Facebook Twitter

№ას-287-276-2012 27 თებერვალი, 2012 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ს. მ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – რ. მ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ბინით სარგებლობაში უკანონო ხელშეშლის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 დეკემბრის განჩინებით ს. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩჲნებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ს. მ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ს. მ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან (2012 წლის 01 იანვრიდან მოქმედი რედაქციით).

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 დეკემბრის განჩინების ასლი კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა ს. მ-ის წარმომადგენელ გიგლა მაჩიტიძეს 2012 წლის 18 იანვარს (ტომი 2, ს.ფ. 45, რწმუნებულება იხ. ტომი 1, ს.ფ. 57-59).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის შეტანის 21 დღიანი ვადის დენა კასატორისათვის დაიწყო 2012 წლის 19 იანვარს და ამოიწურა ამავე წლის 08 თებერვალს, რომელიც იყო სამუშაო დღე – ოთხშაბათი. საქმის მასალებით ირკვევა, რომ საკასაციო საჩივარი შეტანილია 2012 წლის 17 თებერვალს, ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით (ტომი 2, ს.ფ. 47-55).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ს. მ-მა საკასაციო საჩივარი შეიტანა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, ამიტომ მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

ს. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან მიმართებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397.1 მუხლის ახალი რედაქციის გამოყენების თაობაზე საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, განმარატოს შემდეგი:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის თანახმად, სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომელიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს. იგივე შინაარსის დანაწესს შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 435-ე მუხლი. მითითებული ნორმებით, კანონმდებელი განსაზღვრავს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოქმედებას დროში, საიდანაც გამომომდინარეობს შემდეგი დასკვნა: სამოქალაქო საპროცესო კანონს უკუქცევითი ძალა არა აქვს, სასამართლომ უნდა გამოიყენოს ახალი კანონი, დამოუკიდებლად იმისა, საქმის განხილვა დაიწყო თუ არა ძველი საპროცესო კანონმდებლობის მოქმედების პირობებში. ისეთი საპროცესო მოქმედებები, რომლებიც ახალი კანონდებლობის ამოქმედების პირობებში უნდა განხორციელდეს, შესრულდება არა ძველი, არამედ ახალი კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

განსახილველ შემთხვევაში, მართალია, გასაჩივრებული განჩჲნების სარეზოლუციო ნაწილით მხარეებს განემარტათ, რომ განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენდა ერთ თვეს, მაგრამ ამ განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარების დროს, საიდანაც უნდა აითვალოს საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397.1 მუხლი მოქმედებდა ახალი რედაქციით, რომლითაც ახლებურად განისაზღვრა საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ს. მ-ს საკასაციო საჩივრის შეტანის უფლება გააჩნდა ახალი კანონით დადგენილ 21-დღიან ვადაში. სასამართლოს აღნიშნული განმარტება შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვან პრაქტიკას (იხ. სუსგ. №ას-58-57-2010, 3 თებერვალი 2010 წელი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს. მ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.