Facebook Twitter

№ას-1835-1808-2011 21 თებერვლი, 2012 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ნ. ა-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ თ. მ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო ხელშეშლის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ა-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. მ-ის უფლებამონაცვლე თ. მ-ის მიმართ უკანონო ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით შემდეგი დასაბუთებით: 1967 წლიდან ცხოვრობს გორში, კ. II-ის ქუჩაზე №5 საცხოვრებელ სახლში, რომელიც 1993 წელს მემკვიდრეობით მიიღო. დასავლეთით ესაზღვრება დ. მ-ის სახლი. მან ყოველგვარი ნებართვის გარეშე სახლის აღმოსავლეთით ააშენა ავტოფარეხი და სველი წერტილები. უკვე ათეული წელია სახლთან სამანქანო შესასვლელად იყენებს მეზობლად მდებარე ბარაკული ტიპის საერთო სარგებლობის ეზოს. სწორედ ამ შესასვლელში დ. მ-მა გაუუქმა მის მიერ ჩაყენებული რკინის კარი, რის გამოც ვეღარ ახერხებს სარგებლობას. ამ შესასვლელით სარგებლობის უფლება 1982 წლის აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე მიეცა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელე მიუთითებს, რომ სახლის აღმოსავლეთით მოპასუხემ ააშენა ავტოფარეხი, სინამდვილეში კი მან უკანონოდ ააშენა თავისი სახლის კედელი სახელმწიფოს კუთვნილ ფართში, რაც ნათლად ჩანს თვით ნ.ა-ის და მის მიერ წარმოდგენილ პროექტებში. რეკონსტრუქციების პერიოდში აშენდა დამხმარე სათავსები №7 ბინის მცხოვრებელთათვის, ვინაიდან შენობას არ ჰქონდა სველი წერტილები, იგი გააკეთა დამხმარე სათავსში, ხოლო ჩეჩითოვის, იმავე ა-ის კედელთან საიზოლაციოდ ამოიყვანა კედელი. რაც შეეხება ხეივანს, ვაზის ტოტები არაა გადასული მისი სახლის სახურავზე.

გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილებით ნ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩირა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 ნოემბრის განჩინებით ნ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ნ. ა-ი არის ქ.გორში, კ. II-ის ქუჩა №5-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრე. კ. II-ის ქ. №5-ში მდებარე ნ. ა-ის კუთვნილ საცხოვრებელ სახლს აღმოსავლეთით ესაზღვრება კ. II-ის ქ. №7-ში მდებარე უძრავი ქონება, რომელიც წარმოადგენს თ. მ-ისა და სხვათა თანასაკუთრებას. ნ. ა-ის საცხოვრებელი სახლის უკანა ფასადის კედელზე აშენებულია თ. მ-ის კუთვნილი ავტოფარეხი, რომელსაც არ გააჩნია უკანა კედელი და რომელიც ზემოდან (სახურავზე)ყურძნის ხეივანითაა დაფარული. ავტოფარეხში მოწყობილია სველი წერტილები. ნ. ა-ის სახლის ფასადის უკანა კედელზე, სადაც განთავსებულია ამ უკანასკნელის საძინებელი ოთახი, ავტოფარეხის მხრიდან გადის წყლის მილი. ნ. ა-ის ნახევარსარდაფის უკანა საყრდენი კედელი და ჭერი სველი და ნესტიანია.სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2009 წლის 31 აგვისტოს საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ დ. მ-ის სარგებლობაში არსებულ ავტოფარეხში ნ. ა-ის სახლის კედელზე წყლის მილგაყვანილობით ირღვევა მოქმედი ნორმატივის - ,,სამშენებლო ნორმები და წესების” მოთხოვნები. ექსპერტიზის ჩატარების პერიოდისათვის მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის სახურავზე მოწყობილ წყალშემკრებში არ შეინიშნებოდა ატმოსფერული ნალექების გადაყვანის რაიმე სახის დაბრკოლება. დ. მ-ის საკუთრებაში არსებული ხეივანი მომავალში გამოიწვევს თუ არა ნ. ა-ის საცხოვრებელ სახლზე არსებული საწვიმარის დახშობას, ასევე მოსარჩელის საცხოვრებელ სახლში არსებული დაზიანებების გამომწვევი მიზეზების დადგენა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზით ვერ მოხერხდა.

სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად პალატამ განმარტა, რომ საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლა გულისხმობს მესაკუთრისათვის ისეთი მდგომარეობის შექმნას, რომლის გათვალისწინებითაც მესაკუთრეს ეზღუდება თავისი უფლების სრულყოფილად განხორციელება შესაძლებლობა და ამასთან, ამის რაიმე საფუძველი ხელშემშლელს არ გააჩნია. საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის უფლება წარმოიშობა შემდეგი საფუძვლებით: ა) მოსარჩელე არის ნივთის მესაკუთრე; ბ) ნივთი მესაკუთრის მფლობელობიდან არ არის გასული; გ) მოპასუხე ხელყოფს ან სხვაგვარად ხელს უშლის მოსარჩელეს თავისი საკუთრებით სარგებლობაში. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2009 წლის 31 აგვისტოს საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დ. მ-ის სარგებლობაში არსებულ ავტოფარეხში ნ. ა-ის სახლის კედელზე წყლის მილგაყვანილობით ირღვევა მოქმედი ნორმატივის - ,,სამშენებლო ნორმები და წესების” მოთხოვნები, მაგრამ აღნიშნული ვერ გახდება სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან, მოპასუხის მხრიდან სამშენებლო ნორმატივების დარღვევის გამო, მოსარჩელის საკუთრების უფლებით სარგებლობაში ხელის შეშლა არ დასტურდება.

სააპელაციო პალატამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელე მხარეს, რომელმაც ვერ დაამტკიცა, რომ მოპასუხე მოსარჩელეს ხელს უშლის საკუთრებით სარგებლობაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ.ა-მა და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: თ. მ-მა კანონისა და სამშენებლო ნორმების უხეში დარღვევით სახლის უკანა ფასადის კედელს მიაშენა ავტოფარეხი და შიგ მოაწყო სველი წერტილები, აღნიშნული დარღვევები დადასტურდა საქმეზე ჩატარებული საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე. სააპელაციო სასამართლომ დაუშვა პრეცვედენტი საკუთრების ხელყოფაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

მოცემული დავის საგანია უკანანო ხელშეშლის აღკვეთა სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლების შესაბამისად. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ. ა-ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2012 წლის 13 იანვარს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის –100 ლარის 70% _ 70 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. ა-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

ნ. ა-ს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 100 ლარის 70% _ 70 ლარი ( 2012 წლის 13 იანვარი, შემოსავლის ორდერი #...) სს ბანკ ,,რესპუბლიკის“ მეშვეობით.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.