Facebook Twitter

№ას-263-254-2012 23 თებერვალი, 2012 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე:

ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შპს „ა. ი-ი“ და შპს „ა. კ- ჯ-ა“

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „დდ. თ-ი“; შპს „გ. ს. თ-ი“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - საიჯარო ქირის, გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს „დდ. თ-ი“-მ და შპს „გ. ს. თ-ი“-მ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შპს „ა. ი-ი“-სა და შპს „ა. კ- ჯ-ას“-ს მიმართ საიჯარო ქირის, გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებისა და ქონების გამოთხოვის მოთხოვნით.

შპს „ა. კ- ჯ-ამ“ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს შპს „დდ. თ-ი“-ს მიმართ ზიანის ანაზრაურების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით:

შპს „დდ. თ-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოპასუხე შპს „ა. ი-ის“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ტექნიკის ქირავნობისათვის 1426950 აშშ დოლარის გადახდა; გარდა ამისა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ქონების მესაკუთრისათვის დაბრუნების ხარჯების სახით 148765 ლარის ანაზღაურება; სარჩელის დანარჩენ მოთხოვნებზე მოსარჩელეს უარი ეთქვა.

ამავე გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შპს „გ. ს. თ-ის“ სარჩელი, აგრეთვე, შპს „ა. კ- ჯ-ას“ სარჩელი შპს „დდ. თ-ის“ მიმართ.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს „ა. ი-მა“ და შპს „ა. კ- ჯ-ამ“.

2011 წლის 3 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა შპს „დდ. თ-მა“, რომელმაც მოითხოვა საქალაქო სასამართლოს ზემომითითებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის შესაბამისად.

განმცხადებელმა მოითხოვა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით: ა. მოპასუხე შპს „ა. ი-ისათვის“ სსიპ „ფონდი ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)“ და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისაგან მიღებული (მისაღები) თანხების განკარგვის აკრძალვა 1426950 აშშ დოლარის და 152165 ლარის ფარგლებში; ბ. მოპასუხე შპს „ა. ი-ისათვის“ სსიპ „ფონდი ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)“ და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისაგან მიღებული (მისაღები) თანხის 1426950 აშშ დოლარის და 152165 ლარის ფარგლებში განთავსების დავალება საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 აგვისტოს განჩინებით შპს „დდ. თ-ის“ განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოპასუხე შპს „ა. ი-ს“ აეკრძალა 1426950 აშშ დოლარის და 152165 ლარის ფარგლებში სსიპ „ფონდი ათასწლეულის გამოწვევა საქართველოსა“ და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისაგან მიღებული (მისაღები) თანხების განკარგვა, რაც მოპასუხე შპს „ა. ი-ს“ ეკუთვნოდა უკვე განხორციელებული (დასრულებული) სამუშაოებისათვის (გაწეული მომსახურეობისათვის) და არ იყო გათვალისწინებული შესაბამისი კონტრაქტების ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოების შესასრულებლად.

სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 4 აგვისტოს განჩინება საჩივრით გაასაჩივრა შპს „ა. ი-მა“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 დეკემბრის განჩინებით შპს „ა. ი-ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 აგვისტოს განჩინება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 დეკემბრის განჩინებით შპს „ა. ი-ისა“ და შპს „ა. კ- ჯ-ას“ სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება.

აღნიშნული გადაწყვეტილება 2012 წლის 10 თებერვალს გაასაჩივრა შპს „ა. ი-მა“ და შპს „ა. კ- ჯ-ამ“გასაჩივრებული განჩინების გაუქმების მოთხოვნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ა. ი-ისა“ და შპს „ა. კ-ის“ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამდენად, მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, კანონმდებელი სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრებისათვის იმპერატიულად ადგენს 21 დღის ვადას. აღნიშნული ვადის დენა იწყება დასაბუთებული გადაწყვეტილების (განჩინების) მოდავე მხარეთათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გადაცემის დღის მომდევნო კალენდარული დღიდან და მისი გაგრძელების შესაძლებლობას სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 დეკემბრის განჩინება 2012 წლის 12 იანვარს ჩაბარდა კასატორის წარმომადგენელს - თეა კვაბზირიძეს.

შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრებისათვის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით იმპერატიულად დადგენილი ვადის დენა ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე დაიწყო 2012 წლის 13 იანვარს და ამოიწურა ამავე წლის 2 თებერვალს. კასატორმა კი სასამართლოს მიმართა 2012 წლის 10 თებერვალს, საკასაციო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი ვადის დარღვევით. აღნიშნული გარემოება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს „ა. ი-ისა“ და შპს „ა. კ- ჯ-ას“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.