Facebook Twitter

№ას-3-3-2012 22 თებერვალი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: Pპაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – ნ. ფ-ე, ნ. ხ-ი-ჯ-ე, ე. გ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ლ. ფ-ე, თამარ მაკრახიძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ 1996 წლის 10 აპრილის დამფუძნებელი ხელშეკრულების და 1996 წლის 11 აპრილის №23/756-პ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით ნ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გაუქმდა ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება 1996 წლის 10 აპრილის დამფუძნებელი ხელშეკრულებისა და 1996 წლის 11 აპრილის №23/756-პ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს ნ. ფ-ემ, ნ. ხ-ი-ჯ-ემ და ე. გ-მა და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 იანვრის განჩინებით კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და ხარვეზის შესავსებად განესაზღვრათ ვადა, კერძოდ, დაევალათ აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საკასაციო სასამართლოში ქ.თბილისში, გ-ის 39-ში მდებარე 56.04 კვ. მ. არასაცხოვრებელი ფართის საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი მტკიცებულების (ექსპერტის ან აუდიტის დასკვნა) და ამ მტკიცებულებით განსაზღვრული ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. 2012 წლის 23 იანვრის და 2012 წლის 02 თებერვლის განჩინებებით კასატორებს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღით.

საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 02 თებერვლის განჩინება 2012 წლის 02 თებერვალს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინებით, ეცნობა კასატორების წარმომადგენელ ხ. გ-ს, მაგრამ სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ფ-ის, ნ. ხ-ი-ჯ-ის და ე. გ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 იანვრის განჩინებით კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი და დაევალათ აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საკასაციო სასამართლოში წარმოედგინათ ქ.თბილისში, გ-ის 39-ში მდებარე 56.04 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართის საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი მტკიცებულება (ექსპერტის ან აუდიტის დასკვნა) და ამ მტკიცებულებით განსაზღვრული ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. 2012 წლის 23 იანვრის და 02 თებერვლის განჩინებებით კასატორებს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღით.

საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ კასატორების წარმომადგენელ ხ. გ-ს ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი ეცნობა საქმეში მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე (...) სატელეფონო შეტყობინებით 2012 წლის 02 თებერვალს, რაც ითვლება სასამართლო გზავნილის კასატორებისათვის ჩაბარებად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე და 73.1 მუხლების შესაბამისად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორებისათვის ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 03 თებერვალს და ამოიწურა ამავე წლის 07 თებერვალს, რომელიც იყო სამუშაო დღე – სამშაბათი. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედება, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი, ამიტომ მათი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ფ-ის, ნ. ხ-ი-ჯ-ის და ე. გ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.