Facebook Twitter

№ას-253-245-2012 23 თებერვალი, 2012 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე:

ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები – რ. ნ-ე და ე. ქ-ე

წარმომადგენელი – ლ. ნ-ე და ა. ნ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – სს „... ბანკი“

წარმომადგენელი – დ. რ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს „... ბანკმა“ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას ა. ქ-ის, ე. ქ-ისა და რ. ნ-ის მიმართ თავდებობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისა და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების იძულებითი რეალიზაციის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 12 აპრილის საოქმო განჩინებით, სამოქალაქო საქმეში მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ჩაება სს „ე. ე-ი“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით სს „... ბანკის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ა. ქ-ეს სს „... ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2326029 აშშ დოლარის გადახდა; დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა რ. ნ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ.ბათუმი, ტ-ის ქუჩა №5, ბინა №13 (სარეგისტრაციო კოდი №...), ე. ქ-ის საკუთრებაში არსებული ქონება 2804 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მდებარე ხელვაჩაურში, სოფ. გ-ში (სარეგისტრაციო კოდი №...).

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ე. ქ-ემ და რ. ნ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ე. ქ-მ და რ. ნ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრესთბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 დეკემბრის განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ნ-ისა და ე. ქ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამდენად, მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, კანონმდებელი სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრებისათვის იმპერატიულად ადგენს 21 დღის ვადას. აღნიშნული ვადის დენა იწყება დასაბუთებული გადაწყვეტილების (განჩინების) მოდავე მხარეთათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გადაცემის დღის მომდევნო კალენდარული დღიდან და მისი გაგრძელების შესაძლებლობას სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 დეკემბრის განჩინება 2012 წლის 12 იანვარს ჩაბარდათ კასატორების წარმომადგენლებს.

შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრებისათვის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით იმპერატიულად დადგენილი ვადის დენა ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე დაიწყო 2012 წლის 13 იანვარს და ამოიწურა ამავე წლის 2 თებერვალს. კასატორებმა კი სასამართლოს მიმართეს 2012 წლის 10 თებერვალს, საკასაციო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი ვადის დარღვევით. აღნიშნული გარემოება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

„ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულია, რომ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას, თუ საქმე სასამართლოში განხილვას არ ექვემდებარება, აგრეთვე როდესაც მოსარჩელე არ იცავს მოცემული კატეგორიის საქმეებისათვის წინასწარი დავის გადაწყვეტის დადგენილ წესს ან აღიარებულია ქმედუუნარო პირად. აღნიშნულიდან გამომდინარე, ე. ქ-ესა და რ. ნ-ეს უნდა დაუბრუნდეთ ა. ნ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. ქ-ისა (პირადი №...) და რ. ნ-ის (პირადი №...) საკასაციო საჩივრები დარჩეს განუხილველად.

2. ე. ქ-ეს დაუბრუნდეს ა. ნ-ის მიერ 2012 წლის 10 თებერვლის №4864221 შემოსავლის ორდერით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 3500 ლარი;

3. რ. ნ-ეს დაუბრუნდეს ა. ნ-ის მიერ 2012 წლის 10 თებერვლის №4864240 შემოსავლის ორდერით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 4400 ლარი;

4. სახელმწიფო ბაჟი დაბრუნდეს შემდეგი ანგარიშიდან: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიში, სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.