Facebook Twitter

№ას-292-281-2012 29 თებერვალი, 2012 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები – თ. ა-ი, მ. შ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – თ. შ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 დეკემბრის განჩინება

კასატოებრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად

დავის საგანი – თანხის გადახდის სანაცვლოდ საცხოვრებელ სადგომზე მფლობელობის შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 დეკემბრის განჩინებით თ. ა-ისა და მ. შ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩჲნებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს თ. ა-მა და მ. შ-ემ და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ა-ისა და მ. შ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან (2012 წლის 01 იანვრიდან მოქმედი რედაქციით).

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილების ასლი 2012 წლის 18 იანვარს ჩაბარდა კასატორების წარმომადგენელ ც. მ-ას (ტ.2, ს.ფ. 71, მინდობილობები იხ. ტ.1, ს.ფ. 135-137; ტ.2, ს.ფ. 59). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70.1 მუხლის შესაბამისად, წარმომადგენლისათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარება ითვლება ასევე ჩაბარებად მხარისათვის. აქედან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში, კასატორებისათვის გადაწყვეტილების ასლი ჩაბარებულად ითვლება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის შეტანის 21 დღიანი ვადის დენა კასატორებისათვის დაიწყო 2012 წლის 19 იანვარს და ამოიწურა ამავე წლის 08 თებერვალს, რომელიც იყო სამუშაო დღე – ოთხშაბათი. საქმის მასალებით ირკვევა, რომ საკასაციო საჩივარი შეტანილია 2012 წლის 16 თებერვალს, ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით (ტომი 2, ს.ფ. 72-80).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან თ. ა-მა და მ. შ-ემ საკასაციო საჩივარი შეიტანეს კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, ამიტომ მათი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

თ. ა-ისა და მ. შ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან მიმართებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397.1 მუხლის ახალი რედაქციის გამოყენების თაობაზე საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარატოს შემდეგი:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის თანახმად, სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომელიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს. იგივე შინაარსის დანაწესს შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 435-ე მუხლი. მითითებული ნორმებით, კანონმდებელი განსაზღვრავს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოქმედებას დროში, საიდანაც გამომომდინარეობს შემდეგი დასკვნა: სამოქალაქო საპროცესო კანონს უკუქცევითი ძალა არა აქვს, სასამართლომ უნდა გამოიყენოს ახალი კანონი, დამოუკიდებლად იმისა, საქმის განხილვა დაიწყო თუ არა ძველი საპროცესო კანონმდებლობის მოქმედების პირობებში. ისეთი საპროცესო მოქმედებები, რომლებიც ახალი კანონდებლობის ამოქმედების პირობებში უნდა განხორციელდეს, შესრულდება არა ძველი, არამედ ახალი კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

განსახილველ შემთხვევაში, მართალია, გასაჩივრებული განჩჲნების სარეზოლუციო ნაწილით მხარეებს განემარტათ, რომ განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენდა ერთ თვეს, მაგრამ 2012 წლის 16 იანვრისათვის, საიდანაც მოცემულ შემთხვევაში უნდა აითვალოს საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397.1 მუხლი მოქმედებდა ახალი რედაქციით, რომლითაც ახლებურად განისაზღვრა საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. ა-სა და მ. შ-ეს საკასაციო საჩივრის შეტანის უფლება გააჩნდათ ახალი კანონით დადგენილ 21-დღიან ვადაში. სასამართლოს აღნიშნული განმარტება შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვან პრაქტიკას (იხ. სუსგ. №ას-58-57-2010, 3 თებერვალი 2010 წელი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. ა-ისა და მ. შ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.