Facebook Twitter

№ას-182-175-2012 27 თებერვალი, 2012 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მოწინააღმდეგე მხარე – მ. გ-ა

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2011 წლის 20 ივნისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მოპასუხე მ. გ-ას მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა, რომ მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაკისრებოდა სტუდენტად ყოფნის პერიოდში გადაუხდელი სწავლის საფასურის გადახდა 1500 ლარის ოდენობით (ს.ფ. 2-12).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილებით სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 54-62).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა (ს.ფ. 72-83).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 დეკემბრის განჩინებით სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2006 წლის 30 სექტემბრის №3-510 ბრძანებით მ. გ-ა ეროვნული გამოცდების ჩაბარების შედეგად უნივერსიტეტში ჩაირიცხა ხელოვნების ფაკულტეტის ხელოვნებათმცოდნეობის სპეციალობის პირველ კურსზე;

2006 წლის 2 ოქტომბერს სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მ. გ-ას შორის დაიდო სასწავლო ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრა, რომ თუ სტუდენტი რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადებში არ გადაიხდიდა სწავლის საფასურს, ამოღაბულ იქნებოდა სტუდენტთა სიიდან;

მ. გ-ამ დახურა პირველი კურსი, 2006-2007 სასწავლო წელს ესწრებოდა ლექციებს და შესაბამისად გადაიხადა სწავლის საფასური. მეორე კურსიდან ავადმყოფობის და ფინანსური გაჭირვების გამო მოპასუხემ შეწყვიტა სწავლა და 2007 წლის სექტემბრიდან აღარ უვლია ლექციებზე, უნივერსიტეტთან შეხება აღარ ჰქონია, შესაბამისად, 2007 წლის სექტემბრიდან სწავლის საფასური აღარ გადაუხდია;

სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2008 წლის 29 დეკემბრის №3-694 ბრძანების მიხედვით, მ. გ-ას შეუწყდა უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსი სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო;

მოპასუხეს 2011 წლის 15 აპრილს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, დ.ლ-ის მიერ გაეგზავნა შეტყობინება-გაფრთხილება სტუდენტის სტატუსის შეწყვეტისა და უნივერსიტეტის წინაშე არსებული დავალიანების დაფარვის მოთხოვნით;

მოპასუხეს 2007 წლიდან უნივერსიტეტში აღარ უვლია, საგანმანათლებლო მომსახურება არ მიუღია და სწავლის საფასურიც არ გადაუხდია;

მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების პირობები და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი სწავლის საფასურის გადახდის წესები, უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2007 წლის 23 ოქტომბრის №13 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მიერ სწავლის საფასურის გადახდის წესის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები, რომლის თანახმადაც სტუდენტი ვალდებულია დადგენილი წესითა და ვადებში გადაიხადოს უნივერსიტეტის მიერ დადგენილი სწავლის საფასური, ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია სწავლის საფასურის დადგენილ ვადებში გადაუხდელობის შემთხვევაში მისი გადახდის ვადის რაიმე ფორმით გაგრძელება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოპასუხისათვის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის (გარიცხვის) საფუძველი არსებობდა იმ დროიდან, როცა მან არ გადაიხადა სწავლის საფასური უნივერსიტეტის დებულების მე-4 მუხლის 25-ე პუნქტის მიხედვით, რომლითაც დადგენილია, რომ სტუდენტის მიერ ორი თვით სწავლის თვითნებურად მიტოვების შემთხვევაში მას შეუწყდება სტუდენტის სტატუსი. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სტუდენტს შემდეგი პერიოდის სწავლის საფასურის გადახდის ვალდებულება აღარ უნდა დაეკისროს, ვინაიდან არც უნივერსიტეტის შინაგანაწესით, წესდებით, „სწავლის საფასურის გადახდის წესებითა“ და არც ხელშეკრულებით სტუდენტს არ აკისრია ვალდებულება უნივერსიტეტისაგან საგანმანათლებლო მომსახურების მიუღებლობის შემთხვევაშიც გადაიხადოს სწავლის საფასური.

სააპელაციო სასამართლომ დამატებით მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლზე და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული იყო ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, აპელანტმა აიღო ვალდებულება შეესრულებინა სამუშაო, ხოლო მოწინააღმდეგე მხარეს უნდა გადაეხადა შესრულებული სამუშაოს საფასური. მოწინააღმდეგე მხარეს მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოეშობოდა გადახდის ვალდებულება, თუ აპელანტი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოს შეასრულებდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ასევე „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმადაც უმაღლესი განათლების დაფინანსების ერთ-ერთი წყაროა სწავლის საფასური.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ კანონით დადგენილია საზღაურის გადახდის ვალდებულება სწავლისათვის და არა სტუდენტად ყოფნისათვის. ამიტომ, სტუდენტი ვალდებულია გადაიხადოს საფასური იმ შემთხვევაში, თუ მას ექნება შესაძლებლობა, მიიღოს შესაბამისი მომსახურება უმაღლესი სასწავლებლისაგან: ისწავლოს ან/და მიიღოს სწავლების შესაბამისი საფესურის გავლის დამადასტურებელი საბუთი.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში მ. გ-ას სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გარდა 2006-2007 წლებისა, არ უსწავლია და არც სწავლების შესაბამისი საფეხურის გავლის დამადასტურებელი საბუთი მიუღია, რაც მეტყველებდა აპელანტის მოსაზრებების დაუსაბუთებლობაზე.

2011 წლის 24 აგვისტოს საოქმო განჩინების გაუქმების საკითხთან მიმართებით, რაც წარმოადგენდა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ საჩივრის განხილვის შედეგად აღმოჩნდება, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, სასამართლო განჩინებით აუქმებს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რის შემდეგაც იწყება სარჩელის განხილვა. ზემოაღნიშნული განჩინების გასაჩივრება კი კანონით დაუშვებელია (ტომი I, ს.ფ. 110-118).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 407-ე, 414-ე და 131-ე მუხლები. სააპელაციო სასამართლოს არ მოუხდენია მტკიცებულებათა სრული და ყოველმხრივი განხილვა, რითაც დარღვეულ იქნა საპროცესო ნორმები. საქმე შეეხება ისეთ ურთიერთობას, რომელზეც ჩამოყალიბებული არ არის სასამართლო პრაქტიკა, ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, კერძოდ, საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ იურიდიულად ვერ დაასაბუთა, თუ რატომ არ ჩათვალა მოპასუხე 2008 წლამდე პერიოდში უნივერსიტეტთან სამართლებრივ ურთიერთობაში მყოფად. კასატორი მიუთითებს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის შინაგანაწესის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია ზედიზედ სამი სამესტრის განმავლობაში სწავლის საფასურის გადაუხდელობა უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, აგრეთვე, 2007 წლის 23 ოქტომბრის №13 გადაწყვეტილებაზე – სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მიერ სწავლის საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ, რომლის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობისა და სწავლის საფასურის დადგენილ ვადებში გადაუხდელობის შემთხვევაში სტუდენტი დაიშვება სასწავლო პროცესში, ასევე შეფასებებზე, მაგრამ სწავლის საფასურის გადახდის დაგვიანებისათვის დაეკისრება დამატებითი თანხის გადახდა ამ მუხლით დადგენილი ოდენობით. ზემოაღნიშული სამართლებრივი აქტები პირდაპირ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სწავლის საფასურის გადახდის ვადის პირველად დარღვევის შემთხვევაში სტუდენტს სტატუსი არ უწყდება. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა მოხდეს 131-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, ვინაიდან აღნიშნული ვალდებულება პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებაა და მოთხოვნის ვადის ათვლა უნდა მოხდეს ბოლოს შესასრულებელი ვალდებულებიდან;

კასატორის განმარტებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები დარღვეულად ჩაითვლებოდა მოწინააღმდეგე მხარის მიერ არანაკლებ სამი სემესტრის სწავლების საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, ანუ 2008 წლიდან. აქედან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ ხანდაზმულობის ვადა უნდა აითვალოს 2008 წლის დეკემბრიდან.

კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ არც ერთი ნორმა არ ავალდებულებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ლექციაზე არდასწრების გამო, ან თუნდაც ერთი წლის განმავლობაში შეფასების მიუღებლობის გამო, სტუდენტის სტატუსმოპოვებული პირი მაშინვე გარიცხოს უნივერსიტეტიდან, ვინაიდან სტუდენტი მოიპოვებს რა სტუდენტის სტატუსს, უფლება აქვს ისწავლოს შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამისათვის განსაზღვრულ ვადაში (ბაკალავრიატი – 4 წელი, მაგისტრატურა – 2 წელი) უნივერსიტეტში, თუ დაუგროვდება აკადემიური დავალიანება (გაუვლელი საგნები) – დაარეგისტრიროს იგი მომდევნო სემესტრებში და ა.შ.

კასატორი აღნიშნავს, რომ ზემოთ მოყვანილი მსჯელობის საპირისპიროდ, პირველი ინსტანციისა და შემდგომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება/განჩინება აგებულია შემდეგ მოსაზრებაზე – სტუდენტმა უნდა გადაიხადოს მხოლოდ იმ პერიოდის საფასური, როცა ფიზიკურად ესწრებოდა ლექცია-სემინარებს. ამგვარი დასაბუთება ეწინააღმდეგება უნივერსიტეტში მოქმედ სამართლებრივ აქტებს და საერთოდ, ჩვეულებრივ სახელშეკრულებო ურთიერთობას (ტომი I, ს.ფ. 120-128).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისa და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (150 ლარი) 70% –105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (150 ლარი, გადახდის თარიღი – 2012 წლის 20 იანვარი, საგადასახადო დავალება № 112, ანგარიში: სს ბანკი „რესპუბლიკა“, ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01) 70% – 105 ლარი სს ბანკი „რესპუბლიკის“ მეშვეობით;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.