№ას-267-258-2012 20 თებერვალი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ნ. შ-ი, ა. მ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - ლ. ი-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი - საცხოვრებელ სადგომზე მესაკუთრედ ცნობა საბაზრო ღირებულების 25%-ის გადახდის სანაცვლოდ
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. ი-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. შ-ისა და ა. მ-ის მიმართ და მოითხოვა საცხოვრებელ სადგომზე მესაკუთრედ ცნობა საბაზრო ღირებულების 25%-ის გადახდის სანაცვლოდ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით ლ. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. შ-ისა და ა. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. შ-ისა და ა. მ-ის წარმომადგენელმა მ. ბ-მა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. შ-ისა და ა. მ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. საქმის მასალებიდან ნათელია, რომ კასატორი ა. მ-ი და კასატორების წარმომადგენელი მ. ბ-ი ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას (ტ.II, ს.ფ.33).
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მე-20 დღე არის 21 დეკემბერი, ხოლო 30-ე დღე - 31 დეკემბერი, ამდენად კასატორებს ან მათ წარმომადგენელს შეეძლოთ, მისულიყვნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაებარებინათ გადაწყვეტილების ასლი 2011 წლის 21 დეკემბრიდან 2011 წლის 31 დეკემბრამდე. საქმიდან ირკვევა, რომ მ. ბ-მა გასაჩივრებეული გადაწყვეტილება ჩაიბარა 2012 წლის 7 თებერვალს (ტ.II, ს.ფ.49). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრების ერთთვიანი ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 2011 წლის 31 დეკემბერს.
2011 წლის 31 დეკემბრისათვის მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 1 თვე, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში.
აღნიშნული ნორმების ანალიზიდან ნათელია, რომ საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყო 2011 წლის 31 დეკემბერს და დამთავრდა 2012 წლის 31 იანვარს. საკასაციო საჩივარი კი თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეტანილია 2012 წლის 13 თებერვალს. საკასაციო საჩივრის შედგენის თარიღად ასევე მითითებულია 2012 წლის 10 თებერვალი (ტ.II., ს.ფ. 58), რაც უტყუარად ადასტურებს საპროცესო ვადის დარღვევას.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი შემოტანილია გასაჩივრების ერთთვიანი ვადის დარღვევით, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 , 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. შ-ისა და ა. მ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.