ას-53-50-2012 3 თებერვალი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ა. ნ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ა. ბ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით ა.ბ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და ა.ნ-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ ძირითად სარჩელში _ ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება, უძრავი ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა, შეგებებულ სარჩელში _ ნასყიდობის საგნის ღირებულების შემცირება, თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. ბ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. ნ-ის მიმართ ქ.ქუთაისში, მ-ის ქ¹17-ში მდებარე ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ორმხრივი რესტიტუციის გზით გაუქმების, საჯარო რეესტრში სადავო ბინაზე მოპასუხის სახელზე რიცხული საკუთრების უფლების მოსარჩელის სახელზე აღრიცხვისა და უძრავი ნივთის ა.ნ-ისა და მასთან მცხოვრები პირების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვნის მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:
მხარეთა შორის 2004 წლის 4 ივლისს დადებული ხელშეკრულების პირობების მიხედვით, მყიდველმა ა. ნ-მა გამყიდველ ა. ბ-ს ხელშეკრულების დადების დღემდე გადაუხადა 26000 აშშ დოლარი, აქედან ბეს სახით მყიდველმა გამყიდველს გადასცა 6000 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი თანხა _ 4000 აშშ დოლარი ა. ნ-ს გამყიდველისათვის უნდა გადაეცა ერთი წლის ვადაში _ 2009 წლის 4 ივლისამდე. ა. ნ-მა ვერ შეასრულა გამყიდველის წინაშე ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც მოსარჩელემ მას დაუწესა ვალდებულების შესრულების დამატებითი ვადა 2010 წლის სექტემბრის ბოლომდე. მიუხედავად ამისა, ა. ნ-მა მაინც ვერ შეასრულა თანხის გადაცემის ვალდებულება და ვერ შეძლო დარჩენილი 4000 აშშ დოლარის ა.ბ-ისათვის გადაცემა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ამასთან შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს ა. ბ-ისა და მესამე პირის _ რ. ბ-ის მიმართ 2008 წლის 4 ივლისს ა. ბ-სა და ა. ნ-ს შორის გადახდის განვადებით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის საგნის ნაკლის გამო (მესამე პირის პრეტენზია) ბეს სახით გადაცემული თანხის ორმაგად _ 12000 აშშ დოლარისა და ნასყიდობის გადახდილი საფასურის 26000 აშშ დოლარის დაბრუნების მოთხოვნით შემდეგი დასაბუთებით:
შეგებებული სარჩელის ავტორის განმარტებით, მოსარჩელემ თავადვე დაარღვია მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობები და მან ა.ნ-ს გადასცა უფლებრივი ნაკლის მქონე ნივთი, სადავო ქონებაზე პრეტენზიის გაცხადების გამო, ა.ნ-ს უთანხმოება აქვს რ. ბ-თან, რომელიც სამართალდამცავი ორგანოების ჩარევით წარიმართება.
ა. ბ-მა შეგებებული სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ არ არსებობს უძრავი ქონების რაიმე უფლებრივი ნაკლი და არც ზიანი დამდგარა ამ ნაკლის გამო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით ა. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ქ.ქუთაისში მ-ის ქ¹17-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა (საკადასტრო კოდი ¹...) მოპასუხე ა. ნ-ისათვის 26 000 აშშ დოლარის დაბრუნების სანაცვლოდ თავისუფალი სახით გადაეცა მოსარჩელეს, ა. ნ-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ბ-მა, მოიხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
სააპელაციო პალატას შეგებებული სააპელაციო საჩივრით მიმართა ა. ნიკეოლეიშვილმაც, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწლობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება: ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება და მოპასუხისათვის თანხის 32000 აშშ დოლარის დაკისრება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ა. ნ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი, რომლითაც ა. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ა. ნ-ისათვის 20 000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ ა. ბ-ს დაუბრუნდა ქ.ქუთაისში, მ-ის ქ.¹17-ში მდებარე ბინა და, შესაბამისად, საჯარო რეესტრის მონაცემებში აღირიცხა ა. ბ-ის სახელზე, ა. ნ-ი გამოსახლდა სადავო ბინიდან, ა. ბ-ის სარჩელი ა. ნ-თან ერთად მცხოვრები პირების გამოსახლების ნაწილში დარჩა განუხილველად, ა. ნ-ის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ა. ბ-სა და ა. ნ-ს შორის 2008 წლის 4 ივლისს დადებული საცხოვრებელი სახლის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება, დანარჩენ ნაწილში შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგი დასაბუთებით:
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2008 წლის 4 ივლისს ¹1-46970 სანოტარო აქტით ა. ბ-სა და ა. ნ-ს შორის გაფორმდა გადახდის განვადებით საცხოვრებელი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ა.ნ-ს 30 000 აშშ დოლარის გადახდის პირობით, საკუთრებაში გადაეცა ქ.ქუთაისში, მ-ის ქუჩა ¹17-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი. ა.ნ-ის უფლება რეგისტრირებულ იქნა რეესტრის შესაბამისი ჩანაწერით. მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ ხელშეკრულების გაფორმებამდე მყიდველმა ა.ნ-მა გამყიდველ ა.ბ-ს გადასცა 26 000 აშშ დოლარი, აქედან 6000 აშშ დოლარი ბეს სახით, ხოლო დარჩენილი 4000 აშშ დოლარი მას 2009 წლის 4 ივნისამდე უნდა გადაეხადა. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება 4000 აშშ დოლარის დადგენილ ვადაში გადახდის შესახებ მყიდველმა ა.ნ-მა არ შეასრულა. სადავოა, თუ რომელი მხარის ბრალეული მოქმედების გამო არ იქნა შესრულებული ვალდებულება. დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მხარეთა შორის არსებული გადახდის განვადებით საცხოვრებელი სახლის ნასყიდობის ხელშეკრულების პირობები ა.ნ-მა დაარღვია. სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა ბეს სახით გადაცემული 6000 აშშ დოლარის დატოვების შესახებ, რადგანაც დადგენილია, რომ 2008 წლის 4 ივლისს ¹1-46970 სანოტარო აქტით ა. ბ-სა და ა. ნ-ს შორის გაფორმდა გადახდის განვადებით საცხოვრებელი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ა.ნ-ს, 30 000 აშშ დოლარის გადახდის პირობით, საკუთრებაში გადაეცა ქ.ქუთაისში, მ-ის ქუჩა ¹17-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი. ა.ნ-ის უფლება 2008 წლის 25 ივლისს რეგისტრირებულ იქნა რეესტრის შესაბამისი ჩანაწერით. აღნიშნული თარიღით შედგენილი რეესტრის ჩანაწერის მიხედვით ა. ნ-ი თანამესაკუთრედ აღირიცხა ქ.ქუთაისში, მ-ის ქუჩა ¹17-ში მდებარე სახლთმფლობელობის, რომლის ნაწილის მესაკუთრესაც წარმოადგენდა რ. ბ-ი. სადავო უძრავ ქონებაზე მესაკუთრეებად რეგისტრირებული არიან მოპასუხე ა.ნ-ი, რომელსაც ერიცხება ფართი ¹1-123.24 კვ.მ და მესამე პირი რ. ბ-ი, რომელსაც ერიცხება ფართი ¹2-152.131 კვ.მ. საქმეში წარმოდგენილი 2007 წლის 4 დეკემბერს შედგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, სასამართლომ ჩათვალა, რომ 754 კვ.მ დაუზუსტებელი მიწის ნაკვეთი, რაზეც განთავსებულია ა.ნ-ისა და რ. ბ-ის სახლთმფლობელობები წარმოადგენს თანასაკუთრებას, რაც ამავე სახითაა ასახული მხარეთა შორის შემდგარ 2008 წლის 4 ივლისის ხელშეკრულებაში. პალატა დაეთანხმა შეგებებული სარჩელის ავტორის განმარტებას, რომ ნივთი წარმოადგენს უფლებრივი ნაკლის მქონე ნივთს, რადგან მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეს რ. ბ-ს მასზე გააჩნია გარკვეული უფლებები, ამასთან, სასამართლომ ჩათვალა, რომ აღნიშნული ა.ნ-ის მოთხოვნის მართებულობას არ ადასტურებდა, რადგანაც უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ამ ნაკლის თაობაზე შემძენისათვის ცნობილი იყო ხელშეკრულების გაფორმებისას. თანასაკუთრების უფლების არსებობა მიწის ნაკვეთზე ასახული იყო როგორც ხელეკრულებაში, ისე საჯარო რეესტრის ჩანაწერებში. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხელშეკრულების პირობები დარღვეულ იქნა არა გამყიდველის ბრალეული ქმედებით, არამედ ა. ნ-ის მხრიდან, ამდენად, შეგებებული სარჩელის ავტორის მოთხოვნა ბეს სახით გადახდილი თანხის ორმაგად დაბრუნების მოთხოვნით მიჩნეულ იქნა უსაფუძვლოდ, ხოლო მოსარჩელის მოთხოვნა _ კანონშესაბამისად. სასამართლომ ჩათვალა, რომ ბეს თანხის გამოკლებით, (რომელიც უნდა დარჩეს ბეს მიმღებს), თანხა უნდა დაუბრუნდეს ა.ნ-ს, რადგან ყოველი მხარე ვალდებულია დაუბრუნოს ერთმანეთს ის, რაც ხელშეკრულებით მიიღეს. სასამართლოს განმარტებით, ა. ბ-ის სააპელაციო საჩივრის განხილვისათვის დაინიშნა და ჩატარდა სასამართლოს მთავარი სხდომა, გადაწყვეტილების გამოცხადების ეტაპზე შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორმა სააპელაციო სასამართლოში წარმოადგინა რეესტრის ამონაწერები თანასაკუთრებაში არსებული მიწის ფართის სხვადახვა ოდენობებზე მითითებით და აღნიშნა, რომ ხელშეკრულების გაუქმებისა და მოპასუხისათვის ბეს თანხის ორმაგად დაკისრების საფუძველს წარმოადგენს ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ ნივთი, რომელიც მან ა. ბ-ისაგან შეიძინა, იყო ნივთობრივი ნაკლის მქონე, რადგან მან შეიძინა დაუზუსტებელი 754 კვ.მ ფართი, ხოლო დაზუსტებული ფართი მიწისა არის 514კვ.მ. სასამართლომ მხარის მიერ წარდგენილი ზემოაღნიშნული მტიცებულება მიიჩნია დაუსაბუთებლად და არც სამართლებრივი შეფასება მიუცია ზემოაღნიშნულისათვის, ამასთან, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გარკვეული პრეტენზიები ჰქონდა თანამესაკუთრე რ. ბ-ს, რომლის თაობაზეც ნასყიდობის დადებისას კარგად უწყოდა ა.ნ-მა. მოწმე მიხეილ ნ-ის განმარტებით, (რომელიც ა.ნ-ის მამაა), როდესაც ბინის დასათვალიერებლად მივიდა ზ.სთან (გამყიდველ ა.ბ-ის შვილთან) დაინახა რ. ბ-ი. «ზ.მ უთხრა არ დაელაპარაკო ნერვებზე მოგშლისო. ის მაინც მივიდა რ.ისთან და უთხრა, რომ ბინას ის ყიდოლობდა, რაზედაც რ.იმ უთხრა კანონიერად იმოქმედეო».
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პალატამ ჩათვალა, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს ვალდებულებითი სამართლით დადგენილი ნორმებით. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 505-ე, 506-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება გაფორმდა მითითებული წესების დაცვით. სასამართლომ ასევე იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 421-ე მუხლით და მიუთითა საკასაციო სასამართლოს განმარტებაზე, რომლის თანახმადაც ბეს ხელშეკრულება ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილია, წინარე ხელშეკრულებაა, მისი გადაცემით დასტურდება მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადება და, ამიტომ, იგი გაფორმებული უნდა იყოს ისეთივე ფორმით, როგორითაც ნასყიდობის ხელშეკრულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ძირითადი ხელშეკრულებისათვის დადგენილი ფორმის დაცვა სავალდებულოა წინარე ხელშეკრულების, მოცემულ შემთხვევაში, ბეს გადაცემის გაფორმებისას, რაც, მოცემულ შემთხვევაში, დაცულია. პალატამ ასევე მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 323-ე, 423-ე, 487-ე, 489-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ თანასაკუთრების უფლება ნივთზე უკვე უფლებრივი ნაკლია, რადგან მესამე პირს _ თანამესაკუთრე რ. ბ-ს სრული უფლება ჰქონდა, თავისი თანამესაკუთრეობიდან გამომდინარე გარკვეული პრეტენზიები წაეყენებინა თანასაკუთრებაში არსებულ ნივთზე. სასამართლომ მიუთითა «საჯარო რეესტრის შსახებ» საქართველოს კანონის მე-11 მუხლზე, სადაც ამომწუარავადაა ჩამოთვლილი ნივთზე შესაძლო უფლებები და მიუთითა კანონმდებლის იმპერატიულ მოთხოვნაზე გამყიდველმა მყიდველს უფლებრივი და ნივთობრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი გადასცეს, თუმცა, სამოქალაქო კოდექსის 494-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დაუსაბუთებლად ჩათვალა შემძენის პრეტენზია იმ საფუძვლით, რომ ა.ნ-ისათვის ნაკლის თაობაზე ცნობილი იყო გარიგების დადებისას. პალატამ, სამოქალაქო კოდექსის 508-ე მუხლის თანახმად, ორმხრივი რესტიტუციის გამო, ჩათვალა, რომ ა. ნ-ისათვის 20 000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ ქ.ქუთაისში, მ-ის ქ.¹17-ში მდებარე ბინა უნდა დაბრუნებოდა ა. ბ-ს და, შესაბამისად, ნივთზე საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში უნდა აღრიცხულიყო ა. ბ-ის სახელზე, მხარეთა შორის 2008 წლის 4 ივლისს შემდგარი განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება უნდა გაუქმებულიყო და, სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე მუხლების თანახმად, ა. ნ-ი სადავო საცხოვრებელი სახლიდან უნდა გამოსახლებულიყო. პალატამ ასევე მიუთითა ა.ბ-ის მოთხოვნაზე ა.ნ-თან ერთად მცხოვრები პირების სადავო ბინიდან გამოსახლების თაობაზე და უსაფუძვლოდ ჩათვალა აღნიშნული, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 და 178-ე მუხლებით უზრუნველყოფილია ყოველი პირისათვის უფლების სასამართლო წესით დაცვა. სარჩელის მითითება «მასთან ერთად მცხოვრები პირები» ეხებოდა რა ცალკეულ ადამიანებს, იმ მოპასუხეებს, რომელთა მხრიდანაც უფლების დარღვევაზეც მიუთითებს მოსარჩელე, მოთხოვნა ამ ნაწილში დაუკონკრეტებლობის გამო, ბუნდოვნად იქნა მიჩნეული, ხოლო მითითებული გარემოება სარჩელის ამ ნაწილში განუხილველად დატოვების საფუძვლად.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ნ-მა, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ა. ბ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ასევე მისი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი დასაბუთებით:
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა დავის ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, სასამართლოს დასკვნა, რომ შემძენს არ გადაუხდია ნასყიდობის დარჩენილი საფასური _ 4000 აშშ დოლარი დაუსაბუთებელია, სასამართლოს დასკვნა ვალდებულების დარღვევაში მხარეთა ბრალეულობის საკითხის გარკვევისას წინააღმდეგობრივია, ასევე დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა გადაწყვეტილების 4.9, 4.10 4.11 პუნქტებში, ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების არასწორი განმარტებით, სასამართლომ გააკეთა მცდარი დასკვნა, რომლის მიხედვითაც თანაზიარი და წილადი სახით, ზოგადად, ქონების მფლობელობა მიიჩნია უფლებრივ ნაკლოვანებად. ეს ნორმა უშვებს ნივთზე საკუთრების არსებობის შესაძლებლობას როგორც თანაზიარი, ისე წილადი სახით, ისე, რომ უფლებრივი ნაკლი არ არის სახეზე. მყიდველისათვის იყო ცნობილი, რომ იძენდა წილობრივ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მაგრამ არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა მეორე თანამოზიარისაგან წილის მეტობით პრეტენზიის წამოყენების ან არსებობის შესახებ. სწორედ ეს არის სამოქალაქო კოდექსის 489-ე მუხლით გათვალისწიენბული ნივთის უფლებრივი ნაკლოვანება და არა ნივთის კანონისმიერი თანაზიარი და წილადი საკუთრების ფარგლებში ფლობა. ამავე დასაბუთების მიხედვით მცდარია გასაჩივრებული გადაწყვეტილების 4.19 პუნქტი სადაც საუბარია შეძენილ მიწაზე მესამე პირის ქონებრივი პრეტენზიის შესახებ მყიდველისათვის ცოდნის თაობაზე. კასატორმა ასევე სადავოდ მიიჩნია გასაჩივრებული გადაწყვეტილების 4.15 და 4.16 პუნქტები, რადგანაც, მისი მოსაზრებით, სასამართლომ აღნიშნული არასწორად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს დაამყარა. სააპელაციო პალატამ არ გამოიკვლია და არ შეაფასა სწორად შეგებებული სარჩელში, პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ წერილობით ახსნა-განმარტებასა და შეგებებულ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ საქმეში არსებული მესამე პირის პრეტენზია არასწორად გააიგივა სამეზობლო დავასთან, არ გამოიკვლია და სწორად არ შეაფასა გამყიდველის ბრალეულობა ნაკლოვანი ნივთის გაყიდვისას. სასამართლოს არ უმსჯელია იმ ფაქტზე, რომ კასატორს რ. ბ-მა ქონების ფაქტობრივად დაუფლებიდანვე წაუყენა პრეტენზია ნასყიდობის საგანზე _ საცხოვრებელი სახლის ეზოს ფართზე. პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილლის დარღვევით, არასწორად არ გაიზიარა მესამე პირის პრეტენზიის არსებობის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები: საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს ¹2267 შეტყობინება და იმავე ნომრის მქონე ოქმი, რომელთა მიხედვითაც საპატრულო ეკიპაჟი გამოცხადდა მ-ის ქ¹27-ში რონალდ ბ-ის მიერ სადავო ქონების შემძენისათვის წაყენებული პრეტენზიის გამო. ამასთანავე, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამრთლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 იანვრის განჩინებით ა. ნ-ი «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის «მ1» ქვეპუნქტის საფუძველზე, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა, ხოლო მისი საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ა. ნ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ა. ნ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა. ნ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.