#as-274-265-2012 20 Tebervali, 2012 weli
q.Tbilisi
samoqalaqo saqmeTa palata
mosamarTle
besarion alaviZe
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე მ. ჭ-ას საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 დეკემბრის განჩინებაზე, საქმეზე _ მ. ჭ-ას სარჩელის გამო, მოპასუხეების: ს. მ-ისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ ბრძანების ბათილად ცნობის, შრომითი კოლექტივის მესაკუთრეთა სიის ბათილად ცნობის, „თ-ის~ ქონების მესაკუთრედ ცნობის, შრომითი კოლექტივის მესაკუთრეთა სიაში შეყვანის, სახელფასო დავალიანების 795 აშშ დოლარის ანაზღაურების, 1996 წელს გაცემული 774 ცალი სერთიფიკატის, მოვალის დადგენის, ანაზღაურების, აქციით წარმოებიდან მიუღებელი შემოსავლის დადგენისა და მოვალეზე დაკისრების თაობაზე.
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ მ. ჭ-ას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
საქმის მასალებიდან დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 13 დეკემბრის განჩინება მ. ჭ-ამ კანონით დადგენილი წესით ჩაიბარა 2012 წლის 13 იანვარს (ტ.II, ს.ფ. 75).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან (2012 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი რედაქცია). ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. მოცემულ შემთხვევაში უდავოდ დასტურდება რა მხარის მიერ სააპელაციო პალატის განჩინების 2012 წლის 13 იანვარს ჩაბარების ფაქტი, პალატა თვლის, რომ სწორედ ამ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან _ 2012 წლის 14 იანვრიდან უნდა დაიწყოს საკასაციო საჩივრის შეტანის 21-დღიანი ვადის ათვლა, რომელიც 2012 წლის 3 თებერვალს იწურება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. საქმეში წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის შესწავლით ირკვევა, რომ მ. ჭ-ამ სასამართლოს მიმართა 2012 წლის 10 თებერვალს (აღნიშნული გარემოება დასტურდება საკასაციო საჩივარზე დასმული სასამართლო კანცელარიის შტამპით, ამასთან, საკასაციო საჩივრის ავტორი საჩივრის შევსების თარიღად უთითებს სწორედ 2012 წლის 10 თებერვალს, იხ. საკასაციო საჩივარი ტ.II, ს.ფ. 76-85), კანონით დადგენილი საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევით, რაც მოცემული საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების უტყუარი საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად თვლის განმარტოს შემდეგი: მართალია გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილით მხარეებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2011 წლის 13 დეკემბერს მოქმედი რედაქციის შესაბამისად განემარტათ, რომ განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენდა ერთ თვეს, თუმცა მ.ჭ-ას მიერ სააპელაციო პალატის განჩინების ჩაბარების დროისათვის _ 2012 წლის 13 იანვრისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლი მოქმედებდა ახალი რედაქციით, რომლითაც ახლებურად განისაზღვრა საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის გამოთვლის წესი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამოქალაქო საქმეების წარმოება სასამართლოში ხორციელდება სამოქალაქო საპროცესო კანონებით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულების დროს. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა უფლებამოსილია საპროცესო მოქმედების სისწორის გარკვევის მიზნით იხელმძღვანელოს იმ ნორმით, რომელიც ამ მოქმედების განხორციელებისას მოქმედებდა. სასამართლოს აღნიშნული განმარტება გარდა კანონის მოთხოვნისა ასევე შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვან სტაბილურ პრაქტიკას (იხ. სუსგ. №ას-58-57-2010 3 თებერვალი 2010 წელი).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. ჭ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 დეკემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.