ას-26-26-2012 1 თებერვალი, 2012 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ე. წ-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. გ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ე. წ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს ლ. გ-ის მიმართ ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 26 ივლისის განჩინებით ე. წ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე.წ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 ნოემბრის განჩინებით ე. წ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე.წ-მა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმებისა და საქმის მასალების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ საქმის წარმოება, ე. წ-ის სარჩელისა გამო, ლ. გ-ის მიმართ უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ე. წ-მა 2009 წლის 3 აგვისტოს სარჩელით მიმართა გარდაბნის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება მას და მის შვილიშვილ ლ. გ-ს შორის, ვინაიდან, დასაჩუქრებული აყენებდა მძიმე შეურაცხყოფას გამჩუქებელს და იჩენდა უმადურობას მის მიმართ. ლ. გ-მა მოსარჩელის დაუკითხავად ნაჩუქარი ქონება დატვირთა იპოთეკით. ამასთან, მოპასუხე არ აძლევდა საშუალებას ე.წ-ს ესარგებლა გაჩუქებული ქონებით, რამაც იგი ჩააგდო მძიმე მატერუალურ მდგომარეობაში. გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმყოფილდა, რაც გასაჩივრდა სააპელაციო წესით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 8 ივნისის განჩინებით ძალაში დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 22 ნოემბრის განჩინებით კი, ე. წ-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2011 წლის 7 მარტს ე. წ-მა სარჩელით მიმართა გარდაბნის რაიონულ სასამართლოს ლ. გ-ის მიმართ და მოითხოვა ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა. აღნიშნული მოთხოვნის საფუძველი იყო ის ფაქტი, რომ ლ. გ-მა ნაჩუქარი ქონება ე. წ-ის დაუკითხავად დატვირთა იპოთეკით. სადავო ფართში შეასახლა მისი მშობლები, რომლებმაც მიისაკუთრეს მოსარჩელის ნივთები და მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო, გაასხვისეს ისინი. ამასთან, მოპასუხე და მისი ახლობლები მძიმე ფიზიკურ და მორალურ შეურაცხყოფას აყენებენ მოსარჩელეს. ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ დასაჩუქრებული აღმოჩნდა მძიმე მდგომარეობაში, მას ხელს უშლიან, იცხოვროს სადავო სახლში და ისარგებლოს გაჩუქებული ქონებით. აღნიშნული, როგორც სარჩელში მიუთითებს ე.წ-ი, დასტურდება გარდაბნის რაიონული სასამართლოს თელეთის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის აქტითა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის თელეთის ტერიტორიული ორგანოს მიმართვით.
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 26 ივლისის განჩინებით ე. წ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 ნოემბრის განჩინებით ე. წ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე.წ-მა.
ზემოაღნიშნულით უდავოდ დასტურდება, რომ 2009 წლის 3 აგვისტოს, ე.წ-ს გარდაბნის რაიონულ სასამართლოში სარჩელი ჰქონდა აღძრული ლ. გ-ის მიმართ, რითაც ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობას ითხოვდა 2011 წლის 7 მარტს იმავე სასამართლოში წარდგენილ სარჩელში მითითებული საფუძვლებით. აქედან გამომდინარე, მოცემულ ორივე სარჩელში მოპასუხე, დავის საგანი და საფუძვლები არის ერთი და იგივე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.
ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ 2009 წლის 15 სექტემბრის გარდაბნის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, რაც გამორიცხავს დავას იმავე მხარეეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე 284-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შეწყდეს საქმის წარმოება ე. წ-ის სარჩელისა გამო ლ. გ-ის მიმართ.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.