Facebook Twitter

ას-57-54-2012 13 თებერვალი, 2012 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი _ სს «... ბანკი»

მოწინააღმდეგე მხარე _ გ. ჯ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2011 წლის 4 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა სს «... ბანკმა» მოპასუხე გ. ჯ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის თანხის დაკისრება 20400 ლარის ოდენობით.

სარჩელის თანახმად, 2009 წლის 1 ნოემბერს სს «... ბანკსა» და გ. ჯ-ს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გ. ჯ-ი დასაქმდა სს «... ბანკის» მ-ის ფილიალის საცალო დაკრედიტების ექსპერტების ჯგუფის უფროსად. შრომითი ხელშეკრულება ითვალისწინებდა შეზღუდვას, რომელიც გ. ჯ-ს უკრძალავდა სს «... ბანკთან» შრომითი ურთიერთობის შემდეგ, შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში დაეწყო სამსახური სხვა საბანკო დაწესებულებაში. მოდავე მხარეებს შორის შრომითი ურთიერთობა შეწყდა 2010 წლის 28 მაისს. წასვლამდე გ. ჯ-ს გასაუბრება ჰქონდა სს «... ბანკის» გენერალური დირექტორის მოადგილე ნ. მ-თან, სადაც მან დაადასტურა, რომ მუშაობას იწყებდა სს «... ბანკში». 2010 წლის 1 ივნისს გ. ჯ-სა და სადაზღვევო კომპანია «ა. ბ-ის» შორის გაფორმდა ფიქტიური ხელშეკრულება საკონსულტაციო მომსახურების შესახებ, რომლის მიზანს წარმოადგენდა «... ბანკსა» და გ. ჯ-ს შორის არსებული შრომითი ურთიერთობის დაფარვა. ამით, მოსარჩელემ დაარღვია შრომითი ხელშეკრულების 12.5 პუნქტის მოთხოვნა (ტომი I, ს.ფ. 1-11).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით სს «... ბანკის» სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ტომი I, ს.ფ. 163-168).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სს «... ბანკმა» გაასაჩივრა სააპელაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება (ტომი I, ს.ფ. 171-183).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 ნოემბრის განჩინებით სს «... ბანკის» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2009 წლის 1 ნოემბერს სს „... ბანკსა“ და გ. ჯ-ს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გ. ჯ-ი დასაქმდა სს „... ბანკის“ მ-ის ფილიალის საცალო დაკრედიტების ექსპერტების ჯგუფის უფროსად;

შრომითი ხელშეკრულება ითვალისწინებდა შეზღუდვას, რომელიც გ. ჯ-ს უკრძალავდა სს „... ბანკთან“ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში დაეწყო სამსახური სხვა საბაკო დაწესებულებაში;

შრომითი ურთიერთობა გ. ჯ-სა და სს „... ბანკს“ შორის შეწყდა 2010 წლის 28 მაისს;

2010 წლის 1 ივნისს გ. ჯ-სა და სადაზღვევო კომპანია «ა. ბ-ის“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება საკონსულტაციო მომსახურების შესახებ, სადაც იგი მუშაობდა 2010 წლის 1 დეკემბრამდე.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ გ. ჯ-მა დაარღვია შრომითი ხელშეკრულების 12.5 პუნქტის მოთხოვნები, როდესაც მან სს „... ბანკთან“ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ მუშაობა დაიწყო სს «... ბანკში“, რასაც მოსარჩელემ საფუძვლად დაუდო მოწმეთა ჩვენებები და მტკიცებულების სახით სასამართლო სხდომაზე წარდგენილი, კომპაქტდისკზე ჩაწერილი 2010 წლის 29 ნოემბრის სატელეფონო საუბარი გ. ჯ-სა და სს „... ბანკის“ თანამშრომელს შორის;

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, მართალია, გ. ჯ-ი სადავოდ არ ხდიდა ჩანაწერის ნამდვილობას, რაც ასევე დადასტურდა საქმეზე მტკიცებულების სახით თანდართული ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, მაგრამ მოპასუხე ეჭვქვეშ აყენებდა პერიოდს, კერძოდ, სატელეფონო საუბარს ადგილი ჰქონდა თუ არა სს „... ბანკსა“ და გ. ჯ-ს შორის არსებული შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული შეზღუდვის პერიოდში, რაც მოსარჩელემ ვერ დაადასტურა.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებზე, კერძოდ, მოწმე ლ. მ-ის ჩვენებით, მას გ. ჯ-ი ორჯერ დაუკავშირდა სს „... ბანკის“ კლიენტებზე სხვადასხვა სახის ინფორმაციის მისაღებად. გ. ჯ-მა ლ. მ-ს დაუსახელა შესაძლო უზრუნველყოფის მესაკუთრე, შესაძლო თანხა და მოპასუხე მ-ისგან ითხოვდა ინფორმაციას, ნამდვილად იყო თუ არა სესხი გაცემული სხვა ბანკში. აღნიშნულს უარყოფდა გ. ჯ-ი და პასუხობდა, რომ მართალია მას ლ. მ-თან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, მაგრამ იგი შეეხებოდა მის პირად კრედიტს. კ. დ-ას ჩვენებით, გ. ჯ-მა ბანკის კლიენტი მიიღო თავის კაბინეტში, გამოკითხა, თუ რატომ ფარავდა სესხს სრულად სს «... ბანკის“ მიმართ და შესთავაზა სესხი უფრო დაბალ პროცენტში. ნ. მ-ის ჩვენებით, გ. ჯ-მა სს „... ბანკის“ მენეჯმენტის წარმომადგენელთან თავად აღიარა, რომ ის აპირებდა გადასვლას სს «... ბანკში“ სამუშაოდ.

ზემოაღნიშნულის საპირისპიროდ, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა გ. ჯ-ის მიერ საქმეში წარდგენილ მტკიცებულებებზე, კერძოდ, ა. 2011 წლის 21 თებერვალს სს «... ბანკის“ მიერ გაცემული ცნობით ირკვევა, რომ გ. ჯ-ი 2010 წლის 28 მაისიდან 2010 წლის 30 ნოემბრამდე პერიოდში არ მუშაობდა სს «... ბანკში“; ბ. 2011 წლის 23 თებერვალს სს სადაზღვევო კომპანია «ა. ბ-ის“ მიერ გაცემული ცნობის თანახმად, გ. ჯ-ი 2010 წლის 1 ივნისიდან 2010 წლის 1 დეკემბრამდე პერიოდში მუშაობდა სადაზღვევო კომპანია «ა. ბ-იში“ კონსულტანტის თანამდებობაზე და სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა ვ-ას ¹27ა-ში მდებარე ... ბანკის 124-ე სერვისცენტრში; გ. 2010 წლის 1 ივნისს სს სადაზღვევო კომპანია «ა. ბ-ის“ და გ. ჯ-ს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება საკონსულტაციო მომსახურების შესახებ, ასევე საქმის მასალებით დადგინდა, რომ გ. ჯ-ს შრომითი ანაზღაურება ერიცხებოდა სს სადაზღვევო კომპანია «ა. ბ-ისგან“, რაც დადასტურდა ამონაწერით პირადი ანგარიშებიდან.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებიდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. მტკიცებულებათა ყოველმხრივ გამოკვლევაში იგულისხმება, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევა ხდება არა ერთი მხარის პოზიციიდან, არამედ სასამართლო მხედველობაში იღებს და მისი შესწავლის საგანი ხდება მხარეთა ყველა არგუმენტი. მტკიცებულებათა სრულ განხილვაში იგულისხმება მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასება და საკმარისი მტკიცებულებების არსებობა სასამართლოს მიერ ამა თუ იმ დასკვნის გასაკეთებლად.

სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის დანაწესის გათვალისწინებით, აპელანტმა სადავო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, კერძოდ, რომ გ. ჯ-მა დაარღვია შრომითი ხელშეკრულების 12.5 პუნქტის მოთხოვნები, ვერ წარადგინა, ხოლო რაც შეეხებოდა მოწმეთა ჩვენებებსა და სატელეფონო ჩანაწერს, აღნიშნული არ შეიძლებოდა საფუძვლად დადებოდა მოთხოვნის დაკმაყოფილებას, გამომდინარე იქიდან, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი). იმის გამო, რომ მოცემულ შემთხვევაში არ დადგინდა გ. ჯ-ის მიერ შრომითი ხელშეკრულების 12.5 პუნქტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტი, სააპელაციო სასამართლომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია ემსჯელა პირგასამტეხლოსა და ადვოკატის ხარჯების მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად არ დააკმაყოფილა სს „... ბანკის“ სარჩელი (ტომი II, ს.ფ. 42-51).

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე სს «... ბანკმა» შეიტანა საკასაციო საჩივარი. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რის საფუძვლადაც მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე:

განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. სააპელაციო სასამართლო განჩინების დასაბუთებისას მიუთითებს, რომ მოწმეთა ჩვენებები და სატელეფონო საუბრის ჩანაწერი არ შეიძლება საფუძვლად დაედოს მოთხოვნის დაკმაყოფილებას, გამომდინარე იქიდან, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სააპელაციო სასამართლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 პუნქტზე მითითებისას არ ასაბუთებს, თუ რატომ არ შეიძლება შრომითი ურთიერთობის არსებობის ფაქტი დადასტურდეს მოწმეთა ჩვენებებით. 2010 წელს მოქმედი შრომის კოდექსის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შრომითი ურთიერთობა მხარეებს შორის შეიძლება არსებობდეს როგორც წერილობითი, ასევე ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე. გარდა ამისა, მოქმედი შრომის კოდექსის თანახმად, შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულების ფაქტობრივად დაწყების მომენტიდან. წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებები ადასტურებს, რომ გ. ჯ-ის მხრიდან ნამდვილად ჰქონდა ადგილი სს «... ბანკის“ სასარგებლოდ სამუშაოს შესრულების ფაქტს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მითითება იმ გარემოებაზე, რომ შრომითი ურთიერთობების არსებობის ფაქტი არ შეიძლება დადასტურდეს მოწმეთა ჩვენებებით, შეუძლებელს ხდის გადაწყვეტილების საფუძვლიანობის შემოწმებას, ვინაიდან სასამართლო არ მიუთითებს რა სახის მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს შრომითი ურთიერთობის არსებობის ფაქტი;

კასატორი განმარტავს, რომ მოქმედი შრომის კოდექსის თანახმად, ანაზღაურება დაქირავებულს შეიძლება დამქირავებლის ბიზნეს სტრუქტურაში შემავალმა ნებისმიერმა ორგანიზაციამ გადაუხადოს. კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხის შრომას ანაზღაურებდა დამქირავებლის შვილობილი ორგანიზაცია – ა. ბ-ი, რაც უდავოდ არის დადგენილი საქმეზე, თუმცა სადავოა ის ფაქტი, თუ ვისი ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებდა მოპასუხე და ვისთვის ახორციელებდა თავის შრომით საქმიანობას;

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი იურიდიული ძალა, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამასთან, სასამართლო არ ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნას, რომლის თანახმადაც, მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. სასამართლო არ მსჯელობს, თუ რატომ დაეყრდნო ურთიერთდამოკიდებული პირების – სს «... ბანკისა“ და სადაზღვევო კომპანია «ა. ბ-ის» მიერ შექმნილ წერილობით მტკიცებულებებს, მაშინ როდესაც კასატორის მხრიდან სამმა მოწმემ დაადასტურა გ. ჯ-ის სს «... ბანკში“ მუშაობის ფაქტი. ამასთან, ერთი მოწმე – ლ. მ-ი წარმოადგენდა მოსარჩელისაგან დამოუკიდებელ პირს, იგი ჩვენების მიცემისას უკვე აღარ მუშაობდა სს «... ბანკში“;

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულების, ... ბანკის ვებგვერდიდან ამონაბეჭდის თანახმად, დასტურდება, რომ სს «... ბანკი“ და სს სადაზღვევო კომპანია «ა. ბ-ი“ წარმოადგენენ ურთიერთდამოკიდებულ პირებს. შესაბამისად, ისეთი ნივთმტკიცებების შექმნა, რომელიც დაადასტურებდა გ. ჯ-სა და სადაზღვევო კომპანიას შორის ხელშეკრულების არსებობას, სირთულეს არ წარმოადგენდა. ამასთან, სადაზღვევო კომპანიასთან გ. ჯ-ის მიერ ხელმოწერილი ფიქტიური ხელშეკრულების მოქმედების ვადა ზუსტად ემთხვეოდა გ. ჯ-სა და სს „... ბანკს“ შორის არსებული შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრულ შეზღუდვას სხვა საბანკო დაწესებულებაში მუშაობის დაწყებაზე. შეზღუდვის მოქმედების ვადა სს „... ბანკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების 12.5 პუნქტის თანახმად შეადგენდა 6 თვეს, სწორედ ამ ვადით იყო გაფორმებული ხელშეკრულება სადაზღვევო კომპანიასა და გ. ჯ-ს შორის. მითითებული შეზღუდვის ვადის გასვლის შემდეგ, გ. ჯ-მა და ... ბანკმა შრომით ხელშეკრულებაზე ხელმოწერით, ფორმალურადაც დაადასტურეს მათ შორის შრომითი ურთიერთობის არსებობის ფაქტი;

სადაზღვევო კომპანიასა და გ. ჯ-ს შორის 2010 წლის 1 ივნისის ხელშეკრულებაში გ. ჯ-ის კომპეტენციისა და ვალდებულებების განსაზღვრება არის ზოგადი, ვერც ჯ-მა დაასახელა კონკრეტულად რა სახის საკონსულტაციო მომსახურებას უწევდა იგი სადაზღვევო კომპანიას (ტომი II, ს.ფ. 54-65).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 იანვრის განჩინებით სს «... ბანკის» საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს «... ბანკის» საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სს «... ბანკის» საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1020 ლარი) 70% _ 714 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს «... ბანკის» საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ სს «... ბანკს» დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1020 ლარი) 70% _ 714 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.