№ას-258-249-2012 27 თებერვალი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე
მაია სულხანიშვილი
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შ. ა-ის წარმომადგენლის დ. ხ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 დეკემბრის განჩინებაზე, საქმეზე - დ. ჯ-ის სარჩელის გამო, მოპასუხე შ. ა-ის მიმართ უძრავი ქონების ¼ წილზე მესაკუთრედ ცნობა.
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ შ. ა-ის წარმომადგენლის დ. ხ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
საქმის მასალებიდან ნათელია, რომ შ. დ-ა და მისი წარმომადგენელი ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას (ტ.I ს.ფ. 160-168).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მე-20 დღე არის 27 დეკემბერი, ხოლო 30-ე დღე – 6 იანვარი, ამდენად კასატორს შეეძლო, მისულიყო თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაებარებინა განჩინების ასლი 2011 წლის 27 დეკემბრიდან 2012 წლის 6 იანვრამდე.
საქმის მასალებიდან დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 7 დეკემბრის განჩინებაზე მხარის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა სასამართლოს მიმართ კანონით განსაზღვრული ვადის დაცვით 2012 წლის 5 იანვარს (ტ.I, ს.ფ. 188, რწმუნებულება იხ. ტ.I, ს.ფ. 76).ვინაიდან საქმის მასალებით არ ირკვევა მხარის ჩაბარება საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 2012 წლის 7 იანვარს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან (2012 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი რედაქცია). ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. მოცემულ შემთხვევაში პალატა თვლის, რომ .ვინაიდან საქმის მასალებით არ დასტურდება მხარის ჩაბარება საკასაციო საჩივრის შეტანის 21 - დღიანი ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 2012 წლის 7 იანვრიდან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. საქმეში წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის შესწავლით ირკვევა, რომ შ. დ-ას წარმომადგენელმა დ. ხ-ემ საკასაციო საჩივარი ფოსტის მეშვეობით გააგზავნა 2012 წლის 6 თებერვალს (აღნიშნული გარემოება დასტურდება ფოსტის შტამპით, ამასთან, საკასაციო საჩივრის ავტორი საჩივრის შევსების თარიღად უთითებს სწორედ 2012 წლის 6 თებერვლას, იხ. საკასაციო საჩივარი (ტ.I, ს.ფ. 189-197), კანონით დადგენილი საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევით, რაც მოცემული საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების უტყუარი საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამოქალაქო საქმეების წარმოება სასამართლოში ხორციელდება სამოქალაქო საპროცესო კანონებით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულების დროს. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა უფლებამოსილია საპროცესო მოქმედების სისწორის გარკვევის მიზნით იხელმძღვანელოს იმ ნორმით, რომელიც ამ მოქმედების განხორციელებისას მოქმედებდა. სასამართლოს აღნიშნული განმარტება გარდა კანონის მოთხოვნისა ასევე შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვან სტაბილურ პრაქტიკას (იხ. სუსგ. №ას-58-57-2010 3 თებერვალი 2010 წელი).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ. ა-ის წარმომადგენლის დ. ხ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 დეკემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.