. ს-ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა 165 კვ.მ. ფართი მდებარე ქ. თბილისში, ა-ის ქ. №29ა-ში, მესამე სართულზე, ბინა №7. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ქ. თბილისში, ა-ის ქ. №29ა_ში, მესამე სართულზე მდებარე ბინა ფართით 165 კვ.მ. საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით ირიცხებოდა გ. დ-ის სახელზე, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: სანოტარო წესით 2003 წლის 24 ნოემბერს დამოწმებული ინდ. ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,აკადემ-ქალაქი 2002”-ის წევრთა 2003 წლის 15 ოქტომბრის კრების ოქმი (ტ.1. ს.ფ. 144); ზემოაღნიშნული უძრავი ქონება, 2007 წელს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, რეალიზებულ იქნა აუქციონზე, რის შედეგადაც თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2009 წლის 27 აგვისტოს განკარგულების საფუძველზე ნატურით გადაეცათ რ. ე-ს, დ. კ-ეს, ი. ე-ს, მ. ხ-ს, მ. ხ-ს და მ. პ-ს.

ქ. თბილისში, ა-ის ქ. №29ა-ში, მესამე სართულზე მდებარე ბინა №7 ფართით 165 კვ.მ. (საკადასტრო კოდი №01.10.13.038.004.01.502) 2009 წლის 10 სექტემბერს საკუთრების უფლებით აღირიცხა დ. კ-ის, ი. ე-ის, მ. ხ-ის, მ. პ-ის, მ. ხ-ისა და რ. ე-ის სახელზე.

საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დადგინდა, რომ 2008 წლის 15 სექტემბრის მდგომარეობით ამავე მისამართზე, კერძოდ, თბილისში, ა-ის ქ. №29ა-ში მესამე სართულზე მდებარე ბინის (საკადასტრო კოდი №01.10.13.038.004.01.508) ფართით 111 კვ.მ. თანამესაკუთრეებს წარმოადგენდნენ ხ. ც-ი (77 კვ.მ.-ს მესაკუთრე) და ამხანაგობა „აკადემქალაქი-2002“ (34 კვ.მ.-ის მესაკუთრე). ხ. ც-მა საკუთრების უფლება მოიპოვა 2003 წლის 19 დეკემბერს გაფორმებული საკუთრებაში გადაცემის შესახებ ხელშეკრულებით (ტ. 1 ს.ფ. 64). აღნიშნულ ფართს 2008 წლის 15 სექტემბრის მდგომარეობით ნუმერაცია არ აქვს მინიჭებული (ტ.1. ს.ფ. 155). საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ ამხანაგობა „აკადემქალაქი-2002“-ის სახელზე თანასაკუთების უფლებით აღიცხული 34 კვ.მ. ფართის მესაკუთრედ 2009 წლის 22 ოქტომბერს დარეგისტრირდა ა. დ-ი 2009 წლის 04 ივლისს ამხანაგობასთან გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე (ტ. 1 ს.ფ. 64).

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეების მიერ დაკავებული საცხოვრებელი ბინის მთლიანი ფართი შეადგენდა 221.62 კვ.მ.-ს (ექსპერტის დასკვნა №009617-2011/03, 17.06.2011).

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას წარმოდგენილი ამონაწერებით საჯარო რეესტრიდან, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ხ. ც-ს საკუთრების უფლებით ერიცხება თბილისში, ა-ის ქ. №29ა-ში, მესამე სართულზე მდებარე ბინა №8, ფართით 112.00 კვ.მ. საკადასტრო კოდი №01.10.13.038.004.01.008., ამავე მისამართზე, მესამე სართულზე არსებული ბინა №9, ფართით 109.00 კვ.მ. საკადასტრო კოდი №01.10.13.038.004.01.519 და მესამე სართულზე მდებარე 77.00 კვ.მ. ფართი (ბინის ნუმერაციის გარეშე) საკადასტრო კოდი №01.10.13.038.004.01.508.

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ვაკე-საბურთალოს რაიონული გამგეობის 2011 წლის 20 სექტემბრის №49.12.1565 დადგენილებით ა. დ-ის სახელზე რეგისტრირებულ ფართს, მდებარე: ქ. თბილისი, ა-ის ქ. №29ა-ში, მესამე სართულზე, მიენიჭა ბინის ნომერი 7ა, რაც საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა საკადასტრო კოდით №....

საქმეში წარმოდგენილი №009617-2011/03, 17.06.2011 ექსპერტის დასკვნით, პალატამ დაადგინა, რომ ქ. თბილისში, ა-ის ქ. №29ა-ში, მე-3 სართულზე მდებარე ფართი მიშენებული აივნის და სადარბაზოს გარდა შეადგენს 520.78 კვ.მ.-ს (მიშენებული აივნის ფართი შეადგენს 11.15 კვ.მ.-ს, სადარბაზოს ფართი 26.11 კვ.მ.-ს), ხ. ც-ი ქ. თბილისში, ა-ის ქ. №29ა-ში მდებარე მე-3 სართულზე ფლობს 299.16 კვ.მ., ასევე მიშენებულ აივანს 11.15 კვ.მ.-ს., ხოლო დარჩენილ ფართს ფლობენ ა., ლ., ი. და ს. დ-ები და ზ. ს-ე.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შფასებისას იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172.1-ე მუხლებით და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეთა მოთხოვნას წარმოადგენდა მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან ქ. თბილისში, ა-ის ქ. №29ა-ში, მესამე სართულზე მდებარე 221.62 კვ.მ. ფართის გამოთხოვა. ვინდიკაციური სარჩელიs საფუძვლიანობის შესამოწმებლად, პალატამ მიიჩნია, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენდა, დადგენილიყო მოსარჩელის საკუთრების უფლება სადავო 221.62 კვ.მ. ფართზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, მოპასუხის ა. დ-ის პოზიცია მდგომარეობდა იმაში, რომ საჯარო რეესტრის მონაცემებით მოსარჩელეთა საკუთრებაში აღრიცხულია 165 კვ.მ. ფართი და სხვა ფართზე მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა გავრცელებულიყო.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ მოვალის, გ. დ-ის პასუხისმგებლობა უზრუნველყოფილი იყო 165 კვ.მ. ქონებით. იპოთეკის მიზნებისათვის, ივარაუდება, რომ ქონების არსებით შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს სწორედ ქონების აღნიშნულ მოცულობაში შემავალი ქონება. საქმის მასალებით დადგენილია, რომ იძულებით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცა გ. დ-ის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული ქონება 165 კვ.მ. ფართის ოდენობით, რომლის მესაკუთრედ სააღსრულებო ბიუროს განკარგულების საფუძველზე აღირიცხნენ მოსარჩელეები. ამდენად, პალატის მოსაზრებით, მოსარჩელეთა საკუთრების უფლება ვრცელდებოდა ქ. თბილისში, ა-ის ქ. №29ა-ში, მესამე სართულზე მდებარე 165 კვ.მ. ფართზე, რაც ცხადყოფდა, რომ მოთხოვნა 165 კვ.მ. ფართიდან მოპასუხეთა გამოსახლების თაობაზე საფუძლიანი იყო, ვინაიდან მოპასუხეებს არ გააჩნდათ ამ ფართის ფლობის სამართლებრივი საფუძველი.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მესამე სართულზე არსებული ფართი (აივნის და სადარბაზოს გარდა) შეადგენდა 520.78 კვ.მ.-ს, საიდანაც ხ. ც-ი ფლობდა მასზე საჯარო რეესტრში აღრიცხულ ფართს, ხოლო დანარჩენი ფართი 221.62 კვ.მ. იყო მოპასუხეთა მფლობელობაში. ამდენად, საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ მოპასუხეთა მფლობელობაში არსებული ფართი 221.62 კვ.მ. მოიცავდა როგორც გ. დ-ის და ამჟამად მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებულ (ბინა №7), ასევე ა. დ-ის საკუთრებაში არსებულ ფართს (ბინა №7ა). შესაბამისად, ერთ ბინაში მოექცა ორი დამოუკიდებელი საკადასტრო კოდის მქონე, სხვადასხვა პირთა საკუთრებაში არსებული ფართები. 2007 წელს, იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების დროს, 34 კვ.მ. ფართი ირიცხებოდა ამხანაგობის საკუთრებად და, შესაბამისად, მოვალის, გ. დ-ის პასუხისმგებლობა ვერ იქნებოდა უზრუნველყოფილი ამხანაგობის სახელზე რიცხული 34 კვ.მ. ფართით, მესაკუთრესთან სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულების არარსებობის გამო. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, 34 კვ.მ. ფართი არ ყოფილა იპოთეკის საგანი, აღნიშნული ფართი დღეის მდგომარეობით ირიცხება ა. დ-ის სახელზე და მასზე არ ვრცელდება მოსარჩელეთა საკუთრების უფლება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან უნდა გამოთხოვილიყო165 კვ.მ. ფართი, მდებარე, ქ. თბილისში, ა-ის ქ. №29ა-ში, მესამე სართულზე, ბინა №7. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო უსაფუძვლობის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის დასახელებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. ე-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ა. დ-ი და მისი ოჯახი ფაქტობრივად ფლობს მის სახელზე რიცხულ მთელ ფართს. სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ არ გამოიკვლია გარემოება მასზე, რომ ბინას №7 ჰქონდა უკანონო მიშენებები, რომლებიც არ წარმოადგენდა ამხანაგობის საკუთრებას და წარმოადგენდა ბინის არსებით შემადგენელ ნაწილს. კასატორის აზრით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მესამე სართულზე არსებული შენობის ფართი არის 558.39 კვ.მ და თუ აღნიშნულ ფართს გამოაკლდება 221.62 კვ.მ, რჩება მესამე სართულზე 336.77 კვ.მ, რომელსაც თუ გამოაკლდება ხ. ც-ის 299.16 კვ.მ მიიღება 37.61 კვ.მ, რაც ვერ იქნებოდა ა. დ-ის საკუთრება და იგი კასატორის საკუთრებაში არსებულ ფართში მდებარეობს.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება მასზე, რომ ბინა ორი საკადასტრო კოდით მოექცა ერთ ბინაში, ვინაიდან, კასატორის მოსაზრებით, ც-თან თანასაკუთრებაში არსებული ფართი ვერ მოექცეოდა სხვა საცხოვრებელ ბინაში, კერძოდ ისეთ ბინაში, რეომელიც მზიდი კედლით არის დაშორებული ხ. ც-ის ბინასთან, რაც ცხადყოფს, რომ ა. დ-ი თანამესაკუთრეს არ წარმოადგენს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 იანვრის განჩინებით რ. ე-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ე-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლ.დ დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას რ. ე-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ. ე-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ რ. ე-ს (პირადი №...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01.) სახელმწიფო ბაჟის სახით მ. ჩ-ის მიერ № 478161 სალაროს შემოსავლის ორდერით 2012 წლის 11 იანვარს .გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.