Facebook Twitter

№ას-43-41-2012 21 თებერვალი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები _ ლ. გ-ე, ბ. გ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ბ. ს. კ-ი“

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს „ბ. ს. კ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. და ბ. გ-ეების მიმართ უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის მოთხოვნის შესახებ შემდეგი დასაბუთებით: მოპასუხეები უარს აცხადებენ გამოათავისუფლონ ქ.თბილისში, მ-ის ქ.№5-ში მდებარე სს „ბ. ს. კ-ის“ საკუთრებაში არსებული საერთო საცხოვრებელში მათ მიერ დაკავებული ფართობი. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით №2/5059-09 საქმეზე, რომელი კანონიერ ძალაშია შესული სს „ბ. ს. კ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა მოპასუხეების – ქ. კ-ის, ი. და ც. ს-ეებისა და თ. გ-ის მიმართ და მათი უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა ქ.თბილისში, მ-ის ქ.№5-ში მდებარე, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მუშა-მოსამსახურეთა საერთო საცხოვრებელში მათ მიერ დაკავებული ფართობი.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს შემდეგი საფუძვლებით: თბილისში, უ-ის ქ. №18-ში მდებარე საერთო საცხოვრებელი არ არის რეგისტრირებული საკუთრების უფლებით სს „ბ. ს. კ-ის“ სახელზე. საჯარო რეესტრის თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის მონაცემებით მითითებული უძრავი ქონება წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით სს „ბ. ს. კ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც საპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ნოემბრის განჩინებით ლ. და ბ. გ-ეების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგ ფაქტობრივი გარემოებები:.სადავო შენობა-ნაგებობა წარმოადგენს მუშა-მოსამსახურეთა საერთო საცხოვრებელს, მოპასუხეების ოჯახის წევრი თ. გ-ე (მოპასუხე ბ. გ-ის მეუღლე და მოპასუხე ლ. გ-ის დედა), როგორც მოსარჩელე საზოგადოებაში დასაქმებული პირი, 1980 წელს თავის ოჯახთან ერთად შესახლებულ იქნა სადავო შენობაში. მხარეთა ახსნა-განმარტებებითა და საქმეში მტკიცებულებების სახით წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2009 წლის 27 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დგინდება, რომ სს „ბ. ს. კ-სა“ და მოპასუხეთა ოჯახის წევრ თ. გ-ეს შორის შრომითი ურთიერთობა შეწყვეტილია და ის დღეისათვის არ წარმოადგენს მოსარჩელე საზოგადოებაში დასაქმებულ პირს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2009 წლის 27 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოპასუხეთა ოჯახის წევრი – თ. გ-ე აღიარებულ იქნა სადავო შენობის უკანონო მფლობელად და მას დაეკისრა თბილისში, მ-ის ქუჩა №5 -ში მდებარე 9100 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე განთავსებული, მოსარჩელე სს „ბ. ს. კ-ი“-ს საკუთრებაში არსებული მუშა-მოსამსახურეთა საერთო საცხოვრებლის დანიშნულების მქონე შენობა-ნაგებობის განთავისუფლება. სს „ბ. ს. კ-ი“ წარმოადგენს თბილისი, მ-ის ქუჩა №5-ში მდებარე 9100 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული 13805 (ცამეტი ათას რვაასხუთი) კვ.მ. საერთო ფართის მქონე შენობა-ნაგებობების, მათ შორის სადავო საერთო საცხოვრებლის, მესაკუთრეს.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სადავო ნაგებობაში მოპასუხეთა შესახლება განპირობებული იყო მოსარჩელესა და მოპასუხეების ოჯახის წევრ თ. გ-ეს შორის არსებული შრომითი ურთიერთობებით და სადავო შენობა წარმოადგენს მოსარჩელე საზოგადოებაში დასაქმებულ მუშა-მოსამსახურეთათვის განკუთვნილ საერთო საცხოვრებელს, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თ. გ-ე არის სადავო შენობის უკანონო მფლობელი. მფლობელობის უფლების არსებობას განაპირობებდა მოსარჩელესა და თ. გ-ეს შორის არსებული შრომითი ურთიერთობა და არა აპელანტის მიერ მითითებული ადმინისტრაციული აქტი, ამ აქტით განსაზღვრულ იქნა მხოლოდ სადავო შენობის სტატუსი, შენობა, რომელშიც ამჟამად აპელანტები ცხოვრობენ, ოქტომბრის რაიაღმასკომის გადაწყვეტილების საფუძველზე, გახდა საერთო საცხოვრებლის სტატუსის მქონე, სხვა შინაარსი და დატვირთვა ხსენებულ ადმინისტრაციულ აქტს არ გააჩნია.

სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლის 1-ლი შესაბამისად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ვინდიკაციური მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა ფლობდეს სადავო ნივთს და მფლობელს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება სამივე გარემოების არსებობა, სარჩელი საფუძვლიანია. მოცემულ შემთხვევაში, საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, მოსარჩელე სს „ბ. ს. კ-ი“ წარმოადგენს თბილისში, მ-ის ქუჩა №5-ში მ მდებარე 9100 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული 13805 კვ.მ. საერთო ფართის მქონე შენობა-ნაგებობების, მათ შორის, სადავო საერთო საცხოვრებლის, მესაკუთრეს, რომელსაც სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ აპელანტები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ნოემბრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს ლ. და ბ. გ-ეებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ სს „ბ. ს. კ-ი“ არ იყო და არც შეიძლება ყოფილიყო უ-ის ქ.№18-ში მდებარე საერთო საცხოვრებლის მესაკუთრე და შესაბამისად, უფლებამოსილი პირი, გამოესახლებინა საერთო საცხოვრებლის სადავო ფართიდან, სადაც შესახლებული არიან 1982 წლიდან და წარმოადგენენ კანონიერი მოსარგებლეებს. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ უ-ის ქ.№18-ში მდებარე საერთო საცხოვრებელი არ არის რეგისტრირებული საკუთრების უფლებით სს „ბ. ს. კ-ის“ სახელზე. საჯარო რეესტრის თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის მონაცემებით მითითებული უძრავი ქონება წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. გ-ის და ბ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

მოცემული დავის საგანია ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლების შესაბამისად. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ლ. გ-ის და ბ. გ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.