№ას-264-255-2012 21 თებერვალი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ე. მ-ის უფლებამონაცვლე ზ. მ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ნოემბრის განჩინებაზე, საქმეზე – ე. მ-ის, ნ. ს-ისა და გ. გ-ის სარჩელის გამო, გურჯაანის რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივ „გ-ის“ მიმართ კოოპერატივ გ-ის „მეპაიეთა“ 2006 წლის 11 მაისის საერთო კრების ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე.
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ ე. მ-ის უფლებამონაცვლე ზ. მ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
საქმის მასალებიდან დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 30 ნოემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა ზ. მ-ის წარმომადგენელი ნ. ს-ი (რწმუნებულება იხ. ტ.III, ს.ფ. 46), საქმიდან ირკვევა ისიც, რომ ნ.ს-მა დასაბუთებული გადაწვეტილების ჩაბარების თხოვნით, სააპელაციო სასამართლოს მიმართა საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით დადგენილ ვადაში, მაგრამ არ ჩაბარდა (ტ.III, ს.ფ.233). აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს გასაჩივრების უფლების მქონე პირისათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბრებიდან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან (2012 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი რედაქცია). ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. მოცემულ შემთხვევაში უდავოდ დასტურდება რა მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სააპელაციო პალატის განჩინების 2012 წლის 4 იანვარს ჩაბარების ფაქტი (ტ.III, ს.ფ. 237), პალატა თვლის, რომ სწორედ ამ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან – 2012 წლის 5 იანვრიდან უნდა დაიწყოს საკასაციო საჩივრის შეტანის 21-დღიანი ვადის ათვლა, რომელიც ამოიწურება 2012 წლის 25 იანვარს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. საქმეში წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის შესწავლით ირკვევა, რომ ზ. მ-მა საკასაციო საჩივარი ფოსტას ჩააბრა 2012 წლის პირველ თებერვალს (ტ.III, ს.ფ.248). ამასთან, საკასაციო საჩივრის ავტორი საჩივრის შევსების თარიღად უთითებს სწორედ 2012 წლის 1 თებერვალს, რაც უტყუარად ადასტურებს საპროცესო ვადის დარღვევას.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად თვლის განმარტოს შემდეგი: მართალი გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილით მხარეებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2011 წლის 30 ნოემბერს მოქმედი რედაქციის შესაბამისად განემარტათ, რომ განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენდა ერთ თვეს, თუმცა ზ.მ-ის წარმომადგენლის მიერ სააპელაციო პალატის განჩინების ჩაბარების დროისათვის – 2012 წლის 4 იანვრისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლი მოქმედებდა ახალი რედაქციით, რომლითაც ახლებურად განისაზღვრა საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის გამოთვლის წესი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამოქალაქო საქმეების წარმოება სასამართლოში ხორციელდება სამოქალაქო საპროცესო კანონებით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულების დროს. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა უფლებამოსილია საპროცესო მოქმედების სისწორის გარკვევის მიზნით იხელმძღვანელოს იმ ნორმით, რომელიც ამ მოქმედების განხორციელებისას მოქმედებდა. სასამართლოს აღნიშნული განმარტება გარდა კანონის მოთხოვნისა ასევე შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვან სტაბილურ პრაქტიკას (იხ. სუსგ. №ას-58-57-2010 3 თებერვალი 2010 წელი).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ე. მ-ის უფლებამონაცვლე ზ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ნოემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.