№ას-663-624-2011 17 თებერვალი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ შპს „ს. კომპანია ა-ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ი. შ-ა (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ რეგრესის წესით ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „ს. კომპანია ა-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. შ-ას მიმართ სამოქალაქო კოდექსის 832-ე, 992-ე, 317-ე, სისხლის სამართლის კოდექსის 33.6 მუხლის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელ გ. ჯ-ის მემკვიდრის სასარგებლოდ ანაზღაურებული სადაზღვევო თანხის _ 7000 ლარის მესამე პირისაგან რეგრესის წესით ანაზღაურების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:
მოსარჩელე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს სადაზღვევო საქმიანობას, მათ შორის, სამედიცინო დაზღვევის პროგრამას.
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2007 წლის 31 იანვრის №172 ხელშეკრულებით, მოსარჩელემ, როგორც ტენდერში გამარჯვებულმა პრეტენდენტმა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა დააზღვია.
2008 წლის 17 მაისს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი, კაპრალი _ გ. ჯ-ე გარდაიცვალა მის მიმართ, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 9 ივლისის განაჩენით, დასჯადი ქმედების ჩადენაში დამნაშავედ ცნობილ იქნა ი. შ-ა.
დაზღვეული პირის გარდაცვალების გამო მზღვეველს, სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების შესაბამისად, წარმოეშვა სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის ვალდებულება, რის გამოც მზღვეველმა გ. ჯ-ის მემკვიდრე შ. დ-ეს აუნაზღაურა სადაზღვევო თანხა _ 7000 ლარი. ამდენად, შპს „ს. კომპანია ა-მა“ მოითხოვა მესამე პირისაგან ზიანის ანაზღაურება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ ი.შ-ა მომხდარს ძალიან განიცდის, მან გარდაცვლილის ოჯახს აუნაზღაურა 12000 ლარი, ამასთან განმარტა, რომ მომხდარი ქმედება არის გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაული.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „ს. კომპანია ა-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „ს. კომპანია ა-ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ს. კომპანია ა-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგი გარემოებების გამო:
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები, რომ გ. ჯ-ე მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში; მოსარჩელეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ჰქონდა დადებული დაზღვევის ხელშეკრულება საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დასაქმებულ პირთა სასარგებლოდ, ხელშეკრულება ითვალისწინებდა სიცოცხლის დაზღვევას; გ. ჯ-ე გარდაიცვალა 2008 წლის 17 მაისს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად; ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 9 ივლისის განაჩენით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რამაც გამოიწვია გ. ჯ-ის სიცოცხლის მოსპობა, მოპასუხე ი. შ-ას მიმართ დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება ბრალზე; გ. ჯ-ის სამკვიდრო ქონება მიიღო მეუღლე შ. დ-ემ; 2009 წლის 28 იანვარს მოსარჩელემ გ. ჯ-ის მემკვიდრე შ. დ-ეს აუნაზღაურა სადაზღვევო თანხა 7000 ლარი; შ. დ-ემ 2010 წლის 5 ნოემბერს სანოტარო ფორმის დაცვით შედგენილი განცხადებით დაადასტურა, რომ მან სისხლის სამართლის საქმეზე, როგორც დაზარალებულმა პირმა ი. შ-ასგან მიიღო 12000 აშშ დოლარი, რომლითაც შეიძინა საცხოვრებელი ბინა, მდებარე სამტრედიაში, ფ-ის ქუჩა №32/13-ში და მას არავითარი პრეტენიზია არ გააჩნდა ი. შ-ას მიმართ.
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „ს. კომპანია ა-ი“ დამზღვევთან – საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან 2007 წლის 31 იანვრის გაფორმებული №172 ხელშეკრულების საფუძველზე სამართლებრივ ურთიერთობაში იყო შ. დ-ის მამკვიდრებელთან – დაზღვეულ გ. ჯ-ესთან. 2007 წლის 31 იანვრის №172 ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა სიცოცხლის დაზღვევაც. სადავო არ არის სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შედეგად სადაზღვევო თანხის გაცემის საფუძვლის წარმოშობაც (ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა გ. ჯ-ე) და სადაზღვევო თანხის – 7000 ლარის სარგებლის მიმღების – გ. ჯ-ის მემკვიდრე შ. დ-ის სასარგებლოდ გაცემის ფაქტობრივი გარემოებაც, მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში, რის შედეგადაც გარდაიცვალა გ. ჯ-ე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით დამნაშავედ ცნობილ იქნა ი. შ-ა.
პალატის მითითებით, მხარეთა შორის სადავოა დაზღვეულ გ. ჯ-ის მემკვიდრე შ. დ-ის სასარგებლოდ გაცემული სადაზღვევო თანხის – 7000 ლარის სანაცვლოდ, ზიანის მიმყენებლისაგან შპს „ს. კომპანია ა-ის“ მიერ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლიანობა, რის სამართლებრივ საფუძვლადაც ეს უკანასკნელი მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლზე. პალატის განმარტებით, მხარეთა შორის არსებული დავის სწორად გადაწყვეტისათვის განმსაზღვრელია, გაირკვეს თუ რამდენად წარმოეშვა მზღვეველს, შპს „ს. კომპანია ა-ს“, მის მიერ შ. დ-ის (სარგებლის მიმღები) სასარგებლოდ სადაზღვევო თანხის გაცემის შედეგად რეგრესის წესით თანხის ანაზღაურების უფლება იმ პირისაგან, ვისი ქმედებითაც გამოწვეულ იქნა ავტოსაგზაო შემთხვევა და დაზღვეულის გარდაცვალება.
სასამართლოს განმარტებით, რეგრესის წესით მოთხოვნის დაყენების საფუძვლიანობის საკითხის გარკვევისას პირველ რიგში ხაზი უნდა გაესვას მხარეთა შორის არსებული სადაზღვევო ურთიერთობის სახეს და მის თავისებურებას. მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, რომელიც სხვადასხვა სახის სადაზღვევო რისკის, მათ შორის სიცოცხლის დაზღვევასაც ითვალისწინებდა, სადაზღვევო შემთხვევის – დაზღვეულ გ. ჯ-ის გარდაცვალების შედეგად მზღვეველს წარმოეშვა სიცოცხლის დაზღვევის ურთიერთობიდან გამომდინარე (სიცოცხლის ხელყოფის – გარდაცვალების) სადაზღვევო თანხის გაცემის ვალდებულება. სიცოცხლის დაზღვევის დროს სადაზღვევო რისკის განხორციელება და, შესაბამისად, სადაზღვევო შემთხვევის წარმოშობა, მხარეს აკისრებს ვალდებულებას ხელშეკრულებით წინასწარ განსაზღვრული სადაზღვევო თანხის გაცემაზე. კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეთა შორის წარმოიშვა სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობა და სწორედ, სიცოცხლის დაზღვევის სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, განხორციელდა სარგებლის მიმღებისათვის - შ. დ-ის სასარგებლოდ სადაზღვევო თანხის გაცემა. სიცოცხლის დაზღვევის სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები მოქმედი სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულია ცალკე ქვეთავის სახით (კერძო ნაწილი, კარი პირველი, სახელშეკრულებო სამართალი, ნაწილი მეორე, თავი მეოცე _ დაზღვევა, IV სიცოცხლის დაზღვევა) და მოიცავს 844-857 მუხლებს. ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული ნორმებით არ არის გათვალისწინებული მზღვეველის მიერ სადაზღვევო თანხის გაცემის შემდგომ, მესამე პირის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნის მზღვეველის სასარგებლოდ წარმოშობის უფლება (რეგრესის უფლება). მოსარჩელის მიერ მითითებული 832-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმა განთავსებულია ზიანის (ქონების) დაზღვევის მომწესრიგებელ ნორმათა შორის, რომლის გამოყენებაც განსახილველ შემთხვევაში დაუშვებელია მისი საგამონაკლისო ხასიათიდან გამომდინარე. სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლი კანონმდებლის მიერ ასახულ იქნა, არა დაზღვევის შესახებ ზოგად დებულებათა გვერდით, არამედ ცალკეული სახის, კერძოდ, ზიანის დაზღვევის მომწესრიგებელ ნორმებში. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული რეგრესის წარმოშობის საფუძველი კანონმდებლის მიერ სპეციალურად (ქონებრივი), ზიანის დაზღვევის ურთიერთობებში არის შესაძლებელი და არა სიცოცხლის დაზღვევის დროს. რეგრესის პრინციპი სიცოცხლის დაზღვევის სამართლებრივ ურთიერთობებზე არ ვრცელდება თავად ამ ურთიერთობების თავისებურებებიდან გამომდინარე. ამ სახის დაზღვევით ხდება ისეთი განსაკუთრებული სიკეთის დაზღვევა, როგორიცაა ადამიანის სიცოცხლე და, შესაბამისად, სადაზღვევო რისკის განხორციელებით ანუ დაზღვეულის გარდაცვალებით დამდგარი შედეგი არ შეიძლება ანაზღაურებულ იქნას რაიმე კომპენსაციით, მაშინ, როდესაც ქონებრივი სახის (ზიანის) დაზღვევის დროს, დამდგარი ქონებრივი დანაკარგი ანაზღაურებადია ფულად თანხაში გამოხატული ეკვივალენტური ღირებულებით და, ცხადია, რომ დამზღვევი, რომელსაც სადაზღვევო თანხის გადახდით აუნაზღაურდება დაზღვეული ნივთის დაზიანებით, განადგურებით მიყენებული ზიანი, აღარ არის უფლებამოსილი, მიიღოს ორმაგი ანაზღაურება მზღვეველისაგან და ასევე ზიანის მიმყენებლისაგანაც. სწორედ ამიტომ მას შემდეგ, რაც ქონებრივი დაზღვევის დროს დამზღვევს აუნაზღაურდება ზიანი სადაზღვევო თანხის გადახდის გზით, იგი კარგავს მოთხოვნის უფლებას ზიანის მიმყენებლის მიმართ და ამ მოთხოვნის დაყენებაზე უფლებამოსილი პირი ხდება მზღვეველი. პალატის განმარტებით, სიცოცხლის დაზღვევის თავისებურებიდან გამომდინარე, სარგებლის მიმღები პირი სადაზღვევო თანხის მიღებით არ კარგავს ზიანის მიმყენებლისაგან კომპენსაციის მიღების უფლებას, რამდენადაც სარგებლის მიმღები პირი დაზღვეულის გარდაცვალებით მიღებული დანაკლისის სანაცვლოდ, ვერც მზღვეველისაგან სადაზვევო თანხისა და ვერც ზიანის მიმყენებლისაგან კომპენსაციის მიღებით ვერ მიიღებს ადეკვატურ ანაზღაურებას, რაც შეავსებდა სიცოცხლის დაკარგვით მიღებულ დანაკარგს. სწორედ ის გარემოება, რომ სიცოცხლის დაზღვევის სამართლებრივ ურთიერთობებში სადაზღვევო რისკის განხორციელებით დამდგარი შედეგის, ანუ დაზღვეული პირის გარდაცვალების დროს, არ დგება სიცოცხლის დაკარგვით გამოწვეული დანაკარგის ანაზღაურების (შევსების) საკითხი, გამორიცხავს ამ სახის დაზღვევის ურთიერთობებში რეგრესის პრინციპის გამოყენების შესაძლებლობას, რადგანაც მზღვეველის მიერ სადაზღვევო თანხის გაცემით ან/და ზიანის მიმყენებლის მიერ კომპენსაციის გადახდით, არ ხდება სიცოცხლის დაკარგვით გამოწვეული დანაკარგის შევსება. პალატის მოსაზრებით, იმით, რომ კანონმდებელი სიცოცხლის დაზღვევის სამართლებრივ ურთიერთობებში არ ითვალისწინებს რეგრესის უფლების წარმოშობის შესაძლებლობას მზღვეველის სასარგებლოდ, სარგებლის მიმღებ პირს ეძლევა შესაძლებლობა, მიიღოს (ე.წ ორმაგი) ანაზღაურება მზვეველისაგან - სადაზღვევო თანხის სახით, ასევე ზიანის მიმყენებლისაგანაც - კომპენსაციის სახით.
ამდენად, სასამართლოს მითითებით, კონკრეტულ შემთხვევაში მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, არ არსებობს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის გამოყენებისათვის აუცილებელი წინაპირობები, რამდენადაც დასახელებული ნორმის გამოყენება, მისი საგამონაკლისო ხასიათის გამო, სიცოცხლის დაზღვევის სამართლებრივ ურთიერთობებში დაუშვებელია. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმა, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტიელბის გამოტანას საფუძვლად არასწორი სამართლებრივი დასაბუთება დაუდო, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გადაწვეტილების გაუქმების საფუძველია.
პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 317-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ ვალდებულება უნდა გამომდინარეობდეს რაიმე კონკრეტული კანონისმიერი, სახელშეკრულებო ან სხვა საფუძვლებიდან. მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნა ემყარება 832-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონისმიერ საფუძველს, შპს „სადაზვევო კომპანია ა-ის“ სასარჩელო მოთხოვნა მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებულობას, რადგანაც სიცოცხლის დაზღვევის სამართლებრივი ურთიერთობისათვის დამახასიათებელი თავისებურებიდან გამომდინარე, კონკრეტულ შემთხვევაში, არ არსებობს მზვეველის - შპს „ს. კომპანია ა-ის“ სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის წარმოშობის სამართლებრივი საფუძველი (რეგრესის უფლება) ზიანის მიმყენებლის (მესამე პირის) ი. შ-ას მიმართ, და სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლით გათვალისწინებული საგამონაკლისო ხასიათის ნორმა არ შეიძლება გავრცელდეს და გამოყენებულ იქნეს ამ სახის დაზღვევის სამართლებრივ ურთიერთობაში. მზღვეველის მოთხოვნას მოცემულ შემთხვევაში არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი შესაძლებლობა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს. კომპანია ა-მა“, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი დასაბუთებით:
დაუსაბუთებელია გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობა, რომ რეგრესის წესით ზიანის ანაზღაურება შეეხება ზიანის და არა სიცოცხლის დაზღვევას, რადგანაც სამოქალაქო კოდექსში არ არის ნორმა, რომელიც დაარეგულირებდა სიცოცხლის დაზღვევისას ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას, თუმცა სამოქალაქო კოდექსის არც ერთი ნორმა სიცოცხლის დაზღვევისას რეგრესის წესით ზიანის ანაზღაურებას არ კრძალავს, რაც სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა გადაწყვეტილების გამოტანისას.
იმის გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო კოდექსი არ კრძალავს სიცოცხლის დაზღვევისას ზიანის ანაზღაურებას, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სასამართლომ არ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლით დადგენილი კანონის ანალოგიის პრინციპით, რომელიც სწორედ მოცემულ შემთხვევაზე ვრცელდება და უსაფუძვლოდ არ გაავრცელა სიცოცხლის დაზღვევაზე რეგრესის წესით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა.
სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლი მზღვეველს აძლევს შესაძლებლობას მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, თუ ასეთი მოთხოვნის უფლება გააჩნდა დამზღვევს. დასახელებული ნორმა რეგრესს დამზღვევის უფლებას უკავშირებს. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ დამზღვევის მემკვიდრეს უფლება აქვს, ზიანის მიმყენებლისაგან მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, რაც, ზიანის სახიდან გამომდინარე, მიღებული ანაზღაურების არაადეკვატურია. კასატორის განმარტებით, აღნიშნული მსჯელობა ადასტურებს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის ფორმალური მოთხოვნების არსებობის წინაპირობებს, კერძოდ, დამზღვევის მემკვიდრის მოთხოვნის არსებობა, მიუხედავად მის მიერ გარკვეული ანაზღაურების მიღებისა, ასევე წარმოშობს მზღვეველის მოთხოვნის არსებობის წინაპირობას, რაც, განსახილველ შემთხვევაში, განხორციელდა სასამართლოსათვის მიმართვის გზით.
კასატორის განმარტებით, მოცემული საკასაციო საჩივარი დასაშვებია, რადგანაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება განსხვავდება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებში არსებული პრაქტიკისაგან და მნიშვნელოვანია ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისითაც.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ივნისის განჩინებით შპს „ს. კომპანია ა-ის“ საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, მხარის საკასაციო პრეტენზიის მართებულობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ს. კომპანია ა-ის“ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემობები:
გ. ჯ-ე მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში. შპს „ს. კომპანია ა-ს“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან დადებული ჰქონდა დაზღვევის ხელშეკრულება საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დასაქმებულ პირთა სასარგებლოდ. ხელშეკრულება ითვალისწინებდა სიცოცხლის დაზღვევას.
გ. ჯ-ე გარდაიცვალა 2008 წლის 17 მაისს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 9 ივლისის განაჩენით, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რამაც გამოიწვია გ. ჯ-ის სიცოცხლის მოსპობა, მოპასუხე ი. შ-ას მიმართ დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება ბრალზე.
გ. ჯ-ის სამკვიდრო ქონება მიიღო მეუღლე შ. დ-ემ. 2009 წლის 28 იანვარს მოსარჩელემ გ. ჯ-ის მემკვიდრე შ. დ-ეს აუნაზღაურა სადაზღვევო თანხა 7000 ლარი.
შ. დ-ემ 2010 წლის 5 ნოემბერს სანოტარო ფორმის დაცვით შედგენილი განცხადებით დაადასტურა, რომ მან სისხლის სამართლის საქმეზე, როგორც დაზარალებულმა პირმა ი. შ-ასგან მიიღო 12000 აშშ დოლარი, რომლითაც შეიძინა საცხოვრებელი ბინა, მდებარე სამტრედიაში, ფ-ის ქუჩა №32/13-ში და მას არავითარი პრეტენიზია არ გააჩნია ი. შ-ას მიმართ.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევას, რის შედეგადაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ შპს „ს. კომპანია ა-სა“ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 2007 წლის 31 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რომელიც ითვალისწინებდა სხვა პირის (გ. ჯ-ის) სიცოცხლის დაზღვევას, სადაზღვევო შემთხვევის (დაზღვეულ გ. ჯ-ის გარდაცვალება) შედეგად მზღვეველს წარმოეშვა სადაზღვევო თანხის გაცემის ვალდებულება გარდაცვლილის მემკვიდის მიმართ, რაც განხორციელდა კიდეც და მხარეთა შორის სადავო არაა. როგორც სააპელაციო პალატამ სწორად მიუთითა, მხარეთა შორის სადავოა დამზღვევის სასარგებლოდ გაცემული სადაზღვევო თანხის – 7000 ლარის სანაცვლოდ, ზიანის მიმყენებლის მიმართ შპს „ს. კომპანია ა-ზე“ მოთხოვნის გადასვლის საფუძვლიანობა.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველი დავის გადაწყვეტისას საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება, ამასთან, ვინაიდან მოცემული საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს რამდენიმე საკითხზე:
სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია). მოცემული ნორმის ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი, სასყიდლიანი და რეალური ხელშეკრულებაა. ამასთან, დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივ მავალდებულებელი ხელშეკრულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი, ხოლო მზღვეველი მოვალეა აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი. დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა, ხოლო ის, თუ რა შეიძლება იყოს დაზღვევის ობიექტი, მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 820-858-ე მუხლებში, კერძოდ, ასეთი შეიძლება იყოს ქონება ან პიროვნება. აქედან გამომდინარე, დაზღვევის ხელშეკრულება შეიძლება განვიხილოთ, როგორც სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა უფლებების დაცვის მნიშვნელოვანი გარანტია.
ვინაიდან დაზღვევა შესაძლო ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფის საშუალებაა, იბადება შემდეგი კითხვა: სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას შესაძლოა თუ არა დამზღვევს წარმოეშვას ორმაგი მოთხოვნის უფლება, თუ დამზღვევის ქონებას ან პიროვნებას მესამე პირმა მიაყენა ზიანი, ანუ სახეზეა დელიქტი. დასმულ კითხვაზე პასუხი დადებითად უნდა იქნეს გაცემული, თუმცა, სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლი ორმაგი მოთხოვნის უფლების რეალიზაციის განსხვავებულ წესს გვთავაზობს, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. თუ დამზღვევი უარს იტყვის მესამე პირის მიმართ თავის მოთხოვნაზე ან მისი მოთხოვნის უზრუნველყოფის უფლებაზე, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება ზიანის იმ ოდენობით ანაზღაურების მოვალეობისაგან, რამდენიც მას შეეძლო მიეღო თავისი ხარჯების ასანაზღაურებლად უფლების განხორციელებასთან ან მოთხოვნის წაყენებასთან დაკავშირებით.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს იმ დასკვნას, რომლითაც ზემოაღნიშნული ნორმა შეფასებულია, როგორც რეგრესული მოთხოვნის უფლება. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს არა რეგრესული მოთხოვნის უფლებასთან, არამედ დელიქტურ ვალდებულებაში კრედიტორის შეცვლასთან, ხოლო თვით ვალდებულების არსი უცვლელი რჩება. ამასთან, დელიქტურ ვალდებულებაში დამზღვევის მზღვეველით შეცვლის აუცილებელი წინაპირობაა ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლის არსებობა და მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო თანხის გაცემა. ამდენად ზიანის დაზღვევის სამართლებრივ ურთიერთობაში, როდესაც სადაზღვევო შემთხვევის დადგომა გამოიწვია მესამე პირმა, გამოიყენება კრედიტორის ჩანაცვლების პრინციპი, რაც შესაძლოა ემსახურებოდეს როგორც დაზღვეულის, ასევე მესამე პირის უსაფუძვლო გამდიდრების თავიდან აცილებას.
რაც შეეხება სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლით გათვალისწინებული პრინციპის გავრცელებას სიცოცხლის დაზღვევის სამართლებრივ ურთიერთობაზე, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს, კერძოდ, სავსებით სწორია მითითება იმ გარემოებაზე, რომ სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლით მოწესრიგებული ურთიერთობა კანონმდებლის მიერ გაწერილია არა დაზღვევის ხელშეკრულების ზოგად ნორმებში, არამედ სპეციალურ თავში, რომელიც ეხება ზიანის დაზღვევას. ამასთან, პირადი დაზღვევისათვის დამახასიათებელი თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ სადაზღვევო შეფასება პრაქტიკულად შეუძლებელია, ვინაიდან პირის სიცოცხლე არ შეიძლება ანაზღაურებულ იქნეს რაიმე კომპენსაციით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დასკვნის სახით განმარტავს, რომ სიცოცხლის დაზღვევის სამართლებრივი ურთიერთობით გათვალისწინებული სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, დაზღვეულ პირს წარმოეშობა ორმაგი მოთხოვნის უფლება, თუმცა მზღვეველს არა აქვს უფლება გასცეს სადაზღვევო საზღაური და შემდგომ ზიანის მიმყენებელს მოსთხოვოს ეს თანხა დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე. შესაბამისად, 832-ე მუხლი, როგორც სპეციალური ურთიერთობების მომწესრიგებელი ნორმა განსახილველ შემთხვევაში ვერ იქნება გამოყენებული ანალოგიით, ვინაიდან ნორმის ამგვარი განმარტება არ გამომდინარეობს კანონის ობიექტური მიზნებიდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ს. კომპანია ა-ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.