№ას-257-248-2012 23 თებერვალი, 2012 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე:
ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ი/მ ჯ. დ-ე
წარმომადგენელი – ნ. ა-ე
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „...საავადმყოფო“
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „...საავადმყოფომ“ მიმართა ქუთისის საქალაქო სასამართლოს ი/მ ჯ.დ-ის მიმართ 2009 წლის 15 აპრილის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, წინასწარ გადახდილი თანხის – 24300 ლარისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების – 17862 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
ი/მ ჯ. დ-ემ აღზრა შეგებებული სარჩელი შპს „...საავადმყოფოს“ მიმართ 39073 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს სახით 24537 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „...საავადმყოფოს“ სარჩელი დაკმაყოფილდა; შეწყდა შპს „...საავადმყოფოს“ და ი/მ ჯ. დ-ეს შორის 2009 წლის 15 აპრილს დადებული ხელშეკრულება; ი/მ ჯ. დ-ეს დაეკისრა შპს „...საავადმყოფოს“ სასარგებლოდ 42162 ლარის გადახდა; ი/მ ჯ. დ-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა და ი/მ ჯ. დ-ემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ი/მ ჯ. დ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 დეკემბრის განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ი/მ ჯ. დ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამდენად, მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, კანონმდებელი სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრებისათვის იმპერატიულად ადგენს 21 დღის ვადას. აღნიშნული ვადის დენა იწყება დასაბუთებული გადაწყვეტილების (განჩინების) მოდავე მხარეთათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გადაცემის დღის მომდევნო კალენდარული დღიდან და მისი გაგრძელების შესაძლებლობას სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 დეკემბრის განჩინება 2012 წლის 10 იანვარს ჩაბარდა კასატორის წარმომადგენელს - ნ. ა-ეს.
შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრებისათვის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით იმპერატიულად დადგენილი ვადის დენა ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე დაიწყო 2012 წლის 11 იანვარს და ამოიწურა ამავე წლის 31 იანვარს. კასატორმა კი სასამართლოს მიმართა 2012 წლის 9 თებერვალს, საკასაციო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი ვადის დარღვევით. აღნიშნული გარემოება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
„ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულია, რომ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას, თუ საქმე სასამართლოში განხილვას არ ექვემდებარება, აგრეთვე როდესაც მოსარჩელე არ იცავს მოცემული კატეგორიის საქმეებისათვის წინასწარი დავის გადაწყვეტის დადგენილ წესს ან აღიარებულია ქმედუუნარო პირად. აღნიშნულიდან გამომდინარე, ი/მ ჯ. დ-ეს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 5994 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი/მ ჯ. დ-ის (საიდენტიფიკაციო კოდი ...) საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. კასატორს დაუბრუნდეს 2012 წლის 9 თებერვლის №0 შემოსავლის ორდერით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 5994 ლარი;
3. სახელმწიფო ბაჟი დაბრუნდეს შემდეგი ანგარიშიდან: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიში, სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.