№ას-1842-1815-2011 20 თებერვალი, 2012 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - მ. ი-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - სამოქალაქო რეესტრის სააგენტო (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ატესტაციის შედეგების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებით განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ი-მა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და ატესტაციის შედეგების ბათილად ცნობა, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 10 ნოემბრის ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებით განაცდურის ანაზღაურება.
მოსარჩელის განმარტებით 2009 წლის 23 ოქტომბერს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსა და მ. ი-ს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მ. ი-ი მიღებულ იქნა სამუშაოზე სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ლაგოდეხის სამსახურში სპეციალისტად 3 თვით. შრომითი ხელშეკრულების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ითვალისწინებს პირობას, რომლის თანახმად, სამოქალაქო რეესტრის სააგენტო უფლებამოსილია მ. ი-ს მინიმუმ სამ წელიწადში ერთხელ ჩაუტაროს ატესტაცია დაკავებულ თანამდებობასთან და შესასრულებელ სამუშაოსთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. მ. ი-ი ატესტაციას დაქვემდებარებული პირი გახდებოდა სამი თვის გასვლის შემდეგ, ანუ 2010 წლის 23 იანვრის შემდეგ.
2009 წლის 4-5 დეკემბერს მ. ი-მა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში ჩატარებულ ატესტაციაში მიიღო მონაწილეობა, სადაც ნაცვლად 70 გამსვლელი ქულისა მოაგროვა 66 ქულა, რაც არადამაკმაყოფილებელი შედეგია და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 9 თებერვლის №12 ბრძანებით, შეწყდა შრომითი ხელშეკრულება. აღნიშნული ბრძანება მოსარჩელემ გაასაჩივრა, რის შედეგადაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 9 თებერვლის №12 ბრძანება. მიუხედავად აღნიშნულისა, მ. ი-ი არ იქნა დაშვებული მის პოზიციაზე სამუშაოდ, არ შესრულდა სასამართლო გადაწყვეტილება და იმავე წლის 10 ნოემბრის №2269 ბრძანებით მ. ი-ს შეუწყვიტეს შრომითი ხელშეკრულება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით მ. ი-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:
1. ერთის მხრივ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსა და მეორეს მხრივ მ. ი-ს შორის 2009 წლის 23 ოქტომბერს დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მ. ი-ი მიღებული იქნა სამუშაოზე სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ლაგოდეხის სამსახურში სპეციალისტად 3 თვის ვადით;
2. მხარეთა შორის დადებული 2009 წლის 23 ოქტომბრის ხელშეკრულებით, კერძოდ, მეორე მუხლის მე-4 პუნქტით განისაზღვრა პირობა, რომლის თანახმადაც სამოქალაქო რეესტრის სააგენტო უფლებამოსილია მ. ი-ს მინიმუმ სამ წელიწადში ერთხელ ჩაუტაროს ატესტაცია დაკავებულ თანამდებობასთან და შესასრულებელ სამუშაოსთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ ატესტაციის არადამაკმაყოფილებელი შედეგი წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს;
3. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის 2009 წლის 2 დეკემბრის ბრძანებით დამტკიცებული თანამშრომელთა ატესტაციის ჩატარების წესის მე-3 მუხლით განისაზღვრა ატესტაციას დაქვემდებარებულ თანამშრომელთა წრე, აგრეთვე განსაზღვრულია ის საგამონაკლისო შემთხვევები, რომლის არსებობის დროსაც თანამშრომელი თავისუფლდება ატესტაციის გავლის მოვალეობისაგან. მითითებული მუხლის მიხედვით ატესტაციას სხვა თანამშრომლებთან ერთად ექვემდებარებიან სააგენტოს სამსახურის სპეციალისტებიც;
4. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში, 2009 წლის 2 დეკემბერს გამოცემული 455-ე ბრძანების საფუძველზე, 2009 წლის 5-6 დეკემბერს ატესტაცია ჩატარდა. გამსვლელ ქულად განისაზღვრა 70 ქულა;
5. მ. ი-მა მონაწილეობა მიიღო ატესტაციაში და 66 ქულა დააგროვა;
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 9 თებერვლის N12 ბრძანება, მ. ი-ი აღდგენილი იქნა თანამდებობაზე და მას აუნაზღაურდა მიუღებელი ხელფასი;
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილების შინაარსის, კერძოდ, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 9 თებერვლის N12 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძვლად მიჩნეულ იქნა მხოლოდ მისი ფორმალური შეუსაბამობა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ დანაწესთან, ასევე იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მ. ი-ის მიმართ ჩატარებული ატესტაციის შედეგები კვლავ ძალაში იყო, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 10 ნოემბრის ბრძანებით შრომითი ხელშეკრულება შეწყდა. მ. ი-ის გათავისუფლების საფუძვლად მიეთითა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათი;
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე სამოქალაქო რეესტრის სააგენტო არ იყო უფლებამოსილი მ. ი-ის მიმართ სავალდებულოდ დაედგინა 2009 წლის 5-6 დეკემბერისათვის მოწყობილ ატესტაციაში მონაწილეობა და რომ აღნიშნულით დაირღვა შრომითი ხელშეკრულების პირობა, კერძოდ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის სახელმძღვანელოს მე-2 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული პირობა, რომლის თანახმადაც, ახალი თანამშრომლისათვის გამოსაცდელი ვადა შეადგენს სამ თვეს, რის შემდეგაც ხდება გამოსაცდელი ვადის პერიოდში შესრულებული სამუშაოს შეფასება წინასწარ შეთანხმებული კრიტერიუმების და ამოცანების შესრულების მიხედვით. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო რეესტრის სააგენტო უფლებამოსილი იყო მ. ი-ი ატესტაციისთვის დაექვემდებარებინა. რადგანაც მ. ი-ი არ იყო ატესტაციის პერიოდისათვის ბოლო ერთი თვის განმავლობაში დანიშნული თანამშრომელი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება მ. ი-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ ჯერ აღასრულა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება, ხოლო შემდეგ, 2010 წლის 10 ნოემბერს, იმავე საფუძველზე მითითებით გაათავისუფლა მ. ი-ი დაკავებული თანამდებობიდან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ი-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, ასევე, სააპელაციო სასამართლოს განჩინება ასახავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას, ხოლო საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, რის გამოც მ. ი-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნას დაშვებული.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% - 210 ლარი
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ი-ის (პირადი №...) საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს დაუბრუნდეს 2012 წლის 17 იანვრის N5033125731 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% - 210 ლარი;
3. სახელმწიფო ბაჟი დაბრუნდეს შემდეგი ანგარიშიდან: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიში, სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.