Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-386-370(კ-06) 15 ნოემბერი, 2006 წ.‚ ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ნ. ქადაგიძე (მომხსენებელი),

ნ. სხირტლაძე

დავის საგანი: იჯარის ხელშეკრულების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 20 სექტემბერს ო. ქ-მ საჩელით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსა და შპს «ლ...ს» მიმართ ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსა და შპს «ლ...ს» შორის 1997წ. 15 ივლისს გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულებისა და ამავე სამმართველოს მიერ 1997წ. 17 ივლისს გაცემული ¹23/260-ი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ბათილად ცნობის თაობაზე.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველომ 1997წ. 6 ივნისს ¹1-3/480 ბრძანებით შექმნა ქ. თბილისში, ... ქ. ¹14-ში მდებარე არასაცხოვებელი ფართის იჯარა-გამოსყიდვის უფლებით გაცემასთან დაკავშირებით საპრივატიზაციო კომისია, რომელმაც 1999წ. 9 ივნისს ¹1-4/359 ბრძანებით ფართის საპრივატიზაციო ღირებულება 42.103 აშშ დოლარით დაამტკიცა. 1997წ. 9 ივნისს პრესაში გამოქვეყნების გარეშე ჩაატარდა კონკურსი, რითაც დარღვეულ იქნა კონკურსის წესით ქონების გაყიდვის შესახებ დებულება, რომლის მიხედვითაც‚ საპრივატიზებო კონკურსი უნდა ჩატარებულიყო გამოქვეყნებიდან ერთ თვეში. მოსარჩელის აღნიშვნით, კონკურსი, ფაქტობრივად, არ ჩატარებულა და ისე იქნა გაფორმებული ოქმი თითქოსდა კონკურსში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ შპს «ლ...მ», რომლის გამარჯვებულად გამოცხადების შემდეგ, 1997წ. 15 ივლისს გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება. ქონების მართვის სამმართველომ შპს «ლ...ს» მიერ 1996წ. ივნისში გადახდილი თანხები და ვაუჩერები 1997წ. 15 ივლისს ჩათვალა გადახდილად და 17 ივლისს გასცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, მაშინ‚ როცა ვაუჩერების მოქმედების ვადა განისაზღვრებოდა 1996წ. 1 ივლისამდე, რაც მოსარჩელის მითითებით, უკანონოა.

მოსარჩელე ასევე აღნიშნავდა, რომ შპს «ლ...ს» მიეყიდა 697 მ2 არასაცხოვრებელი ფართი, თუმცა, ფაქტობრივად ფლობდა 291 მ2 სარდაფს, რომლის შესახებაც პრივატიზების დოკუმენტებში არაფერი იყო მითითებული.

ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს 2003წ. 8 ივლისის განჩინებით საქმეში ქ. თბილისის ქონების მართვის სამმართველოს უფლებამონაცვლედ ჩართულ იქნა ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო.

ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით ო. ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ო. ქ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006წ. 24 თებერვლის განჩინებით ო. ქ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;' უცვლელად დარჩა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 18 სექტემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» კანონის მე-11 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პრივატიზებულ სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებული საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი. სადავო ქონების პრივატიზება დასრულდა 1997წ. 17 ივლისს, როდესაც შპს «ლ...ზე» გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, ხოლო ო. ქ-ის მიერ სარჩელი აღიძრა 2002წ. 20 სექტემბერს, ე.ი. დასახელებული კანონით დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გაშვებით.

პალატამ არ გაიზიარა აპელანტის არგუმენტი, თითქოსდა სარჩელის სასამართლოში აღძვრამდე, მის მიერ სხვადასხვა ორგანოებში მიმართვის გამო, სკ-ის 138-ე მუხლის საფუძველზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დინება შეწყვეტილი იყო.

სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ სკ-ის 144-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი თავისუფლდება უფლებამოსილი პირის წინაშე მოვალეობის შესრულებისაგან.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ო. ქ-ის წარმომადგენელმა დავით დეკანოიძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორი აღნიშნავდა, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სკ-ის 144-ე მუხლი, ვინაიდან არ იყო გასული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა.

ასევე, კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საპროცესო სკ-ის 279-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტის მოთხოვნა, ვინაიდან მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საქმის წინასწარი გამოძიება ამავე სადავო საკითხებზე, ხოლო სასამართლომ მაინც არ შეაჩერა საქმის წარმოება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ო. ქ-ის საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და ექვემდებარება ნაწილობრივ დაკმაყოფილებას შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც გასაჩივრებული განჩინების შემოწმების საფუძველზე დგინდება, სააპელაციო სასამართლოს მიერ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის საფუძვლად მიჩნეულია მოთხოვნის ხანდაზმულობა, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მხარის მიერ გაშვებული იყო «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის მე-11 მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული სასარჩელო ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება ეფუძნება ნორმათა არასწორ განმარტებას და ემყარება არასრულყოფილად გამოკვლეულ საქმის მასალებს.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას შრომითი კოლექტივის ცალკეული წევრის უფლებრივ საკითხთან მიმართებაში და განმარტებას: იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო სასამართლო დაადგენდა, რომ ო. ქ-ე წარმოადგენდა შრომითი კოლექტივის წევრს, ამ უკანასკნელის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, მის წევრზე უნდა გაევრცელებინა ის სამართლებრივი შედეგი, რაც წარმოიშობოდა შრომითი კოლექტივისათვის.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრების გათვალისწინების შემთხვევაშიც კი საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებასთან დაკავშირებით და სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს თავად წერილის შინაარსს, რომელშიც მითითებულია, რომ საქართველოს პარლამენტის კორუფციასთან მებრძოლ დროებით საგამოძიებო კომისიას განცხადებით მიმართეს ო. ქ-მ და შრომითმა კოლექტივმა.

იმავე საქმეში დაცულია საქართველოს პარლამენტის წევრის - გ. ბ-ის მიმართვა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრისადმი, რომელიც ო. ქ-ის განცხადების საფუძველზე ითხოვს ქ. თბილისში, ... გამზირის 14-ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზაციის საკითხის გარკვევას. აქვე საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ საჩივარს და იმავე საქმეში განთავსებულ განცხადებას, რაც, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, ასევე უნდა იქცეს სააპელაციო სასამართლოს შეფასების საგნად.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

პრივატიზაციის ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნებიდან და ზემოაღნიშნული მუხლის დებულებიდან გამომდინარე, სასამართლო დავის განხილვისას, უფლებამოსილია იხელმძღვანელოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ნორმებით.

სკ-ის 138-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება.

მითითებული მუხლი ცალსახად განსაზღვრავს ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის წინაპირობებს, რაც საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს არარგუმენტირებულად მიიჩნიოს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა და თვლის, რომ საქმე არსებითად განხილვა-გამოკვლევის მიზნით უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1 მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა დ გ ი ნ ა:

1. ო. ქ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006წ. 24 თებერვლის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.