№ას-295-284-2012 23 თებერვალი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე
მაია სულხანიშვილი
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „ს-გ“ს საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე - შპს ,,ს-გ“ სარჩელის გამო, მოპასუხე სს. ,,თ-“-ის მიმართ თანხის დაკისრება.
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ შპს „ს-გ“-ს საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
საქმის მასალებიდან დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება მხარის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ჩაიბარა კანონით განსაზღვრული ვადის დაცვით 2012 წლის 6 იანვარს (ტ.III, ს.ფ. 164, რწმუნებულება იხ. ტ.I, ს.ფ. 109).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან (2012 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი რედაქცია). ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. მოცემულ შემთხვევაში უდავოდ დასტურდება რა მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სააპელაციო პალატის განჩინების 2012 წლის 6 იანვარს ჩაბარების ფაქტი, პალატა თვლის, რომ სწორედ ამ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან - 2012 წლის 7 იანვრიდან უნდა დაიწყოს საკასაციო საჩივრის შეტანის 21 - დღიანი ვადის ათვლა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. საქმეში წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის შესწავლით ირკვევა, რომ შპს ,,ს-გ“-ს დირექტორმა გ. პ-ემ სასამართლოს მიმართა 2012 წლის 6 თებერვალს (აღნიშნული გარემოება დასტურდება საკასაციო საჩივარზე დასმული სასამართლო კანცელარიის შტამპით, ამასთან, საკასაციო საჩივრის ავტორი საჩივრის შევსების თარიღად უთითებს სწორედ 2012 წლის 6 თებერვლას, იხ. საკასაციო საჩივარი (ტ.III, ს.ფ. 167-175), კანონით დადგენილი საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევით, რაც მოცემული საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების უტყუარი საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად თვლის განმარტოს შემდეგი: მართალია გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილით მხარეებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2011 წლის 8 დეკემბერს მოქმედი რედაქციის შესაბამისად განემარტათ, რომ განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენდა ერთ თვეს, თუმცა შპს ,,ს-გ“-ს წარმომადგენლის ა. გ-ას მიერ სააპელაციო პალატის განჩინების ჩაბარების დროისათვის - 2012 წლის 6 იანვრისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლი მოქმედებდა ახალი რედაქციით, რომლითაც ახლებურად განისაზღვრა საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის გამოთვლის წესი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამოქალაქო საქმეების წარმოება სასამართლოში ხორციელდება სამოქალაქო საპროცესო კანონებით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულების დროს. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა უფლებამოსილია საპროცესო მოქმედების სისწორის გარკვევის მიზნით იხელმძღვანელოს იმ ნორმით, რომელიც ამ მოქმედების განხორციელებისას მოქმედებდა. სასამართლოს აღნიშნული განმარტება გარდა კანონის მოთხოვნისა ასევე შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვან სტაბილურ პრაქტიკას (იხ. სუსგ. №ას-58-57-2010 3 თებერვალი 2010 წელი).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ზემოაღნიშნული მუხლიდან გამომდინარე შპს ,,ს-გ“ -ს მიერ საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი დოკუმენტი განუხილველი უნდა დარჩეს და მას უნდა დაუბრუნდეს შპს ,,ს-გ“-ს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 4 150 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,ს-გ“-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად;
2. შპს ,,ს-გ“-ს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი - 4 150 ლარის ოდენობით ((2012 წლის 3 თებერვალი, საგადახდო დავალება №124 ) ს.ს. ბანკ „რესპუბლიკის” მეშვეობით;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.