ას-1827-1800-2011 10 თებერვალი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ ქ. ბათუმის ¹21-ე საბავშვო ბაღი
მოწინააღმდეგე მხარე – შპს «ა-ა»
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება
დავის საგანი – გამოსახლება, ფართის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა; ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს «ა-ამ» სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ. ბათუმის მერიისა და ქ. ბათუმის ¹21-ე საბავშვო ბაღის მიმართ ზიანის ანაზღაურებისა და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 16 თებერვლისა და 2010 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებებით შპს «ა-ის» სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს «ა-ამ».
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მაისის განჩინებით შპს «ა-ის» შუამდგომლობა საქმეთა გაერთიანების შესახებ დაკმაყოფილდა. ერთ წარმოებად გაერთიანდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში არსებული შემდეგი საქმეები: შპს «ა-ის» სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე და შპს «ა-ის» საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებაზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს «ა-ის» სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე არ დაკმაყოფილდა; შპს «ა-ის» სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებაზე დაკმაყოფილდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა ქ. ბათუმის ¹21-ე საბავშვო ბაღმა და შპს «ა-ამ».
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 9 იანვრის განჩინებით ქ. ბათუმის ¹21-ე საბავშვო ბაღს მიეცა ვადა ხარვეზის შესავსებად, რადგან საკასაციო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმის ¹21-ე საბავშვო ბაღის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში, ქ. ბათუმის ¹21-ე საბავშვო ბაღს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 9 იანვრის განჩინებით მიეცა ვადა ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, მის მიერ არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. განჩინება ქ. ბათუმის ¹21-ე საბავშვო ბაღის დირექტორ მ. ვ-ას სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა 2012 წლის 18 იანვარს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში.
დასახელებული ნორმების თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი სამდღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 19 იანვარს და ამოიწურა ამავე წლის 23 იანვარს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმის ¹21-ე საბავშვო ბაღის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ. ბათუმის ¹21-ე საბავშვო ბაღის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.