Facebook Twitter

№ას-31-31-2012 13 თებერვალი 2012 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ა. ა-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ ი. ა-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი –ქმედების განხორციელება, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. ა-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. ა-ის მიმართ და მოითხოვა ქმედების განხორციელება და ზიანის ანაზღაურება შემდეგი დასაბუთებით: საცხოვრებელი სახლის გვერდით მომიჯნავედ მდებარე ეზოში ცხოვრობს ბიძაშვილი ა. ა-ი, რომლის საცხოვრებელი სახლის სახურავიდან წყლის ნიაღვარი ჩამოედინება მისი სახლის სახურავზე, ოთახებში და ზიანდება ელექტროხაზები, რემონტი. ბევრჯერ მიმართა თხოვნით ბიძაშვილ ა. ა-ს, რათა გადაეწია სახლის სახურავი ოდნავ მოშორებით, მაგრამ უშედეგოდ. ამჯერადაც უხვი თოვლისა და ნალექის შედეგად საცხოვრებელი ბინის ჭერზე და ოთახის კედლებზე ჩამოვიდა წყალი. იძულებული გახდა მიემართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსათვის ზარალის დასათვლელად.

მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის ბინის დაზიანება არ არის გამოწვეული მისი ბრალით, სახლის რეკონსტრუქციისათვის არქიტექტურის სამსახურიდან გაცემულია ნებართვა. მოსარჩელის სახლის სახურავი არის დაჟანგული, რის გამოც წყალი ჩაედინება. მუნიციპალიტეტმა ი. ა-ს გამოუყო სახურავისათვის საჭირო მასალა. რაც შეეხება ქ. თბილისი მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ა. ა-ისათვის გაგზავნილი №000897 მითითებას, მას რაიმე კავშირი სადავო საკითხთან არ აქვს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით ი. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ა. ა-ს დაევალა ქ. თბილისში, ხ-ის ქ.№59-ში მდებარე სახლის სახურავის რეკონსტრუქცია ისე, რომ უზრუნველყოფილ იქნას ატმოსფერული ნალექის შეკავება ი. ა-ის ნაკვეთში მოხვედრისაგან. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ა-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ნოემბრის განჩინებით ა. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: თბილისში, ხ-ის ქ.№59-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეებს წარმოადგენენ ი. ა-ი და იმავე მისამართზე მომიჯნავედ მცხოვრები ა. ა-ი. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2011 წლის 25 თებერვლის დასკვნის თანახმად, ი. ა-ის საცხოვრებელი ბინის ოთახებში ჭერსა და კედელს ატყვია დაზიანებები, კერძოდ: ჭერსა და კედელზე შეინიშნება წყლის ჩამოსვლის კვალი და აღინიშნება ლაქები, ჭერიდან ჩამოშლილია შპალერი. დაზიანებები გამოწვეულია სახურავიდან წყლის ჩამოსვლის გამო, რომლის აღმოსაფხვრელად საჭირო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 1464,43 ლარს; ი. ა-ის მომიჯნავედ მდებარე საცხოვრებელი სახლის სახურავი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2008 წლის 8 ივლისის №1-1/1254 ბრძანების 33-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნებს, გამომდინარე აქედან, საჭიროა სახურავის რეკონსტრუქცია ისე, რომ მან უზრუნველყოს ატმოსფერული ნალექების შეკავება. ი. ა-ის მიმართ წყლის ჩადინებით მიყენებული მატერიალური ზიანი შეადგენს 1 464.43 ლარს. მითითებულ გარემოებათა საპირისპირო მტკიცებულება, მოპასუხეს სასამართლოში არ წარუდგენია.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თუ ა. ა-ი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპტიზის ეროვნული ბიუროს 2011 წლის 25 თებერვლის დასკვნას არასრულად, ორაზროვნად და ბუნდოვნად მიიჩნევდა, მას ჰქონდა შესაძლებლობა 2011 წლის 1 აპრილიდან სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების, მათ შორის სადავო ექსპერტიზის დასკვნის, ჩაბარების დღიდან 2011 წლის 28 ივნისამდე – პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე, სასამართლოსგან დამოუკიდებლად, უზრუნველეყო ექსპერტიზის ჩატარება და წარედგინა სასამართლოსთვის ექსპერტის დასკვნა.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის განმარტებასთან დაკავშირებით და დამატებით აღნიშნა, რომ იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების მოვალეობა, უნდა არსებობდეს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. კერძოდ, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს საცხოვრებელ ბინაში წყლის ჩადინების შედეგად მიადგა ზიანი, წყალი ჩავიდა მოპასუხის სახლის სახურავიდან, შესაბამისად, ი. ა-ის სარჩელი ა. ა-ის მიმართ ზიანის ასანაზღაურებლად 1464.432 ლარის დაკისრების თაობაზე, საფუძვლიანია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ნოემბრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ა. ა-ი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგი დასაბუთებით: სააპელაციო სასამართლო ისე დაეყრდნო პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას, რომ არ შეამოწმა ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი დასაბუთება. სააპელაციო სასამართლომ დაუშვა ის შეცდომა, რაც პირველმა ინსტანციამ, კერძოდ: სასამართლო დაეყრდნო ექსპერტის ორაზროვან დასკვნას, ზიანი, რომელიც ატმოსფერული ნალექის ჩასვლის შედეგად მიადგა მოსარჩელე ი. ა-ს მიზეზობრივ კავშირში არ არის ა. ავლოხაშვლის სახურავის მოწყობასთან. შესაბამისად მასზე არ ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის ნორმები, რადგანაც ი. ა-მა ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა კასატორის მართლსაწინააღმდეგო, განზრახ ან გაუფრთხილებელი ქმედების შედეგად მას ზიანის მიადგა, ასევე ყურადსაღებია ექსპერტიზის დასკვნის ის ნაწილი, სადაცაღნიშნულია, რომ ი. ა-ს, მისივე სახურავიდან ჩასული ატმოსფერული ნალექების ჩადინების გამო მიადგა ზიანი. სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა და არ მიაქცია ყურადღება წარდგენილ მტკიცებულებას, რომელიც ადასტურებდა იმას, რომ მოსარჩელე ი. ა-ს სახურავიდან ატმოსფერული ნალექები მანამდეც ჩაედინებოდა მის სახლში, სანამ კასატორი წამოიწყებდა სახურავის რეკონსტრუქციას, კერძოდ: საქმეში არსებობს მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმადაც მოსარჩელეს, გამგეობამ გაუმართავი სახურავის გამო გამოუყო გადასახური მასალები ხ-ის ქ.59-ში მდებარე სახლისათვის, სადაც მოსარჩელე ი. ა-ი ცხოვრობს. სასამართლომ არ გაამახვილა ყურადღება მასზე, რომ ა. ა-მა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ დამტკიცებული პროექტისა და ნებართვის საფუძველზე განახორციელა სახურავის რეკონსტრუქცია. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პროექტის განხორციელება მომიჯნავედ მცხოვრები მოსარჩელე ი. ა-ის ინტერესებს შელახავდა, მერიის არქიტექტურის სამსახური არ გასცემდა ნებართვას სახურავის რეკონსტრუქციაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

მოცემული დავის საგანია ზიანის ანაზღაურება სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ა. ა-ს უნდა დაუბრუნდეს ზ. ე-ის მიერ 2012 წლის 23 იანვარს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის –300 ლარის 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა. ა-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

ა. ა-ს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს ზ. ე-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის –300 ლარის 70% _ 210 ლარი (2012 წლის 23 იანვარი,შემოსავლის ორდერი #4809949) სს ბანკ ,,რესპუბლიკის“ მეშვეობით.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.